ციხის

ციხის "მაყურებლის" აღსარება - "ნასედკები" ავრცელებენ ხმებს, თითქოს პატიმრები თვითმკვლელობამდე მიგვყავს"

ციხის "მაყურებლების" საკითხმა ბოლო პერიოდში ერთგვარი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა. კერძოდ, "ნაციონალები" იმის დასამტკიცებლად, რომ კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ციხეებში კვლავ ფეხი მოიკიდეს, აქვეყნებენ "მაყურებლების" მიერ ციხეების კონტროლის სხვადასხვა სქემებს. ამ მხრივ განსაკუთრებით დეპუტატი აკაკი მინაშვილი გამოირჩევა, რომელსაც ხუმრობით "მაყურებლების საკითხე­ბის ექსპერტადაც" მოიხსენიებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები კი საპასუხოდ აცხადებენ, რომ ტყუილად ტრაბახობენ "ნაციონალები", თითქოს მათ დროს ციხეებში "მაყურებლები" არ იყვნენ. მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში ძველი ადმინისტრაცია და "მაყურებლები" ძალიან შეხმატკბილებულად თანამშრომლობდნენ.

თუმცა მთავარი ის არის, რომ ბოლო პერიოდში ციხეებში დატრიალებული ტრაგედიების დიდ ნაწილს (პატიმრის მკვლელობა, თვითმკვლელობა, ცემა) სწორედ "მაყურებლებს" უკავშირებენ. უფრო ზუსტად, მორიგი ტრაგედიისას უპირველესად საუბრობენ ვერსიაზე - ხომ არ იდგა მის უკან "მაყურებელი". ბოლო ასეთი შემთხვევა ქუთაისის ციხეში 16 წლის პატიმარ გოგიტა ძველაიას გარდაცვალება იყო - ყველაზე ადრე გახმაურდა ვერსია, რომ პატიმარი თვითმკვლელობამდე იქაურმა "მაყურებელმა" მიიყვანა. მანამდე იყო ლევან კორტავას საქმე - 24 წლის ახალგაზრდა ციხეში ცემით მოკლეს და ამ საქმეში ფიგურირებს როგორც ციხის ადმინისტრაცია, ისე "მაყურებლები".

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ციხის ყოფილი "მაყურებელია", რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა. მისი თქმით, ინტერვიუზე მხოლოდ იმის გამო დაგვთანხმდა, რომ ბოლო დროს "მაყურებლებზე" ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რაც მას აწუხებს. ასევე, მან მოითხოვა, რომ მისი გვარ-სახელი არ დაგვესახელებინა.

- ციხე სადაც გახსნილია და პატიმრებს ერთმანეთთან აქვთ კონტაქტი - "მაყურებელი" ყველგან არის. მე 2005 წელს დამაკავეს და სანამ გამათავისუფლებდნენ, ქუთაისის ერთ-ერთ ციხეში ვიხდიდი სასჯელს, 1200-1300 კაციან "ზონაში" ვიყავი. ციხეს ერთი "მაყურებელი" კი არ ჰყავს, არამედ რამდენიმე - რეგიონის, ციხის, კორპუსის, თამაშების, კამერის, სამედიცინო ნაწილის. გააჩნია, იმ კონკრეტულ დროს როგორ არის სტრუქტურა აწყობილი. სტალინის დროიდან არიან "მაყურებლები", მით უმეტეს - ზონაში. მაგას ადმინისტრაცია არ ირჩევს - ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს, იყოს წესიერი კაცი. უნდა გეკუთვნოდეს, ვიღაცას რაღაცა რომ გადაუწყვიტო და გახდები "მაყურებელი". "ქურდებიც" რეკავენ, როცა პატიმარი შემოდის და დახასიათებას აძლევენ. თუ მაყურებელი სხვა ციხეში გადაჰყავთ - ის სხვა პატიმარს უწევს რეკო­მენდაციას, რომელიც "მაყურებელი" ხდება და ასე გრძელდება. როცა ახალი ციხე იხსნება - ასევე ქურდები რეკავენ... ზოგიერთი "მაყურებელი" უფროსობასთან არის შეკრული, როცა "გაიყიდებოდა", მას "კაზლიატნიკში" ან "საქათმეში" ვუშვებდით. "მაყურებელი" რამე პრივილეგია კი არ არის, ის მარტო ვიღაცის "ბლატაობას" კი არ არეგულირებს, ის პატიმრების ხმას აწვდენს ადმინისტრაციას. მე როცა ვიყავი ციხეში, ადმინისტრაცია უფრო მეტ დანაშაულს სჩადიოდა, ვიდრე პატიმრები. ვისაც მასა იცნობს და ენდობა, ყველას შეუძლია გახდეს "მაყურებელი", ზოგს თავში უვარდება და იქვე იღებს პასუხს პატიმრებისგან. ერთი "მაყურებელი" გვყავდა, რომელიც ეტაპში მოყვანილ ახალგაზრდებზე ამბობდა, სასქესო ორგანოზე შემეხოო და ბიჭებს "საქათმეში" უშვებდა, როცა ეს გაიგეს პატიმრებმა, თვითონ "მაყურებელი" გაუშ­ვეს "საქათმეში".

