აფხაზეთი და ძლიერ მმართველთა დაპირებები

აფხაზეთი და ძლიერ მმართველთა დაპირებები

კოსოვოში, ახლა კი უკვე სამხრეთ სუდანშიც, თვითგამორკვევისკენ მიმართულ ძალისხმევათა წარმატება, სახელმწიფოებრიობის მიღწევის მოლოდინს უღვივებს   სხვა ისეთ პატარა ევროპულ ტერიტორებსაც, როგორიც აფხაზეთია. მაგრამ ამ შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ტერიტორიის სტატუსი გეოპოლიტიკური გაუგებრობისა და გეოპოლიტიკური მივიწყების მახეში გაება, და საბოლოო ჯამში აფხაზებსა და ქართველებს კონფლიქტის გადასაჭრელად უფრო მეტი რამ დასჭირდებათ, ვიდრე ძლიერთა მფარველობა, მიაჩნია მაგდალენა ფრიჩოვა გრონოს.     

 

ვერავინ ვერ დაადანაშაულებს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს იმაში, რომ ისინი თანმიმდევრულნი არიან პატარა „გამოყოფილი სახელმწიფოების“ მიმართ დამოკიდებულებაში, სადაც ინდივიდუალური ორმხრივი ურთიერთობები და გეოპოლიტიკა როგორც წესი ყოველთვის პრევალირებს თვითგამორკვევის საკითხებისადმი პრინციპულ მიდგომებზე. შესაბამისად, მოსკოვის მეგობრობა სერბეთთან ხაზს უსვამს მის გაშმაგებულ შეურიგებლობას კოსოვოს დამოუკიდებლობასთან, მაშინ როცა მისმა მტრულმა დამოკიდებულებამ საქართველოს მიმართ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას შეუწყო ხელი. შეერთებული შტატებიც ანალოგიური სქემით ხელმძღვანელობდა, როდესაც სერბეთს სასტიკად სჯიდა მისი აგრესიის და ურჩობის გამო, ახლა კი კოსოვოს სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერის ავანგარდშია და ამავდროულად მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

 

ევრაზიის ამ სეპარატისტულ კონფლიქტებში მხარეებს ხშირად არ სურთ და არ შეუძლიათ ამ არათანმიმდევრულობის ბოლომდე აღიარება, რის გამოც ხშირად  საფასურის გადახდა უწევთ. ამიტომ აფხაზეთში ბევრმა გადაწყვიტა, რომ მათი მიზანი გახდნენ სუვერენული სახელმწიფო კიდევ უფრო მოახლოვდა მას შემდეგ, რაც 2010 წლის 22 ივლისს საერთაშორისო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო იმის შესახებ, რომ 2008 წლის 17 თებერვალს კოსოვოს მიერ მიღებული დამოუკიდებლობის ცალმხრივი დეკლარაცია საერთაშორისო კანონმდებლობას არ არღვევს. ეს იმედები კიდევ უფრო განმტკიცდა სამხრეთ სუდანის პრეცედენტით, რომელმაც 2011 წლის იანვარში სუდანისგან გამოყოფას დაუჭირა მხარი. მაგრამ სინამდვილეში რეგიონის სტატუსი გეოპოლიტიკური გაუგებრობისა და გეოპოლიტიკური მივიწყების მახეში გაება, მაშინ როდესაც მის მომავალთან დაკავშირებით დიდი სახელმწიფოების პოზიცია შეურიგებელია.

 

რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, საქართველოსთან ხანმოკლე დამანგრეველი ომის შემდეგ აღიარა. ამ მომენტისთვის მოსკოვის მაგალითს მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და წყნარი ოკეანის პატარა კუნძულმა ნაურუმ მიბაძა, ეს კი გაცილებით მცირე მაჩვენებელია იმ ათობით სახელმწიფოსთან შედარებით, რომლებმაც კოსოვოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. მოსკოვი აფხაზეთზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს, რაც შავ ზღვაზე მისი გავლენის საგრძნობლად გაზრდისა და რუსეთისთვის ზურგის შექცევის გამო საქართველოს დასჯის შესაძლებლობას აძლევს.

 

აშშ–სა და ევროკავშირისთვის (რომლის წევრთა უმრავლესობა მხარს უჭერს კოსოვოს დამოუკიდებლობას) აფხაზეთის პრეტენზიები მიუღებელია. მათთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ურღვევია, ეს საკითხი ერთგვარ იდეოლიგიურ წითელ ხაზადაც კი იქცა 2008 წლის ომის შემდეგ. ნებისმიერი საუბარი აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების აზრით, იმის ტოლფასია, რომ რუსეთს სამხედრო ძალის საშუალებით სახელმწიფო საზღვრების შეცვლის ნება დართონ. მათ ლექსიკაში სულ უფრო ხშირად ჩნდება თბილისის ენა, როდესაც შექმნილ სიტუაციას რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ოკუპაციად აფასებენ.

 

დასავლეთსა და რუსეთს შორის გახანგრძლივებულ პოზიციურ დავებში, აფხაზეთის თვითგამორკვევის საკითხი მსხვილი მოთამაშების სტრატეგიული ინტერესების სფეროში მეორეხარისხოვანია. მაგრამ თავად აფხაზეთში გეოპოლიტიკა – მომავალში მათი ამოცანის გადაწყვეტის საქმის მხოლოდ ნაწილია. დიდი სახელმწიფოების მხრიდან უსაფრთხოების მხრივ პოლიტიკური მოთხოვნების მიუხედავად, ღია დებატები თვითგამორკვევის საკითხზე – და იმაზე, თუ როგორ შეუსაბამო ეს ტერიტორიულ მთლიანობას და ეთნიკური ქართველების დაბრუნების უფლებას, რომლებიც კონფლიქტის შედეგად დევნილები გახდენენ – აფხაზეთსა და ევრაზიის სხვა ადგილებში კონფლიქტების გადაჭრის გასაღებია.

 

ცვლილების შემადგენლები

თვითგამორკვევა, გაეროს წესდებასა და ადამიანის უფლებების სფეროს წამყვან შეთანხმებებში დაფიქსირებული ადამიანთა ფუნდამენტური უფლებაა. ამ შეთანხმებათა ხელმომწერებმა მათ დაცვას დაუჭირეს მხარი. ჩვეულებრივ თვითგამორკვევაში ანსხვავებენ, თავისი ბუნებით შიდა და საგარეო თვითგამორკვევას. შიდა თვითგამორკვევა ნიშნავს კულტურულ, სოციალურ, პოლიტიკურ, ლინგვისტურ და რელიგიურ უფლებებს უმცირესობათა ჯგუფებისთვის ძირითადი სახელმწიფოს ფარგლებში – მაგრამ მას შეიძლება მოჰყვეს ავტონომია ან შეთანხმება თვითმმართველობაზე, საიდანაც სახელმწიფოებრიობამდე მცირე მანძილიღა რჩება, როგორც ეს მოსჩანს ესპანეთში კატალონიის და ბასკების ქვეყნის, ან ბოსნიაში ტერიტორიული წარმონაქმნების მაგალითზე. საგარეო თვითგამორკვევა გულისხმობს ხალხის გამოყოფის და დამოუკიდებლობის უფლებას. ხშირად მას მაშინ მიმართავენ, როდესაც ადამიანის საბაზისო უფლებები ფუნდამენტურად ირღვევა.

 

ერითრეა და აღმოსავლეთ ტიმორი – ის შემთხვევებია, როდესაც საგარეო თვითგამორკვევაზე ბრძოლამ უზარმაზარი მხარდაჭერა მოიპოვა და მოწონება დაიმსახურა 1990–იან და 2000 წლებში. მაგრამ ასეთი მაგალითები ძალიან ცოტაა. შესაძლოა სამხრეთ სუდანი სწორედ ასეთად იქცეს, მაგრამ ჯერ–ჯერობით იმისთვის რომ სუვერენული სახელმწიფო ერთეული გახდეს, მას ბევრი სირთულის გადალახვა მოუწევს. დიდწილად, სახელმწიფოები ეწინააღმდეგებიან ქვეყნიდან მისი ნაწილის გამოყოფას და ახალი სახელმწიფოს შექმნას ეწინააღმდეგებიან, კერძოდ იმიტომ, რომ ისინი ამ ნიადაგზე კონფლიქტების წარმოქმნას უფრთხიან.     

 

კოსოვოს და აფხაზეთის შემთხვევები იმის ნათელი დემონსტრირებაა, თუ რამდენად რთული შეიძლება იყოს თვითგამორკვევის კონცეფცია პრაქტიკაში. რუსეთი და დასავლეთი თანხმებიან იმ მოსაზრებაზე, რომ ორი მსგავსი კონფლიქტური სიტუაცია არ არსებობს და რომ თითოეული განხილულ უნდა იქნას კონკრეტული პოლიტიკური, ისტორიული და სამართლებრივი კონტექსტის გათვალისწინებით. მაგრამ სწორედ ამ ჭეშმარიტებას ისინი დიამეტრალურად განსხვავებულ დასკვნებამდე მიყავს.          

 

კოსოვოსა და აფხაზეთს შორის ზოგიერთი ზედაპირული პარალელის გავლება შეიძლება, მაგრამ ისინი ფუნდამენტური სხვაობების მორევში იკარგება. ადამიანის უფლებების დარღვევა, რაც კოსოვოს დამოუკიდებლობის მთავარი არგუმენტი იყო, ქართულ–აფხაზურ კონფლიქტში ორივე მხრიდან ფიქსირდებოდა, მაგრამ ამ ფაქტებს არ მიუღია ისეთი კატასტროფული ფორმა, როგორც კოსოვოში.

 

ქართველებმა ომი 1992 წელს დაიწყეს, მას მერე რაც საბჭოთა საქართველომ აფხაზების წინააღმდეგ რესპრესიებს მიმართა და თბილისის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების მრავალრიცხოვან და მასშტაბურ დარღვევებს. თუმცა ძალადობის საკუთარ წილზე, აფხაზებიც აგებენ პასუხს აგებენ, რაც მათი მხრიდან საპასუხო რეაქცია გახლდათ; იმ დროისთვის, როდესაც 1993 წელს სამხედრო მოქმედებები დასრულდა, დაახლოებით 240 ათასი ქართველი იძულებული გახდა აფხაზეთიდან გაქცეულიყო, და მათი უმრავლესობა უკან დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებს. 

 

დასავლეთის მხრიდან ორგანიზებული კოსოვოს დამოუკიდებლობა იმ გრძელვადიანი პროცესის შედეგი გახდა, რომელსაც მსოფლიო თანამეგობრობა დიდი ყურადღებით აკვირდებოდა. ხოლო რუსეთის მხრიდან აფხაზეთის აღიარება კრემლის იმპულსური პოლიტიკური ნაბიჯი იყო. თითოეული პროცესის ეფექტურობა თავის თავზე მეტყველებს.

 

დასავლეთი ბევრს მუშაობდა იმაზე, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობას რეალურად ემუშავა, და ამას მომავალშიც გააკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება უმადური საქმეც აღმოჩნდეს. მეორე მხრივ, რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის მხადაჭერას ფინანსურ და სამხედრო სფეროში, მაგრამ მას არ აქვს აშკარა დაინტერესება, რომ მისი სახელმწიფოებრივი მმართველობა გაუმჯობესდეს, ან  აღიარებული დამოუკიდებლობა რეალურად სიცოცხლისუნარიანი გახდეს.

 

კოსოვოს სახელმწიფოდ გარდაქმნის შედარებითმა წარმატებამ გამოიწვია ის, რომ ზოგიერთებმა დამოუკიდებლობაზე ოცნება დაიწყეს, სხვებს კი იმის შიში გაუჩნდათ, რომ ახლა გამოყოფას მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვებიც შეეცდებოდნენ. მაგრამ რეალობა ჯერ არ შეცვლილა: ასეთ დავებში წამყვანი ქვეყნები დომინირებენ და მოსახლეობის დამოკიდებლობისთვის ბრძოლისკენ მიმართულ ძალისხმევას საკუთარი გეოპოლიტიკური კონკურენციის მძევლად ხდიან.

 

მზერა ადგილიდან

მაგრამ არ შეიძლება ზესახელმწიფოთა ინტერესების გამო შეიზღუდოს ან  დამახინჯდეს თვითგამორკვევაზე დისკუსია იქ, სადაც გეოპოლიტიკა გულზე არ ეხატებათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისეთი ტერიტორიების მომავალი, როგორიც აფხაზეთია, მხოლოდ მათ საკუთარ პირობებთან კავშირში უნდა განიხილებოდეს და არა ზესახელმწიფოების კონკურენციის თვალსაზრისით – საპირისპირო შემთხვევაში კონფლიქტის გადაწყვეტის მცდელობები მარცხით დასრულდება.

 

აფხაზეთის შემთხვევაში, თუკი თვითგამორკვევის თემას თავს ავარიდებთ და ფოკუსირებას მოვახდენთ კონფლიქტის მხოლოდ ქართულ–რუსულ განზომილებაზე, მალე დავინახავთ, რომ ვიდრე დასავლეთი რიტუალურ რეჟიმში იმეორებს საქართველოს არგუმენტებს მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიზნით და საკუთარი ფანტაზიების სფეროში რჩება, რომლის არსიც ისაა, რომ აფხაზეთი კვლავ საქართველოს ნაწილია, რუსეთი რეგიონს სწრაფად შთანთქავს.            

 

ისინიც, ვინც მეტი თვითგამორკვევისკენ მიისწრაფვის და ისინიც, ვინც ამას ეწინააღმდეგებიან, სულელურად მოიქცევიან, თუკი ძლიერ მმართველთა დაპირებებს დაუჯერებენ. მათთვის უმჯობესი იქნება თუ საკუთარ პრობლემებს მიხედავენ და მათ სახლთან ახლოს არსებულ სიტუაციას დააკვირდებიან, მხარს დაუჭერენ რა კონფლიქტების გადაწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევას ადგილობრივ დონეზე. მათ უნდა განამტკიცონ მმართველობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ხარისხი, გააუმჯობესონ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული სიტუაცია და იფიქრონ იმ სიღრმისეულ მიზეზებზე, რომელთა გამოც კონფლიქტი ჩნდება და ვითარდება. ეს დავაში გამარჯვებისთვის საკმარისი არ იქნება, მაგრამ ის მათთვის ისეთი სიტუაციის შექმნას უზრუნველყოფს, როდესაც საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოველბლად მათ მეტი საფუძველი გაუჩნდებათ, თუკი გეოპოლიტიკური ვარსკვლავები სხვაფრად აციმციმდებიან.

[foreignpress.ge]