საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი ეცემა - ერთკვირიან პერიოდში ბუშელი ხორბლის ღირებულებამ დამატებით 3%-ით იკლო და 5,75 დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 31%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბაზრბზე სტაბილურობა გარანტირებულია და რამდენიმე თვე მარცვლეულსა და ფქვილზე სტაბილურად დაბალი ფასი შენარჩუნდება.
გაიაფების მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით მიღებული რეკორდული მოსავალია. მაგალითად, მიმდინარე წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსალოდნელზე უფრო დიდ ხორბლის მოსავალს მოელიან, რასაც ფედერალური სამსახურის მიერ გასაჯაროებული მონაცემებიც ადასტურებს.
ხორბალთან მიმართებით რეკორდული მოსავალი ფიქსირდება ევროპისა და აზიის რეგიონებშიც. განსაკუთრებით საყურადღებოა რუსეთი, რომელმაც პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 50%-ით მეტი მოსავალი მიიღო. უკრაინამაც კი წელს დაახლოებით 81.6 მილიონი ტონა მარცვლეულის მოსავალი მიიღო, რაც 7.8 მილიონი ტონით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
ბუნებრივია, ჭარბი მიწოდება ბაზარზე ფასების შემცირებას უწყობს ხელს, სწორედ ამიტომ ერთწლიან პერიოდში ხორბლის 31%-იან გაიაფებასთან გვაქვს საქმე.
თუკი ივლისის მიწურულს 1 ბუშელი ხორბლის ფასი 7.60 დოლარს აღწევდა, რაც რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებასთან და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების შეჩერებასთან იყო დაკავშირებული, ახლა 5,70 დოლარის ფარგლებშია.
ამდენად, წელს რეკორდული მოსავალი მიიღეს რუსეთის, აშშ-ის, ევროპისა და აზიის მასშტაბითაც, რაც ბაზარზე ჭარბ მიწოდებას წარმოქმნის. ეს კი ფასებზე ზემოქმედებს და გაიაფების ტენდენცია უკვე რამდენიმე თვეა შეაქცევადია. სავარაუდოდ, ასე გაგრძელდება მომავალ შემოდგომამდეც.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ქართული ბაზარი გლობალურ ტენდენციას ადეკვატურად პასუხობს.
„ჩვენ მივყვებით მსოფლიო ბაზრის ტენდენციებს, მათ შორის რეგიონალური ბაზრის ტენდენციას - სტაბილურად შემოდის ხორბალი და ფქვილი. გარემო კონკურენტუნარიანია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ივნისში შემოღებული იქნა დამაბალანსებელი გადასახადი. შეიძლება ითქვას, რომ ახლა ინდუსტრია სტაბილურად მუშაობს.
რაც შეეხება ხორბლის ფასის კლების ეფექტს, შესამჩნევია. შარშან ამ დროს 70 ლარი ღირდა 1 ტომარა ფქვილი, წელს 50 ლარის ფარგლებშია. სტაბილურია პურის მწარმოებლებისთვის მიწოდებული ფქვილის ფასიც. იმპორტი აქტიურად მიმდინარეობს. 12 000 ტონა ფქვილი შემოვიდა ბოლო პერიოდში საქართველოში და ადგილობრივი წისქვილკომბინატების მხრიდან მიწოდებაც მაღალია. ეს ჯანსაღ კონკურენტულ გარემოზე მიუთითებს.
პურზეც ისეთი ფასია, რაც ამ დროისთვის არის მისაღები, ამას მწარმოებლებიც დაადასტურებენ. მომავალშიც რყევებს არ ველით. მსოფლიო ბაზარზეც და რუსეთშიც კარგი მოსავლიანობაა, რაც ადგილობრივ ბაზარზეც ადეკვატურად აისახება“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.
დღეს ბაზარზე 1 ტომარა ფქვილის ფასი დაახლოებით 50 ლარია. კომპანია „ბარაქას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ პურის მწარმოებლებთან კომუნიკაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების მიხედვით დადგინდა, რომ ისინი პურზე არსებულ ფასს შეინარჩუნებდნენ იმ შემთხვევაში, თუ ტომარა ფქვილის ფასი არაუმეტეს 52 ლარი იქნებოდა.
„ჩვენ ეს საკითხი რომ გავიარეთ პურის და ხორბლის მწარმოებლებთან, მაშინ შეთანხმება გვქონდა, რომ დაახლოებით 52 ლარის ფარგლებში როცა იქნებოდა ფქვილის ფასი, ეს პურის გაძვირებას არ გამოიწვევდა. გადასახადის დაწესებიდან მოყოლებული 4-5 თვეა მოქმედებს, ფქვილის ფასი იყო 45-49 ლარი იყო და დღეს 50 ლარია“, - განაცხადა „ბარაქას“ დამფუძნებელმა ლადო ბიძინაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პურის ფასს რამდენიმე მდგენელი აქვს და მათ შორის ყველაზე დიდი წილი ფქვილზე მოდის:
ფქვილი - 38%
ენერგომატარებლები და წყალი - 28%
გადასახადები - 18%
დასაქმებულთა ანაზღაურება - 7%
ტრანსპორტირება - 5%
დამხმარე მასალები - 4%