სამხრეთ კავკასიაში დენთის სუნი ტრიალებს

სამხრეთ კავკასიაში დენთის სუნი ტრიალებს

უკრაინაში წარუმატებელი ომის შემდეგ სამიზნე სამხრეთ კავკასია გახდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს. როგორც ილჰამ ალიევი აცხადებს, საფრანგეთი უარს ვერ ამბობს თავის კოლონიალურ პოლიტიკაზე, პატივს არ სცემს იმ ერების უფლებებსა და თავისუფლებისკენ სწრაფვას, რომლებიც ევროპის მიღმა ცხოვრობენ.

„საფრანგეთი სტაბილურობას არღვევს არა მხოლოდ თავის ყოფილ და ახლანდელ კოლონიებში, არამედ ამავდროულად ჩვენს რეგიონშიც - სამხრეთ კავკასიაში, სადაც მხარს უჭერს სეპარატისტულ ტენდენციებსა და სეპარატისტებს. მილიტარისტულ პოლიტიკას ატარებს სომხეთის შეიარაღებით, სომხეთში რევანშისტულ ძალებს აქეზებს, ნიადაგს ამზადებს ჩვენს რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის.

ამავდროულად, საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსს ბოროტად იყენებს თავისი მიკერძოებული, არაობიექტური პოლიტიკის გასატარებლად, სხვადასხვა რეგიონებში გეოპოლიტიკური ინტრიგებით არის დაკავებული, სახელმწიფოების წინააღმდეგ ზეწოლის საშუალებად დასავლური ორგანიზაციების გამოყენებას ცდილობს“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

პრეზიდენტ ალიევის ამ განცხადების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ამერიკული ორგანიზაცია USAID აზერბაიჯანში საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს. საგარეო პოლიტიკის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი პოლიტიკურ კორუფციაში, აზერბაიჯანოფობიასა და თურქოფობიაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის 30-წლიანი ოკუპაციის განმავლობაში, როდესაც მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი ეთნიკური წმენდის მსხვერპლი იყო, აშშ აგრესორ ქვეყანას, სომხეთს უჭერდა მხარს და დღეს ეს პოლიტიკა გრძელდება. მისი თქმით, ნიღბები ჩამოხსნილია და USAID-მა აზერბაიჯანი უნდა დატოვოს.

რაც შეეხება საფრანგეთის ინტერესებს, შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ფოთის პორტში შემოვიდა ხომალდი, რომელიც დატვირთული იყო მრავალფუნქციური ჯავშანტრანსპორტიორი Bastion-ით, რომელსაც ფრანგული კომპანია Acmat აწარმოებს. ამასთანავე, ფოთის პორტში შევიდა კომპანია ARQUUS-ის მიერ წარმოებული სხვადასხვა კომპონენტები, რომლებიც Bastion-ის ჯავშანტრანსპორტიორის ოპერირებისთვის არის საჭირო. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ფოთის პორტიდან ამ ტვირთის ტრანსპორტირება სომხეთის მიმართულებით მოხდება.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ადასტურებს, რომ სომხეთს საქართველოს გავლით ნამდვილად მიეწოდა კონკრეტული ტვირთი, რომელიც შემოსულია ევროკავშირის ქვეყნიდან - საფრანგეთიდან.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, თავი შეიკავოს აგრესიული პოლიტიკით ცნობილი სომხეთის შეიარაღებისგან, შეწყვიტოს და დაგმოს ისეთი არალეგიტიმური ქმედებები, რომლებიც აფერხებენ რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის დამყარებას. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთმა და საფრანგეთმა უნდა დაასრულონ მილიტარიზაციის პოლიტიკა რეგიონში, რადგან ამ ქვეყნებმა საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ რეგიონში მშვიდობასა და თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ აღნიშნული ჯავშანტექნიკა არ იყო იმ რაოდენობის და მოცულობის, რომელიც შეცვლის სიტუაციას და ალიევის ეს განცხადებაც სიტუაციიდან გამომდინარეა, რადგან  ძალიან კარგად იცის, რომ არავითარი ახალი ომის საშიშროება სომხეთის მრიდან არ არსებობს.

„აქ სხვა რამეშია საქმე. აშშ და, განსაკუთრებით, საფრანგეთი ყველაფერს ცდილობენ, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ რუსეთის ყოფნა როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე ცენტრალურ აზიაში. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აქტიური არის საფრანგეთი. გავიხსენოთ მაკრონის ვიზიტი ცენტრალურ აზიაში - ყაზახეთში, ტაჯიკეთში, სადაც მას სთხოვეს საბრძოლო თვითმფრინავები და მაკრონიც დაპირდა, რომ მიიღებენ. ახლა სომხეთს გადასცა მძიმე ტექნიკა და გარდა ამისა, სხვა ტიპის დახმარებასაც დაპირდა.

რაც შეეხება აშშ-ის დახმარებას სომხეთის მიმართ, ეს ბევრად უფრო მოცულობითია, იგულისხმება ფინანსური დახმარება, მათ შორის საწვავით დახმარება. მეტსაც გეტყვით, იგულისხმება მეწამორის ატომური ელექტროსადგურისთვის საწვავის მიწოდება და ისეთი ტიპის დახმარებებია ჩამოთვლილი, რომ წარმოიდგინეთ, ინტერნეტიც კი, რომელიც საქართველოდან შედის სომხეთში, ამ ინტერნეტის ფასის გადახდაც კი იგულისხმება. პრაქტიკულად, ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ სომხეთმა უარი თქვას რუსეთთან თანამშრომლობაზე და რუსული ჯარი გაიყვანონ რეგიონიდან. აი, ამაზეა ორიენტირებული ორივე სახელმწიფოს აქტიურობა“, - აცხადებს არეშიძე.

მისი თქმით, საინტერესო არის სომხეთის მოქმედებაც, რომელიც არ ჩავიდა დსთ-ს სამიტზე, უარი თქვა ასეთივე ღონისძიებაში მონაწილეობაზე და რაც ყველაზე მთავარია, სომხეთმა უარი თქვა 10 იანვარს სომხეთის ტერიტორიაზე გასამართ ოდეკაბეს, იგივე კოლექტიური უსაფრთხოების ძალების მანევრებზე, რომელშიც რუსეთის და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა. როგორც არეშიძე აცხადებს, ყველაფერი იქეთ მიდის, რომ სომხეთი ცდილობს ოდეკაბე დატოვოს.

გარდა ამისა, როგორც არეშიძე აცხადებს, მთავარი დავალება, რომელიც სომხეთმა დასავლეთის მხრიდან მიიღო მდგომარეობს იმაში, რომ სომხეთიდან გაიყვანოს გიუმრის სამხედრო ბაზა. მისი თქმით, ეს არ არის აუცილებად ახალი ომის მოცემულობა, მაგრამ ის, რომ სომხეთი ასე მკვეთრად ცვლის თავის ორიენტაციას, ეს ჩანს.

„სომხეთს ძალიან გაუჭირება ამ სიტუაციიდან გაძრომა, შენარჩუნება სახელმწიფოებრიობის, იმიტომ, რომ დღეს არა მხოლოდ რუსეთი თვლის თავის გავლენის სფეროდ სამხერთ კავკასიას, არამედ თურექთიც და მიუხედავად იმისა, რომ თურეთი ნატოს წევრი ქვეყნაა და დასავლეთის მოკავშირეა, მაინც ჩანს თურქეთი თავის ავტონომიურ პოლიტიკას აწარმოებს რეგიონში. აქედან გამომდინარე, ჩნდება ახალი რისკები და გამოწვევი. შესაბამისად, ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. მაქსიმალურად გათვლილი უნდა იყოს ყველა ნაბიჯი და ამ ვითარებაში აუცილებელია ქვეყენამ შეინარჩუნოს სიფრთხილე.

ძალიან დიდი ალბათობით, რუსეთი არ შეარჩენს სომხეთს ასეთი ტიპის აქტივობას და ყველაფერს გააკეთს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სომხეთი და აქედან გამომდინარე, სამხრეთ კავკასიაში თავისი სამხედრო ბაზები. ამიტომ, ველოდები, რომ რაღაცა ექსესი უნდა მოხდეს სომხეთში. მაგალითად - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მე არ ვამტკიცებ, რომ ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ ლოგიკა გვკარნახობს - იქ ძალიან სერიოზული ძალებია კონცენტრირებული.

ყოფილი პრეზიდენტების მხარდამჭერები, პლუს ამას რელიგიური მოღვაწეები, უფრო რუსეთზე არიან ორიენტირებული. ამ ძალების ერთობლიობა გარკვეულ ეჭვს ბადებს, რომ ეს ძალები ტყუილად არ არიან ერთად ორგანიზებული და სერიოზული ნაბიჯების გადადგმას დააპირებენ. თუ ეს გადატრიალება მოხდა, ერთი შეხედვით, ჩვენ არ გვეხება პირდაპირ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით მოვლენები როგორ განვითარდება სომხეთში და სომხეთის გარშემო.

