რატომ გაააქტიურა ოპოზიციამ 2024 წლის არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობის თემა? მათ გააცნობიერეს, რომ ვერც სოციოლოგიური გამოკითხვების რეიტინგებით და ვერც ადგილზე რეალური ელექტორალური მხარდაჭერით, მომავალ არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ და მათი მაქსიმუმი პარლამენტში რამდენიმე მანდატია.
სწორედ ამის მკაფიოდ გაცნობიერების შემდეგ დაიწყო ემიგრანტების მობილიზაციის მძლავრი კამპანია. ამ კამპანიაში, ჯერჯერობით, აქტიურად არიან ჩართული „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტი „ლელო,“ ასევე - „გირჩი ჯაფარიძის“ პარტია და ელენე ხოშტარიას „დროა.“ მათი გათვლა მარტივი და გასაგებია. ვიდრე სხვა პარტიები, მათ შორის „ქართული ოცნება“ ამ მიმართულებით ამუშავდებიან, ემიგრანტების მნიშვნელოვანი რაოდენობა უკვე ამ პარტიებს ექნებათ „დაბევებული“.
საარჩევნოდ ემიგრანტების მობილიზაციის პროცესმა რომ სერიოზული და ორგანიზებული ხასიათი მიიღო, ამას მოწმობს თუნდაც ოპოზიციის სიტუაციური მოკავშირე „პრეზიდენტ“ სალომე ზურაბიშვილის აქტიური ჩართვა ამ თემაში. თავად ემიგრანტი, ის ყოველთვის უჭერდა მხარს ემიგრანტებისთვის შეღავათების დაწესებას. ახლა, როდესაც 2024 წლის არჩევნებზე დასავლეთის მიერ ამხელა ფსონია დადებული, ტყუილად კი არ ჩართეს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ახალ რეკომენდაციებში და ზურაბიშვილიც ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში. ის აქტიურად ლობირებს საარჩევნო კანონმდებლობის იმგავარდ შეცვლას, რომ მაქსიმალურად ბევრი ხმის უფლების მქონე ემიგრანტს ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. არჩევნებში ქართველი ემიგრანტების მონაწილეობის მექანიზმებს და შესაძლებლობებს ქვემოთ უფრო დეტალურად განვიხილავთ.
ემიგრანტებთან დაკავშირებით, რადიკალური ოპოზიციისათვის შთაგონების ერთ-ერთ შესაძლო წყაროდ შეიძლება იყოს მოლდოვის მაგალითი, სადაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, პრო-ევროპელმა კანდიდატმა მაია სანდუმ, ძირითადად, ახალგაზრდობის და ევროპაში მცხოვრები მოლდოვური დიასპორის ხმების წყალობით შეძლო არჩევნების მოგება. გარდა ამისა, მათ ხელთ აქვთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ემიგრანტთა მიერ მიცემული ხმის შედეგები, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერამ 40%-ს ვერ გადააჭარბა. როგორც ჩანს, ოპოზიციის გათვლა ემყარება იმას, რომ ემიგრანტებში მაღალია ანტი-სახელისუფლებო განწყობები, რაც, სხვათა შორის, არ არის საფუძველს მოკლებული.
გამომდინარე იქიდან, რომ 2024 წლის არჩევნებზე დიდი ფსონს დებს დასავლეთი, შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობის ადვოკატირებაში აქტიურად ჩაერთო ნიდერლანდების ორგანიზაციის - „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის“ საქართველოს წარმომადგენლობა. მისი ადგილობრივი ხელმძღანელი ლევან ცუცქირიძე დიდად არც მალავს თავის ოპოზიციურ დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ. ცოტა ხნის წინ მათ საერთაშორისო კონფერენცია მოაწყვეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნებში პოლიტიკური მონაწილეობის საკითხების შესახებ. კონფერენციიის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობა გახლდათ. კონფერენციაში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილმაც მიიღო და კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა არჩევნებში უკლებლივ ყველა ემიგრანტისათვის ხმის მიცემის უფლების უზრუნველყოფისთვის. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერები, ჟურნალისტები და მეტწილად ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები, ასევე - საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები. დიდი ალბათობით, ეს კონფერენცია იყო, ასე ვთქვათ, „პირველი მერცხალი“ ამ თემის „ასაწევად“, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, რომელიც არჩევნების მოახლოების კვალობაზე კიდევ უფრო გააქტიურდება.
