შამბა საქართველოს დიალოგის დაწყებას სთავაზობს

შამბა საქართველოს დიალოგის დაწყებას სთავაზობს

ეუთო-ს მინისტერიალზე ძირიადი საკითხი კონფლიქტები იყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ობრაიენმა განაცხადა, რომ კონფლიქტები გრძელდება საქართველოსა და მოლდოვაში, რაც მოითხოვს განახლებულ ვალდებულებას, რათა ისინი გადაიჭრას, რომ ეს საზოგადოებები სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ მათი ხალხის არჩევანთან. მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მშვიდობის ერთგულია და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ეძებს, რომელიც ორ ბოძს დაეყრდნობა - რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და გაყოფილი თემების შერიგებას.

ეუთო-ს მინისტერიალის პარალელურად, აფხაზეთის ა-რ უმაღლესი საბჭოს წევრს, ვახტანგ ყოლბაიასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივან, სერგეი შამბას შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავარი თემა იყო კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. როგორც სერგეი შამბამ აღნიშნა, მხარეება უნდა ეძებონ შესაძლებლობები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის, რომ ეს კონფლიქტი მოუგვარებელი არ დაუტოვონ შვილებსა და შვილიშვილებს. შამბა მიიჩნევს, რომ კონფლიქტის დასაძლევად საჭიროა საუბარი.

„მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე. ბევრს აფხაზურ საზოგადოებაში ჩემი პოზიცია არ მოსწონს, თუმცა ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არის პრობლემა, მაშინ, პირველ რიგში, საჭიროა საუბარი. არ არსებობენ ხალხები, მეზობელი, ახლობელი და მონათესავეც კი, რომელთაც ერთმანეთში არ უომიათ. მთელი ევროპა ამის მაგალითია. როგორც აფხაზურ, ისე ქართულ მხარეს ბევრი ჯერ კიდევ აგრესიულად არის განწყობილი. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ეს გაივლის. ძალიან ბევრი დრო გავიდა ომის შემდეგ, უკვე 30 წელი, შეიძლებოდა, უკვე რამე მოძრაობის დაწყება ურთიერთგაგების მიმართულებით, თუმცა ეს ნელა ხდება. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი სახალხო დიპლომატიას და როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ძალიან ხშირად ხვდებოდნენ ქართველ ოპონენტებს. ეს იყო ერთმანეთის პოზიციების გაგების შესაძლებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის დასაწყებად, რომ პრობლემა რამენაირად მკვდარი წერტილიდან დაიძრას.

მე ახლაც ამას ვემხრობი. უნდა ვეძიოთ შესაძლებლობები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის, რომ მოუგვარებელი არ დავუტოვოთ შვილებს და შვილიშვილებს ეს კონფლიქტი, ამიტომ საჭიროა საუბარი. მიმაჩნია, რომ საჭიროა კავშირის სხვადასხვა არხის ამოქმედება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ბევრს არ მოსწონს. ჩვენ ხალხებს შორის ასებობს კონფლიქტი, რომელიც გამოწვეულია მრავალი ისტორიული გარემოებით და, განსაკუთრებით, ომით. იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს კონფლიქტი, საჭიროა საუბარი, ურთიერთგაგებისა და მომავალი თანაარსებობის გზების ძიება“, - განაცხადა სერგეი შამბამ.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, შამბა საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილია, როგორც ადამიანი, რომელიც კომპრომისებს და სიტუაციებიდან გამოსვლის პრაგმატულ გზებს ეძებს. მისი თქმით, ჯერ ყველაფერი არ არის დაკარგული, თუ სურვილი იქნება.

„დღეს, ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომელიც საშუალებას არ გვაძლევს, რომ კონკრეტული ურთიერთობებისთვის მზად ვიყოთ, მაგრამ თბილისი ამას ელოდება. როგორც იცით, ჩვენი საზოგადოებების წარმომადგენლების გარკვეული ნაწილი ხვდება ერთმანეთს: ექიმები, მასწავლებლები და სხვები. როგორც ამბობენ ძალიან ვიწრო ხაზია. თბილისის პოზიციიდან ვამბობ, რომ გადაწყვეტილებების მიღების დროს უფრო გამბედავები უნდა ვიყოთ, რომ იგივე აფხაზ წარმომადგენლებთან კომუნიკაციის გზები გავხსნათ. მე ძალიან მიხარია, როცა ვამბობთ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის დაკარგული და ჩვენ რაღაც შეიძლება ისევ გამოგვივიდეს“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აღსანიშნავია, რომ აფხაზებთან კონტაქტის სხვადასხვა ფორმატები არსებობს, მათ შორის ჰუმანიტარული ხასიათის, რომელსაც ოფიციალური თბილისი იყენებს. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების ეროვნული ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რაც შეეხება სერგეი შამბას განცხადებას, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კარგია, რომ დიალოგის სურვილი აქვს აფხაზურ მხარეს და იმისათვის, რომ აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, ერთიანი და წარმატებული ქვეყანა აშენდეს, მთავარია, როგორც პირადი კონტაქტი, ისე დიალოგი.

