რუსთავის პოლიცია რუსთავის მილიციის საკადრისად მოიქცა

რუსთავის პოლიცია რუსთავის მილიციის საკადრისად მოიქცა

დღეს წარმომადგენლობითი სახალხო კრება რუსთავს ეწვია. მიზანი ქალაქში დაუმორჩილებლობის კომიტეტის შექმნა იყო. შეხვედრა თანამოაზრეეებთან, რუსთავის კინო “რუსთაველის” შენობაში შედგა. 

პირველი პრობლემა მანამ შეიქმნა, სანამ კრების ლიდერები ქალაქში შემოვიდოდნენ. შპს ”კინო რუსთაველის” დაცვა ხალხს შენობაში არ უშვებდა. კრების ასამდე მონაწილე წვიმაში იცდიდა და გაღიზიანებას გამოხატავდა.

“დაახლოებით ორი საათის წინ “რუსთაველის” ადმინისტრაციიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ფართს ვერ დაგვითმობდნენ. მიზეზი არ დაგვისახელეს, მაგრამ ფაქტია, რომ მათზე ზეწოლა ხდება. ჩვენ სამართლებრივად ყველაფერი მოგვარებული გვაქვს. იანვრის შუა რიცხვებში ”რუსთაველის” ადმინისტრაციასთან საიჯარო ხელშეკრულება დავდეთ და გადავიხადეთ 250 ლარი“ - გვიხსნიდა სახალხო წარმომადგენლობითი კრების წევრი, “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის” რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი, დავით ოვაშვილი.

მას შემდეგ, რაც შეკრებილებს ნონა გაფრინდაშვილი, ლუკა კურტანიძე, რეზო ესაძე და ელიზბარ ჯაველიძე შეუერთდნენ, ხალხი მათთან ერთად შენობაში შევიდა. დაცვას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

რუსთაველები კინო “ რუსთაველის” შესასვლელ დარბაზში ესაუბრებოდნენ წარმომადგელობითი სახალხო კრების ლიდერებს. შეხვედრის ორგანიზატორებს ნერვიულობა ეტყობოდათ - გაითიშა ელექტროენერგია და დარბაზში, სადაც შეხვედრა უნდა დაწყებულიყო, სიბნელე იყო. “არ გვირთავენ დარბაზში ელექტროენერგიას და გვიწევს აპარატურის განოტანა. ალბათ, შეხვედრას აქვე, შესასვლელ ფოიეში მოვაწყობთ” – გვითხრა დავით ოვაშვილმა.

ასეც მოხდა - სახალხო კრების მონაწილეები დარბაზში არ შესულან და შეხვედრა იქვე, სახელდახელოდ მოწყობილ გარემოში დაიწყო. აქვე დავძენთ, რომ ამ დროს შენობაში ელექტროენერგია იყო.

“ადამიანმა არ უნდა გააკეთო ისეთი სამარცხვინო რამ, რის გამოც მერე უკან მოხედვის შეგრცხვება. აქ, რუსთაველებთან, სტუმრად ყველა ისეთი ადამიანი ჩამოვიდა, ვისაც დიდი ღვაწლი აქვს თავისი სამშობლოსთვის გაღებული. მათთვის კარის ჩაკეტვა სასირცხვილოა. მე ვესაუბრე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ვიცი, რომ მათზე ზეწოლა განხორციელდა, მაგრამ ვთვლი, რომ ასეთი გადაწყვეტილება მაინც არასწორია” - თქვა ლუკა კურტანიძემ.

Presage.tv გაეცნო იჯარის ხელშეკრულებას, რომლიც სახალხო კრების წარმომადგენელ გია ნოზაძესა და კინო “რუსთაველის” ადმინისტრაციას შორის გაფორმდა. აღნიშნულ ხელშეკრულებას თან ერთვის 250 ლარის გადახდის ქვითარიც, სადაც ჩანს, რომ ეს თანხა შპს “რუსთაველს” იჯარის საფასურად 2011 წლის 18 იანვარს გადაუხადეს.

წარმომადგენლობითი კრების მსვლელობის დროს კინო “რუსთაველის” შენობის გარეთ სამართალდამცავების რიცხვმა ნელ-ნელა იმატა. ადგილზე ორი პატრული და მე-3 განყოფილების მანქანა იდგა. შენობის ხელმარცხნივ კი პოლიცილებთან ერთად “რუსთაველის” შენობის ერთ-ერთ მეწილე - არჩილ მუჯირიშვილი გამოჩნდა. ”მასთან ერთად სამართალდამცავები აქტს ადგენდნენ. “ადმინისტრაციული აქტია“ - გვითხრა პოლიციელმა და ჩვენი დანარჩენი კითხვები უპასუხოდ დატოვა. კომენატარზე უარი გვითხრა თავად მუჯირიშვილმაც.

მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთავის კინო “რუსთაველის” დანარჩენმა მეწილეებმა 500 ლარით დააჯარმეს მუჯირიშვილი. მიზეზი კი შენობაში ოპოზიციის შეშვება იყო.

სახალხო კრების მონაწილე რუსთაველები მათ გარშემო პოლიციელთა რიცხვის უცნაური მატების გამო გაოცებას გამოხატავდნენ. “სამმართველოს უფროსებიც აქ ყოფილან. რამ შეაშინათ ასე?!” – ეკითხებოდნენ ერთმანეთს. ამ დროს კი სამართალდამცავების დიდი ნაწილი შენობის მარცხენა ნაწილს აფარებდა თავს. კრება მშვიდ ვითარებვაში მიმდინარეონდა და რამ განაპირობა რუსთავის პოლიციის ასეთი მობილიზაცია, გაურკვეველი დარჩა.

მაშინ, როდესაც სამრთალდამცავები სიტუაციას შორიდან ზვერავდნენ, ნონა გაფრინდაშვილი ხელისუფლების ძალადობრივ პოლიტიკაზე საუბრობდა.

“მთავრობა აწყობს მილიონიან პიარ-აქციებს და კონცერტებს, მაშინ, როდესაც მოსახლეობა შიმშილით ეხოცება. დევნილებს ერთი თავშესაფრიდან მეორეში ყრის. შეურაცხოფას აყენებს ვეტარანებს, რომლებმაც თანამებრძოლები ომში დაკარგეს და ლამის შიშველი ხელებით იბრძოდნენ. მათდამი უპატივცემობას ავლენს, როცა შსს ხსნის და ყრის აფხაზეთში დაღუპული მეომრების სურათებს. ამის პარალელურად კი აჯილდოვებს და მიწის ნაკვეთებს ჩუქნის დღე-ნახევრიანი წაგებული ომის ოფიცრებს. ამას აკეთებს იმისთვის, რომ ამ ოფიცრებმა არ ილარაკონ სიმართლე.

ჩვენ 25 ნოემბრს მოვაწყვეთ სახალხო კრება, სადაც ითქვა, რომ ყველა რეგიონში კომიტეტებს შევქმნიდით. დღეს ასეთი კომიტეტი რუსთავში იქმნება. საჭიროა ერთად დგომა ქვეყნის გადასარჩენად“ - მიმართა შეხვედრის მონაწილეებს ნონა გაფრინდაშვილმა.

ასეთივე განწყობა ქონდა კრების რუსთაველ მონაწილე იზა ქურდიანსაც: “გაფრინდაშვილს, კურტანიძეს და არც სხვებს, ვინც დღეს გვესტუმრა, პირადი გასაჭირი არ აქვთ. ისინი დღეს აქ ჩვენი ეროვნული საქმისთვის არიან. მეც ამისთვის მოვედი. ჩვენი შვილებისთვის და ახალგაზრდობისთვის უკეთესი მომავალი მინდა. ჩემი შვილი სასწავლებელს ამთავრებს და ერთი სული აქვს, როდის წავა ქვეყნიდან. ასე არ უნდა იყოს. ჩვენს ახალგაზრდობას უკეთესი მომავალი ყველამ ერთად უნდა შევუქმნათ. ხომ ხედავთ, დაგვიტოვეს ქვეყანა, რომლის ტერიტორიებიც ისე მცირეა, უკვე ლამისაა ერთ მუჭში ჩაეტიოს”.