სეპარატისტული აფხაზეთი საშინელი ენერგოკრიზისის პირასაა. ოკუპირებული რეგიონი შეიძლება მთელი ზამთრის განმავლობაში ჩაბნელდეს. წლის ყველაზე ცივ თვეებში მათთვის ენერგიის მთავარი მიმწოდებელი (რუსეთი), ახლა უკვე თანხას ითხოვს. აფხაზეთს წელს რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდების დასაფარად დაახლოებით 900 მლნ რუბლი (10 მლნ დოლარი) დასჭირდება.
დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრის კრისტინა ოზგანის ცნობით, რუსეთიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება 2016 წლიდან გრძელდება. ამასთან, 2020 წლიდან მიმდინარე წლამდე ეს ჰუმანიტარულ საფუძველზე ხდებოდა და აფხაზეთს საბიუჯეტო სახსრებიდან არაფერი გადაუხდია, წელს კი ელექტროენერგიის მიწოდებისთვის საჭირო საფასური უნდა გადაიხადოს.
ახლახან, აფხაზურ „ჩერნომორენერგოზე“ დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 6 ნოემბრიდან აფხაზეთის დასავლეთი ნაწილი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს, რის გამოც ენგურჰესიდან მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი მარაგდება.
ოკუპირებული აფხაზეთი უმძიმესი ენერგეტიკული კრიზისის წინაშეა. დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა კვირის ბოლომდე 200 (2 მლნ დოლარი) მილიონი რუბლი უნდა იშოვონ, რათა რუსეთს ელექტროენერგიის საფასური გადაუხადონ. ჯამში, წლის ბოლომდე დე ფაქტო მთავრობამ 900 მილიონი (10 მლნ დოლარი) რუბლი უნდა გადაიხადოს.
გაჩნდა კითხვა - ვინაიდან ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთმა ენერგიის სანაცვლოდ ფულის გადახდა მოსთხოვა, თუ ვერ გადაიხდიან, დაეხმარება თუ არა ამ მიმართულებით საქართველოს ენერგოსისტემა? ამასთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ, ენგურჰესთან დაკავშირებული ვალდებულების გარდა, ოკუპირებული აფხაზეთის ენერგომომარაგების ნაწილში ქართულ მხარეს სხვა ვალდებულება არ აქვს.
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში აფხაზეთი ენერგიას იღებს რუსეთიდან და ისინი თვითონვე არიან პასუხისმგებელნი, რომ გადაიხადონ ამ ენერგიის საფასური. ერთადერთი ვალდებულება, რაც 90-იანი წლებიდან მოდის, ეს არის ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 40-60 პროცენტის პროპორციით გაყოფა (40 პროცენტი ოკუპირებულ აფხაზეთს, 60 პროცენტი დანარჩენ საქართველოს), რაც ხორციელდება. სხვა რამე ვალდებულება ქართულ მხარეს ამ კუთხით არ აქვს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დამატებით კითხვაზე, თუ აფხაზები ვერ გადაიხდიან საფასურს, რამე კუთხით დაეხმარება თუ არა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით არანაირი ვალდებულება არ არსებობს.
„არანაირი ვალდებულება ჩვენ არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით. სხვა დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ. წესით, არ დავეხმარებით“, - აღნიშნა ნარმანიამ.
აფხაზეთის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის „ჩერნომორენერგოს“ მონაცემებით, ზამთრობით აფხაზეთში დენის მოხმარების საშუალო დღიური მაჩვენებელი დაახლოებით 11 მლნ კვტ/სთ-ია. 2022 წელს აფხაზეთმა 2,94 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში აფხაზეთი ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის ჯვრის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო.
ახლა დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა სთხოვს პარლამენტს, გამოძებნოს ბიუჯეტში 900 მილიონი რუბლი, თუმცა, როგორც რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი სოხუმში, ელენა ზავოდსკაია ამბობს, არც დეპუტატებმა და არც მთავრობის წევრებმა არ იციან საიდან უნდა მოიტანონ ეს თანხა.
„რაღაც გამოსავალი უნდა მოიძებნოს. შეუძლებელია აფხაზეთი ზამთარში ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს“, - ამბობს დე ფაქტო რესპუბლიკის საბიუჯეტო, საკრედიტო ინსტიტუტების, გადასახადებისა და საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე ბესლან ხალვაში.
აფხაზეთის 2023 წლის ბიუჯეტის მთლიანი საშემოსავლო ნაწილი 10,4 მილიარდი რუბლია, რომელშიც რუსეთის ფინანსურ დახმარებაზე 6,2 მილიარდი რუბლი მოდის. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მოცულობა 12,3 მილიარდი რუბლია. შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტი - 1,8 მლრდ რუბლს შეადგენს.
ბესლან ხალვაშის თქმით, აფხაზეთის ენერგეტიკის სექტორის მდგომარეობა კრიტიკულია. სექტორს დამატებით 900 მლნ რუბლის მობილიზების არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნია:
„საკითხი მწვავედ დგას. გადასახდელი თანხა ძალიან შთამბეჭდავია. ვურჩიე ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ „ჩერნომორენერგოს“, მიმართოს ქვეყნის მოსახლეობას დავალიანების გადახდის თხოვნით, რადგან მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ხალხმა უნდა გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური. უნდა მივიდეთ დასკვნამდე, რომ თუ ელექტროენერგია მოვიხმარეთ, უნდა გადავიხადოთ დადგენილი ტარიფებით.
სამწუხაროდ, დროება შეიცვალა: უფასო შუქს აღარავინ მოგვცემს. ჩვენი ქვეყნისთვის დაწესებულია უფასო ელექტროენერგიის ლიმიტი, მაგრამ გვჭირდება ორჯერ მეტის ყიდვა, ფული კი არ გვაქვს. თანხის ნაწილი ხალხმა უნდა გადაიხადოს, ნაწილი კი უნდა მოიძებნოს, რისთვისაც საჭირო იქნება ბიუჯეტის ზოგიერთი ხარჯვითი პუნქტის გადახედვა“.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის მაჩვენებელი ძალიან დაბალია - აბონენტების დაახლოებით 70% საფასურს საერთოდ არ იხდის.