- ამ ბოლო დროს არაერთხელ გავრცელებულა ვერსია, რომ ციხეებში დატრიალებულ ტრაგედიებში მაყურებლების ხელი ურევია - იგულისხმება მკვლელობები თუ თვითმკვლელობები.
- ყველას შეუძლია ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა, რატომ აბრალებენ "მაყურებელს"? საიდან იციან? ჩემს დროს ციხეში არც ერთი თვითმკვლელობა არ ყოფილა. ვიღაცა ვიღაცის "ნასედკა" იქნება, "მაყურებლის" "დამარხვა" უნდა და გამოიტანა გარეთ ამბავი, თითქოს "მაყურებელმა" მიიყვანა პატიმარი თვითმკვლელობამდე. მე და შენ წყნარად რომ ვლაპარაკობთ საკან­
ში, შეიძლება აქედან გახვიდე და თავი მოიკლა სხვა მიზეზით. სუფთა ადამიანი ციხეში თავს არ მოიკლავს. შეიძლება თვითონ პატიმარი "ძაღლებმა" მიიყვანონ თვითმკვლელობამდე და "მაყურებლებს" დააბრალონ. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე რაზე ხარ დაკავებული. თუ რაღაც ისეთი გაქვს გაკეთებული, ციხეში შემოდის ინფორმაცია და პატიმარს პასუხი მოეთხოვება. ძველი ბიჭის და "მაყურებლის" გამო თავს არავინ იკლავს - არ უნდა გქონდეს ჩადენილი ისეთი საქციელი, აქამდე რომ მიხვიდე. ცხოვრება ასეთია - გარეთაც შენნაირებთან გაქვს ურთიერთობა. დაკეტილ ციხეში დაიმალები, მაგრამ ზონაში არაფერი იმალება. ყველა კაცი თავისი საზომით იზომება და აქედან გამომდინარეა ვიღაც სხვაზე მეტი. სანამ ციხე ჩაკეტილი იყო, ბევრი "ნაბოზარი" კაიტიპობდა და გარეთ გაკეთებული ნაგავი ციხეში არ ჩანდა, პატიმრები ერთმანეთს ვერ ხვდებოდნენ. ახლა გაიხსნა ციხე და ვიღაცას შეხვდა. შენ რომ გარეთ ჩემი შვილი დაღუპო და ციხეში გადაგეყარო, ხომ იცი, რასაც გიზამ? სანამ კამერაში შეგიყვანენ, მანამდე იკვლევს ადმინისტრაცია, წარსულში უსიამოვნება ხომ არ გქონია სხვა პატიმართან, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა ციხის თანამშრომლები სპეციალურად ახვედრებდნენ ერთმანეთს გადამტერებულ პატიმრებს და იქ რა ხდებოდა, ვერ მოვყვები. ადმინისტრაციამ ყოველთვის იცის, ვინ არის ციხის "მაყურებელი". რომ ამბობენ, თითქოს წინა წლებში არ იყვნენ "მაყურებლები", როგორ არ ვიყავით? და მუდამ ასე იქნება. ციხის ადმინისტრაციამაც კარგად იცოდა ყველაფერი, მაგრამ ისინი ჩვენ­გან ჭამდნენ და ჩუმად იყვნენ. "ობშჩიაკსაც" ვაგროვებდით და ტელეფონიც გვქონდა, რომელშიც 2.000 ლარს გვახდევინებდნენ. რატომ ამოიღებდა ხმას ადმინისტრაცია? "ობშჩიაკი" ყოველთვის იყო, არის და იქნება.