ოქროს საერთაშორისო ბირჟებზე საგრძნობი გაძვირებაა. ბოლო 1 თვეში, ოქროს გლობალური ფასი 9 პროცენტით გაიზარდა და ამჟამად, 1 უნციის ღირებულება 2011 დოლარს შეადგენს. ოქროს გაძვირების მთავარი მიზეზი გაზრდილი მოთხოვნაა, რაც თავის მხრივ გეოპოლიტიკურ მოვლენებთან არის პირდაპირ კავშირში. ძვირფასი ლითონი ძვირდება საქართველოშიც, თუმცა მისი ფასი აქ შედარებით ნელი ტემპით იზრდება.
ზოგადად, გეოპოლიტიკური რისკების ზრდის ფონზე, კრიზისისგან თავის დასაზღვევად ინვესტორები დაბალრისკიან აქტივებს ირჩევენ და მათ შორის არის ოქრო, რომელიც კრიზისისგან ჰეჯირების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა. შესაბამისად, ბოლო პერიოდში ოქროს გაძვირების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთში დაწყებული კონფლიქტი და აშშ-სა და ჩინეთს შორის გეოპოლიტიკური ურთიერთობების გაუარესებაა.
„გალტ ენდ თაგარტის“ უფროსი ანალიტიკოსის გიორგი ბერბერაშვილის თქმით, ბუნებრივია, ოქროზე საერთაშორისო ფასების ცვლილებას გავლენა აქვს ხოლმე საქართველოზეც.
„ადგილობრივ ბაზარზე ოქროს საერთაშორისო ფასები ასახვას, დაახლოებით, 2-3-კვირიან პერიოდში ჰპოვებს ხოლმე. როგორც იცით, ოქროთი მოვაჭრეებს აქვთ გარკვეული მარაგები, რომლებიც ძველ ფასშია შეძენილი“, - განმარტა ბერბერაშვილმა.
თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ წლიურ ჭრილში, 1 გრამი ოქროს ფასი საქართველოში 21-23 ლარით არის გაზრდილი. როგორც „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, გაძვირებული ნედლი ოქროს გამო, საიუველირო კომპანიებს ოქროს ნაკეთობების ფასების დაკორექტირება მოუწიათ.
„მიუხედავად გაზრდილი ფასისა, ქვეყანაში ძვირფას მეტალზე მოთხოვნა მაინც მაღალია. ოქრო საქართველოში კვლავ რჩება მნიშვნელოვან საინვესტიციო აქტივად, ასევე აქტიურად გამოიყენება საჩუქრის დატვირთვითაც. შესაბამისად, წლევანდელი შემოდგომის პერიოდიც საკმაოდ აქტიური იყო როგორც მოთხოვნა, ისე გაყიდვები ჩვენი კომპანიის მაგალითზე 18%-ით არის გაზრდილი“, - აღნიშნა თორნიკე სამხარაძემ.
„ზარაფხანას“ აღმასრულებელ დირექტორს დადებითი მოლოდინი აქვს ზამთრის სეზონთან მიმართებითაც, რასაც წინა საახალწლო პერიოდს უკავშირებს.
„ახალ წელს ოქროს ნაკეთობებზე მოთხოვნა იზრდება, შედეგად მზარდია რეალიზაციაც. თუმცა, სწორედ გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, დეკემბერში ოქროს ფასები გლობალურად იზრდება ხოლმე, რაც თავად ამ ინდუსტრიის სპეციფიკას უკავშირდება. ამიტომ, ველოდებით, რომ ოქროს ფასი დეკემბრის პირველი რიცხვებიდან ისევ გაზრდას დაიწყებს, თუმცა შემდეგი წლიდან უნდა დასტაბილურდეს“, - აღნიშნა „ბიზნესპარტნიორთან“ სამხარაძემ.
ანალიტიკოსი ნიკა შენგელია კი ოქროს გლობალურ ბაზრებზე ზრდას სწორედ ნოემბრის ბოლოდან ვარაუდობს. ამ ეტაპზე ძვირფასი ლითონის გაძვირება ბირჟებზე არსებულ გაურკვევლობას უკავშირდება.
„ოქროს ფასი მაშინ იმატებს, როდესაც ბირჟებზე იქმნება გაურკვევლობა. ვიცით, რომ კომპანიების მდგომარეობა სახარბიელო არ არის, არც ამერიკული კომპანიები გადიან დიდ მოგებებზე. ასეთ შემთხვევაში ოქროს ფასის ზრდა განსაკუთრებით ნოემბრის ბოლოს იქნება მოსალოდნელი. როცა ციფრული ვალუტა დაიწყებს შემოსვლას ქვეყნებში, ოქრო იქნება გარდამავალი საფეხური, ვარაუდობენ, რომ ოქროში მოახდენონენ ანგარიშსწორებას ინვესტორები.
ვიცით, რომ რამდენიმე ქვეყანა აპირებს ციფრული ვალუტის შემოტანას, რაც ოქროს კიდევ უფრო გააძვირებს. ამ შემთხვევაში ოქროს ფასი 2500 დოლარამდეც შეიძლება მივიდეს. ცხადია, როცა ციფრული ვალუტები მოქმედებაში შემოვა და ამაზე მუშაობა დაჩქარებულია, შესაბამისად, ოქროზე მოთხოვნა გაიზრდება“, - განაცხადა შენგელიამ.
ცნობისთვის, წინა წელთან შედარებით, ოქროს საერთაშორისო ფასი მნიშვნელოვნად გაზრდილია, 2022 წლის განმავლობაში ის ძირითადად 1800 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, თუ არ ჩავთვლით გასული წლის დასაწყისს, როცა რუსეთ უკრაინის ომის დაწყების გამო, გარკვეული პერიოდი, ოქროს ფასი 2000 დოლარს გადასცდა. ბოლო წლების მაქსიმუმი კი პანდემიის პერიოდში დაფიქსირდა, როდესაც 2020 წელს 1 უნცია ოქროს ღირებულება 1400 დოლარიდან 2400 დოლარამდე გაიზარდა.