ვინ დაანგრია „ნაცმოძრაობა“?!

ვინ დაანგრია „ნაცმოძრაობა“?!

დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, ვინ დაანგრია „ნაცმოძრაობა“. ცალკეული ადამიანები ფიქრობენ, რომ „ნაცმოძრაობის“ დაშლაში თავისი წვლილი მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს, რომელიც წლების წინ ამბობდა, რომ „ნაცმოძრაობას“ დაშლიდა. დღეს ახდა ეს სიტყვები, მაგრამ ვინ გამოუტანა სააკაშვილის პარტიას განაჩენი, უცნობია. ჯერ კიდევ 2013 წელს ბიძინა ივანიშვილი გრძნობდა, რომ „ნაცმოძრაობის“ დღეები დათვლილი იყო, ის ამბობდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სააკაშვილის პოლიტიკა ანადგურებდა და ამ პარტიის განადგურება მისი სურვილი არ იყო. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ „ნაცმოძრაობას“ არა მხოლოდ მისი ლიდერი სააკაშვილი, არამედ საკუთარი პარტიის წევრებიც ანადგურებდნენ.

„ჩემი სურვილი არ არის „ნაცმოძრაობის“ განადგურება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეუძლიათ გაანადგურონ „ნაციონალური მოძრაობა“. სწორედ ეს პროცესი დგება“, -ამბობდა ბიძინა ივანიშვილი.

დღეს, როცა სააკაშვილის პარტიის გადარჩენის ერთადერთ გამოსავლად ამ პარტიის გაყოფა განიხილება, ჩნდება კითხვა, რატომ მივიდა პროცესები აქამდე, იქნებ, მხოლოდ კეზერაშვილი არ არის კრიზისის შემქმნელი პარტიაში და, იქნებ, მიშასაც აწყობდა ამ პარტიის დანგრევა და ახალი პლატფორმის შექმნა, რომელიც არ გამოუვიდა?! ფაქტია, ეს ის პარტიაა, რომელიც განსხვავებულ მოსაზრებებს არ იზიარებს, ანუ აქ არ შეიძლება განსხვავებული აზრები იყოს და ჩარჩენილები არიან ძველში. სწორედ სიახლისადმი მიუღებლობა არის ამ პარტიის კრიზისის ერთ-ერთი განმაპირობებელი.

„მეგობრებო, „ნაციონალური მოძრაობა“ დაანგრია მიშა სააკაშვილმა“, - კიდევ ერთი განაჩენი გამოუტანა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, „ტაბულას“ მფლობელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სააკაშვილს. ჩერგოლეიშვილის თქმით, ყველა, ვინც „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესს ხაბეიშვილს აბრალებს, არის ფარჩაკი პარაზიტი, რომელმაც იცის, რომ მიშამ დაანგრია პარტია, უბრალოდ, მიშას „სისხლის“ წოვა უნდა, ამ ილუზიებშია, ამიტომ დაბალ ღობეს აბრალებს და იტყუება“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძეც ირიბად ადასტურებს, რომ „ნაცმოძრაობის“ კრიზისი სააკაშვილის ბრალია. მისი თქმით, „თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინმეს რამე არ მოსწონს, მიმართოს მიხეილ სააკაშვილს, რადგან ლიდერი არის ის და რაც ხდება, პარტიას ასუსტებს, ანგრევს“. პაატა მანჯგალაძის თქმით, სააკაშვილს როგორც უნდა, ისეთი გადაწყვეტილება მიიღება ამ პარტიაში. ამდენად, მანჯგალაძისთვის გაუგებარია ორნაირი პროპაგანდა, რომ, ერთი მხრივ, ხაბეიშვილს არაფერი ეკითხება პარტიაში, რადგან იქ არაფორმალური მმართველობაა და, მეორე მხრივ, ხაბეიშვილი რომ გადადგეს, თურმე პარტიაში ყველაფერი დალაგდება. ეს ორნაირი პროპაგანდა არათავსებადია ერთმანეთთან.

ვინ არის რეალურად „ნაცმოძრაობის“, როგორც პარტიის, დამანგრეველი?

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობა“ დაანგრია ფულმა. For.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი აცხადებს, რომ, საერთოდ, ფული ბევრ რამეს ანგრევს ხოლმე. ფული ყველას უნდა, მაგრამ როცა ისეთი მნიშვნელოვანი გახდა ფული, რომ ვერ გადანაწილდა, ვერ გაიყო, ვერ შეკოწიწდა, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

„დღესაც კეზერაშვილთან არიან წასულები, თანაც, ის ხალხია კეზერაშვილთან წასული, რომელიც სააკაშვილთან არ შესულა. მათ პოლიტიკური იდეები ნაკლებად აწუხებთ, ასე რომ იყოს, მაშინ სააკაშვილთან მივიდოდნენ, უფრო, ალბათ, ფინანსური იდეები აწუხებთ“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოს გია აბაშიძის განმარტებით, უმთავრესი, ვის გამოც მოხდა „ნაცმოძრაობის“ დაქუცმაცება, არის სააკაშვილისა და კეზერაშვილის დაპირისპირება. სააკაშვილს ყოველთვის სურდა, ყოფილიყო პირველი ლოკომოტივი, მათ შორის, მის მიერვე დაფუძნებულ პარტიაში და აქ უკვე შეეჯახა კეზერაშვილის ინტერესებს, როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსების მხრივ.

„რას მოიმოქმედებს სააკაშვილი, ვისკენ გადაიხრება მისი მოწონება, ამას უახლოეს კვირებში გავიგებთ, საბოლოოდ, ის უნდა ჩამოყალიბდეს. მართალია, სააკაშვილი ვერ მართავს საკუთარ პარტიას, მაგრამ „ნაცმოძრაობასთან“ დარჩნენ ძველი თანაგუნდელები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან კეზერაშვილ-ხაბეიშვილის მენეჯმენტით. შესაბამისად, ამ პარტიის დასამარება თავად ამ ორი პიროვნების - კეზერაშვილ-სააკაშვილის დაპირისპირების გამო მოხდა და შედეგიც სახეზეა. სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაღრმავდება დაშლის პროცესი. ხაბეიშვილი შეიძლება მოხსნან, ეს არ არის პრობლემა, რადგან ის არაფერს წარმოადგენს, მხოლოდ დე ფაქტო ლიდერია, რეალური მმართველი იქ არის კეზერაშვილი. შესაბამისად, როგორც დასჭირდება კეზერაშვილს თავისი პოლიტიკური გეგმების განხორციელება, ისე მოიქცევა, დატოვებს ხაბეიშვილს, თუ მოხსნის, ეს არაფერს ცვლის, ერთის ნაცვლად მეორე მარიონეტს დასვამს პარტიის სათავეში“, -აცხადებს გია აბაშიძე ჩვენთან საუბრისას.

trampi ჩემგან მაღარიჩი იმას!!!!!!!!!!!!!!!!!!
11 თვის უკან