ავსტრია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას მოითხოვს. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაჩქარება პრიორიტეტია იქამდე, სანამ სხვა შესაძლო გაწევრიანებებზე ისაუბრებენ. დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები და განსაკუთრებით ბოსნია და ჰერცეგოვინა ავსტრიისთვის მნიშვნელოვან პარტნიორებს წარმოადგენენ.
ავსტრიის თავდაცვის მინისტრის კლაუდია ტანერმის განცხადებით, როდესაც საქმე რეგიონში სტაბილურობის, რეგიონული თანამშრომლობისა და ევროპული ინტეგრაციის შემდგომ განვითარებას ეხება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობას უზრუნველყოფს და რეგიონს საგარეო გავლენისგან დაიცავს.
ამასთან, ავსტრია ის ქვეყანაა, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს არ ლობირებს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კი ევროკომისიას მოუწოდებს, ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის გაწევრიანების საკითხი ამოიღონ. ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხები ამოიღონ, რადგან ისინი მაინც ჩავარდება.
„პატივისცემით მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო დეკემბერში ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან კონსენსუსის აშკარა არარსებობა აუცილებლად გამოიწვევს მარცხს“, - აღნიშნულია ვიქტორ ორბანის წერილში.
უნგრეთის პრემიერის მიერ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილის გამო, შარლ მიშელმა ჩინეთში ვიზიტი შეწყვიტა და ბრიუსელში დაბრუნდა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან დისკუსია გააგრძელოს. ამავე საკითხზე სასაუბროდ კვირის ბოლოს ვიქტორ ორბანი პარიზში მიიპატიჟა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც, რადგან თუკი ორბანი ევროკავშირის გაფართოების პროცესს დაბლოკავს, მთელი პაკეტი ჩავარდება.
კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ორბანი ამ მუქარით ცდილობს, უნგრეთმა გაყინული დახმარება, 27 მილიარდი ევრო მიიღოს. აღნიშნული თანხა ბრიუსელმა იმ შეშფოთების გამო გაყინა, რომელიც ბლოკში არსებობს ქვეყანაში კორუფციასა და ევროპული დაფინანსების, სავარაუდოდ, არასწორად გამოყენების გამო. თუმცა, ორბანის მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისა და დახმარების საკითხების დაბლოკვის მუქარის გაჟღერების შემდეგ, ევროკომისიამ მიანიშნა, რომ შესაძლოა, ბუდაპეშტისთვის გამოყოფილი 10 მილიარდი ევრო განბლოკოს. ამას ადასტურებს გერმანელი ევროპარლამენტარი, დანიელ ფროინდი, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს, ბუდაპეშტს, საჭირო რეფორმების შესრულებამდე, თანხა არ გადაურიცხოს.
„ორბანის მთავრობამ არ შეასრულა საჭირო რეფორმები. ფული არ უნდა შევიდეს. თუ კომისია სხვაგვარად გადაწყვეტს, ეს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო იქნება: ისინი შეეცდებიან დააშოშმინონ ორბანი, რომელმაც ვეტოს მუქარით ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთის მსგავსად, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდის სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის განცხადებით, დღეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ვერ წარმოუდგენია და თვლის, რომ მომავალი წევრობის პერსპექტივა უნდა არსებობდეს წესების დაცვით, როგორც მოლდოვას და საქართველოს, ან დასავლეთ ბალკანეთისთვის.
„დღევანდელ ვითარებაში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ვერ წარმომიდგენია. მე თავად მაინტერესებს, მაგალითად, როგორ გაამართლებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ურსულა ფონ დერ ლაიენი და უპასუხებს კითხვას, იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია სამხედრო კონფლიქტის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან მოლაპარაკებების დაწყება.
სლოვაკეთი მზადაა უკრაინას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მხარი დაუჭიროს, მაგრამ იგი ყველა კრიტერიუმს სრულად უნდა აკმაყოფილებდეს. უკრაინისთვის მომავალი წევრობის პერსპექტივა უნდა არსებობდეს, მაგრამ ყველა წესის დაცვით, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა სხვა ქვეყნისთვის“, - განაცხადა იურაი ბლანარმა.
მიუხედავად წინააღმდეგობისა, უკრაინამ ევროკავშირთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კონსულტაციები დაიწყო. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება თავისთავად იქნება უკრაინისა და მთლიანად ევროპული საზოგადოების უსაფრთხოების მძლავრი გარანტია. მსგავსი კონსულტაციები უკრაინამ ნოემბერში გერმანიასთან და იტალიასთან, ცოტა ხნით ადრე კი ნიდერლანდებთან და საფრანგეთთან დაიწყო.
მმართველ გუდში დარწმუნებული არიან, რომ უნგრეთის გადაწყვეტილება გავლენას არ იქონიებს საქართველოზე. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს არის ევროკავშირის შიდა დისკუსიები, რომელშიც საქართველო არ და ვერ ჩაერევა.
„ჩვენ ჩვენი საკითხი გვაინტერესებს, ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია გვაქვს და ამას არაფერი უშლის ხელს. ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია გვაქვს და ამას არაფერი უშლის ხელს. ვხედავთ, რომ ამას საჯაროდ არც ერთი ქვეყანა კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, ამიტომ, ველოდებით გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით.
