ახალი წლიდან ბუნებრივ აირის ტარიფი იმატებს. ამჯერად გაძვირება მხოლოდ იურიდიული პირებს შეეხება, თუმცა ფაქტი არასასიმოვნოა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გაზის გაძვირების რეალური საფუძველი არ არსებობს. ბიზნესი გადაწვეტილებით უკმაყოფილოა და პროდუქციის ღირებულების კორექტირებას გეგმავს.
პირველი ვინც გაძვირების შესახებ გამოაცხადა, „სოკარ გაზი“ იყო, რომელიც, ფაქტობრივად, მთელი საქართველოს რეგიონებს აკონტროლებს. 2024 წლის 1-ლი იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის 1 კ/მ ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,29 (ერთი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარით, დღგ-ის ჩათვლით.
აღნიშნული პერიოდიდან გადასახადს აძვირებს შპს „თელავგაზიც“, რომლის საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,29 (ერთი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარით, დღგ-ის ჩათვლით.
იგივე გადაწყვეტილება მიიღო დედაქალაქის მომმარაგებელმა „თბილისი ენერჯიმაც“. მათი ცნობით, მომწოდებლების მიერ, შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდის გამო, კომპანია იძულებულია არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დააკორექტიროს.
„შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტია, რომელიც თითქმის ნახევარ მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, მათ შორის 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს.
კომპანიის სალიცენზიო პირობაა მომხმარებელთა უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგება.
გამომდინარე აქედან, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი) ლარის ნაცვლად განისაზღვრება 1.29 (ერთი ლარი და 29 თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ტარიფი კვლავ 0.539708 ლარი იქნება ერთ კუბურ მეტრზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რა იყო ფასების ზრდის მიზეზი და შეეხება თუ არა ტარიფის ზრდა პურის საწარმოებს? - ამ კითხვაზე საპასუხოდ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მინისტრის შეფასებით, კომერციული სექტორის ტარიფები დაკავშირებულია ნახშირწყალბადების საერთაშორისო ფასებზე და კონკრეტული ფორმულით იანგარიშება, პერიოდულად კომერციული სექტორის გაზის ტარიფის გადახედვა კი ხდება იმის მიხედვით, თუ როგორია საბირჟო ფასები.
„ბოლოს ნავთობპროდუქტებზე ფასები იზრდებოდა და ეს, გარკვეულწილად, გაზის კომერციულ ტარიფზეც აისახება ხოლმე. აქედან გამომდინარე, მოხდა ამ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება კომერციული სექტორისთვის.
რაც შეეხება კონკრეტული სტრატეგიული ობიექტებისთვის პრეფერენცირებული პირობების შენარჩუნებას, ამაზე ყოველთვის გვაქვს დიალოგი ჩვენს პარტნიორ „სოკართან“, რომელიც მთავარი მომწოდებელია. ის ითვალისწინებს ამ სექტორის მნიშვნელობას და განსხვავებული პირობებით სთავაზობს გაზის ტარიფს. ამასთან დაკავშირებით შეთანხმება გვაქვს, რომელიც ძალაში დარჩება, ეს პურის მცხობელი კომპანიებისთვის ზედმეტი წნეხი არ უნდა იყოს. განსხვავებული პირობა პურის საწარმოებისთვის შენარჩუნდება“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ადგილობრივი ბიზნესი ტარიფის მატებით, რა თქმა უნდა, უკმაყოფილოა. ისინი დაუფარავად აცხადებენ, რომ საქართველოში კომერციული გაზის ტარიფის ზრდა ადგილობრივ წარმოებას დიდ პრობლემას უქმნის. ადგილობრივ ბიზნესში ფასის კორექტირების შესაძლებლობებს უკვე განიხილავენ. სავარაუდოდ, მოიმატებს ყველა იმ პროდუქტის ფასი, რომელთა თვითღირებულებაშიც ბუნებრივი აირი სოლიდურ წილს იკავებს.
როგორც კომპანია „კუმისის“ გენერალური დირექტორი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ადასტურებს, ახალი ტარიფი ბიზნესზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს.
„გადასახადის ზრდა ყველა იმ წარმოებას შეეხება, რომელთა თვითღირებულებაში გაზის კომპონენტი მნიშვნელოვანია. ვერანაირ გათვლას ვერ გააკეთებთ, იმდენად უმართავია სიტუაცია ბიზნესისთვის. ჯერ კიდევ გუშინ შედარებით მშვიდად ვიყავით და ჩვეულებრივ ვაგრძელებდით მუშაობას, დღეს ვიგებთ, რომ გაზი ძვირდება, შესაბამისად, ფასების კორექტირება მოგვიწევს. გაზის ტარიფთან ერთად, საფასო პოლიტიკა შეიცვლება, რაც საბოლოოდ მომხმარებელს დააწვება და წარმოების მასშტაბზეც უარყოფითად იმოქმედებს“, - განაცხადა „კომერსანტთან“ უჩუმბეგაშვილმა.
გაზის ფასი უცვლელი დარჩება იმ პურის მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომლებზეც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის N716 დადგენილების საფუძველზე ვრცელდებოდა ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა.
უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო (მოსახლეობის) ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი.