ეგვიპტეში მეხუთე დღეა არეულობა გრძელდება. განვითარებული მოვლენების შედეგად უკვე 150 ადამიანი დაიღუპა და 4 ათასი კი დაშავდა. ქაიროს სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებმა მოსახლეობას დაჭრილების დასახმარებლად სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდეს.
არის პირველი მსხვერპლი დიპლომატებს შორისაც. მასობრივი არეულობების დროს აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომელი ნიჯატ გოჯაევი გარდაიცვალა - აზერბაიჯანელი დიპლომატი ცეცხსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა. მის ცხედარს სამშობლოში უახლოეს დღეებში გადაასვენებენ.
ქვეყანაში მასობრივი არეულობების დაწყების დღიდან ქუჩაში, ფაქტობრივად, აღარ დარჩნენ წესრიგის დამცველები, რომლებიც მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. ამან ეგვიპტის ქუჩებში დანაშაულის რიცხვის ზრდა გამოიწვია. მაროდიორებმა გაძარცვეს უმსხვილესი მაღაზიები, გაანადგურეს პოლიციის განყოფილებები, გაიტაცეს იარაღი და ათასობით დამნაშავე ციხეებიდან გაათავისუფლეს.
დღის პირველ ნახევარში ცნობილი გახდა, რომ ეგვიპტის ციხეებიდან რამდენიმე ათასი პატიმარი გაიქცა. ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, არ შეეფარებინათ ისინი და მათ ადგილსამყოფელზე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში სამხედრო პატრულისთვის დაუყოვნებლივ ეცნობებინათ. საღამოს კი საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, რომ 3 ათაზე მეტი პატიმარი დააკავეს. გაქცეულები თავდაცვის სამოქალაქო კომიტეტების წარმომადგენლებმა დააკავეს და მოგვიანებით სამართალდამცავებს გადასცემენ.
გუშინ, ნაშუადღევს ეგვიპტის დედაქალაქის თავზე ავიაგამანადგურებლები გამოჩნდნენ. მიწასთან მეტისმეტად ახლოს ფრენის გამო ქაიროში საფრენი აპარატების ძლიერი ხმა ისმოდა, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა შექმნა. ქალაქის თავზე 3-4-ჯერ ორმა თვითმფრინავმა გადაიფრინა.
ავიაგამანადგურებლების პირველმა წყვილმა ქალაქში ხმოვანი ეფექტების გავრცელება გამოიწვია. ამან მოსახლეობას დარბევის ასოციაცია შეუქმნა.
საპროტესტო აქციების დაწყებიდან გუშინდელ დღემდე ქაიროს თავზე მხოლოდ ვერტმფრენები დაფრინავდნენ.
ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ათი ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეებმა შსს-ს შენობის შტურმით აღება სცადეს, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. უახლოეს საავადმყოფოებში ცეცხლნასროლი ჭრილობებით ბევრი ადამიანი მიიყვანეს.
შეტაკებების დროს სამინისტროს შენობიდან ეგვიპტის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ჰაბიბ ალ-ადალის სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა.
ეგვიპტის პრეზიდენტმა ხოსნი მუბარაქმა ალ-ადალი, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად, ხალხის გავლენით, 28 დეკემბერს თანამდებობიდან დაითხოვა. ყოფილ მინისტრს დემონსტრანტების მისამართით ცეცხლის გახსნის ბრძანების გაცემაში ადანაშაულებენ.
ეგვიპტე ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიუხედავად საშინაო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, - განცხადების ტექსტს ადგილობრივი ტელეარხი ავრცელებს. "უკანასკნელმა მოვლენებმა აჩვენა, ვინ არის ეგვიპტის ნამდვილი მეგობარი და ვინ - არა", - ხაზგასმულია დოკუმენტში.
ამავდროულად, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, სინამდვილეში ვინ ცდილობს, ზიანი მიაყენოს ქვეყნის უსაფრთხოებას.
ქართველი ტურისტები და ქართული ტუროპერატორები რამდენიმე დღის განმავლობაში ჯიუტად იმეორებდნენ, რომ ეგვიპტის ტურისტულ ცენტრებში სრული იდილია სუფევს, თუმცა გუშინ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.
ეგვიპტის ხელისუფლებამ კურორტ შარმ-ელ-შეიხში ჯარი შეიყვანა.
რუსული მედია წერს, რომ ამ დროისთვის კურორტზე რუსეთის 25 ათასი მოქალაქე ისვენებს, თუმცა ხელისუფლება მათი ევაკუაციის მიზეზს ვერ ხედავს. "როსტურიზმის" ცნობით, რუსი ტურისტები, მიუხედავად ეგვიპტეში არსებული მდგომარეობისა, ქვეყნის ტურისტულ რეგიონებში ჩასვლას განაგრძობენ. საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციის გეგმებზე უკვე განაცხადეს თურქეთში, აშშ-სა და აზერბაიჯანში. საქართველოს საგარეო სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეებს ეგვიპტეში გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩია.
ეგვიპტეში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ ქვეყანა. ამ დროისთვის ეგვიპტეში საშიშროების საფრთხემ იმატა, რის გამოც ამერიკის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ეგვიპტის უსწრაფესად დატოვებას სთხოვს.
ამერიკის საკონსულო ურთიერთობების ბიუროსთვის უცნობია ამერიკის მოქალაქეთა ზუსტი რაოდენობა, რომლებიც ამჟამად ეგვიპტეში იმყოფებიან. სააგენტო "როიტერის" ცნობით, ორშაბათს ეგვიპტეში სპეციალურად ჩაფრინდება რამდენიმე თვითმფრინავი, რომლითაც ამერიკის მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში გადაიყვანენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეგვიპტეში მომუშავე დიპლომატების ნაწილობრივი ევაკუაცია გამოაცხადა. ოფიციალური განცხადების თანახმად, დიპლომატების ნათესავებს, ასევე მათ, ვინც დიპლომატიურ მისიებში საკვანძო თანამდებობებზე არ არიან, სამშობლოში დაბრუნება შეუძლიათ.
საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციისთვის თურქეთის ხელისუფლებამ ეგვიპტეში თვითმფრინავები უკვე გაგზავნა.
აფრიკული სახელმწიფოების ლიდერები ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში კონტინენტზე შექმნილი ვითარების გამო იკრიბებიან. აფრიკული საბჭოს ორდღიან სამიტზე ეგვიპტეში, სომალში, ტუნისსა და კოტ-დივუარში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელებენ.
პოლიტიკური ფორუმის გახსნამდე საბჭოს თავმჯდომარე ჟან პინგმა განაცხადა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან მიღებული თანხმობის შემთხვევაში აფრიკული საბჭოს სამშვიდობო ძალები მზად არიან წინააღმდეგობა გაუწიონ სომალის "ბოევიკებს", რომლებიც მთავრობის წინააღმდეგ გამოდიან.
ტუნისის მოვლენებმა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია არაბულ ქვეყნებში და არ არის გამორიცხული, რომ სოციალური აფეთქება მოხდეს ინდოეთშიც. გუშინ ინდოეთში არსებული კორუფციის წინააღმდეგ ქვეყანაში ათეულობით ათასმა მოქალაქემ საპროტესტო აქცია გამართა.
დელში საპროტესტო აქციის ორგანიზატორები საზოგადოებრივი და რელიგიური მოღვაწეები არიან, რომლებმაც აქცია მაჰათმა განდის გარდაცვალების 63-ე წლისთავს დაამთხვიეს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას, რომელიც ქვეყანაში არსებული კორუფციის წინააღმდეგ იბრძოლებს. მათივე მოთხოვნით, აღნიშნულ საბჭოს უფლებამოსილება უნდა მიეცეს, კორუმპირებული ჩინოვნიკები არჩევნებს ჩამოაშოროს. დემონსტრანტები ასევე, მოითხოვენ კანონმდებლობის შექმნას, რომელიც შესაძლებელს გახდის კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის უკანონოდ მოპოვებული ქონების ჩამორთმევას.