"თითოეული ყოფილი მაღალჩინოსნის ძებნა წელიწადში 25 000 დოლარი ჯდება".

"თუ დავით კეზერაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადებული არ ყოფილა, რაც ძნელი დასაჯერებელია, ანუ წითელი ცირკულარით არ იძებნებოდა, მისი ძებნა-დაკავება საქართველოში ექსტრადიციის მიზნით, სხვა სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეიძლებოდა განხორციელებულიყო. კერძოდ, ლაპარაკია 1959 წლის 20 აპრილის კონვენციაზე "ევროპული კონვენცია სს საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ", რომლის შესაბამისად, ფრანგული მხარე ვალდებული იყო ქართული მხარისთვის დახმარება აღმოეჩინა", - აცხადებს ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "თბილისი ფრანგებთან კეზერაშვილის დაკავებაზე დიდი ხანია მუშაობდა"/ "თითოეული ყოფილი მაღალჩინოსნის ძებნა წელიწადში 25 000 დოლარი ჯდება".

"ამავე დროს, აღნიშნული კონვენცია ითვალისწინებს უარის თქმასაც იმ შემთხვევაში, თუ - 1. თხოვნა შეეხება დანაშაულს, რომელსაც მოპასუხე მხარე მიიჩნევს პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად ან ფისკალურ დანაშაულად. 2. თუ მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ თხოვნის შესრულება ზიანს აყენებს მისი ქვეყნის სუვერენიტეტს, უშიშროებას ან სხვა ძირითად ინტერესებს. აღნიშნული აქტის შესაბამისად, მომთხოვნი მხარე უფლებამოსილია სპეციალურად მიუთითოს კონკრეტული პირის სს დევნის და დაპატიმრების საფუძველი. ასე რომ, ჩემი აზრით, ქართული მხარე კარგა ხანია მუშაობდა ფრანგ კოლეგებთან და შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის მხარემ საერთაშორისო სამართლისა და ფრანგული სს საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო. ჩატარდება შესაბამისი სასამართლო პროცესი და ექსმინისტრს დაცვისა და სააპელაციოში გასაჩივრების უფლება გარანტირებული ექნება. ასე რომ, ქართულ მხარეს მოუხდება ძალზე სერიოზული მუშაობა, ვინაიდან ფრანგული სასამართლო ძალიან მომთხოვნია ექსტრადიციის საკითხებზე, მით უფრო, როცა საქმე ეხება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანს. მიუხედავად იმისა, რომ იგი არაპოლიტიკური დანაშაულის ჩადენაშია მხილებული, ამ საქმეს მაინც სიფრთხილით მოეკიდებიან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია მეფარიშვილი.

"ქართულმა მხარემ კეთილი უნდა ინებოს და სერიოზულად იმუშაოს მის ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე. ზოგადად, წითელი ცირკულარით ძებნა მხოლოდ იმ შემთხვევაში ცხადდება, როდესაც ადგილობრივი, რესპუბლიკური ძებნა უშედეგოა, მაგრამ ამას სჭირდება დიდი თანხა. იცოდით, რომ ერთი კაცის, თუნდაც იგივე ყოფილი მაღალჩინოსნების ძებნა წელიწადში 25 000 დოლარი ჯდება? სახელმწიფო ხშირად აკეთებს ეკონომიას ამ მიმართულებით, ანუ ოპერატიული წყაროებით ეძებენ კონკრეტულ პიროვნებას. მართალია, კეზერაშვილი ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მალევე მოხდება ექსტრადირება. ჯერ პარიზში უნდა გაიმართოს სასამართლო პროცედურა და ამის მერე გადაწყდება, გადმოსცემენ თუ არა საქართველოს. ასე რომ, აქ ყველაფერი ახლა იწყება", -მიიჩნევს ყოფილი გენერალური პროკურორი.

"მართალია, კეზერაშვილი ისრაელის მოქალაქეა და ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით არ შეიძლება ისრაელის მოქალაქის გადაცემა კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით, თუ ის იმ ქვეყანაში იმყოფება, მაგრამ დავით კეზერაშვილი დაკავებულია მესამე სახელმწიფოში, ანუ საფრანგეთში. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არის რთული პროცედურა, რომელიც ფრანგებს დეტალურად აქვთ აღწერილი ფრანგულ სს საპროცესო კანონმდებლობაში. კეზერაშვილი რომ ისრაელის ტერიტორიაზე დაეკავებინათ, მას ქართულ მხარეს არავითარ შემთხვევაში არ გადმოსცემდნენ. იგივე პრინციპი აქვს საქართველოს კონსტიტუციას. პროცესი ახლა დაიწყო და ქართულ მხარეს მოუწევს სერიოზული მუშაობა, ფრანგებთან ხუმრობა არ შეიძლება!" - დასძენს გია მეფარიშვილი და შეკითხვას - "დაახლოებით რა ვადაში დასრულდება ეს პროცესი?" - პასუხობს:

"სულ ცოტა, ერთ თვეში, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე კეზერაშვილს ექნება აპელაციის შეტანის უფლება, რის შემდეგაც გაიმართება სასამართლო განხილვა და თუ ფრანგული სასამართლო არ მიიღებს ექსტრადიციის გადაწყვეტილებას, მას არ გადმოსცემენ ქართულ მხარეს, ამის ილუზია არავის ჰქონდეს"