2008 წლის აგვისტოს კატასტროფიდან ხუთი წლის თავზე, საქართველოში ყოველგვარი შესწავლის და სამართლებრივი შეფასების გარეშე რჩება მის მიზეზთა და შედეგთა ყველა, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, წლევანდელი 7 აგვისტოს განცხადებაში ტრადიციულად დააფიქსირა, რომ “რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტალურ პრინციპებს”. 2 სექტემბერს კი, საქართველოს დიპლომატიური სამსახურის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ე.წ. ამბასადორიალზე , მინისტრმა ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ “საქართველოს მთავრობის მიზანს კვლავ წარმოადგენს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება მოლაპარაკებათა გზით”. შესაბამისად, ქ-ნ მინისტრი თვლის, რომ საქართველო უკვე აწარმოებდა რუსეთთან მოლაპარაკებას კონფლიქტთან დაკავშირებით, ან ჰქონდა ასეთი ქმედების განხორციელების მიზანი, რომელიც არ განუხორციელებია.
ქ-ნ მინისტრის გამონათქვამთა გაშიფვრა ამ საკითხთან მიმართებაში ნაკლებად აქტუალური იქნებოდა, რომ არა ის ერთობ უცნაური ფაქტი, რომ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (IСJ) დადგენილად მიიჩნევს, რომ 20 წლიანი კონფლიქტის განმავლობაში, საქართველოს არ უწარმოებია მის დასარეგულირებლად მოლაპარაკება რუსეთთან, როგორც კონფლიქტის მეორე მხარესთან.
IСJ-მ, 2011 წლის 1 აპრილს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც, საქმეზე მისი იურისდიქციის არ არსებობის გამო, უარყო ეთნიკური წმენდის თაობაზე ამ სასამართლოში შესული საქართველოს განაცხადი რუსეთის წინააღმდეგ.
საქართველოს ფორმალურად კონპეტენტური უწყებები და ოფიციალური თანამდებობის პირები, ისევე როგორც მეცნიერად წოდებული იურისტები, მხოლოდ ხსენებული გადაწყვეტილების გამოტანის მომენტში, პიარის მიზნით გამოეხმაურნენ ამ ფაქტს, შემდგომ კი ყველამ ყველაფერი დაივიწყა და აღარავინ დაინტერესებულა ამ დოკუმენტის შესწავლით, რომელშიც გაანალიზებულია კონფლიქტთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დეტალიები.
საქართველოს პრეზიდენტის ამჟამინდელმა მრავალფუნქციურმა მარჯვენა ხელმა, იმჟამად კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჰააგის სასამართლოში საქართველოს მხრიდან ადვოკატად გაცხადებულმა ნინო კალანდაძემ, გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ განაცხადა, რომ “სასამართლომ მოახდინა საქართველოსა და რუსეთს შორის დავის სამართლებრივი ლეგიტიმაცია, რაც საქართველოს უდიდესი გამარჯვებაა”.
ამავე ამაღლებულ ტონალობაში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის იმჟამინდელმა მოადგილე, აკო მინაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლომ ჩათვალა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ჯერ კიდევ არსებობს დიალოგის რესურსი “ამდენად იგი [სასამართლო] განაახლებს საქმის განხილვას როდესაც ეს რესურსები ამოიწურება.”
ამჟამად, კალანდაძე პრეზიდენტთან ერთად, ამ უკანასკნელის სასახლის სხვენში, სისტემატურად ზეიმობს უდიდეს გამარჯვებას, აკო კი, მოლოდინის რეჟიმშია და მოთმინებით ელის სიდედრთან ერთად სასამართლო სხდომის განახლებას საქმეზე, რომლის თაობაზეც იქ საქართველოს სარჩელი საერთოდაც აღარ შესულა.
