ხაჩიძე გადაიჩეხა - ქართული ინტერნეტფორმების მიმოხილვა

ხაჩიძე გადაიჩეხა - ქართული ინტერნეტფორმების მიმოხილვა

არ ვიცი, ძმებს – რონალდსა და ფრანკსაც თუ ჩამოიყვანენ, მაგრამ ფაქტია, რომ გასული კვირის მანძილზე, ქართულ ინტერნეტფორუმებზე ყველაზე აქტუალურად გასარჩევი თემა, დე ბურების... უკაცრავად, ბურების საქართველოში ჩამოსახლება იყო.

 

ამ თემაზე საუბარი ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე დაიწყეს, თუმცა, თუკი ეს ამბავი ასე მალე გადაწყდებოდა, ბევრი ალბათ ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა. მოკლედ, შესაძლოა, ბურები წელსვე დასახლდნენ საქართველოში, რამაც ბევრი ფორუმელი ფრიად გაანაწყენა.

 

გილოცავთ! ბურების ჩამოსახლება წელს დაიწყება! აღსრულდა ქართველი გლეხის ოცნება!

 

Matarebeli: “ბურების საქართველოში ჩამოსახლება წელს დაიწყება. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ სამხრეთ აფრიკის აგრარულ კავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერა

 

კარგი რამაა, ერთ დღეს ორი “სასიხარულო“ ამბავი. აგერ მეორეც: “თბილისში არსებული კომპაქტური ჩასახლების ობიექტებიდან დევნილების განსახლების პროცესი დღეიდან განახლდა. განსახლება ბაგებში და ორხევში არსებული ობიექტებიდან მიმდინარეობს. რას იზამ - კაცი ცდილობს, რომ საქართველო ააყვავოს! მიდი მიშა, ასე გააგრძელე!“.

 

ბურებიდან ვინმე თუ მოგვეწონება, პრეზიდენტადაც ავირჩიოთ. ოღონდ, კანონში  ერთი მუხლია შესაცვლელი.რა უბედურებაა მაინცდამაინც 5 წელი აქ ცხოვრების აუცილებლობა...

 

ბურები&ფერეიდნელები...

 

VoK: “ბურები ბურებად, მაგრამ ისე არ მოგვივიდეს ანდაზაში რომ არის – თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო. ფერეიდნელი ქართველები ნაკლებად შრომისმოყვარენი არიან თუ ირანში ძალიან დალხინებულად ცხოვრობენ? აფრიკაში დაწიოკებულ ბურებზე რომ გული შეგვტკივა, იქნებ ჩვენი სისხლისა და ხორცისთვისაც მიგვეხედა?

 

ჩვენ არ ვიყავით, ათეული წლების წინ ჩამოსული ფერეიდნელები სულ თათარო-თათაროს ძახილით რომ გავაქციეთ?.. არადა, არც სვეტიცხოველს წაგვართმევდნენ და შვილებსაც მონათლავდნენ, როცა საჭირო იქნებოდა... ჩავიდეს ვინმე ხელისუფლებიდან ფერეიდანში და არა მგონია აქ ჩამოსვლის და დარჩენის 10 000 მსურველი ვერ მონახოს...“.

 

რაღაც არ მჯერა მილიონერი ბურის აქ ჩამოსვლის და დასახლების. “გოთვერნები“ კი არც ქართველებს გვაკლია...

 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ უარს ამბობს სიტყვებზე “დედა“ და “მამა“.

 

Licemer: “აშშ უარს ამბობს სიტყვებზე “დედა“ და “მამა“. 1 თებერვლიდან აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ დოკუმენტებში სიტყვები “დედა“ და “მამა“ გაქრება. მას შეცვლის ტერმინები “მშობელი №1“ და “მშობელი №2“. ამ ცვლილებების მიზეზი გახშირებული ერთსქესიანი ქორწინებებია.

 

“გამარჯობა ჩემო თბილის-ფორუმო, დაკარგული შენი შვილი მოვედი“...  განა, შეიძლებოდა, ტარიელ ჭანტურიას ეს სტრიქონები არ გამხსენებოდა. მე ვარ გაოცებული. მე ვარ გაკვირვებული! – დიდად გაოცებული...ამათ სატირალსაც მე მივტირი, დებილი! იმედია ოდნავი პერიფრაზი მკრეხელობაში არ ჩამეთვლება. დიდებული იდეაა, რას იტყვით?“.

 

მაგ ლოგიკით, შვილებიც  – შვილი №1, შვილი №2 და ა.შ. უნდა დაიყვნენ (გოგოსა და ბიჭის ნაცვლად), რადგანაც ისინი მხოლოდ მაშინ ირჩევენ სქესს, როცა სრულწლოვნები ხდებიან. ასე არაა?

 

როგორ და რატომ უხდის ხელისუფლება ფულს ქართველ "შოუ-ვარსკვლავებს"?

 

Lazare: “სხვადასხვა თემაში ვკითხულობ, თუ რამდენს უხდის ჩვენი ხელისუფლება სხვადასხვა კონცერტებზე მოწვეულ სტუმრებს. დომინგოს, ბოჩელს, კუტუნიოს და ა.შ. მაგრამ, მათთან ერთად კონცერტებში მონაწილეობენ ქართველი მომღერლები... მაგ: სოფო ნიჟარაძე. სოფო ნიჟარაძეს რომ ევროვიზიაზე ხელისუფლებამ მილიონამდე ევრო დაახარჯა, ეს ცნობილია... მაგრამ, საუბარია ამ კონცერტების ჰონორარზე...

 

ხელისუფლების მიერ იმართება სხვა დონის კონცერტები, სადაც მუდმივად მონაწილეობენ იგივე ნიჟარაძე, წურწუმია, "გზა", ანრი ჯოხაძე, ეთერ კაკულია და სხვა... ანუ ხელისუფლების კარის მომღერლები... საინტერესოა, რამდენს უხდის მათ ჰონორარს, ანუ "30 ვერცხლს "ძაღლური ერთგულებისათვის...“.

 

ეს ნაციონალების "ნოუ-ჰაუ" არ არის. ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დამკვიდრდა ეს პრაქტიკა. ამათმა დროებით დაივიწყეს, მაგრამ ქართველი “სირინოზების“ ოპოზიციის მიტინგებზე სიმღერებით გადანაცვლების შემდეგ მიხვდნენ, რომ ისევ უნდა აღადგინონ ეს "ტრადიცია". მით უმეტეს, რომ შევარდნაძისაგან განსხვავებით ბიუჯეტში ფული ნამდვილად აქვთ.

 

მწერალთა კავშირში მიმდინარე მოვლენები... ანტი–პიარი თუ რეალობა?

 

nit123: “ალბათ უყურეთ "იმედის" ეთერში გასულ რეპორტაჟს მწერალთა კავშირში მიმდინარე მოვლენებზე. ლაშა ხარაზიშვილი თავის სტიქიაში იყო, ეგ არავის არ გაუკვირდა ალბათ...

 

თუმცა, ყველაზე ცუდად რაც მენიშნა, ის იყო, რომ ადგილი ჰქონდა მწერლების კავშირის დისკრედიტაციის მცდელობას არა მარტო დღეს, არამედ მთელი მისი არსებობის ისტორიის მანძილზე. თურმე, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული ეს კავშირი ყოფილა "ნასედკების", მოსე მწერლების და უსაქმურების თავშეყრის ადგილი და კაი არაფერი გაკეთებულა.

 

თქვენ რას ფიქრობთ, რატომ კეთდება ეს ყველაფერი? იქნებ ეს ყველაფერი სულაც რეალობაა და მართლაც "გამოსაყრელები" არიან იმ სახლიდან, რომელიც სარაჯიშვილმა "სულაც არ დაუტოვა მწერლებს?".

 

ნეტა რომელი სფეროს წარმომადგენლებმა არ განიცადეს დისკრეტიზაცია? ამ “მწერლებს“ თავისთავად განა დისკრეტიზაცია აწუხებთ... მათი მიზანი ერთია: დისკრეტიზაციის საფუძველზე ექსპროპრიაცია გაუკეთონ მატერიალურ ქონებას და მერე გაყიდონ.

 

ზოგიერთ ფორუმელს ერთი სული აქვს, როდის იქნება მეორე ომი რუსეთთან. ანუ,  მეორე ომი 21-ე საუკუნეში...

 

Sindiofalacheqmebshi: “ერთი სული მაქვს, როდის იქნება მეორე ომი! ჰო, არ გამიფრენია, არც დამილევია, არც ემოციურ ტალღაზე არ ვარ! მე მინდა ომი! ვის ველოდოთ და რას უნდა ველოდოთ?

 

ველოდოთ როდის დაიშლება რუსეთი? კარგა ხანს არ დაიშლება! არ დაიშლება იმიტომ, რომ არ არის ცივი ომი! რუსეთს მოკავშირეები ევროპაშიც ჰყავს გერმანიის და საფრანგეთის სახით. ეს საკმარისია იმისთვის, რომ არ დაიშალოს. ამერიკას არ აწყობს რუსეთის დაშლა ამ ეტაპზე, სანამ მზარდი ჩინური საფრთხე არ უქმნის საშიშროებას ამერიკას!“.

 

ომი... სათქმელად ძალიან ადვილია. მით უმეტეს, როდესაც კომპიუტერთან ზიხარ თბილად და თან ორიოდე ჭიქაც გადაგიხუხავს...

 

კისინჯერის "დიპლომატია" და საქართველოს მომავალი...

 

Waters: “მოკლედ, დიდ ჰენრი კისინჯერს, აქვს დაწერილი ესეთი წიგნი – "დიპლომატია" 1994 წელს, სადაც ის წინასწარ განსჭვრეტს, რომ მალე მონოპოლარული სამყარო აღარ იარსებებს. ამერიკის ერთპიროვნულ ჰეგემონიას დაესმება წერტილი და მსოფლიო პოლიტიკაში გადაწყვეტილებათა მიღების ასპარეზზე გამოვა რამოდენიმე მოთამაშე.

 

ესენია: საკუთრივ აშშ, ჩინეთი, ევრო-კავშირი, რუსეთი და შესაძლოა ინდოეთი და ბრაზილია. აქვე ის ახასიათებს ამ პოტენციურ ჰეგემონებს, სადაც ჩვენთვის საინტერესო რუსეთს მოიხსენიებს ქვეყნად (1994 წელს) რომელსაც აქვს მანიაკალური მისწრაფებები ტერიტორიების გაფართოვებისკენ, რაც მის მეზობლებს, სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობისკენ უნდა უბიძგებდეს.

 

მოკლედ, თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კისინჯერი და მისი სკოლის წარმომადგენლები ობამას ერთერთ მნიშვნელოვან მრჩევლებად ითვლებიან, უნდა ვივარაუდოთ ის ფაქტიც, რომ რუსეთის, როგორც მსოფლიოს ერთერთი ჰეგემონის როლი მათ აღიარებული აქვთ. შესაბამისად, მის დაშლაზე ოცნებობა მავნე რა თქმა უნდა არ არის, თუმცა არაფრის მომცემია და ამ ოცნებასა და ნერვების გლეჯვაზე დახარჯული ენერგიის მომართვას, ჩვენი ქვეყნის ჯერ კიდევ დარჩენილი ნაწილის სწორად მოწყობის ზრუნვისაკენ მოვუწოდებდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემის აზრით, “აგვეხევა“ ისიც რაც დაგვრჩენია“.

 

ზოგს კისინჯერისა სჯერა, ზოგს ბჟეზინსკის.. არიან ისეთები, ნაგიჟარი დუგინის ბოდვებს რომ იჯერებენ. ამ ხალხმა ერთი მთავარი რამ არ იცის. მთავარი კი, როგორც ერთი კაცი იტყოდა – გაგებაა!

 

ძეგლები და ადამიანები...

 

შაქროII: “გუშინ ტელეკომპანია “კავკასიაში“  სტუმრები თურქეთში ძეგლების და სანაცვლოდ საქართველოში მეჩეთების აღდგენის თემაზე საუბრობდნენ. ცხადია მისასალმებელია და კარგია ძეგლების აღდგენა. ასევე ვერაფერ პრობლემას ვერ ვხედავ მეჩეთების აღდგენაში. მაგრამ პრობლემა სხვაა.

 

ოჩიაურმა ნათლად თქვა, რომ პრიორიტეტი იყო და არის ძეგლების აღდგენა და არა ვთქვათ, ერთში მაინც ღვთისმსახურების აღდგენა. სამწუხაროდ, ყველა სტუმარი ძეგლებზე ლაპარაკობდა. აქ ჩანს დამოკიდებულება თურქეთის და საქართველოს მხარეებისა. თურქეთის მხარე ზრუნავს მუსლიმებზე. ჩვენი  მხარე კი ზრუნავს არა ადამიანებზე, არამედ ძეგლებზე.

 

და ძეგლები რად გვინდა? სადღეგრძელოში რომ ვახსენოთ? ტურისტმა რომ ნახოს და თურქეთის ბიჯეტში ფული შევიდეს? დარწმუნებული ვარ, თურქეთის წინადადებებში ჩანს რელიგიური მოღვაწეების აზრი,  წინადადება და მოთხოვნა. საქართველოს წინადადებებში კი - არა“.

 

თუ საბოლოოდ დაინგრა თურქეთში მდებარე ქართული ტაძრები, მერე გინდა ძეგლებზე ვისაუბროთ და გინდა ადამიანებზე. არადა - ინგრევა,,,

 

მაშ ასე – იხარე ერო! დიდმა გოგა ხაჩიძემ წერა დაიწყო!

 

sexi-bicola: “ინტერნეტში შემთხვევით ბატონი გოგა ხაჩიძის ნაწერს გადავაწყდი და არ შემიძლია თქვენც არ წაგაკითხოთ:

 

“პირის გაუღებლად თუ დაამთქნარებ, თვალები ცრემლით აგევსება…

თუ “კანონზომიერებას” წარსულში კი არ უკეთებ ანალიზს, არამედ აწმყოში აღიქვამ, მაშინ შენ შეიძლება რაღაცნაირად ან უბრალოდ დაემორჩილო “კანონზომიერების” ძალას და მისი შექმნის თანამონაწილე გახდე…

 

ადრე სხვა გვარები იყავით. მერე თქვენმა შორეულმა წინაპარმა ბატონი მოკლა, გაიქცა და გვარი გადაიკეთა… ალბათ უფრო პირიქით, ჯერ გვარს გადაიკეთებდა და მერე გაიქცეოდა, რადგან ამ გაქცეული კაცისთვის გზაში, შემთხვევით ვინმეს გვარი რომ ეკითხა, პასუხი ხომ უნდა ჰქონოდა მზად…ოოო ღმერთებო!… ძირითადად - ქრისტევ!… ნუთუ “აირზენას“ პილოტებს თვითმფრინავის “ტორპედოზე” ხატები აქვთ გაკრული?“.

 

გავაგრძელოთ? არა! რაც წავიკითხეთ, ამჯერად ისიც საკმარისია გოგასმიერი სრული თრთოლვისათვის. დანარჩენზე კი, მოამვალი კვირის ინტერნეტფორუმების მიმოხილვაში ვისაუბროთ....