შეიარაღებულ ძალებს 596 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

შეიარაღებულ ძალებს 596 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 596 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. რეკრუტების ფიცის დადების ცერემონიალი საველე-საწვრთნელ ბანაკ „პალდო“-ს სამწყობრო მოედანზე გაიმართა. რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი გაიარეს.

წვრთნები 19 აგვისტოს დაიწყო და 9 კვირის განმავლობაში გაგრძელდა. მომავალ სამხედროებს მეცადინეობები საცეცხლე, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებაში, ასევე სამხედრო ტოპოგრაფიასა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში ჩაუტარდათ. მომზადება საველე და საკლასო პირობებში ხორციელდებოდა.

კურსის გამოშვებას საწყისი საბრძოლო მომზადების ბაზის მეთაური პოლკოვნიკი ხვიჩა გუჯეჯიანი, კრწანისის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი ლევან ბერია და წვრთნისა და განათლების სარდლობის სხვა უფროსი ოფიცრები დაესწრნენ. მომავალ სამხედროებს კურსის დასრულების სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულები სამხედრო ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ.