მიშა - ერთობის ლიდერი?!

მიშა - ერთობის ლიდერი?!

საკუთარი მმართველობის ზენიტში მიხეილ სააკაშვილი ადამიანებს პირადი გემოვნების მიხედვით ყოფდა. მიშა ადამიანების კლასიფიკაციას შემდეგნაირად ახდენდა: ოროსნებად და ხუთოსნებად (და ეს ყველაზე უწყინარი შეფასება იყო მისი მხრიდან), ჩარეცხილებად და ჩაურეცხავებად, აგენტებად და პატრიოტებად, კრიმინალებად და არაკრიმინალებად, ჭეშმარიტ პოეტებად (კაკალაშვილის პოეზია) და არაპოეტებად, გაქსუებულებად და არაგაქსუებულებად... ამ დაყოფის და დაპირისპირების ორომტრიალში გავიდა „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის 9 წელი და დღეს მსჯავრდებული სააკაშვილი უკვე ერის გამთლიანებაზე ალაპარაკდა.

„ჩემს მთავარ ფუნქციას ვხედავ მაქსიმალურად ფართო ერთობის შექმნაში. ვისთანაც ამ ეტაპზე გაერთიანება ვერ ხერხდება, მოგვიანებით მისასვლელი გზის დატოვებაში, პოლიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ, რომ რაღაც ეტაპზე გაერთიანება გარდაუვალი იქნება“, - ასეთია სააკაშვილის გზავნილი „ვივამედიდან“.

სააკაშვილი ამბობს, რომ მასთან გაერთიანებაში ამჟამად არის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელსაც კრიტიკული გამონათქვამები ჰქონდა მის მიმართ, მაგრამ სააკაშვილმა ეს გამონათქვამები მიივიწყა და წინა პლანზე წამოსწია ვაშაძის წვლილი იუსტიციის სახლების შექმნაში, გიორგი ვაშაძის როლი 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის საქმეში, როცა ვაშაძის ხელმძღვანელობით „ნაცებმა“ პირველი ტური, პრაქტიკულად, მოიგეს.

სააკაშვილი ამბობს, რომ გადაკვეთის წერტილებს პოულობს ყველაზე უფრო მოულოდნელ ძალებთანაც კი. ამ შემთხვევაში, იგულისხმება იაგო ხვიჩიას „გირჩი“, რომელიც ეროვნული ბანკის გაუქმებისა და ევროზე ეკონომიკის გადაყვანის მომხრეა, როგორც სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტის თქმით, ის იდეურ ერთობას ეძებს და არა საძმაკაცოს, ან კლანურ გაერთიანებას, ამიტომ პოლიტიკოსებს კი არ უნდა უყვარდეთ ერთმანეთი, არამედ პოლიტიკოსებს უნდა აერთიანებთ საერთო იდეები და კონკრეტული სამიზნე - ოლიგარქი.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, სააკაშვილი იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ლიდერობაზე, რადგან „ძალა ერთობაშია“.

რატომ ალაპარაკდა სააკაშვილი ერთობაზე მაინცდამაინც ახლა? გამორიცხული არ არის, მიშასთვის ერის გამთლიანებაზე საუბარი გარდაუვალი აუცილებლობა გახდა მას შემდეგ, რაც სულ ცოტა ხნის წინ ბიძამისი, თემურ ალასანია ერის გახლეჩაზე ალაპარაკდა და გულახდილად გვამცნო, რომ გაყოფილ, გახლეჩილ, ერთმანეთს დატაკებულ საქართველოს ამჯობინებდა, რადგან „ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია, თავისუფლების საზომი“.

ცხადია, სააკაშვილი არ არის მერაბ კოსტავა, რომ ერის შემრიგებლის მისია იტვირთოს, ამდენად, საინტერესოა, რამდენად გამოუვა „ვივამედში“ მყოფ ექსპრეზიდენტს ეროვნული თანხმობის ლიდერად, ერთგვარ გამაერთიანებლად გადაქცევა?

სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი პოლიტპატიმარი, ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია იხსენებს, რომ სააკაშვილს ადამიანების გაერთიანება არასდროს გამოსდიოდა, ამდენად, დღესაც გაუგებარია, სად მიშა და სად ადამიანების ერთობა?!

ვახტანგ მაისაიას მოსაზრებით, ტრიუმვირატის ერთობა როდესაც იყო, სააკაშვილს მართლაც ჰქონდა პოტენციალი, მშვიდობიანი გზით დაგვებრუნებინა ჩვენი ტერიტორიები, მაგრამ ეს შანსი გავუშვით ხელიდან მიშას პირდაპირი მოქმედებით.

„სააკაშვილმა ეს ტრიუმვირატი დაშალა და ბურჯანაძე აიძულა, გადასულიყო ოპოზიციაში. აგვისტოს ომის შემდეგ კი სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა და მივიღეთ მცოცავი ოკუპაცია. ამას ემატება ისიც, რომ მისმა ბიძამაც იგივე თქვა, მომწონს დაყოფილი, გახლეჩილი საზოგადოებაო. ამდენად, მიშას და ბიძამისს, ამ პოლიტიკურ იდიოტებს, რომელ ერთობაზე აქვთ პრეტენზია?!“ - აცხადებს ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით, სააკაშვილი მოახერხებს თუ არა ერთობის ლიდერის ფუნქციის საკუთარ თავზე აღებას, ამას მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, ერის გამაერთიანებლობაზე პრეტენზია უფრო ხელსაყრელია სააკაშვილისთვის, ვიდრე საწინააღმდეგო პოზიციის დაკავება. ამიტომ იძახის იმას, რაც ხელსაყრელია მისთვის.

„მაინც ვფიქრობ, რომ ზედმეტია ყველაფერი, რაც მიშასთვის ხელსაყრელია, რადგან ქართველი ამომრჩეველი მაინც არ აპირებს ძველი ხელისუფლების მობრუნებას. სააკაშვილის მხრიდან ასეთი განცხადებები, რომ თავად არის მშვიდობის მტრედი და ყველას გაერთიანება უნდა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, ქართველ ამომრჩეველზე გავლენას ვერ მოახდენს, ეს უფრო დასავლეთზეა გათვლილი. ფაქტობრივად, სააკაშვილი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის მედროშეობას იბრალებს, რაც დასავლეთის თვალში მომგებიანია. მით უმეტეს, მომგებიანია ახლა, რადგან საუბარია იმ დასავლეთზე, რომელიც რუსეთთან მებრძოლ უკრაინას მილიარდობით თანხას და იარაღს აწვდის“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას.