რატომ დაუკავშირდნენ ეს ადამიანები ერთმანეთს?! დროში რატომ დაემთხვა ამ კვარტეტის შექმნას „ნაცმოძრაობის“ დაშლა-დაქუცმაცება და რა შეიძლება აღმოცენდეს „ნაცმოძრაობის“ დესტრუქციული ძალისგან?!
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობის“ დაშლა შემთხვევითი პროცესი არ არის. რეალურად, ეს არის დავალება, რომელსაც ასრულებს კეზერაშვილი და მიზანმიმართულად აფინანსებს საკუთარი პარტიის დაშლას, რათა ისედაც დაღმართისკენ დაშვებული „ნაცმოძრაობა“ ქვევით დაწიოს და სხვა პოლიტიკური ძალა წამოწიოს წინ.
კობახიძე სწორედ ამ გეგმას უკავშირებს ოდიოზური ფიგურის - ლევან ხაბეიშვილის არჩევას „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე. მისი თქმით, მიზანმიმართულად კეთდება, რომ „ნაცმოძრაობის“ ერთი ფრთის დაწევის ფონზე გააძლიერონ, ასევე, „ნაცმოძრაობის“ სხვა ფრთა, რომელსაც, მართალია, არ ჰქვია „ნაცმოძრაობა“, მაგრამ ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. საუბარია ზურაბიშვილზე, ლომჯარიაზე, ხაზარაძესა და გახარიაზე. თუმცა ირაკლი კობახიძის პროგნოზით, აღნიშნული ბლოკი განწირულია წარუმატებლობისთვის.
ვის ინტერესშია ახალი ბლოკის - ზურაბიშვილის, ლომჯარიას, ხაზარაძის, გახარიას შემადგენლობის წინ წამოწევა?
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას აღნიშნულ სქემას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი და, სავარაუდოდ, ზურაბიშვილ-ლომჯარია-გახარია-ხაზარაძის ბლოკის შექმნა ძალიან გაჭირდება სხვადასხვა მიზეზთა გამო. თუმცა პოტენციურად თუ ვისაუბრებთ, ეს ისეთი ბლოკი იქნება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებს მოუგებს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ყველაფერი კარგად დალაგდება და ნორმალურ პროგრამას შეიმუშავებენ.
„რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ბარიერს ვერ გადალახავენ, მაგრამ, დიდი ალბათობით, ამ ბლოკსაც პერსპექტივა აქვს. ის, რომ „ნაცმოძრაობის“ ჩაძირვისა და ამ ბლოკის წინ წამოწევის გეგმა კეზერაშვილისგან ფინანსდება, დამაჯერებლად არ მიმაჩნია. რატომ, რა, „ლელოს“ ფული არ აქვს?! გახარიამაც რომ მოიჩხრიკოს ჯიბეები, ერთ-ორ კაპიკს ისიც იშოვის. გარდა ამისა, ეს ისეთი ძალაა, ნაკლებად დასჭირდება ფინანსები. ასეთ შემთხვევაში, ფინანსები არ იგებს ხოლმე არჩევნებს, როცა ვითარება აქამდეა მისული. რა თქმა უნდა, ფინანსები საჭიროა, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. დღეს ისეთი ვითარებაა ქვეყანაში ელექტორალური თვალსაზრისით, რომ ახალი ძალა თუ გამოჩნდება, ახალი ძალა ორივეს დაამარცხებს, როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“. ამდენად, ფინანსებზე მეტად საჭიროა სწორი გათვლა, გუნდის ჩამოყალიბება, რადგან საკმაოდ ამბიციური ხალხია ამ პარტიებში, ასევე, საჭიროა სწორი პროგრამის შემუშავება და შემდეგ უკვე ყველაფერი დალაგდება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
მისივე მოსაზრებით, „ნაცმოძრაობის“ ქვევით დაწევის გეგმა შეიძლება სწორი აღმოჩნდეს, მით უმეტეს, რომ, ბოლო გამოკითხვებით, „ნაცმოძრაობას“ ისედაც 15% ჰქონდა, ახლა კი ფაქტია, „ნაცმოძრაობა“ გაიყოფა.
