მმართველი პარტია ბოლო პერიოდში ხშირად აკეთებს განცხადებებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ვივამედიდან" ციხეში გადაყვანის თაობაზე. პარასკევს კი პარლამენტში „ხალხის ძალამ", „მინისტრის საათის" ფორმატში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის მოსმენისას სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დაბრუნება ღიად მოითხოვა. ამასთან პრეზიდენტ ზურაბიშვილის სკანდალური ინტერვიუს მერე, მმართველი გუნდი სააკაშვილის შეწყალებას უკვე არ გამორიცხავს.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ საკაშვილის ციხეში გადაყვანა-არგადაყვანის საკითხი შესაბამისი სამედიცინო დასკვნის შემდეგ გადაწყდება. კითხვაზე, რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ამას ენმ-ს მხრიდან, ამბობს, რომ „ჩვეულ სტილში გამოხტომებს დაიწყებენ".
„ჩვეულთ სტილში გამოხტომებს დაიწყებენ, რომ ეს არაჰუმანური აქტია, სააკაშვილის დასჯის მცდელობაა. ალბათ საერთაშორისო ორგანიზაციებში წერილებს გააგზავნიან. მათ ხომ ერთადერთი მაშველი რგოლი დასავლეთის მხარდაჭერა აქვთ, სხვა არაფერი აღარ დარჩათ, თავიანთი შემცირებული ელექტორატის გარდა. ესაა მათი მოქმედების ერთადერთი გზა, მეტი სხვა არაფერი. მიუხედავად ზოგიერთის დაპირებისა, კლინიკაში ვერ შევარდებიან და სააკაშვილს ვერ გამოიხსნიან", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ფრანგულ „ლე მონდთან" საუბრისას, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა სააკაშვილის შეწყალებას, უპასუხა: „გარწმუნებთ, ის (სააკაშვილი) ამბობს, რომ უკეთაა. მან არჩევნებისათვის თავისი ოფისი გახსნა. ის სამედიცინო კლინიკაში იმყოფება. მის მიმართ ორი ახალი სასამართლო პროცესია. უცხოეთში წასვლის სურვილის ნაცვლად, ის ხაზს უსვამს, რომ აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას. სხვა კომენტარი არ მაქვს".
როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, ზურაბიშვილმა ამ ინტერვიუთი „წითელი ხაზები" გადაკვეთა".
„სალომე ზურაბიშვილს "ოცნებასთან" დიდი ხანია ყველა ხიდი დამწვარი და ჩაჭრილი ჰქონდა, თუკი მანამდე „წითელ ხაზებს" არ კვეთდა, მე, როგორც ანალიტიკოსმა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ინტერვიუთი მან ეს ხაზები გადაკვეთა. მის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს ქართულ თარგმანში, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის შინაარსი, პათოსი შემდეგ ზურაბიშვილის პასუხები, ეს იყო შეკვეთილი მასალა. მან საერთაშორისო თანამეგონრობას, მათ შორის ევროპას და განსაკუთრებით აშშ-ს მესიჯი გაუგზავნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, ის საქართველოში პრორუსულ ინტერესებს ატარებს და შესაბამისად უნდა დასანქცირდეს. მისი ეს მესიჯი ძალიან ნოყიერ ნიადაგზე მოხვდება, იქიდან გამომდინარე, რომ დასავლური სამყარო სანქციების აზარტითაა შეპყრობილი - მათთვის საკმარისია ნებისმიერი ხელჩასაჭიდი მასალა, რომ ვიღაც დაასანქცირონ. როცა ოპოზიცია მანამდე ჩადიოდა და იმას ლობირებდა, რომ სანქციები დაწესებულიყო, ეს გასაგებია, რომ ის ოპოზიციაა და დაინტერესებულ მხარედ ითვლებოდნენ, მაგრამ როცა ამას ქვეყნის პრეზიდენტი ლაპარაკობს, ამას სხვა დატვირთვა აქვს და ეს კიდევ ერთხელ ამყარებს მოსაზრებას, რომ ზურაბიშვილი მთლიანად მართულია, თუმცა ვის მიერ, ამაზე საუბარი ძნელია.
„მისი ეს ინტერვიუ ძალიან მკაფიოდ ჯდება იმ ტრენდში, რაც მსოფლიოშია, რომ საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს, სად არის. ანუ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ატარებს, რომლემაც ჩვენ მოგვცა საშუალება, რომ წელიწადნახევარზე მეტი მშვიდობა შეგვენარჩუნებინა, ჩვენთვის შეიძლება კარგია, მაგრამ როგორც ჩანს, იქ არ აღიქმება ისე, როგორც ჩვენ გვინდა და წარმოგვიდგენია. ისინი მიიჩნევენ, რომ ამით დასავლური ინტერესების ღალატი ხდება. ამიტომაც იყო ჩადებული ევროკომისიის რეკომენდაციებში ის დამატებითი მოთხოვნა, რომ საქართველო, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას უფრო მეტად უნდა შეესაბამებოდეს. ყველაფერი ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია და ზურაბიშილის ეს ინტერვიუც სწორედ ამ ფორმატში ჯდება", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
სააკაშვილი ჯანმრთელია დღეს, უკვე რევოლუციებს აანონსებს. მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, დავაბრუნოთ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, იქ არის მისი ადგილი, - ასე მიმართა მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, სოზარ სუბარმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს პარლამენტში მოსმენისას.
„სასწაული უკვე მოხდა - კახექსია დაამარცხა იმ კაცმა, დემენცია, ფსიქიკურ აშლილობათა მთელი სპექტრი. გასტროენტეროლოგიური დაავადება თუ რამე არსებობს, მთელმა საქართველომ ისწავლა ამ კაცის მაგალითზე. ჯანმრთელია დღეს და უკვე რევოლუციებს აანონსებს, პოლიტიკაში აქტიურად ერთვება. კარგად ვიცით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები და მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, დავაბრუნოთ ეს ადამიანი იქ, სადაც უნდა იყოს - რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, იქ არის მისი ადგილი. ამ სიმძიმის დამნაშავე საქართველოში ძალიან ცოტა გვყავს და არც ჯანმრთელობას უჩივის, კარგად ვხედავთ მისი ყოველდღიური საეთერო გამოსვლებიდან თუ მუქარებიდან", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სააკაშვილი იმდენად „მოჯანებულა", რომ პოლიტიკურ პროცესებში აპირებს მონაწილეობას, ამდენად იუსტიციის მინისტრს ეკითხება, როგორ მოახდინეს „სასწაული".
„რაც ეხება სააკაშვილს, მე მაქვს კითხვა. ჩვენ გვესმოდა და გვიანონსებდნენ, რომ ის იყო მსოფლიოში მართლაც ისეთი (იშვიათი) დაავადებებით შეპყრობილი, რომ დღეები ჰქონდა დარჩენილი. მაინტერესებს, როგორ მოახდინეს სასწაული ამ უწყების წარმომადგენლებმა, არ ვიცი ექიმების მეშვეობით თუ როგორ არის ეგ ამბავი, რომ მსოფლიოში სასწაული მოგვიხდენია და სააკაშვილი არამცთუ გამოჯანმრთელდა და განიკურნა, ის იმდენად მოჯანებულა და იმდენად მოძლიერებულა, რომ თურმე რაღაცებს იძახის, რომ რკინის მკვნეტელია და ამბიცია აქვს, რომ პოლიტიკურ პროცესებში თურმე გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს. „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, ყურს მიაჩვიოს, რომ სააკაშვილი საპყრობილეშია. რეალურად, სააკაშვილი არის მხართეძოზე წამოგორებული, ძალიან მაღალი დონის სამედიცინო დაწესებულებაში. შესაბამისად, კითხვა მექნება, თუ ის განიკურნა და იმდენად კარგად არის, როგორც თვითონ სააკაშვილი გვითვლის და გვემუქრება, მაინტერესებს, როდის დაექვემდებარება სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც გაწერილია, რომ ადამიანმა სასჯელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში და არა ლუქსის ტიპის მაღალი დონის სასტუმროს მაგვარ ნომერში," - განაცხადა ღუდუშაურმა.
„გვსაყვედურობენ საზოგადოების დიდი ნაწილიდან იმის შესახებ, რომ არ არის მისი მდგომარეობა ისეთი, რომ ის იყოს კლინიკაში და არ იყოს ციხეში",- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.