ამიტომაც, უნდა ვიყოთ ფრთხილად. რუსეთი არ მოეშვება სამხრეთ კავკასიას, თან იმ ტიპის ნაბიჯების ფონზე, რომელსაც დასავლეთი დგამს. დასაველთი ხომ ასეთ ნაბიჯებს დგამს - ჩვენ დაგეხმარებით, დანარჩენი თქვენ გააკეთეთო. ამ, ორ პატარა ქვეყენას - საქართველოს და სომხეთს არ აქვთ იმდენი რესურსი, რომ ამხელა მონსტრს გაუწიოს სერიოზული სამხედრო წინააღმდეგობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი, პოლიტოლოგი თამარ კინკაძე აცხადეს, რომ სამხრეთ კავკასია გეპოლიტიკური დატვირთვის რეგიონია. ისტორიულად, პოსტსაბჭოთა პერიოდში სამივე რესპუბლიკას განსხვავებული პოლიტიკური ვექტორი ჰქონდა. მაგალითად, სომხეთი იყო რუსეთის სატელიტი, საქართველოს მკვეთრად პროდასავლური კურსი ჰქონდა და აზერბაიჯანი ე.წ. ტრიმერი ქვეყანა იყო, რომელიც თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. თურქეთთან ალიანსით და რუსეთთან ურთიერთობების დალაგების საფუძველზე, მან შეძლო თავისი ტერიტორიული პრობლემის გადაჭრა.

„აქ იგეგმება რეგიონული პროექტების განხორციელება. ავიღოთ 3+3 ფორმატი, რომლის ინიციატორი არის თურქეთი, ეს პროექტები დასავლეთს არ  მოსწონს და რატომ? პირდაპირ არ გვეუბნებიან ოფიციალური პირები, მაგრამ ყოფილმა ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს მონაწილეობას ამ ფორმატში არ მიესალმება, იმიტომ, რომ იქ მონაწილეობს რუსეთი, რომელიც არის საქართველოსთვის ოკუპანტი ქვეყანა.

რატომ? - იმიტომ, რომ ეს პროექტი მიზნად ისახავს რეგიონიდან დასავლეთის გაყვანას და მთავარი მიზანი არის ის, რომ რეგიონალურმა მოთამაშეებმა თვითონ გადაწყვიტონ რეგიონის პრობლემები და საქმეები დასავლეთის ჩაურევლად. შესაბამისად, დასავლეთი არ მიესალმება ამ პროექტის განხორცილებას. საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ბლოკავს, არ მონაწილეობს“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

როგორც კიკნაძე აცხადებს, ახლა არის მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესი და ამ პოცესისთვის დამახასიათებელია ის, რომ წარმოიშობა რაღაცა შეზღუდული ომები, რომელიც შემდეგ გლობალურ ომში იზრდება.

„ეს გლობალური ომი არღვევს მთელ წინა სისტემას და ჩნდება ახალი ჰეგემონი, ახალი მოთამაშეები, ახალი საერთაშორისო სამართალი და ახალი ღირებულებები საერთაშორისო ურთიერთობებში - დღეს ამ პროცესში ვართ. სამხრეთ კავკასია, ანუ ჩვენ ამ პროცესებით მივდივართ ნორმალიზაციისაკენ. თუმცა, ამ ეტაპზე სომხეთის სრულიად განსხვავებულ პოლიტიკას ვხედავთ. ის იყო მკვეთრად პრორუსული და როდესაც რეგიონში ყარაბაღის პრობლემები გადაიჭრა, სიმპათიები გადაიხარა აშშ-ის და დასავლეთის მიმართ. 

თუმცა, მე რომ მკითხოთ, ყარაბახის პრობლემის მოგვარება გაცილებით მეტ დივიდენდებს მოუტანს სომხეთს, იმიტომ, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც ენერგეტიკულ საქართველოზეა, შეიძლებოდა გასულიყო სომხეთზე, მაგრამ აი, ამ კონფლიქტმა მათ საშუალება არ მისცა ჩართულიყვნენ ამ პროექტებში. უნდა გავითვალისწინოთ სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობა. იგი გარკვეულწილად ჩაკეტილია და ზღვაზეც არ აქვს გასასვლელი. ამიტომ, ამ პოლიტიკის დაგეგმვისას სომხები უნდა იყვნენ საკმაოდ ფრთხილად. რეგიონში ყველა იმ ქვეყანამ, რომელმაც რუსეთს გარკვეული წინააღმდეგობა გაუწია, რითი დამთავრდა? - ეთნოპოლიტიკური კონფლიქტიებით. საფრთხე ამისი არსებობს და, რა თქმა უნდა, რომ არ განხორციელდეს ეს პროექტები, იქნება მცდელობები, რომ რეგიონში იყოს არეულობები და საომარი მოქმედებების შედეგად შეიძლება გარკვეული ავტორების ინტერესების შესაბამისად მოხერხდეს ძალთა გადანაწილება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.