ის ფაქტი, რომ კეზერაშვილი აპირებს, „ნაცმოძრაობის“ ნაცვლად ფსონი დადოს ახალ ძალაზე, ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძეს არ უკვირს. For.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი აცხადებს, რომ გარე პატრონებმა კარგად დაინახეს, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩაძირულია, დაშლილია და ჩაბარებულია ელიავას ბაზრობის საწყობში გასაყიდად ავტომანქანის ნაწილებივით. ამიტომ ჩვეულებრივი ამბავია, რომ გარე ძალებს საქართველოში საკუთარი დასაყრდენი სჭირდებათ, რომელ ძალადაც პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ლომჯარიას, ხაზარაძეს, გახარიას მოიაზრებენ.
„ქალბატონი ზურაბიშვილი რომ ცალსახად აგენტია, ამას თქმა არ სჭირდება. ლომჯარიამ კი არაერთხელ დაამტკიცა, რომ ასეთივე აგენტია, მარტო მისი ერთი სიტყვაც კმარა, „ასეთი მშვიდობა რად მინდა, ბომბები რომ არ ცვივაო“. რაც შეეხება გახარიას, მან საკუთარი თავი თავიდან ბოლომდე გაშიფრა თუნდაც საკუთარი ყოვლად უგვანო გადადგომით, როდესაც მეგრულად რომ ვთქვათ, ქოთომის მჭამელი, ანუ ქათმის მჭამელი მელიასი შეეშინდა და გადადგა. უფრო სწორად, დავერბოვკებულ გახარიას გადადგომა დაავალეს. იმავე დღეებში გახარიამ რყევების წინაშე დააყენა სახელმწიფო. ამას სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცი არ გააკეთებდა. დღესაც გახარია აპირებს, დაასახელოს 20-25 ვითომც კორუმპირებული ადამიანი. კი ბატონო, დაგვისახელოს, ოღონდ არა ისე, როგორც თავად „ვოზდუხობს“, დაგვისახელოს მტკიცებულებებით და დოკუმენტებით. თუ ასე კარგად იცოდა, რომ ასეთი კორუმპირებული მდგომარეობა გვქონდა და 20-25 კაცის ჯიბეში მიდიოდა ქართველი ხალხის ქონება, მაშინ რატომ ხმა არ ამოიღო, როცა პრემიერ-მინისტრად, ან ბიზნესომბუდსმენად იჯდა?! გახარიამ დაამტკიცა, ვინც არის, რადგან „ნაცები“ პირდაპირ ეთერში ღიად ლაპარაკობენ, გახარიას პარტია თანამშრომლობს „ნაციონალურ მოძრაობასთანო“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.
ამდენად, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს ახალი პოლიტიკური ბლოკი მეხუთე კოლონის სახელწოდებას იმსახურებს. ედიშერ გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი ამ ბლოკს ხმას არ მისცემს. ეს ადამიანები ხელისუფლებისთვის განწირულნი არ იქნებიან და ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, როგორშიც დღეს „ნაცმოძრაობაა“. ანალიტიკოსი ელის, რომ მოღალატეებს საქართველოში გარანტირებული ექნებათ ყორღანაშვილის ადგილი.
ამ ბლოკში შემავალ ხაზარაძესთან დაკავშირებით კი ედიშერ გვენეტაძე თვლის, რომ ხაზარაძე ერთადერთი სუბიექტია, რომელსაც საკუთარი ქონების შენარჩუნება სურს და სწორედ ქონების დაცვისთვის სჭირდება პოლიტიკური ვირეშმაკობა.
„ვფიქრობ, კეზერაშვილის გეგმაც ეს არის, სპეციალურად დაწიონ „ნაცმოძრაობა“ და ზურაბიშვილ-ლომჯარია-გახარია-ხაზარაძის ჯგუფი წამოწიონ, რადგან „ნაცმოძრაობამ“ უკვე მოჭამა თავისი დრო, „ნაცმოძრაობა“ დაწყევლილიცაა, განადგურებულიც, რადგან მის სათავეში დგას ხაბეიშვილი და „ნაცმოძრაობა“ დარჩა მხოლოდ წითლიძის, ჭიჭიკო ვაშაძის და პატიკო მანჯგალაძის იმედად. ამით დასრულდებულია „ნაცმოძრაობა“ და, ფაქტობრივად, იქმნება ახალი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც სათავეში ჩაუდგება ზურაბიშვილი. სინამდვილეში, ესენი არიან მინუსებში გადასული ნულები“, - ასკვნის ედიშერ გვენეტაძე.