ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი გამოჩნდა. ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების „დესტრუქციული“ პოლიტიკა ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების რისკს ზრდის. პატრუშევის მტკიცებით, დასავლეთის ქვეყნები, უპირველეს ყოვლისა კი შეერთებული შტატები, იარაღის კონტროლის საერთაშორისო რეჟიმს ძირს მიზანმიმართულად უთხრიან.
„აშშ-ის პოლიტიკის დესტრუქციულობის კანონზომიერი შედეგი არის გლობალური უსაფრთხოების გაუარესება. მათი უპასუხისმგებლო ქმედებები არა მარტო ძველი კრიზისების გაღვივებას უწყობს ხელს, არამედ აჩენს ახლებს და ხელს უშლის კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას, რასაც ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალს ახლო აღმოსავლეთში.
აშშ-ის პოლიტიკა სტიმულს აძლევს საერთო საფრთხეებისა და გამოწვევების ზრდას, მათ შორის ტერორიზმის, ნარკოტრაფიკის, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის. იზრდება ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საფრთხე. დაჩქარებული ტემპით ხდება კოსმოსისა და კიბერსივრცის მილიტარიზაცია“, - განაცხადა ნიკოლაი პატრუშევმა.
რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსანის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი Twitter-ზე ხაზს უსვამს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას მას შემდეგ, რაც მოუწოდა კონგრესს დაემტკიცებინა კიევისთვის 11,8 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დახმარება.
„ომი რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და ნებისმიერ დროს შეუძლია დაასრულოს იგი ჯარების გაყვანით და სასტიკი თავდასხმების შეჩერებით. სანამ ამას არ გააკეთებს, შეერთებულ შტატებს აქვს მოქმედების მკაფიო გეგმა: დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვაში, მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს და დააკისროს პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას“, - წერს ენტონი ბლინკენი.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედების ფონზე, რუსეთი აშშ-ს მიანიშნებს ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე. შეგახსენებთ, for.ge წერდა იმის შესახებ, რომ „რუსეთმა ატომური იარაღის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო“ - (https://for.ge/view/259965/ruseTma-atomuri-iaraRis-gamoyenebis-gadawyvetileba-miiRo.html). ვითარება უმძიმესია, იზრდება აგრესიული რიტორიკაც. რუსეთის ხელისუფლებაში უკვე ღიად აცხადებენ, რომ უკრაინაში ომს რუსეთის წინააღმდეგ არა უკრაინა, არამედ ამერიკის შეერთებული შტატები აწარმოებს, რომელიც, მათივე მტკიცებით, უკრაინას აწვდის იარაღს, საბრძოლო მასალას და თანამგზავრებიდან მონაცემებს.
როდესაც ღია წყაროში კეთდება განცხადება ატომური იარაღის გამოყენების ალბთობაზე, პრაქტიკულად, ნიშნავს, რომ ეს მათი სტრატეგიული გეგმების გაჟღერებაა და ასევე, ადასტურებს იმას, რომ ნატოს სტრატეგიაში ზის ომის განგრძნობადი ხასიათი. გარდა იმისა, რომ ომს აქვს კონკრეტული მიზანი - რუსეთის ფედერაციის დამარცხება და დასუსტება, ასევე არსებობს სხვა მნიშვნელოვანი მიზნები და ეს არის სამხედრო და ფინანსური წრეების ინტერესების დაკმაყოფილება.
ამიტომ, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ ხანგრძლივი ომი არის ნატოს სტრატეგიაში, რაც ნიშნავს იმას, რომ სტრატეგიული პარნიორი ქვეყნები გააგრძელებენ გარკვეული და შეიძლება მაღალი დონის სამხედრო დონის დახმარებას უკრაინასთან მიმართებაში.
