მომავალი წლის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზარდა და რეკორდულ 25 მილიარდ ლარს მიაღწია. ასეთ მაღალი ნიშნულზე გასასვლელად მთავრობას დიდი ძალისხმევა მოუწევს, მაგრამ ეკონომიკური ტენდენციები მათ ამის საფუძველს აძლევს. საარჩევნო წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი გამორჩეულად სოციალური დატვირთვისაა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე საგანგებოდ განაცხადა, რომ 2024 წლის ბიუჯეტი 165 მილიონი ლარით გაიზრდება. აღნიშნული ზრდა, ძირითადად, რეგიონებში განსახორციელებელ პროექტებისკენ მიიმართება. ამ მატების შედეგად მომდევნო წელს ბიუჯეტის ხარჯების ზომა 25 მილიარდ ლარს მიაღწევს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჯამში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 130 მილიონი ლარით გაიზრდება და ის 580 მილიონი გახდება.
„ჩვენ დამატებით გამოვყავით 15 მლნ ლარი და ეს თანხა მოხმარდება გურიაში იმ ოჯახების კომპენსაციებისთვის, რომელთა სახლები დაზიანდა სტიქიის დროს. ჩვენ 15 მლნ ლარს წელს ჩავურიცხავთ ამ ადამიანებს, მოხდება სახლების, ბინების შეძენა, არც ერთი ოჯახი არ დარჩება დახმარების გარეშე, ეს მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ მკაფიოდ. დამატებით, 15 მილიონს გამოვყოფთ უკვე 2024 წელს.
ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 25 მლრდ ლარი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მატება. 2012 წელს ბიუჯეტი იყო 9 მილიარდ ლარამდე, დაახლოებით, 8.6 თუ 8.7, მნიშვნელობა არ აქვს, 9 მილიარდ ლარამდე იყო ბიუჯეტი. აქაც 3-ჯერ არის გაზრდილი და მთლიანი ეკონომიკაც არის გაზრდილი 3-ჯერ.
კიდევ ერთხელ მადლობა ყველა მინისტრს მინდა მადლობა გადავუხადო, ჩვენს პარლამენტს, შესაბამის კომიტეტებს, რომლებმაც ძალიან ინტენსიურად იმუშავეს მთავრობასთან ერთად. ჩვენ ბევრი ინიციატივა მოვისმინეთ მათგანაც, გავცვალეთ აზრები, ძალიან საინტერესო პროცესი გავიარეთ და ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ფისკალური თვალსაზრისით და ეკონომიკური თვალსაზრისით დაბალანსებული, პროგრამების შინაარსით საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტი, რომელიც მომდევნო წელს აისახება ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე და რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებასაც“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა კი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო პარამეტრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი უახლოეს პერიოდში პარლამენტში განსახილველად და დასამტკიცებლად გაიგზავნება.
„მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ზრდას როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით. 2024 წელს იზრდება პენსიები და სოციალური გასაცემელები. ასევე, მნიშვნელოვანი ზრდა არის განათლების მიმართულებით და, ჯამში, განათლების სექტორს 600 მლნ ლარამდე თანხა ემატება, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტების მიმართულებით. ასევე, დაახლოებით, 250 მლნ ლარი დამატებით იქნა გათვალისწინებული თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე. ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებაზე, ჯამში, წელს მიიმართება 6,7 მილიარდი ლარი “, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მინისტრის თქმით, ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრები უცვლელ დონეზე დარჩა.
„ეკონომიკური პარამეტრები პროგნოზირებულია საკმაოდ კონსერვატიულად. ეკონომიკური ზრდა 5,2%-ის ოდენობით. ბიუჯეტის დეფიციტიც უცვლელია და შეადგენს 2,5 პროცენტს, მთავრობის ვალის მაჩვენებელი, დაახლოებით, 38 პროცენტის ფარგლებში იქნება. აღნიშნული პარამეტრებით მშპ-ის საპროგნოზო მაჩვენებელი მომავალ წელს 86 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 8 500 დოლარს გადააჭარბებს.
2027 წლისთვის პროგნოზირებულია საქართველოს ეკონომიკური ზომა 108 მილიარდ ლარამდე, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 11 ათას დოლარამდეა, რაც მნიშვნელოვანი მატება არის ბოლო წლების განმავლობაში.
რაც შეეხება უშუალოდ ხარჯვით ნაწილს, ხარჯვითი ნაწილი გაიზრდება, დაახლოებით, 165 მლნ ლარით, იმ ვარიანტთან შედარებით, რაც უკვე განხილული იყო მეორე წარდგენაზე. შედეგად, ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა იქნება 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა გადააჭარბებს 25 მილიარდ ლარს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
2024 არჩევნების წელია. შესაბამისად, ბიუჯეტი განსაკუთრებით სოციალური დატვირთვის მატარებელია. ეკონომისტების ნაწილი, ასეთ გადახრას დიდად არ იწონებს, თუმცა მთავრობაში სხვაგვარად თვლიან. ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუას აზრით, ბიუჯეტის სოციალური აქცენტები ნამდვილად პატივსაცემია, იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო ცდილობს, წლიდან წლამდე გააუმჯობესოს და მეტი ფინანსები მიმართოს სოციალური კეთილდღეობის ასამაღლებლად.
„ასეთი დამოკიდებულება საპენსიო მიმართულებასაც ეხება, სახელფასო ანაზღაურებასაც, მაგალითად, პედაგოგების თვალსაზრისით, და სხვა უამრავ ნიუანსს. გარდა ამისა, ესაა განვითარების ბიუჯეტი. აქ მნიშვნელოვანი აქცენტებია ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური განვითარების თუ კერძო სექტორის წახალისების კუთხით, რათა დოვლათი შეიქმნას“, – განაცხადა დუნდუამ.
მისივე თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ძლიერი სოციალური მხარდაჭერის პოლიტიკასთან ერთად, რომელსაც სახელმწიფო ატარებს, ბუნებრივია, კეთილდღეობის დონის ზრდამ უნდა გადაასწროს ფასების დონის ზრდას და ეს პროცესი მიმდინარეობს კიდეც.
„მაღალი ეკონომიკური ზრდა როდესაც არის და ამ დროს ინფლაცია სტაბილურობისკენ მიდის, რაც ახლა ხდება, ბუნებრივია, ეს კეთილდღეობის პარამეტრებს აუმჯობესებს“, – აღნიშნა დუნდუამ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, საქართველო წელს კავკასიაში პირველ ადგილზე გავიდა, უსწრებს აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც, 2023 წლიდან ასწრებს ჩრდილოეთ მაკედონიას და 2028 წლისთვის ქვეყანას გაცილებით მაღალი შედეგი ექნება.