ოპოზიცია გამარჯვების ფორმულის ძიებაშია და რეკომენდაციებს რეკომენდაციებზე სთავაზობს საკუთარ თავს. რომან გოცირიძე „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად ახალი ცენტრის შექმნას ითხოვს, სადაც იქნებიან „ლელო“, ალეკო ელისაშვილი, „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „რესპუბლიკელები“, ანა დოლიძე, ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, ნინო ლომჯარია, ნიკა მელია და „ევროოპტიმისტები“.
გოცირიძის თქმით, ამ „დიდ პოლიტიკურ ცენტრში“ უნდა გაერთიანდეს ყველა ოპოზიციური საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტია, გარდა „ნაცმოძრაობის“ და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსი“. რომან გოცირიძის ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება ხმათა 15-20%-ს მიიღებს, ხოლო „ნაცმოძრაობა“ 20%-ის მობილიზებას შეძლებს, მაშინ ხმათა თავის წილს მიიღებს გახარიას პარტიაც, რაც ხელისუფლების დამარცხებას შესაძლებელს გახდის.
„თუ ჩვენ გვინდა ხელისუფლებლების შეცვლა, უნდა შეიქმნას დიდი, ნომერ პირველი პოლიტიკური ცენტრი, კოალიცია, ბლოკი, იმხელა ან იმაზე დიდი, რაც არის „ნაცმოძრაობა“, -ამბობს რომან გოცირიძე.
გოცირიძის იდეების გარდა ოპოზიციაში სხვა რეკომენდაციებზეც ფიქრობენ. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა უნდა დატოვოს პრეზიდენტის პოსტი, გადავიდეს ოპოზიციაში და სათავეში ჩაუდგეს მესამე ძალის ჩამოყალიბებას.
რამდენად იმუშავებს ოპოზიციის „დიდი პოლიტიკური ცენტრი“, როცა ამ ცენტრში ახალი არავინაა და თითქმის ყველა მათგანი „ნაცებისგანაა“ გამოსული, ეს რთული გამოსაცნობი არაა. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, რომლის ხილვაც რომან გოცირიძეს სურს „დიდ პოლიტიკურ ცენტრში“, საეჭვოა, ელისაშვილი ამ პოლიტიკურ ცენტრს შეუერთდეს, რადგან მას დღემდე სანანებლად აქვს გამხდარი თავისი მონაწილეობა ე.წ. შალიკოს „ფანჩატურის აჯაფსანდალში“ და არც მალავს, რომ ასეთ შეცდომას აღარასდროს დაუშვებს, ანუ არ დათანხმდება მოლაპარაკებას იმ ადამიანებთან, ვისთანაც ღირებულებები არ აკავშირებს. ელისაშვილი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია გამოთქმა - „მიზანი ამართლებს საშუალებას“.
ოპოზიციის „დიდი პოლიტიკური ცენტრის“ მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი ანალიტიკოსი გია აბაშიძე. For.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ახალი ოპოზიციური ცენტრის შექმნა ამ ადამიანებს არ გამოუვათ, რადგან ყველამ იცის, ეს პოლიტიკური პერსონაჟები ვინ არიან, რას წარმოადგენენ, მათი ბიოგრაფიებიც ცნობილია, მათი განცხადებებიც, ქმედებებიც, შესაბამისად, რაც არ უნდა დაირქვან - მესამე ცენტრი, თუ მეოთხე პლატფორმა, მაინც არ ექნებათ წარმატება მომავალ არჩევნებზე.
„თითოეული აქ ჩამოთვლილი პოლიტიკური აქტორი, ცალ-ცალკე თუ კრებსითად, რეიტინგულად ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს. არ დაგვავიწყდეს, რომ 5%-იანი ბარიერი იქნება 2024 წლის არჩევნებში და, როდესაც მათ აქვთ 2-2,5%-იანი რეიტინგი, წარმოუდგენელია, გამარჯვებას მიაღწიონ. აქ კიდევ დამახინჯებულადაა წარმოჩენილი, თუ როგორი იქნება საპარლამენტო არჩევნები, როდესაც ბლოკები აკრძალული იქნება და პარტიებმა ინდივიდუალურად უნდა მიაღწიონ წარმატებას. შემოდის კიდევ სხვა მომენტიც, სხვადასხვა პარტიის პოლიტიკოსები რომელ პარტიაში გაერთიანდებიან, მათ ჰყავთ თანამოაზრეები, დაიწყება დავა, ვის რა ნომერი ერგება და ეს იქნება სკანდალი რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე, რაც გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, რადგან თვითონ „ნაცმოძრაობაში“ უმწვავესი დაპირისპირებაა. ამდენად, სხვადასხვა პარტიის ლიდერები ვერ შეთანხმდებიან თუნდაც სიის ფორმირებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს გია აბაშიძე.
რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილს და მის მიერ მესამე ძალის ჩამოყალიბებას, გია აბაშიძე ფიქრობს, რომ ამ ქალბატონს და მის გარემოცვას თვითილუზია აქვთ, თითქოს ზურაბიშვილი პოპულარული და რეიტინგულია საქართველოში. რეალურად, ზურაბიშვილმა ზურგი შეაქცია თავის ელექტორატს, რომელმაც ორბელიანების სასახლეში მიიყვანა და თავისი ელექტორატის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს „ნაცმოძრაობის“ ინტერესების სასარგებლოდ. შესაბამისად, როგორი რეიტინგიც აქვს მას, ეს გამოჩნდება სხვადასხვა კვლევით.
