კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისში სახალხო მარში იმართება, რომლის მიზანია ქართველმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მიაწვდინოს საკუთარი ხმა ევროპას. არასამთავრობოების მიერ ორგანიზებული მარში 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და ევროპის მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ევროკავშირის დროშა გაიშლება, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის შეიკერა. არასამთავრობოების მარშს უერთდება საქართველოს პრეზიდენტიც, რომლის თქმით, შეუერთდება, რათა ეს იყოს საქართველოს ევროპულობის ერთობლივი განაცხადი.
მაშ ასე, საქართველო 15 დეკემბერს, დიდი ალბათობით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუმცა საკითხის ირვლივ პოლიტიკური შეფასებები გრძელდება. რადიკალური ოპოზიცია ფიქრობს, რომ უნგრეთის პოზიციამ საქართველოზე შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს. იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთი დაბლოკავს მოლაპარაკების დაწყებას უკრაინასთან, სტატუსი რომც მივიღოთ, ოპოზიციის შეფასებით, არანაირი შანსი არ გვექნება ევროკავშირთან რეალური დაახლოების და სტატუსი დარჩება მხოლოდ როგორც ფარატინა ქაღალდი.
ოპოზიციის მოლოდინის მიუხედავად, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ამაზე საუბრობს უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერი, რომლის განცხადებით, უნგრეთი სრულად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. უკრაინასთან მიმართებით კი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი გადაწყვეტილებას არ ცვლის და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგია, თუმცა მიანიშნა, რომ სხვა საკითხებზე კომპრომისზე წასასვლელად მზადაა.
„უკრაინა ამისთვის მზად არ არის. არ ვეთანხმები ევროკომისიის შეფასებას, რომ უკრაინამ პროგრესს მიაღწია. უკრაინა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში. ეს ხუმრობაა!? ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესის დაწყების შესახებ. ბლოკში უკრაინის მიღება ნიშნავს დამატებით ხარჯებს ევროკავშირის ბიუჯეტისთვის და დიდ ზემოქმედებას სოფლის მეურნეობის პოლიტიკაზე“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით უნგრული მხარისგან მყარი მხარდაჭერა მიიღეს.
„საუბარი გვქონდა ევროინტეგრაციაზე, კანდიდატის სტატუსის თემაზე. უნგრული მხარისგან კიდევ ერთხელ მყარი მხარდაჭერა მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უნგრელი პარტნიორების მუდმივი თანადგომა გვექნება. განვიხილეთ ყველა საკითხი, რაც სტატუსის მიღებას ეხება. კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გამოვხატოთ რწმენა, რომ ერთ კვირაში მოგვენიჭება სტატუსი და უნგრეთისგან მყარი მხარდაჭერა გვექნება.
საბოლოო ჯამში, ყველა თანხმდება, რომ საქართველოს შარშანაც ეკუთვნოდა სტატუსი. ყველა თვალსაზრისით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, შარშანაც ვიმსახურებდით და წელსაც ვიმსახურებთ სტატუსს. იმედი გვაქვს, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რეალურად, არ არსებობს კავშირი უკრაინის გარშემო განვითარებულ დისკუსიასა და საქართველოს საკითხს შორის. გახსოვთ, შარშან უკრაინას და მოლდოვას მიენიჭათ სტატუსი და განცალკევებულად განიხილებოდა, წელსაც განცალკევებულად მოხდება. ამიტომ უკრაინის საკითხის ჩვენს საკითხთან დაკავშირება სპეკულაციაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ უკრაინის საკითხი საქართველოზე გავლენას ვერ მოახდენს. იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის ლიდერები ნახავენ, რომ ორბანის დათანხმება შეუძლებელია, დღის წესრიგი შეიცვლება და საქართველოს საკითხი გავა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხები ერთმანეთს უკავშირდება, ამასთანავე განსხვავდება ერთმანეთისაგან.
