“გორბის” კვლევით 105% რომ არა აქვს “ქართულ ოცნებას”, არ გიკვირთ? ხუმრობა იქით იყოს და, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, თუ ვის გამოჰკითხავ. დარწმუნებული ვარ, “გორბიში” ძალიან კარგად იციან, ამას რაოდენი მნიშვნელობა აქვს. იციან, თუ როგორ ხდება ამისთვის რესპონდენტების შერჩევა, იციან, რომ ეს უნდა იყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით პროპორციულად განაწილებული და ა.შ. დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ შერჩევის დროს გააკეთეს ყველაფერი ისე, რომ “რომელიღაც” პარტიისთვის რეიტინგი აეწიათ. მონაცემების დამუშავებას თუ ნახავთ, ვფიქრობ, იქ უზუსტობა არ იქნება, არ იქნება რიცხვები ჩასწორებული, უბრალოდ, ისე შეარჩიეს ხალხი, რომ მიეღოთ ის შედეგი, რაც წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი. ორი დანარჩენი კვლევა შედარებით რეალური ჩანს, თუმცა გამიჭირდება ამ რეიტინგების რაოდენობრივ მახასიათებლებზე ლაპარაკი, ამიტომ მხოლოდ თვისებრივ მახასიათებლებს შევეხები”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დიახ, სალომე ზურაბიშვილს სურს „მესამე ძალის“ შექმნა, მაგრამ...”
“საუბედუროდ, ამ გამოკითხვებშიც ჩანს, რომ ორი ძალა იბრძვის იმისთვის, რომ მათ გარდა არავინ შევიდეს მომავალ პარლამენტში. “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” სურთ, რომ მომავალი პარლამენტი მხოლოდ მათგან დაკომპლექტდეს. ჩემი დაკვირვებით, ეს არ გამოუვათ და მომავალი პარლამენტი ორპარტიული არ იქნება. თითქმის დარწმუნებული ვარ, სულ ცოტა, გახარიას პარტია შევა პარლამენტში და ვიმედოვნებ, მთავრობის დასაკომპლექტებლად კოალიციის შექმნა გახდება საჭირო. როგორი იქნება ამ კოალიციის სტრუქტურა, წესით, უკვე 4-5 თვეში უნდა გამოჩნდეს. ვფიქრობ, 5%-იანი ბარიერის პირობებში ეს სამი პარტია აუცილებლად გავა. კი ითხოვს ოპოზიცია, მაგრამ არ ველი, რომ ხელისუფლება ბარიერს შეამცირებს. აქვე იმედს გამოვთქვამ, რომ ამ სამი პარტიის გარდა კიდევ მოახერხებს რომელიმე პოლიტიკური ძალა პარლამენტში მოხვედრას. საუბედუროდ, ამ პატარა ოპოზიციურ პარტიებში, რაც ნაკლები რეიტინგი აქვთ, მით მეტს ყვირიან - ძალიან დიდი ამბიციები აქვთ, მოწყვეტილი არიან რეალობას და ვერ ხვდებიან, რომ ეს რიგით ამომრჩეველს ძალიან აღიზიანებს. ეს არაადეკვატურობა ყოველთვის დამაზიანებელია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ვერ ხვდებიან, რომ მოსახლეობას ზომიერები სურს. მორჩა, დასრულდა ის დრო, როცა ძალის დემონსტრირებით და მუშტის ქნევით იწერდნენ რეიტინგებს. ჩვენი პოლიტიკოსები ვერა და ვერ გამოვიდნენ წარსულის ბურუსიდან, ნახეთ, რას აკეთებენ პარლამენტში, ლანძღვა-გინება და გაწევ-გამოწევა აქვთ ლამის ყოველდღე, არადა, ხალხს მშვიდი ცხოვრება უნდა, მოჰბეზრდა მუდმივად სტრესულ რეჟიმში ცხოვრება. ის, რომ ამდენი ძალადობრივი დანაშაული ხდება ქვეყანაში, მამა შვილს არ ინდობს და შვილი მამას, ქორწილში მეგობრები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ და ა.შ., შემთხვევით არ ხდება, თქვენ გგონიათ, ამ ყველაფერში პოლიტიკურ ელიტას არ მიუძღვის ბრალი? ჩემი აზრით, მათი როლი ამაში საკმაოდ დიდია. საზოგადოების ნაწილი, განსაკუთრებით მათი შემყურე ახალგაზრდები, მათგან ტოლერანტობას კი არა, ექსტრემიზმს სწავლობენ. თუ პარლამენტი არის ჩვენი საზოგადოების სახე, გამოდის, ისეთივე საზოგადოება გვაქვს, როგორი ლანძღვა-გინებაც ისმის დღეს პარლამენტში. პოლიტიკოსებმა უნდა გაიაზრონ, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებაში მათი წვლილი უდიდესია”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ორიგინალში ანუ ფრანგულად გავეცანი და შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი ნიუანსი თარგმანში დაიკარგა. ფრანგული თავისებური ენაა და იქ ნახევარტონებს, პატარ-პატარა აქცენტებს დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც ოლიგარქობაზე ლაპარაკობდა, ივანიშვილი მთლად ოლიგარქად არ მოუხსენებია, დაახლოებით ასე თქვა, ოლიგარქიული ელფერის ფიგურააო. სალომე ზურაბიშვილი არის დასავლური წესებით აღზრდილი ადამიანი და არასდროს იტყვის იმას, რისი დამტკიცებაც არ შეუძლია. შესაბამისად, ის მაინც მოზომილი იყო, თუმცა გეთანხმებით, ამჯერად მან იმაზე მეტი რამ თქვა ივანიშვილზე, ვიდრე აქამდე მოგვისმენია. თუმცა მე მაინცდამაინც არ ვეთანხმები იმაში, რომ ის მართავს დღეს ხელისუფლებას. ჩემი აზრით, ივანიშვილი მხოლოდ მაშინ ერევა საქმეში, როდესაც კონკრეტულად მას შეეხება თემა თუ პრობლემა, დანარჩენ შემთხვევაში ეს “ბავშვები” მიყრილი ჰყავს და ესენიც “თამაშობენ” ”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“ჩემი აზრით, ჩვენი ხელისუფლება პრორუსული კი არა, კონფორმისტია. როგორც კი რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, პირველი მტერი რუსეთის ეს პოლიტიკური ელიტა გახდება. მათ ყველა ფეხზე ჰკიდიათ, რუსეთიც, უკრაინაც, ევროკავშირიც. ეს ხალხი მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს. მათ თვითგადარჩენისთვის აუცილებლად სჭირდებათ მშვიდობა, რა ფასიც არ უნდა დაუჯდეთ. ეს სჭირდებათ თავისი ქონების, ძალაუფლების და ა.შ. გადასარჩენად. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის ხვდება, რომ მას არანაირი იმპიჩმენტი არ ემუქრება და ისე იქცევა, როგორც საჭიროდ მიაჩნია. ფიქრობს არა მარტო პრეზიდენტობის დარჩენილ ვადაზე, არამედ თავის სამომავლო ბედზეც, ეს კი 120%-ით ევროპასთან არის გადაჯაჭვული, და ის ახლა ყველას აჩვენებს თავის პროევროპულ განწყობას, რაც ქართველი ერის მისწრაფებების თანმხვედრია. ძალიან საინტერესო ინიციატივებით გამოდის, ხვდება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. ახლახან შეხვდა კულტურის სფეროს მუშკებს, შემდგომ ხელი მოაწერეს იმ ცნობილ დეკლარაციას "ჩემი ხმა ევროპას". ეს მნიშვნელოვანია ქვეყნისთვისაც”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.
“მე წარმოდგენა არა მაქვს, როგორ ხედავს ის თავის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებას უახლოეს წლებში. ვნახოთ, რას მოიმოქმედებს. დიდი იმედი მაქვს, რომ არ შექმნის პოლიტიკურ პარტიას, ასეთ შემთხვევაში მას ორივე მხრიდან ემუქრება თავდასხმები. ხელისუფლება მას “ნაცმოძრაობის სახეს” უწოდებს, რაც სისულელეა, ოპოზიცია კი საყვედურობს, თუ რატომ არ შეიწყალა მიხეილ სააკაშვილი. დარწმუნებული ვარ, არც შეიწყალებს. ის საკმაოდ ხისტი ადამიანია, თავისი სიტყვის გადათქმა არ უყვარს. ვფიქრობ, შეიძლება რომელიღაც ნეიტრალურ ძალას დაუჭიროს მხარი. ვფიქრობ, რომ ის ეძებს ამგვარ ძალას, მაგრამ, სავარაუდოდ, ჯერ ვერ იპოვა. ის ძალები, ვისაც შეიძლება მან გაუწიოს ერთგვარი ლობისტობა, ძალიან სუსტები არიან.... მაგალითად, ავიღოთ ანა დოლიძის პარტია. ის სწორი მენტალიტეტის ადამიანია, მაგრამ მისი პარტიის რეიტინგი ნულის ტოლია და ამასთანავე, დგას ანა დოლიძე და სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს, რაც აბსოლუტურად მცდარი პოლიტიკაა. მე მას მხარში ვედექი, თავის დროზე “ეკონომიკური პოლიტიკაც” დავუწერე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არაფრისმაქნისები არიან”, - თვლის რესპონდენტი.
“ასეთი ჯგუფი ბევრია საქართველოში, მაგრამ, საუბედუროდ, პოლიტიკური ამბიციები ძალიან სჭარბობთ. მათ გაერთიანების შესაძლებლობას არ აძლევს ლიდერობის სურვილი, თორემ ასეთი პატარ-პატარა ჯგუფები რომ გაერთიანდებოდნენ, შესაძლოა მნიშვნელოვანი ძალაც შეექმნათ. აქვე ვიტყვი, რომ ჩემთვის სრულიად გაუგებარია “ლელოს” პოლიტიკა. დადის ეს პარტია მოხეტიალე რაინდივით ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ... თავისი ადგილი ვერ მონახა პოლიტიკაში... არ ვიცი, ეს გამოუცდელობით მოსდის, პოლიტიკური პრაგმატიზმის არქონით თუ იმით, რომ ეს ძალა მხოლოდ მავანთა ბიზნესინტერესების დასაცავად შეიქმნა. მოკლედ, ჩემთვის “ლელო” გაუგებარი წარმონაქმნია, ნორმალური იდეოლოგიც არა ჰყავთ. არადა, ჰყავთ ასეთი წევრი პარტიაში, რომელსაც, როგორც ჩანს, ყურს არავინ უგდებს. ეს გულდასაწყვეტია, რადგან ასეთი ფინანსური შესაძლებლობის მქონე ორგანიზაციას შეეძლო პოლიტიკური სათამაშო ველის ძალიან დიდი წილი ჩაეგდო ხელში. დღეს მესამე ძალად ჩამოყალიბების რესურსი ყველაზე მეტად აქვს გიორგი გახარიას პარტიას, მაგრამ რამდენად დაუჭერს მას მხარს ზურაბიშვილი, არ ვიცი, მათ შორის საკმაოდ მკვეთრი იდეოლოგიური განსხვავებებია. დადის ხმები, რომ მათ შორის მოლაპარაკებები იმართება, თუმცა მათ კავშირს სკეპტიკურად ვუყურებ. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე”, - დასძენს ექსპერტი.
“მე აქამდეც არაერთხელ მითქვამს, თუ სტატუსს მოგვცემდნენ, ამის მთავარი მიზეზი იქნებოდა გეოპოლიტიკური ვითარება. დღეს ნამდვილად შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ სწორედ ასე მოხდა. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ცდილობს ეს თავის მიღწევად მიითვალოს, თუმცა ყველაფერი ჩანს ზედაპირზე და მეეჭვება ამით ქულების დაწერა მოახერხონ. დათქმები ახსენეთ და, ხელისუფლება ამჯერადაც შეეცდება კვლავაც ზედაპირული ცვლილებები მოახდინოს. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მთავარ დაბრკოლებად შეიძლება ისევ და ისევ იქცეს გეოპოლიტიკური რეალიები. რაც შეეხება არჩევნებს, ვფიქრობ, ხმების დათვლაში მნიშვნელოვანი დარღვევები არ იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ ჩაივლის უშუალოდ წინასაარჩევნო პროცესი, რა ტიპის დარღვევები გამოვლინდება, როგორ გამოიყენებს ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს. ამას ჩვენი პარტნიორები აუცილებლად დიდი ყურადღებით დააკვირდებიან. ვინც წააგებს, ალბათ, კვლავ იყვირებს, გამიყალბეს არჩევნებიო, მაგრამ ამას დასჭირდება არგუმენტები, რაც წინა არჩევნების დროს ოპოზიციას არ ჰქონდა. ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის პოლარიზაცია, რომელიც წინასაარჩევნოდ უფრო გამწვავდება”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე და კითხვაზე - “სან-ფრანცისკოში გაიმართა აშშ-ისა და ჩინეთის სამიტი”... - პასუხობს:
“ვფიქრობ, თანამშრომლობა სწორი გადაწყვეტილებაა, დიდ შეცდომად მიმაჩნია ჩინეთთან დაპირისპირება. შეუძლებელია, აშშ ვერ გარიყავს 2-მილიარდიან სახელმწიფოს მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრებიდან. ეს ტრამპის შეცდომა იყო, მანამდე ყველა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მეტ-ნაკლებად ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა ჩინეთთან. დააკვირდით, საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გამო დასავლეთიდან ჩვენი კრიტიკა აღარ ისმის. ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანას ევროპასა და ჩინეთს შორის მედიატორის როლის შესრულება შეუძლია”.