ანალიტიკოსი ეჭვობს, ზურაბიშვილმა წარმატებას მიაღწიოს, ან თუნდაც საპარლამენტო უმცირესობა შექმნას, უმრავლესობაზე აღარ არის საუბარი. ასე რომ, ეს რადიკალები უშედეგოდ ცდილობენ, გამოსავალს მიაგნონ. იმდენად შელახული აქვთ რენომე, წარმოუდგენელია, საქართველოს საზოგადოების უმრავლესობამ „ნაცმოძრაობის“ ქოლგის ქვეშ მყოფი ადამიანები მოიყვანოს პარლამენტში. ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, ოპოზიციამ კიდევ სხვადასხვა ვარიანტი მოიფიქროს, მოგვიანებით შეიძლება რაღაცაზეც შეთანხმდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, უნდა გადაწყვიტონ, რომელ ერთ კონკრეტულ პარტიაში გაერთიანდებიან. შესაძლოა, იყოს ორი პარტიაც, მაგრამ აქაც უკვე წაგებულები იქნებიან, რადგან ხმები განაწილდება და დაიკარგება.
„იმდენად დიდი დაპირისპირება იქნება ოპოზიციაში, რომ ეს ახალი ამბების მთავარ ჰედლაინებში გამოჩნდება. აქ მნიშვნელოვანია ისიც, „ნაცმოძრაობიდან“ გაგდებული ნიკა მელია სად წავა, რომელ პარტიაზე დადებს ფსონს თავად მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია, საით გადაიხრება მათი მხარდაჭერა - ნიკა მელიასკენ, თუ „ნაცმოძრაობისკენ“, რომელსაც, ფაქტობრივად, მართავს და აფინანსებს დავით კეზერაშვილი. დიდი კონფრონტაცია იქნება. ამას გარდა, ჩვენ კიდევ არ ვიცით, რა პოლიტიკური გეგმები აქვს ნიკა გვარამიას, რომელ პარტიას ჩაუდგება სათავეში“, „ნაცმოძრაობაში“ ჩაიჩოჩებს, ნიკა მელიასთან წავა, თუ სულაც ახალ პარტიას შექმის“, - აცხადებს გია აბაშიძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ „დიდი პოლიტიკური ცენტრის“ შექმნა წარმატებას ვერ მოუტანს ოპოზიციას და ამის ნათელი მაგალითია წარსულში განვითარებული მოვლენები.
„გავიხსენოთ, რა მოხდა თუნდაც 2012 წელს. აშკარად სააკაშვილის დამარცხებაზე იყო ორიენტირებული საზოგადოება. უფრო ადრე ლევან გაჩეჩილაძეს უჭერდა მხარს ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი და შემდეგ უკვე ბიძინა ივანიშვილს. ეს იმ ფონზე, როდესაც დიდი მიტინგები ეწყობოდა თბილისში, მათ შორის, 7 ნოემბრის, თუ 26 მაისის მიტინგები, რომელთა დარბევაც გახდა ბრალდების ერთ-ერთი პუნქტი სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ. ამავე დროს, ყოველგვარი მიტინგის გარეშეც მნიშვნელოვანი მომენტი იყო ის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ჩაერთო 2008 წლის ომში, რომელშიც დამარცხდა. როგორც წესი, დამარცხებული ხელისუფლება ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას. ასე რომ, იმ პერიოდში სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მრავალი მიზეზი არსებობდა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას და განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ მეტ-ნაკლებად მასშტაბური საპროტესტო გამოსვლა არ გვახსოვს და ახლანდელი ოპოზიცია სუსტია.
უფრო მეტიც, რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობის“ დროს ოპოზიცია სუსტი არ იყო. სააკაშვილის ხელისუფლება უშვებდა ისეთ შეცდომებს, რბილად რომ ვთქვათ, თვითონ მაშინდელი ხელისუფლება იყო საპროტესტო აქციების ძირითადი მოტორი. ახლა ასეთი სიტუაცია არ გვაქვს. ამდენად, ხელისუფლების შეცვლის იდეა ვერ იქნება გამარჯვების პირობა. ხელისუფლება იცვლება იქ, სადაც ხელისუფლების ცვლილება ხალხს სჭირდება. ასეთი სურვილი არ ჩანს ჩვენს ხალხში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, რომელიც ომს განერიდა.
„ახლანდელი ხელისუფლების მიმართ მიუღებლობა ხალხში არაა. ასეთი მიუღებლობა აქვს მხოლოდ ოპოზიციას, რადგან ოპოზიციას პოლიტიკური მოტივები ამოძრავებს. ხალხის გარეშე ეს ოპოზიცია ვერაფერს მიაღწევს, ამიტომ იქნებ, დაფიქრდნენ იმაზე, რა უნდა ხალხს. ოპოზიციური ცენტრის შექმნა მხოლოდ ადამიანების დონეზე არარეალისტურია. ხელისუფლების დამარცხების ცენტრი შეიქმნება მხოლოდ მაშინ, თუ გაიგებ, რა უნდა ხალხს ამ ხელისუფლებისგან, რომ ხალხი დაგიდგეს გვერდით“, - ამბობს ანალიტიკოსი.
ნორმალურ, პოლიტიკურ ოპოზიციას ვგულისხმობ, თორემ ნაცები და მსგავსი მენტალობის ხალხი, კრიმინალები არიან და არა ოპოზიცია.