მოუცლელი საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკავებულია “ოკეანეთის რეგიონში” ურთიერთობათა განვითარებით, რა მიზნითაც, ამ ბოლო დროს აქტიურად იყო ჩაბმული წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახლმწიფოების ფორუმის 44-ე სამიტში, ისევე როგორც დაკავებულია კარიბის თანამეგობრობა ქარიკომში საქართველოს წარმომადგენლობის აკრედიტაციის საკითხებით.
ექსპერტებად და მეცნიერად წოდებული კადრები, ამჟამად დაუღალავად იკვლევენ არქტიკასა და ღია კოსმოსთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებს.
ამ დროს კი, საქართველოდან შორს, 9000 კმ. მანძილზე, ბოსტონში, ბოსტონის საერთაშორისო და შედარებითი სამართლის კოლეჯის ჟურნალში, 2013 წლის 4 აპრილს, სავარაუდოდ “მოცლილმა” ავტორმა, უილიამ ლეინმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით “კეთილსინდისიერების დაცვა დიპლომატიური მოლაპარაკებისას: მოლაპარაკებები და სასამართლო პრაქტიკა IСJ-ის მიერ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმომფხვრელი კონვენციის გამოყენებისას”.
120 წყაროზე დაყრდნობით, სტატიაში დეტალურადაა განხილული საქართველოს მირ IСJ-ში რუსეთის წინააღმდეგ მიმართული განაცხადის განხილვის ძირითადი მომენტები.
სტატია საინტერესოა იმის გამო, რომ ჯერ ერთი, იგი საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებთანაა დაკავშირებული და მეორე, ასახავს შეერთებული შტატების სამეცნიერო წრეების ერთი ნაწილის დამოკიდებულებას ამ პრობლემებისადმი.
ვინაიდან და რადგან, ზემოთხსენებული საკითხები საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურათა ინტერესებს მიღმა რჩება, “მოცლილ” მკითხველს ვთავაზობთ ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ სამეცნიერო ცენტრში განხორციელებული თეორიული ანალიზის ცალკეულ ნაწილებს.
გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმსის 2008 წლის 9 აგვისტოს მასალაზე მითითებით, ლეინი აფიქსირებს, რომ “არასტაბილური ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის დაირღვა 2008 წ. აგვისტოში, როდესაც საქართველომ გამოიყენა საარტილერიო ცეცხლი სამხრეთ ოსეთში სეპარატისტული ძალებისთვის დარტყმის მიყენების მცდელობისას. რუსეთმა ამას უპასუხა საქართველოში ფართომაშტაბიანი ინტერვეციის განხორციელებით, რომელიც მოიცავდა მრავალჯერად საჰაერო თავდასხმასაც”.
2008 წლის 12 აგვისტოს, საქართველოს მთავრობამ მართმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) წარადგინა განაცხადი რუსეთის წინააღმდეგ, დააფუძვნა რა იგი ამ სახელმწიფოს მიერ რასობრივი დიკრიმინაციის ყველა ფორმის აღმომფხვრელ კონვენენციის (CERD) დარღვევებზე მითითებას.
განაცხადში, საქართველოს მთავრობამ მიუთითა, რომ რუსმა მშვიდობისმყოფელებმა ვერ შესძლეს ზომების მიღება, რომლებიც გათვალისწინებულია CERDD-ით, რათა დახმარებოდნენ ლტოლვილებს დაბრუნებულიყვნენ მათ სახლებში.
გარდა ამისა, საქართველომ ბრალი დასდო რუსეთის ფედერაციას ეთნიკური წმენდისათვის ბიძგის მიცემა, წახალისებასა და ამ წმენდაში უშუალო, პირდაპირ მონაწილეობაში, მათ შორის მიგრაციის იძულების მეთოდით.
საქართველომ ICJ-ისგან მოითხოვა წინასწარი ზომების მიღება, როგორც საშუალება, რომელიც უზრუნველყოფდა აფხაზ და ოს სეპარატისტთა მხრიდან, ქართული მხარისთვის გამოუსწორებელი ზიანის მოყენების წინასწარ აღკვეთას.
სხვა მოთხოვნათა შორის, საქართველომ დასვა საკითხი იმის თაობაზე, რომ სასამართლოს გაეცა ბრძანება რუსეთის ფედერაციისათვის, რათა ამ უკნასკნელს მიეღო პოზიტიური, ქმედითი ზომები ადგილნაცვალი ქართველების დაბრუნებისათვის მათ სახლებში და აღეკვეთა აფხაზ და ოს მეამბოხეთა შემდგომი დისკრიმინაციული ქმედებები.
რუსეთმა სადაოდ მიიჩნია საქართველოს განაცხადზე ICJ-ის იურისდიქცია, ამტკიცებდა რა, რომ საქართველო არსებითად აპროტესტებდა რუსეთის მიერ სამხედრო ძალის გამოყენებას CERD-ის კონვენციაზე მითითების საფარველ ქვეშ და რომ საქართველოს არ უცდია ამ საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკება, რაც საკმრისი იქნებოდა რათა ICJ-ის განეხორციელებია ამ დავაზე იურისდიქცია.
სასამართლომ, მისი იურისდიქციის თაობაზე რუსეთის კითხვებს უპასუხა გადაწყვეტილებით, რომ СERD-ის 22-ე მუხლის დებულება, რომელიც ეხება IСჟ-ის იურისდიქციას დავებზე, რომლებიც “ვერ გადაწყდნენ მოლაპარაკებებით”, არ მოითხოვს სასამართლო განხილვამდე, მხარეთა შორის ოფიციალური, დიპლომატიური მოლაპარაკების გამართვის ვალდებულებას.
CERD- ის კონვენციის 22-ე მუხლით დადგენილია, რომ: “წინამდებარე კონვენციის განმარტების ან გამოყენებასთან დაკავშირებით, ორი ან მეტი მონაწილე მხარის ნებისმიერი დავა, რომელიც გადაჭრილი არ არის მოლაპარაკებათა გზით ან პროცედურებით, რომლებიც სპეციალურად არიან გათვალისწინებული ამ კონვენციით, დავაში მონაწილე ნებისმიერი მხარის მიერ, გადასაწყვეტად გადაეცემა საერთაშორისო სასამართლოს, თუ დავაში მონაწილე მხარეებმა არ მოილაპარაკეს დარეგულირების სხვა საშუალებაზე”.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა ყველა ფაქტი წინასწარი ზომების შეფარდების სტადიაზე, მან სამართლებრივად დასაბუთებულად მიიჩნია, რომ საქართველოს მიერ წარდგენილ ბრალდებებში დაფიქსირებული ფაქტები წარმოადგენდნენ საშიშროებას საქართველოში იმჟამად მიმდინარე რასობრივი დისკრიმინაციისთვის.
2008 წლის 15 ოქტომბერს, სასამართლომ 8 ხმით, 7-ის წინააღმდეგ გასცა ბრძანება საქართველოს მიერ მოთხოვნილი დროებით ზომების დაწესებაზე.
რუსეთმა წამოაყენა საქართველოს განაცხადის უარმყოფელი ოთხი არგუმენტი: პირველი, მხარეთა შორის არ არსებულა დავა ან კამათი DCERD--ის კონვეტაციასთან დაკავშირებით; მეორე, IСჟ- ის არ გააჩნდა იურისდიქცია, ე.ი ამ საქმის განხილვის უფლება, ვინაიდან საქართველოს რუსეთთან არ უწარმოებია მოლაპარაკებები; მესამე, СERD-ის კონვენცი არ ვრცელდება ექსტერიტორიალურ, ე.ი. ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებულ ქმედებებზე; მეოთხე - IСJ-ის არ შეეძლო ემსჯელა 1999 წლამდე ჩადენილ, შესაძლო დარღვევებზე, ვინაიდან საქართველო მხოლოდ ამ წლიდან გახდა ამ კონვენციის წევრი.
სამი წლის შემდეგ, 20011 წლის პირველ აპრილს, IСJ-ის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ СЕRD-თან დაკავშირებით დავა მხარეთა შორის წარმოიშვა 2008 წ. აგვისტოში, როდესაც საქართველოს მთავრობამ ბრალი დასდო რუსეთს ეთნიკურ წმენდაში.
მიუხედავად ამისა, სასამართლომ უარი განაცხადა მხარეთა შორის 2008 წლამდე კომუნიკაციის არსებობის ფაქტის აღიარებაზე, როგორც დავის არსებობის მტკიცებულებაზე. ამასთან ყველა ბრალდება, რომელიც რუსეთს ეხებოდა, ეფუძნებოდა მხოლოდ მას, როგორც დსთ-ს მშვიდობისმყოფელს და არა როგორც აგრესიისა და ოკუპაციის განმხორციელებელ სახელმწიფოს.
საქართველოს განაცხადის უარმყოფელ, რუსეთის მეორე არგუმენტის საპასუხოდ, IСJ-იმ უარყო და უკუაგდო მის მიერ გამოცემული წინასწარი, 2008 15 ოქტომბრის განკარგულება, და დაადგინა, რომ СЕRD-ის კონვენციის 22-ე მუხლში არსებული მითითება მოლაპარაკებაზე, საქართველოს მხრიდან მოითხოვდა სასამართო განხილვამდე, დავის გადაჭრის გულწრფელ, ნამდვილ მცდელობას.
ვინაიდან საქართველომ არ განახორციელა მოლაპარაკების არავითარი მცდელობა სასამართლოში განაცხადის შეტანამდე, IСJ-მ უარი განაცხადა საქმეზე მისი იურისდიქციის განხორციელებაზე 10 ხმით 6-ის წინააღმდეგ.
ასეთია ბ-ნ ლეინის სტატიის არსებითი, აღწერილობითი ნაწილის ფრაგმენტები, დანარჩენი ნაწილი, ისევე როგორც IСJ-ის გადაწყვეტილება რთულ, იურიდიულ ნიუანსებს ეხება და შესაძლოა როდესმე გახდეს ქართველ პროფესიონალ იურისტთა და პოლიტიკოსთა ყურადღების ღირსი.
“მოცლილებს’’, რომლებსაც მოუცლელთათვის ყოვლად გაუგებარი მიზეზით, რატომღაც ნამდვილად აწუხებთ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ბედი, შევახსენებთ, რომ IСJ-ის გადაყვეტილება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია მრავალი თვალსაზრისით:
პირველი - აღნიშნული საქმის განხილვისას წარმოჩინდა ფაქტები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის განხილვა-გადაწყვეტისთვის .
უპირობოა ის, რომ ეს პროცესი მხოლოდ მშვიდობიანი, პოლიტიკური დარეგურირების გზით უნდა წარიმართოს.
პოლიტიკურ დარეგურირებას, მნიშვნელოვანწილად, შესაძლებელია საფუძვლად დაედოს პრობლემის საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტების შესწავლა და ამის საფუძველზე პოზიციის ჩამოყალიბება და დაფიქსირება. სამწუხაროდ, ქართველმა მხარემ, თავის დროზე სრულად უგულვებელყო ზემოთქმული საშვალება და ნაჩქარევად, მხოლოდ პიარის მიზნით, 2008 წლის 12 ავისტოს, ყოველგვარი შესწავლის გარეშე წარადგინა განაცხადი IСJ-ში რუსეთის წინააღმდეგ.
ამასთან, სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელთა გუნდში , მხოლოდ ერთი წევრის, ადვოკატად წოდებული, იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის მის შემადგენლობაში დასახელება, წინასწარვე იმის მანიშნებელი იყო, რომ საქართველოს ეს საქმე უნდა წაეგო.
საგულისხმოა, რომ რუსეთის მხარე პროცესზე წარმოდგენილი იყო 23 წევრიანი, ძირითადათ საერთაშორისო სასამართლოს სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფით, რომელმაც სასამართლო განხილვის შემდეგ მრავალ ასეულ გვერდიანი ანალიზი მოამზადა.
ამჟამად მაინც, ზემოხსენებული საქმის დეტალური შესწავლის აუცილებლობას განაპირობებს ის გარემოება, რომ სასამართლომ დეტალურად განიხილა საქართველოს განაცხადის ყველა პუნქტი და შეაფასა ისინი. აუცილებელია ამ შეფასებათა ცოდნა, საქართველოს მხრიდან შესაძლო, შემდგომ სამართლებრივ ქმედებათა განხორციელებისას.
მეორე - სასამართლო განხილვამ და გადაწყვეტილებამ დაადასტურა ქართული მხარის და მის მიერ დაქირავებული იურისტების მხრიდან საერთაშორისო სამართლის ელემენტარული, მათ შორის პროცედურულ ნორმათა განზრახ უგულვებელყოფა.
ქართულ მხარეს სასამართლოსთვის წარდგენილი რომ ჰქონოდა თუნდაც ერთი ოფიციალური წერილი რუსეთისადმი 2008 წლის 12 აგვისტომდე, რასაც თუნდაც რეაგირება არ მოყოლოდა, სასამართლოს, დიდი ალბათობით, საქმის განსახილვევად დასაშვებობაზე უარის თქმის საფუძველი აღარ ექნებოდა.
მესამე - მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მხარეს არც ადრე და არც ამჟამად არ აინტერესებდა და არ აინტერესებს არსობრივად IСJ-ის ხსენებული გადაწყვეტილება, მან საერთაშორისო სასამართლო პრეცედენტის ფუნქცია შეიძინა, ე.ი. IСJG მომავალში, ანალოგიური საკითხთა განხილვისას დაეფუძნება ამ გადაწყვეტილებასაც.
მეოთხე - სასამართლოს მიერ საქართველოს განაცხადის დეტალურ განხილვის პროცესის შესწავლა ნათლად ცხადყოფს საერთაშორისო ორგანიზაციების, უკეთეს შემთხვევაში ინდიფერენტულობას, უარეს შემთხვევაში კი მიკერძოებლობას ჩვენი პრობლემების შეფასებისას. ეს ,საერთაშორისო ორგანიზაციებზე კონკრეტულ ძალთა, სახელდობრ კი რუსეთის ყოველმხრივი ზეწოლის შედეგიცაა.
ეს პროცესი ავტომატურად აისახება მართმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოზეც, რომელმაც თავდაპირველად დასაშვებად სცნო საქართველოს განაცხადის განხილვაზე მისი იურისდიქცია, შემდეგ კი თავადვე უარყო მისი თავდაპირველი გადაწყვეტილება.
IСJG ორმაგი სტანდარტით მიუდგა საქართველოს განაცხადის განხილვას. სასამართლომ არაფრად ჩააგდო საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში, 2008წ. 12 აგვისტომდე რუსეთის ქმედებათა კრიტიკული შეფასება და ამ ორგანიზაციების შესაბამისი რეაგირება. იმავდროულად, არსებობს ამავე სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, მაგალითად ნიკარაგუას საქმე აშშ-ს წინააღმდეგ ( Nicaragua vs US 1984 ICJ 392.81.83) როდესაც გაეროში ნიკარაგუას გამოსვლები აშშ-ს წინააღმდეგ, სასამართლომდე დავის დარეგულირების მცდელობად დაკვალიფიცირდა და დავა სასამართლო განხილვას დაექვემდებარა.
ამ ურთულეს პირობებშიც კი, საქართველომ არ უნდა შეწყვიტოს სამართლებრივად სრულყოფილად არგუმენტირებული დავა საკითხის სასამართლო წესით განხილვის მიზნით, რათა შემდგომ თაობას მაინც დაუტოვოს ასპარეზი პრობლემათა ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით. ამასთან, გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს სამართლებრივად არგუმენტირებული მტკიცებულებებით ოპერირება და არა მუდმივად უაზრო მოთქმა-გოდება, ან ოკუპაციის წინააღმდეგ ტაშ-ფანდურების გამართვა.