ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსების პაკეტი, რომლის მოცულობაც 111 მილიარდი დოლარია, 15 მილიარდი დოლარით - უკრაინის და 10.6 მილიარდი დოლარით ისრაელის დახმარებასაც ითვალისწინებს. აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მიერ სენატში წარდგენილი კანონპროექტის დამტკიცება მარტივი არ იქნება, რადგან რესპუბლიკელები სამხრეთის საზღვრის უფრო გაძლიერებულ ზომებს მოითხოვენ. სწორედ სამხრეთის საზღვარი იყო უთანხმოების მთავარი საკითხი, რომლის გამოც შეფერხებულია თეთრი სახლის მიერ მოთხოვნილი დამატებითი დაფინანსების კანონპროექტი.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის დახმარებაზე უარის თქმა აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი ადმინისტრაცია უკრაინისთვის თანხის გამოყოფას მიაღწევს. როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივნმა, ჯანეტ იელენსმა თქვა, უკრაინას თანხა ეწურება და რთულ ვითარებაშია. შესაბამისად, ის ამბობს, რომ თუ ვერ შეძლებენ უკრაინისთვის დაფინანსების მიწოდებას, უკრაინის დამარცხებაზე პასუხისმგებლობა აშშ-მა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.
იმ შემთხვევაში, თუ აშშ ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებას ვერ უზრუნველყოფს და ვლადიმირ პუტინი დაუსჯელი დარჩება, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ეს გახსნის „პანდორას ყუთს“ მთელ მსოფლიოში.
„უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ უკრაინამ გააგრძელოს წარმატების მიღწევა, ხოლო რუსეთმა განიცადოს მარცხი. თუ პუტინი დაუსჯელი დარჩება, ეს გახსნის აგრესიის „პანდორას ყუთს“ მთელ მსოფლიოში. სხვა შესაძლო აგრესორები ამას დაინახავენ, მოისმენენ, ისწავლიან და დასკვნებს გამოიტანენ. როგორც იტყვიან, ამ საქმეში პრევენციის ერთი უნცია მომდევნო ეტაპზე მკურნალობის 10 ფუნტს სჯობს“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
სენატში ბოლო მომენტში წარმოშობილი საკითხის გამო, დაგეგმილი ონლაინ ბრიფინგი გააუქმა უკრაინის პრეზიდენტმა. აშშ-ში მყოფი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ აშშ-ს კონგრესმა, რაც შეიძლება მალე უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინის დახმარების პაკეტს, რადგან კიევისთვის ამერიკული დახმარების მიწოდების გაჭიანურებით იქმნება საფრთხე, რომ უკრაინა რუსეთთან ომს წააგებს.
დასავლური და ამერიკული დახმარების შემცირების ფონზე, ცნობილი რუსი ოპოზიციონერის, „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი, გარი კასპაროვი აცხადებს, რომ თეთრ სახლს არ სურს უკრაინამ რუსეთთან ომში გაიმარჯვოს, თუმცა ბოლომდე არ ასახელებს ამის სავარაუდო მიზეზებს, თავისი ოპოზიციურობიდან გამომდინარე.
„ხალხის ძალის“ წევრის, ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის შეფასებით, მისთვის ძნელია ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზზე საუბარი, რომ თეთრ სახლს უბრალოდ რუსეთის დამარცხების რესურსი არ გააჩნია, რადგან ამ შემთხვევაში, ის ძალაუნებურად, პუტინის რუსეთის სიძლიერეს გაუსვამს ხაზს.
„ძნელია კასპაროვისთვის იმის დაშვებაც, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლოა არც შედიოდა თეთრი სახლის გეგმებში და CIA-ს დირექტორის უილიამ ბერნსის ვიზიტი მოსკოვში, ომამდე სამი თვით ადრე, სწორედ, ამ კონტექსტში განეხილა. ამ ეტაპზე, ამ ომს უკვე ჰყავს ორი გამარჯვებული: ერთი - ამერიკული ტრანსკონტინენტალური კორპორაციები და მეორე - რუსეთის ეკონომიკა. დამარცხებულიც ორია - ევროკავშირი და უკრაინა. ეს პირველი - ამერიკელების საკონტრიბუციო ნადავლია, ხოლო მეორე კი - რუსეთის“, - აცხადებს ქართველიშვილი.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზელენსკი ხდება გარიყული იმ დასავლური პარტნიორების წინაშე, რომლებიც ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის წინ მეგობრობას ეფიცებოდნენ და ყველა უმაღლეს საერთაშორისო პლატფორმაზე სერიოზულ დახვედრას უწყობდნენ. ქართველიშვილის განცხადებით, სექტემბერში, გაეროს ასამბლეაზეა საერთაშორისო პოლიტიკის შუქნიშანზე ზელენსკის პირველი ყვითელი აენთო, როდესაც უკვე ჩნდებოდა იმის კონტურები, რომ მთლად ისეთი მისაღები აღარ იყო, როგორც აქამდე შეეძლოთ წარმოედგინათ.
„ამის მერე წავიდა ზელენსკის უახლოესი გარემოცვის მხრიდან საკმაოდ მწვავე და, ფაქტობრივად, ზელენსკის ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებები. ვიღაცა კორუფციის არნახულ დონეზე ალაპარაკდა. არახამია იმაზე, რომ სწორედ ზელენსკის და ბორის ჯონსონის „დამსახურებით“ გაგრძელდა ეს ომი, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო 2022 წლის მარტის ბოლოს რაღაცა სამშვიდობო მოლაპარაკებებით დასრულებულიყო.
იგივე კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ბოლო განცხადება, აშკარად ზელენსკის წინააღმდეგ არის მიმართული. ანუ, საუბარი არ არის მხოლოდ გადამდგარ ჩინოვნიკებეზე, როგორიც არის არესტოვიჩი, არამედ ზელენსკის ხელისუფლების მოქმედ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს და არა მხოლოდ აკრიტიკებენ, არამედ ომის წარმუმატებლობა სურთ, რომ მას გადააბრალონ“, - ამბობს ანალიტიკოსი.
დავით ქართველიშვილის შეფასებით, მიმდინარე მოვლენების ანალიზი ცხადყოფს, რომ ზელენსკის, როგორც პრეზიდენტის დღეები, დასასრულს უახლოვდება. არის იმის შეგრძნება, რომ მისგან სურთ განტევების ვაცის გამოძერწვა არა მხოლოდ საერთაშორიო პარტნიორებს, არამედ მის სახელისუფლებო გუნდის წევრებსაც.
„რაღაცა შავი ღრუბელია ჩამოწოლილი უშუალოდ ზელენსკის თავზე და ეს აშკარად იგრძნობა. იგრძნობა იმ კუთხით, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა, ფაქტობრივად, ამოწურულია. საინტერესო გამოძიება შემოგვთავაზაWashington Post-მა უკრაინის კონტრშეტევის დაგეგმვისას არასწორი გათვლებისა და უთანხმოების შესახებ, სადაც ჩამოთვილია ყველა ის მიზეზი, რამაც სამხედრო ფრონტზე წარუმატებლობას ჩაუყარა საფუძველი. ამ წარუმატებლობაში ვინ უნდა დაადანაშაულო თუ არა მთავარსარდალი, პრეზიდენტი.
საინტერესო ვიზიტი ჰქონდა კიევში 20 ნოემბერს პენტაგონის შეფს. მასთან საუბარში სარდალმა ზალუჟნიმ ღიად იალაპარაკა, რომ უჩვეულო სიტუაცია ჩამოყალიბდა უკრაინაში, როდესაც მისი, ანუ სარდლის გარეშე წყდება ხდება ზელენსკის ბუნკერში სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით დეტალების განხილვა და ზალუჟნისთვის მთელი რიგი გარემოებები არ არის ცნობილი ამასთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს ბრძოლის ველზე სარდალმა, როდესაც არ იცის, არ ფლობს ინფორმაციას თუ რა აქვს ჩაფიქრებული მთავარსარდალს, ქვეყნის პრეზიდენტს. ასე რომ, ამ გარემოებების ერთობლიობა საკმაოდ არასახარბიელო სურათს ქმნის ზელენსკის გარშემო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო ურთიერთობები ცვალებადი პროცესია და აშშ-ის ეს პოზიცია ნიშნავს იმას, რომ, ალბათობის მაღალი ხარისხით, არსებობს უფრო მაღალ ინტერესს დაქვემდებარებული გეოგრაფიული ტერიტორია და სახელმწიფო, რომელიც შესაძლებელია, როგორც ევროპული სახელმწიფოებისთვის, ისე აშშ-ისთვის წარმოადგენდეს საფრთხეს. როგორც კუხალაშვილი აცხადებს, შესაძლებელია, ეს გადაწყვეტილებები სწორედ იმ მიზნით იყოს მიღებული, რომ რუსეთის ფაქტორი გამოყენებული იქნას აშშ-ისა და ევროპის სახელმწიფოთა ეროვნული ინტერესების შესაბამისად.
„მე ვფიქრობ, რუსეთი აშშ-ისთვის და ევროპის იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც, პრაქტიკულად, იდენტური გადაწყვეტილება მიიღეს, არის საჭირო სახელმწიფო კონკრეტული საფრთხის და მათ შორის გლობალური საფრთხის ნეიტრალიზაციის კონტექსტში. ალბათობის მაღალი ხარისხით, ის ქმედებები, რომელიც განხორციელდა და განცხადებები, რაც კეთდება, აუცილებად შეასრულებს სადაზვერვო პროგანდის ფუნქციას, რომელსაც ეყოლება თავისი ორი ობიექტი, ერთი ობიექტი სახელმწიფო, რომელიც პრაქტიკულად, დემორალიზებული იქნება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ეს იქნება როგორც სახელმწიფო მმართველობითი აპარატი, ისე საზოგადოება და სამხედრო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ჯგუფი და შესაბამისად, იგივე ჭრილში ეყოლება სადაზვერვო პროპაგანდისათვის ხელსაყრელი სახელმწიფო. შესაბამისად, მისი სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ასევე შეიარაღებული ძალები და საზოგადოება.
თუ ერთ მხარეს იქნება დემოლარაიზაცია, მეორე მხარეს პირიქით, გაარკვეულწილად ამ გადაწყვეტილებას შესაძლებელია, რომ ძალიან მაღალი დონის კეთლიგანწყობა მოჰყვეს. შემთხვევითი მოვლენები არ არსებობს. ამიტომ არ შეიძლება მხოლოდ უცხო სახელმწიფოების მითითებით რომელიმე კონფლიქტში ან ჩართვა, ან პირიქით თავშეკავება. ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს სადაზვერვო და კონტსადაზვევრო უწყებების და უსაფრთხო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ჯგუფის გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება გამყარებული სამეცნიერო კვლევებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.