„პოლემიკა შეიძლება გაგარძელდეს და იანვარში იქნება კიდევ ერთი მცდელობა უკრაინასთან მიმართებაში. ჩვენ, ალბათ, უნდა მოგვცენ სტატუსი 15 დეკემბერს. თუ მართლა გვინდა ევროპისკენ სვლა, თავად სტატუსი თითქოს არაფერს გვაძლევს, მაგრამ, ზოგადად, ეს ნიშნავს, რომ იძულებული ვიქნებით გვინდა თუ არ გვინდა, ნელ-ნელა მივიღოთ ის კანონები და თანხვედრაში მოვიდეთ ევროპულ საკანონმდებლო სივრცესთან.
გარდა ამისა, საჭიროა ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მივიღებთ დამატებით გრანტებს იმისთვის, რომ ქვეყანა შევამზადოთ ეკონომიკურად და სოციალურად ამ კავშირში შესასვლელად. ყველაფერი, რაც კი გვიზიდავს დღეს ევროპაში, ყველაფერი იმის გადმოტანა საქართველოში - აი, ეს არის ევროკავშირი. დღეს კანდიდატის სტატუსი შესაძლოა მნიშვნელოვანს არაფერს არ იძლეოდეს პირდაპირი გაგებით, მაგრამ პერსპექტივაში ეს არის სვლა სწორედ აი, ამ კეთილდღეობისაკენ და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მივიღოთ სტატუსი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
ანალიტიკოსის გია აბაშიძის განცხადებით, უნგრეთის მიერ უკრაინის საკითხის დაბლოკვა, არ ნიშნავს, რომ საქართველოს საკითხის განხილვა გადაიდება და ვინც ამას ამბობს, პოლიტიკოსი იქნება, ანალიტიკოსი, თუ ჟურნალისტი, მისი თქმით, არის აბოსლუტურად გაუთვითცნობერებელი ევროპული სამიტების შიგთავსში. როგორც აბაშიძე ამბობს, მიიღება ერთი დოკუმენტი, სადაც, თუ რომელიმე მხარეს აქვს გარკვეული შენიშვნები და წინააღმდეგია კონკრეტული პუნქტების განხილვის, ხდება ცვლილებები და ეს ხდება როგორც ევროპულ სამიტებზე, ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციებში, ასევე გაეროს რეზოლუციებში.
„მაგრამ, სამწუხარო რეალობა ის არის, რომ თუნდაც გამოცდილი დიპლომატი სალომე სამადაშვილი იქცა ლევან ხაბეიშვილის დონის ჭორიკანად. მან მშვენივრად იცის, რომ 14-15 დეკემბერს ბრიუსელში ევროპულ სამიტზე საქართველო-უკრაინა-მოლდოვის საკითხი არის ერთ-ერთი იმ უდიდესი დღის წესრიგისა, რომელსაც განიხილავენ ევროპელი ლიდერები.
უკრაინის საკითხი ომთან დაკავშირებით, პალესტინა-ისრაელის დაპირისპირება, ეს არის გლობალური გამოწვევები. ანუ, დღის წესრიგი ძალიან დიდია, ეს დევს ევროპული საბჭოს ვებ-გვერდზე, მაგრამ ასეთ ადამიანებს მე ვადარებ იაკობ გოგებაშვილისეულ მკვეხარა ქოთნებს, რომლებიც რაღაცით ტრაბახობენ, მაგრამ ოქროს ძირი კი არ აქვთ, რეალურად ძირგამძვრალი არიან პოლიტიკაში საზოგადოებრივი განწყობების თვალსაზრისით“, - აცხადებს აბაშიძე.
რაც შეეხება ა/ო და პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ მარშს, ანალიტიკოსის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის ბოლო დროინდელი აქტივობა ევროინტეგრაციისთვის, საზოგადოების კონსოლიდაციის თვალსაზრისით, ღიმილის მომგვრელია თუნდაც იმიტომ, რომ რუსთაველის გამზირზე ყველაზე დიდი დროშის გამოფენით და ხელმოწერების შეგროვებით ევროპულ სამიტზე გადაწყვეტილებებს არ ღებულობენ.