განსაკუთრებით საქართველოში საუბარია, რომ განხილვა იყოს პაკეტად თუ ა.შ. არ ვიცი, შარშან, ივნისში, არ იყო ეს პაკეტი? რატომ იყო სხვადასხვა გადაწყვეტილებები? ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არაფერი უშლით ხელს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღონ. ამიტომ, მხოლოდ პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველოდებით“, - აღნიშნა ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციაში თვლიან, რომ თუკი ორბანი ევროკავშირის გაფართოების პროცესს დაბლოკავს, მთელი პაკეტი ჩავარდება. ოპოზიციონერი რომან გოცირიძე თვლის, რომ ალოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ორბანი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, როცა მისი ქმედებები პროცესს აზიანებს. როგორც „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას ევროპაში მეგობრები არა ჰყავს და მისი ერთადერთი მეგობარი პუტინისტი, პროვოკატორი, შანტაჟისტი და ოდიოზური ფიგურა ვიქტორ ორბანია.
„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ევროკავშირი ამ შანტაჟისტის ქმედებებს არ „გააჯეჯილებს“. საქართველოს ხელისუფლებას ამ ერთადერთ პოლიტიკურ ლიდერთან აქვს პოლიტიკური და სულიერი კავშირები. კიდევ ერთი პრორუსი სლოვაკეთში გაჩნდა - არ არის გამორიცხული სლოვაკებსაც დაუმეგობრდნენ, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ ევროკავშირმა უკრაინას არანაირი დახმარება არ უნდა გაუწიოს.
ორბანი პირდაპირ რუსეთის სურვილებს ასრულებს, ვაჭრობს ევროკავშირთან და მთლიანად ევროკავშირის გაფართოების პროცესს უშლის ხელს - ხელს უშლის მთელს პაკეტს, რომელშიც მოიაზრება საქართველო, ბოსნია ჰერცოგოვინა, ეკრაინა და მოლდოვა. თუ მან პროცესი შეაჩერა, მათ შოროს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი შეჩერდება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ანალიტიკოსის გია აბაშიძის შეფასებით, გასაოცარია, რომ ნაცოპოზიცია მარტო ორბანს ესხმის თავს, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინეტერესების და ასევე მათ შორის ევროკავშირის ინტერესების გამტარებელია. მისი თქმით, ორბანი მარტო არ არის ასეთ ევროპელ ლიდერებს შორის.
„გადავხედოთ იტალიას, სლოვაკეთეს, ჰოლანდიას, როდესაც მემარჯვენე ძალები, რომლებიც უწინარესად თავიანთი ქვეყნების ინტერესები დამცველები არიან, მოდიან და მოდიან ქვეყნების სათავეებში. 2024 წლის ივნისში არის ევროპარლამენტის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, სადაც მემარჯვენეები უფრო წინ წაიწევენ თავიანთ პოლიტიკურ პლატფორმებზე. ასე რომ, ძალიან გულბრყვილობაა და უცოდინრობაა მეტწილად, როდესაც ორბანის დამუნათება ხდება. მოდით, ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ - როცა ვიღაცას უნდა სახლის შეძენა, თუნდაც დაბალ ფასში, მაგრამ ეს სახლი დანგრეულია და პრეტენზია აქვს რამდენიმე მეპატრონეს, ის ხომ გადაიფიქრებს შეძენას? ასევეა ამ შემთხვევაშიც“, - ამბობს აბაშიძე.
მისი თქმით, ევროკავშირს პრაგმატულად არ უნდა რუსეთთან დაპირისპირება და ამავე დროს, ევროკავშირს არ უნდა ამხელა ფინანსურ-ეკონომიკური ტვირთის აკიდება, როდესაც უკვე მისი წევრი ქვეყნის აღდგენაზე მილიარდები იქნება საჭირო.
„კი, ბატონო, ეხმარებიან, მაგრამ როგორც არაწევრ ქვეყანას. როდესაც წევრი ქვეყანა იქნება, გაცილებით მეტი რესურსები დასჭირდება დაფლეთილ უკრაინას, მაგრამ უკრაინა რომ ევროკავშირში გააწევრიანონ, რა, პუტინი გაჩერდება? ის ხომ შეეცდება გამოსცადოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნატოს ქოლგის დამცაობა. ამიტომ ამაზე ამერიკაც ფიქრობს და ევროპული ქვეყნებიც. პრაგმატულად ფიქრობენ და არ მიაჩნიათ სწორად. გასაგებია, ერთია რას ფიქრობს ზელენსკის ადმინისტრაცია და მეორეა რას ფიქრობს უკრაინელი ხალხი, რომელსაც უნდა მშვიდობა, დაწყნარება, ქვეყნის აღმშენებლობა და სამშობლოში დაბრუნება, რომლებიც გახიზნული არიან უცხოეთში.
რეალობა ასეა და რატომღაც ქართველი რადიკალები გამოგონილი მესიჯ-ბოქსით საუბრობენ და ამ დროს არ იციან რეალობა რა არის ევროპაში, ამერიკაში, როდესაც კონგრესმა დაბლოკა საკუთარი პრეზიდენტის ფინანსური პაკეტი შემდგომ დახმარებაზე. დაბლოკვა მოხდა ჯერ უკრაინის სამხრეთ საზღვრის დაცვის და შემდეგ საგარეო დახმარების. ანუ, პრაგმატულად მსჯელობენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც უწინარესად ფიქრობენ საკუთარი სამშობლოს ინტერესებზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძე.