„დე-ფაქტო ხელისუფლებასთან პირდაპირი საუბრის რაიმე ფორმატი არ შექმნილა და ვერც შეიქმნება“ - ასეთია მმართველი გუნდის პასუხი, აფხაზეთის დეფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას შეთავაზებაზე. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხზე კონსულტაციები, ჯერჯერობით, მხოლოდ ჟენევის ფორმატითაა შემოსაზღვრული, რომელიც შედეგზე ორიენტირებული არ აღმოჩნდა, თუმცა მაინც გრძელდება. შესაბამისად, როგორც ჩანს, ვახტანგ ყოლბაიასა და სერგეი შამბას ონლაინ შეხვედრა პოლიტიკის ცვლილების მანიშნებელი არ არის.
„ხალხის ძალის“ წევრის, ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ სიტუაცია მომწიფდეს სხვადასხვა ტიპის კომპრომისების განსახილველად, ჩვენი საერთო ოჯახის გაძლიერების შექმნის მიზნით, უნდა დადგეს შესაბამისი ხელსაყრელი პირობები.
for.ge დავით ქართველიშვილს ესაუბრა.
ბატონო დავით, შამაბას ინიციატივა, რომ დაიწყოს დიალოგი, როგორ ფიქრობთ, აქვს პრესპექტივა?
დავით ქართველიშვილი: ჩემი პირადი პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით უცვლელია. დღეს აფხაზები არ წარმოადგენენ მოლაპარაკების სრულყოფილ სუბიექტს. ეს რომ დაუშვა, მაშინ უნდა დაუშვა ე.წ. შემდგარი სახელმწიფოებრიობა და მაშინ უნდა დაუშვა ის, რომ ისინი ამ შესაძლო მოლაპარაკებების დროს წარმოადგნენ რაღაც დამოუკიდებელ სუბიექტს, რაც გამორიცხულია, რომ გავიფიქრო. რა თქმა უნდა, მათ უკან არის რუსეთი და ჩვენს უკან არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - ჩინეთი გვეუბნება, რომ ჩვენ მზად ვართ ამ გლობალურ საკითხებში მხარდაჭერა აღმოგიჩინოთო, რატომ ჩქარობს ზოგ-ზოგიერთი? რატომ უნდა ვიჩქარო მე? მე ვიცი ერთი რამ - მესმის, რომ რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს ეს საკითხი და არა ინდოეთთან, ამერიკასთან, თუ ევროკავშირთან, მაგრამ ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან კარგად ვიცით ისიც, რომ ამ სიტუაციაში ერთი-ერთზე რუსეთთან რაიმე ტიპის მოლაპარაკების წარმოება, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე, არ შეიძლება, მით უმეტეს, როდესაც ჩვენზე უფრო ძლიერი და ბრძენი სტრატეგიული პარტნიორი გვეუბნება - გამომიყენეთ მე შუამავლად. გამოვიყენოთ ის, ოღონდ არ უნდა ვიჩქაროთ, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩინეთი დგას სათავისოდ უფრო მნიშვნელოვანი მსგავსი ანალოგიური პრობლემების გადაწყვეტის ძალიან მძიმე პერიოდის წინ - ვგულისხმობ ტაივანს და ამიტომ, დაველოდოთ. ღმერთმა ქნას, ტაივანის საკითხი ისე გადაწყდეს, როგორც არ გადაწყვეტილა 70 წელიწადზე მეტი ხანი ჩინეთის სასარგებლოდ. ღმერთმა ქნას, გამოინახოს ჩვენთვის დრო და ადგილი, ჩაგვიდგეს შუამავლად ჩვენსა და მოსკოვს შორის და დავიწყოთ საუბარი. რა თქმა უნდა, ამ საუბარს უნდა ჰქონდეს სამმაგი სასარგებლო ინტერესი, როგორც ჩვენი, ასევე აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობისთვის. ჩემი ღრმა რწმენით, ჯერჯერობით, პირდაპირი კონტაქტების დამყარება კონტპროდუქტიულია და არაფრის მომტანი არ არის. იმისთვის, რომ სიტუაცია მომწიფდეს სხვადასხვა ტიპის კომპრომისების განსახილველად, ჩვენი საერთო ოჯახის გაძლიერების შექმნის მიზნით, უნდა დადგეს შესაბამისი ხელსაყრელი პირობები. ახლა, ყოველ შემთხვევაში, ეს პირობები არ დამდგარა.
როგორ ფიქრობთ, ეს იქნება გრძელვადიანი, თუ პირიქით მოკლევადინი პროცესი, რომ ეს პირობები დადგეს?
- 30 წელიწადზე მეტი მწვავე ფაზაში იყო ყარაბაღის საკითხი ჩვენს ორ მეზობელს შორის, მაგრამ როგორც კი შეიქმნა ხელსაყრელი პირობები, ყარაბაღის სამართლიანობის აღდგენის კუთხით გადაიჭრის საკითხი, საკმაოდ სწრაფად, კარგად და მშვიდობიანად მოხდა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მოუთმენლობა ქართველების ერთ-ერთი სერიოზული ნაკლია. ჩვენი მოუთმენლობით მივედით იქამდე, რა სიტუაცია არსებობს დღეს თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის. ამჯერად, მე პირადად კიდევ ერთ მორიგ მოუთმენობაში ვხედავ მორიგ საფრთხეს და შეცდომას კი არა - დანაშაულს.
დაველოდოთ იმ მომენტს, როდესაც ჩვენზე უფრო მძლავრი და უფრო მეტი შესაძლებლობების მქონე სტრატეგიული პარტნიორი დაგვიდგება გვერდში ჩვენსა და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს შორის თანაცხოვრების ისეთი ფორმულის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ერთი მხრივ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე გადის და მეორე მხრივ სოხუმისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის უფლებებს მაქსიმალურად დაიცავს.
სტრატეგიული მოკავშირე ჩინეთი ახსენეთ, მარტის ბოლოს საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა გააკეთა განცხადება, რომ ჩინეთი მზად არის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში ჩაერთოს. რა შემთხვევაში შეიძლება ვიხილოთ ჩინეთი, როგორც შუამავალი მოლაპარაკების მაგიდასთან?
- საქართველო და მე, პირადად, მზად ვარ მსგავსი შუამდგომლობა გაგვიწიოს ბრიუსელმაც და ვაშინგტონმაც, მაგრამ ამის წარმატება იქნება ნულის ტოლი, იმიტომ, რომ დღეს ამ საკითხში ჩვენთვის წარმატების მოტანა შეუძლია მხოლოდ ისეთ ძალას და ისეთ სტრატეგიულ პარტნიორს, რომელსაც გააჩნია მოსკოვზე გარკვეული ზემოქმედების განხორციელების შესაძლებლობა, რომელიც დღეს ახლოს არის მოსკოვთან რუსეთისთვის უფრო მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებში და ასეთი პარტნიორი უნდა იყოს ჩვენი შუამავალი, რომელსაც შეუძლია დაარწმუნოს რუსეთი იმაში, რომ მისი ტაქტიკა საქართველოსთან მიმართებით არის მოძველებული, კონტრპროდუქტიული და საერთო ქვეყნების, რეგიონის და გადაფორმატებული მსოფლიოს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს ამ საკითხის გადახედვა - კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ სიტუაციაში ჩართული ყველა დაინტერესებული მოთამაშის სასარგებლოდ.
რუსეთი სულ იმაზეა მოწადინებული, რომ ბუფერული ზონები შეიქმნას საკუთარ საზღვრებთან და ზუსტად მაგ ჭკუაზეა, რომ საქართველოს კომფორტული გარემო შეუქმნას.
სანან რუსეთში ისეთი ცვლილებები არ მოხდება, რომ სხვებისთვის არ ეცალოს, მანამდე ვერავინ ვერაფერში დაარწმუნებს.