„ევროპელი ჩინოსნები და ანალიტიკოსები განიხილავენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ეს უნდა ესმოდეს გამოცდილ დიპლომატს, მაგრამ მან აირჩია, რომ გადავიდეს თვითპიარის რეჟიმში და ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველ დღე ორბელიანების სასახლეში მასპინძლობს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს. მას ჰგონია, რომ ის არის ევროინტეგრაციის მედროშე საქართველოში, რაც ძალიან მცდარია და ილუზიაა, როგორც სალომე ზურაბიშვილისთვის, ისე მისი ახლო გარმოცვისთვის.
თავიდანვე გააკეთა ძალიან ამბიციური განცხადება, რომ მილიონ ხელმოწერას შეაგროვებდა, თუმცა 100 ათასამდეც ვერ ავიდა, მაგრამ ეს ხელმოწერები არაფერს არ ნიშნავს, თუ ქვეყანაში რეფორმები არ გატარდა. რეფორმებში მიღწეულ პროგრესს აფასებენ ბრიუსელში და ეს არა მხოლოდ დიპლომატმა, არამედ საზოგადოების საღად მოაზროვნე ნებისმიერმა ნაწილმაც კარგად იცის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით ე.წ. მარშის ორგანიზატორებს და საქართველოს პრეზიდენტს არ სურთ და არც სურდათ, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატობის სტატუსი, რადგან მშვენივრად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოვლენ, ამიტომ მათი მთავარი მიზანი იყო და არის რადიკალური პროცესების მართვა. გვენეტაძე დარწუნებულია, რომ უკრაინის საკითხი გავლენას არ მოახდენს საქართველოს საკითხის განხილვაზე, რაც ნიშნავს, რომ რადიკალების გეგმას განხორციელება არ უწერია.
„გვახსოვს, შარშან, როდესაც მიიღეს უსამართლო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვას მისცეს ის ავად თუ კარგად სახსენებელი, სინამდვილეში არაფერს რომ არ წარმოადგენს - კანდიდატობის სტატუსი და ჩვენ არ მოგვცეს. ამდენად, კანდიდატის სტატუსი დამოკლეს მახვილივით არის საქართველოს თავზე ჩამოკიდებული, რომ საქართველო ჰყავდეთ მორჩილებაში. მეტი არაფერი არაა.
რაც შეეხება ქალბატონი პრეზიდენტისა და მისი ე.წ. შაიკის, ანუ იმ არასამთავროების მარშს, ეს არის უკან მიდევნებული ლაპარი, ვინაიდან მათ არ სურთ და არც სურდათ, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატობის სტატუსი. მშვენივრად იციან, რომ საქართველოში ხელისუფლებაში ვერავითარ შემთხვევაში არჩევნების გზით ვერ მოვლენ. თავიდან ბოლომდე დისკრედიტირებული არიან ქართველი ხალხის თვალში. ამიტომ უნდოდათ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ და ეს თემა გამოეყენებინათ იმისათვის, მოსახლეობა და განსაკუთრებით, ახალგაზრების ნაწილი გამოეყვანათ ქუჩაში, შემდეგ დაწყებულიყო უმართავი პროცესები და მომხდარიყო დესტაბილიზაცია და ძალადობრივი გზით ჩაეგდოთ ხელში ხელისუფლება.
მაგრამ, დღეს მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე ისეთი სიტუაცია არის შექმნილი, რომ არც გაღმელ და არც გამოღმელ მაგათ პატრონებს საქართველოში და კერძოდ, სამხრეთ კავკასიაში ვითარების არევა არ აწყობთ. რაღა დარჩენიათ, რომ გაიმართლონ თავიანთი თავი ქართველი ამომრჩევლის წინაშე, ამიტომ აკეთებენ ასეთ მასკარადებს. რაც პრეზიდენტია, იგივეა ის არასამთავროები“, - ამბობს for.ge-სთან საურისას ედიშერ გვენეტაძე.