საქართველოდან თხილის ექსპორტი იკლებს. „საქსტატის“ მონაცემებით, 10 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 66.3 მლნ დოლარის თხილისა და კაკლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2020 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. წლიურად ამ პერიოდში თხილის ექსპორტი 12%-ით შემცირდა.
თუმცა საყურადღებო ისიც, რომ თხილის და კაკლის ექსპორტი ბოლო თვეებში გაიზარდა. სექტემბერში საექსპორტო ბაზრებზე 12 მლნ დოლარის თხილი გავიდა, ოქტომბერში კი 14 მლნ დოლარი, რაც წლის განმავლობაში ყველზე მაღალი მაჩვენებელია.
საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ქარდავას თქმით, თურქეთში 2023 წელს ხარისხის პრობლემა დადგა:
„დაახლოებით 2-3%-ს შიდა დაზიანება, სიდამპლე ჰქონდა. თუმცა, რა თქმა უნდა, უმეტესობა არის უმაღლესი ხარისხის თხილი. საქართველოში დაზიანება კი 5%-მდე იყოო, მაგრამ ქართულ თხილზე საუბრისას გეოგრაფიას აქვს მნიშვნელობა. კახეთში, კერძოდ ლაგოდეხში, გვაქვს უმაღლესი ხარისხის თხილი, მაგრამ იქაც გამოჩნდა ფაროსანა, იქაც საკმაოდ არის დაზიანება და ამიტომ წელს შედარებით უფრო დაბალი ხარისხისაა კახეთშიც, ვიდრე შარშან იყო. მაგრამ ამის მიუხედავად მაღალი ხარისხი შენარჩუნებულია. დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში კი, მოსავლიანობა ძალიან დაბალი იყო. დაზიანება საშუალოდ 5%-ის ფარგლებში მერყეობს. ამაზე ქვევით ვერ ჩავდივართ“, - განაცხადა ქარდავამ და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სწორედ ხარისხი განაპირობებს თურქული და ქართული თხილის საექსპორტო ფასების სხვაობას.
„თუ შედარებით მაღალ ხარისხზე ვსაუბრობთ, ფასში სხვაობა შეიძლება იყოს 50 ცენტი ან ნაკლები. თუ სამეგრელოს საშუალო ხარისხის თხილს ავიღებთ, 1 დოლარსაც შეიძლება აღწევდეს თურქულ ფასთან სხვაობა.
სტანდარტული თხილის (თხილის გულის) ფასი წელს, გარკვეულ პერიოდში, 6 დოლარის ფარგლებში იყო, შემდეგ 6.5-7 დოლარამდე ავიდა, ცოტა ხნის წინ კი კვლავ დაიწია“, - აღნიშნა ქარდავამ.
წელს წინასწარ ნავარაუდევი 50 ათასი ტონა თხილის ნაცვლად, ქვეყანა დაახლოებით 10%-ით ნაკლებ მოსავალს მიიღებს, თუმცა ამ მაჩვენებლით გასული წლის მონაცემებს მაინც გადააჭარბებს.
თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ამასაც სახელმწიფოს მხარდაჭერას უკავშირებს. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან, მთავრობამ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი გაზარდა და ის თითქმის 24 მლნ ლარით განისაზღვრა. პროგრამის ფარგლებში, თხილის ბაღების მფლობელებს, მცენარეთა მოვლის საშუალებების შესაძენად, ბარათზე ერიცხებოდათ ქულები - 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით.
ამან ფერმერების შრომის სტიმულირება მოახდინა.
„ვინც მოუარა თხილის ბაღებს დიდი რაოდენობის და მაღალი ხარისხის თხილი მიიღო. თუმცა, იყვნენ ისეთი ფერმერებიც, რომლებმაც ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს და არ იზრუნეს თხილის ბაღების მოვლაზე, შედეგად, მათ ვერ მიიღეს სათანადო ხარისხის მოსავალი. წელს ისევ გამოწვევად რჩებოდა ხშირი ნალექიც, რა დროსაც თხილის ბაღებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ამ მიზეზის გამო, მინდა მოვუწოდო ფერმერებს, რომ მეტად ჩაერთონ დარგის განვითარების საქმეში“, - განაცხადა „თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჭითანავამ.
ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში თხილის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნები იყო. გარდა ამისა საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალშია სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, საუდის არაბეთი, ბელარუსი, არგენტინა, მაროკო და ა.შ.