„ვნახოთ, ეს არის პროცესი, რომელიც ბუნებრივად უნდა განვითარდეს. ჩვენი მიზანი ცხადია და ჩვენი შეთავაზებაც ცხადია ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეების მიმართ. მთავარია, რომ ყველა შემთხვევაში, პრიორიტეტი და მთავარი საკითხი, რომ არსებობდეს დიალოგი, ხელი უნდა შევუწყოთ. როგორ წავა, რა ფორმატებით, რა ნაბიჯებით თუ რა პროცესებით, ამას დრო გვიჩვენებს. მთავარია, ერთი რამ - საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ამოდის საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან. ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანაა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ნდობის, ურთიერთობის აღდგენა ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყოლბაია-შამბას ონლაინ შეხვედრაზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება განსხვავებულია, რომლის თქმით, ყოლბაია არ საუბრობდა ხელისუფლების სახელით და ბუნებრივია, ვერც ისაუბრებს, რადგან არ წარმოადგენს მმართველ გუნდს.

„ეს ონლაინ შეხვედრა არის კონკრეტული ადამიანის ინიციატივა. ეს ხომ არ არის ხელისუფლების ინიციატივა?! ეს ადამიანი ხომ არ საუბრობდა ხელისუფლების სახელით?! ბუნებრივია, ვერც ისაუბრებს ხელისუფლების სახელით, რადგან არ წარმოადგენს მმართველ გუნდს. ჩვენ რა პოლიტიკაც და რა პოზიციებიც გვაქვს, ეს არის საზოგადოებისთვის ცნობილი. ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები, მათ შორის მთავარი წითელი ხაზი არის დაკავშირებული დეოკუპაციასთან. ჩვენთვის მთავარი ეროვნული პრიორიტეტი არის ჩვენი ისტორიული რეგიონების დეოკუპაცია. ამისთვის თუ რაიმე იქნება საჭირო, გავაკეთებთ, მაგრამ წითელი ხაზები ბოლომდე იქნება დაცული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციაში კი თვლიან, რომ სახიფათო და დაუშვებელია ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებები დასავლელი პარტნიორების ჩარევის გარეშე გაიმართოს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, ეს პრეცედენტი „ქართულ ოცნებას“ არ უნდა დაეშვა და დეოკუპაციის საკითხები ჟენევის ფორმატში უნდა განიხილებოდეს.

ოპოზიციის პოზიცია მიუღებელია ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძისთვის და აცხადებს, რომ უკვე დაიწყეს პროვოკაციული განცხადებებით ქართულ-აფხაზური პირდაპირი დიალოგის თუნდაც ამ იშვიათი შემთხვევის დისკრედიტაცია, ვითომ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება უნდათ, თან საკუთარი მავნებლური ზონიდან ვერ გამოდიან, რაც მისი თქმით, ოპოზიციისთვის უკვე „კომფორტის ზონად“ იქცა.

„უნდათ, ქვეყნის გარეთ ვიღაცებს რაღაცები დაანახონ. სერგეი შამბამ გააჟღერა ის მესიჯი, რაც ემსახურება თავად აფხაზეთის ინტერესებს, რომ როგორმე ქართული მხარე წამოიყვანოს იმაზე, რომ აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. სხვანაირ მესიჯს შამბა, უბრალოდ, ვერ გააჟღერებდა. მაგრამ აქ არის უფრო სხვა ასპექტი. ყოველ შემთხვევაში მე ასე დავინახე, რომ თავად დიალოგის დაწყება აფხაზეთის დროებით დევნილ მთავრობასთან, რომელსაც ადრე აფხაზები არალეგიტიმურად აცხადებდნენ და მასთან ყოველგვარ ურთიერთობაზე უარს ამბობდნენ, ამჟამად ჩათვალეს საჭიროდ, რომ მათთან კონტაქტები დაამყარონ. ეს კი ნიშნავს პატარა ძვრებს მათ პოზიციაში“, - აცხადებს ანჯაფარიძე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ აფხაზები აბსოლუტურად შემობრუნდნენ და საქართველოსთან რეინტეგრაციაზე დაიწყეს ფიქრი, მაგრამ თუნდაც ის, რომ დიალოგი დაიწყო და მხარეებმა ერთმანეთთან პოზიციები გაცვალეს და ეს მოხდა ყოვეგვარი გარე შუამავლების გარეშე, არის მნიშვნელოვანი და ამაზე უნდა მოახდინოს კაპიტალიზაცია საქართველოს მხარემ.

„ვისაც ეს ევალება თავისი სახელმწიფოებრივი ფუნქციებიდან გამომდინარე, ვგულისხმობ შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტორის, რამენაირად აქედან ამოიღონ სარგებელი. ამიტომ, მე კატეგორიულად ვემიჯნები იმ ვაი-პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც ამ კონტაქტს საქართველოსა და აფხაზურ მხარეს შორის ნეგატიურ კონტექსტში განიხილავენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, სერგეი შამბა ამ ინიციატივას დამოუკიდებლად ვერ გააჟღერებდა, რადგან აფხაზები დამოკიდებული არიან ჩვენს ჩრდილოელ მეზობელზე. აქედან გამომდინარე, გვენეტაძე თვლის, რომ აუცილებლად დასაწყებია მოლაპარაკებები იმ ქვეყანასთან, რომელსაც ჰქვია რუსეთი. ვინაიდან, რუსეთის გარეშე სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ვერ გადაწყდება.

„აშკარაა, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება და ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოყენება არის საჭირო. 30 წელი გავიდა და გვესმის მხოლოდ ერთი და იგივე - ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი, რომელმაც არაფერი არ მისცა საქართველოს. აუცილებელი არის დიპლომატიაში ვითარების შეცვლა და მოქმედება იმის შესაბამისად, რასაც რეალობა გვკარნახობს. რელობა კი გვკარნახობს იმას, რომ აუცილებელია მოლაპარაკების დაწყება რუსეთთან. მაგრამ, რუსეთთან მოლაპარაკებებზე უნდა გვეჯდეს ისეთი შუამავალი, რომლის მეშვეობით რუსეთი სიტყვას ვერ გატეხს. მე ძალიან კარგად ვიცი რუსული დიპლომატიის ცბიერება. რამდენჯერმე დადებული შეთანხმება დარღვეული იქნა რუსეთის მიერ. ამიტომ, აუცილებელია მოლაპარაკების დაწყება რუსეთთან, ოღონდ ეს უნდა იყოს ძლიერი შუამავლის მეშვეობით და ასეთად დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე მესახება ჩინეთი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

petrekupry ყველა ვარიანტში ჩაშლიან ნაცები ამ ინიციატივას.... არ მისცემენ საშუალებას აფხაზებტან პირდაპირ საუბრისას .... ბოკერიამ ხომ განაცხადა,არსებობს მხოლოდ 2 მხარეო ....
11 თვის უკან
trampi რამდენჯერღა ვთქვა არ ვიცი ...
პუტინს რომ ვურეკავ და აფხაზეთზე ველაპარაკები ხოლმე, ის ჩათლახი ყოველთვის ერთი და იგივეს მეუბნება---- ოღონდ მოდით, დავილაპარაკოთ და აფხაზეთს კი არა ნახევარ ციმბირსაც ფეშქაშად გაჩუქებთ...მაინც ჩინელებს მიაქვთ ოხრადო....
ხოოდა თქვენ ჩინელებს ათასჯერ მირჩევნიხართ, მოდით დავილაპარაკოთ და ნაღდად გეუბნებით ციმბირსაც გაჩუქებთო
თქვენები სამჯერ, ტელევიზიით, სახალხოდ დავპატიჟე--- ჩამოდით ვილაპარაკოთო, მაგრამ ამერიკელების შიშით ვერ მოდიან ჩემამდეო
აი ეგრე მეუბნება ის ჩათლახი ყოველ ჯერზე...
არა გჯერააათ??..... რა იცით დაელაპარაკეეეთ?? მიდით დაელეპარაკეთ(*შეამოწმეთ) არ გაინტერესებთ მართალს გეუბნებით თუ არააა?
..და თუ პუტინმა მართლა ეგრე არ გითხრათ მაგასაც ნახავთ...
ჰოოდა ხელისუფლებავ .............. მანამ არ დაელაპარაკებით მე ვარ მართალი, თქვენ კიდევ უტრაკოები
ხოო ხოოო ........... თუ არადა ხო დაულაპარაკებლადაც გაღიმებულები ვართ ??
ჰოოდა ვიყოთ ეგრე და აფახაზეთიც და სამაჩაბლოც ტაო კლარჯეტივით ჩვენ გულებში შევინახოთ.........იქიდან ხო მაინც ვერ წაგვართმევენ--ესეც გვეყოფა
11 თვის უკან
trampi და მაინც.........................ქუნემ კოლუმბი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ბედი გვაქო ჩვენზეა ნათქვამი----წინ კინჯალი, უკან კლკლკლკე.......ზუსტად ისეა ჩვენი საქმე
იმ კურდღლისა არ იყოს........................ ეს ბღალტერია(კოლუმბი) მაინც რაღაზე ავიკიდეთ??
ვერაფერს ვიტყვით ნიჭიერები ვართ, ნიჭიერები---ოღონდ უკუღმა ნიჭიერები
11 თვის უკან