„პირველ რიგში, ჩვენ აქცენტი უნდა გავამახვილოთ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებობდა გარკვეული ტიპის მოლაპარაკებები, რომლის დროსაც არსებობდა ასეთი შეთანხმება, რაც მიღებული არის, ზოგადად, დიპლომატიაში, რომ რუსეთის ფედერაცია ინარჩუნებდა თავის ზეგავლენის სფეროებს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ შეთანხმებამ რეალურად დოკუმენტური ასახვა ვერ ჰპოვა და შესაბამისად, გამაჯვებულმა მხარემ, პრაქტიკულად, იმ ზეგავლენის ობიექტებზე თავისი ინტერესების გატარება დაიწყო სიღრმისეულად, ვფიქრობ, რომ ყველა იმ კონფლიქტების შინაარსში და საფუძვლებში სწორედ დევს აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა.
რაც შეეხება მუქარას, რომელიც პატრუშევის მხრიდან გაჟღერდა - მე ვფიქრობ, რომ მუქარა აუცილებლად სერიოზულად უნდა იქნას აღქმული იქიდან გამომდინარე, რომ ამ კონფლიქტში და იმ სივრცეზე ზეგავლენის დაკარგვის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია იქცევა, პრაქტიკულად, უსუსურ სახელმწიფოდ და არ არის გამორიცხული, რომ საბოლოო ჯამში, დადგეს გარდამავალი ეტაპი, ისეთი, როდესაც შეიძლება რუსეთის ფედერაცია საერთოდ ჩამოიშალოს და როგორც სახელმწიფომ, არ იარსებოს. თუმცა, ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად, დღეს-დღეობით ამის წინაპირობები არ არსებობს. ისევ დავესესხები 1918-21 წლებს - აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს რუსეთი ერთიანი და მთლიანი სჭირდება“, - აცხადებს კუხალაშვილი.
როგორც ექსპერტი აცხადებს, არსებობს დომინაციისათვის მებრძოლო სახელმწიფოები და ამ კუთხით რუსეთის ფედერაციას აქვს საკუთარი ინტერესები, რომელიც, ალბათობის მაღალი ხარისხით, იბრძვის იმ დარღვეული პირობის აღსადგენად, რაც დარღვეული იქნა აშშ-ის მიერ. აქედან გამომდინარე, კუხალაშვილი ფიქრობს, რომ ამ კუთხით გარკვეული მოლაპარაკებები აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის უკვე მიმდინარეობს და აღნიშნული პროცესი გარკვეულ ასახვას ჰპოვებს არა მარტო რუსეთ-უკრაინის საბრძოლო მოქმედებებზე, არამედ სხვა მიმართულებაზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ამ ინტერესთა გადაკვეთას კონკრეტულ გეოგრაფიულ მონაკვეთებზე.
„რაც შეეხება პატრუშევის განცხადებას ბირთვულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღზე, თუ რუსეთი ვერ დაიკმაყოფილებს საკუთარ სტრატეგიულ ინტერესებს, ამ შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ მან განახორციელოს ის, რაზედაც ჯერჯერობით გარკვეული გამაფრთხილებელ მესიჯებს აგზავნის. ამაზე საუბრობს იმ დონის მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც, პრაქტიკულად, სახელმწიფოს გულის ფეთქვაზე ხელი აქვს დადებული. ის გრძნობს სახელმწიფოს პულსს.
ე.ი. ეს მინიშნება ნიშნავს იმას, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი გეგმა არსებობს, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია, რომ იარაღის ეს არსენალი გამოყენებულ იქნას სწორედ თავისი სტრატეგიული ინტერესების გასატარებლად. იცით, არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება გლობალური და დიდი მასშტაბით გამოყენებული, მაგრამ თუნდაც ის წერტილოვანი მიმართულება, რომელსაც, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაცია გამოიყენებს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ზიანის მაინსპირირებელი იქნება არა მარტო ამ კონკრეტულ სახელმწიფოსთან მიმართებაში, არამედ ეკონომიკური ზიანის კუთხით და, ვფიქრობ, ის ევროპულ სახელმწიფოებსაც გადაწვდება. დიდი ალბათობით, შერჩეულია კონკრეტული სამიზნე ტერიტორიები. ეს იქნება მსოფლიოსათვის უმძიმესი მოვლენა, რაც გამოიწვევს უმძიმეს შედეგებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.