უფრო მეტიც, რადიკალური ოპოზიციის ორმა პარტიამ - ელენე ხოშტარიას „დროა“და ჯაფარიძის „გირჩი-მეტი თავისუფლება“- დაიწყეს კამპანია არჩევნებისთვის ემიგრანტების მობილიზაციისთვის. ამას გარდა, საარჩევნოდ ემიგრანტების მობილიზაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი „ლელო.“ მათი წარმომადგენლები აშშ-ში უკვე შეხვდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.
ოპოზიცია და მასთან აფილირებული ყველასთვის ცნობილი და ფაქტობრივად, მათ პარტუჯრედებად გადაქცეული არასამთავრობო ორგანიზაციები, ქართველი ემიგრანტებისათვის 2024 წლის არჩევნებზე საარჩევნო უბნების რაოდენობის გაზრდას და მათთვის არჩევნებში ონლაინ მონაწილეობის საშუალებას ითხოვენ. მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებით იმუქრებიან. განსაკუთრებული წინასწარმეტყველების უნარი არაა საჭირო, იმის მისახვედრად თუ რა ჩანაფიქრი დგას ამ ყველაფრის უკან.
ოპოზიციამ უკვე დაიწყო კომუნიკაცია საზღვარგარეთ მყოფ ქართული დიასპორებთან და მათი ხელდასმით საჯარო სივრცეში უკვე შემოვარდა და დატრიალდა ნარატივი საზღვარგარეთ მყოფ „მილიონამდე ამომრჩეველზე“. ასევე, შემოაგდეს ინფორმაცია, რომ ამომრჩეველთა 20%-ზე მეტი საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს და არ შეუძლია ხმის მიცემა. ოპოზიციის მიერ კულტივირებულმა და, დიდი ალბათობით, გამოგონილმა ციფრებმა, მათივე გათვლით, საზოგადოებაზე და დასავლურ აუდიტორიაზე შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს და ხელისუფლებაზე ზეწოლისკენ უბიძგოს საარჩევნო წესების შესაცვლელად, იმისათვის, რომ ოპოზიციამ მეტი ხმა მიითვალოს.
სხვათა შორის, 2012 წელს, ქართველი ემიგრანტების გარკვეულ რაოდენობას, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის მხრივ პრობლემები შეექმნა, საქართველოში სხვა და სხვა გზებით დაბრუნდნენ, იმდენად დიდი იყო ავტორიტარული ხელისუფლების შეცვლის სურვილი.
რამდენად დიდია საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორაში ხელისუფლების ცვლილების სურვილი, ამის თქმა დაზუსტებით, პრაქტიკულად, შეუძლებელია. სადღეისო რეალობა ისეთია, რომ საზღვარგარეთ მყოფი ქართული ემიგრაციის დიდი უმრავლესობა იქ არალეგალურ ან ნახევრადლეგალურ მდგომარეობაშია. ამავე დროს, ბევრ მათგანს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა აქვს მიღებული და საქართველოს მოქალაქეობა დატოვებული.
საარჩევნო უბანზე მისვლისას ემიგრანტს თან უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი და ა.შ.
არალეგალურ პირობებში მომუშავე ქართველ ემიგრანტებს, თუ მართლა განსაკუთრებული პოლიტიკური მოტივები არ ამოძრავებთ, საერთოდ არ აინტერესებთ არჩევნებში მონაწილეობა. რატომ უნდა გარისკონ საკუთარი თავის იდენტიფიცირებით და ამით ქვეყნიდან დეპორტაციის რისკები გაზარდონ, რომელიმე ოპოზიციური პარტიის სასარგებლოდ, როდესაც სასწორის მეორე პინაზე მათ კმაყოფაზე მყოფი ოჯახის ფინანსური კეთილდღეობა დევს?! აქედან, გამომდინარე, ბევრი მათგანი, ალბათ, თავს შეიკავებს.
რაც შეეხება ემიგრანტებისთვის დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას, ეს ხელისუფლების პრეროგატივაა, მაგრამ მათთვის ონლაინ რეჟიმში ხმის მიცემის დაშვებას უკვე სერიოზული რისკები ახლავს, კიბერთაღლითობის და სხვა მსგავსი პრობლემის გათვალისწინებით.
ბოლოს და ბოლოს, თუ ემიგრანტებს, რომლებიც ოპოზციას საკუთარ „ოქროს ელექტორატად“ მიაჩნია, ასე ძალიან სურთ არჩევნებში მათი მონაწილეობით ხელისუფლების შეცვლა, მაშინ ორიოდე დღით საქართველოში ჩამოსვლაც არ უნდა იყოს მათთვის პრობლემა.
არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობის თემას მომავალში აუცილებლად დავუბრუნდები, მას შემდეგ, რაც საბოლოოდ ცნობილი გახდება 2004 წლის არჩევნებში მათი მონაწილების მექანიზმები.