რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, საქართველოს სატრანზიტო დერეფანზე მოთხოვნა გაიზარდა - იმატა ტვირთბრუნვამ როგორც სარკინიგზო და საზღვაო, ისე სახმელეთო მიმართულებით, შესაბამისად მკვეთრად მოიმატა მებაჟე ოფიცრების დატვირთვამაც, როგორც საბაჟო გამშვებ პუნქტებში, ასევე გაფორმების ეკონომიკურ ზონებში.
აღნიშნული ომის გამო, მებაჟე-ოფიცრებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კონტროლიც უწევთ, რათა საქართველოში სანქცირებული პროდუქტი არ მოხვდეს.
როგორც for.ge-თან ინტერვიუში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ აღნიშნა, საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების ან გაფორმების ეკონომიკური ზონებიდან სასაქონლო ოპერაციის განხორციელებაზე უარის 1000-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, აგრეთვე პირის ზეპირი, წერილობითი მომართვისას უარის თქმის 900-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილებაა მიღებული.
საბაჟო მიმართულებით ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა. ერთი წელია რაც დაინერგა ელექტრონული გაფორმების ზონა. რამდენად გაიზარდა მოთხოვან E-გეზის მომსახურებაზე?
ზურაბ სიჭინავა: როგორც მოგეხსენებათ, მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს (თბილისი, ბათუმი, ფოთი) გაფორმების ეკონომიკური ზონები, სადაც, როგორც წესი, ფიზიკურად მიდიან მოქალაქეები, კომპანიის წარმომადგენლები და ხორციელდება მატერიალურად წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საქონლის გაფორმების პროცედურები. გაფორმების ეკონომიკური ზონები ძირითადად მდებარეობს ქალაქგარეთ, მაგალითად, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე რომ მივიდეს პირი საკმაოდ დიდი დრო, ენერგია, ფინანსები სჭირდება, შემდეგ ადგილზეც დამატებითი დროა საჭირო გაფორმების პროცედურების განსახორციელებლად. შესაბამისად, ჩვენს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და „ციფრული საბაჟოს“ კონცეფციის ფარგლებში შეიქმნა „ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ პირს სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად ცენტრალიზებულად, ერთი ქუდის ქვეშ, განახორციელონ შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ელექტრონულად წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტების საფუძველზე ტვირთის გაფორმების პროცედურები.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „ელექტრონული გაფორმების ეკონომიკურ ზონას“ თანამშრომლები ჰყავს მთელი საქართველოს მასშტაბით და მაქსიმალურად ხდება არსებული რესურსის ოპტიმალურად გამოყენება და რესურსებს გადანაწილება. ანუ, ცენტრალიზებული გაფორმება აძლევს შესაძლებლობას, მაგალითად, ფიზიკურ პირს კახეთიდან, ატვირთოს დოკუმენტები ელექტრონულად სახლიდან გაუსვლელად და დეკლარაციას შეუვსებს ბათუმში ან ფოთში მყოფი მებაჟე ოფიცერი რომელიც „e- Gez“-ის თანამშრომელია;
როგორც უკვე აღნიშნეთ ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა e- Gez“ უკვე 1 წლის გახდა. აღსანიშნავია, რომ 1 წლის მონაცემებით, „e-Gez“-ის მებაჟე-ოფიცრების მიერ, სულ დარეგისტრირებულია 126 988 საბაჟო დეკლარაცია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ( საბაჟოს მიერ დაბეჭდილი დეკლარაციების 49 % ელექტრონული გეზის მიერ იქნა დაბეჭდილი) და მომსახურების სწრაფად და მარტივად მიღების შესაძლებლობაზე მეტყველებს. e- Gez“-ის კონცეფცია მნიშვნელოვნად ამცირებს გადასახადის გადამხდელთა დროს, ფინანსებს და რაც ყველაზე მთავარია ახდენს მომხმარებელთა რიგების განტვირთვას, საქართველოს მასშტაბით არსებულ სხვა გაფორმების ეკონომიკურ ზონებშიც.
გაფორმების ზონებში ახალი რენტგენო სისტემა დაინერგა. ეს სისტემა რამდენად ამცირებს საბაჟო კონტროლს?
- საბაჟო კონტროლის განხორციელების სხვადასხვა მექანიზმები არსებობს. მაგალითად, ტვირთის შემოსვლისას თავდაპირველად ხდება დოკუმენტების შემოწმება, საიდენტიფიკაციო საშუალებების (ლუქის) მთლიანობის კონტროლი, მებაჟე ოფიცრის მიერ მონაცემების სისტემაში შეყვანის შემდეგ სისტემის მიერ ავტომატურად ხდება რისკის დერეფანში გატარება და რისკის დაფიქსირების შემთხვევაში, შესაბამისი კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრა. კერძოდ, ან მხოლოდ დოკუმენტების შემოწმება ან და სატრანსპორტო საშუალების გახსნა და ტვირთის დეტალური, ფიზიკური დათვალიერება და სამსახურებრივი ძაღლებით დათვალიერება ან ტვირთის დათვალიერება არაინტრუზიული ტექნოლოგიით, კერძოდ რენტგენო ინსპექტირების სისტემებით (სკანერებით).
საქართველოს მასშტაბით, საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ფუნქციონირებს რენტგენული ინსპექტირების სისტემები, როგორც ტვირთის, სატრანსპორტო საშუალების, ასევე ბარგის, ხელბარგის და სხეულის დათვალიერების რენტგენული ინსპექტირების დანადგარებით, რაც უნიკალური საშუალებაა ტვირთის, სატრანსპორტო საშუალების, ბარგის, ხელბარგის სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი სკანირებისთვის.
საქართველოს საბაჟოსთვის უმნიშვნელოვანესია მუდმივად მოხდეს არსებული რენტგენოინსპექტირების სისტემების განახლება კიდევ უფრო მეტად თანამედროვე და ახალი შესაძლებლობების მქონე რენტგენო სკანერებით და აღნიშნული კუთხით მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფოთის ეკონომიკური ზონა ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია. უკრაინის ომის შემდეგ, რამდენად გაიზარდა ტვირთბრუნვა და რამდენად უძლებს საბაჟო სისტემა ამ დატვირთვას?
- ვერ დაგეთანხმებით, რომ ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონა ყველაზე დატვირთულია. არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ყველა გაფორმების ეკონიმიკური ზონა და საბაჟო გამშვები პუნქტი დატვირთვით მუშაობს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომის ფარგლებში, გლობალური მიწოდების ჯაჭვში მიმდინარე მნიშვნელოვანი და სწრაფი ცვლილებების და შეფერხებების ფონზე, მოხდა ახალ ტრანზიტულ კორიდორებში საქართველოს როგორც რეგიონალური ჰაბის მნიშვნელობის ზრდა - საერთაშორისო გადამზიდავების მხრიდან დაინტერესება საქართველოზე გამავალი კორიდორების მიმართ და ტვირთბრუნვამ მოიმატა როგორც სარკინიგზო და საზღვაო, ისე სახმელეთო მიმართულებით, შესაბამისად მკვეთრად მოიმატა მებაჟე ოფიცრების დატვირთვამაც, როგორც საბაჟო გამშვებ პუნქტებში, ასევე გაფორმების ეკონომიკურ ზონებში.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შემოსავლების სამსახურისთვის გამოწვევას წარმოადგენს კვალიფიციური კადრების გადინება. გამომდინარე იქედან, რომ მებაჟის პროფესია საკმაოდ რთულია და სპეციფიურ ცოდნას საჭიროებს, მუდმივად მიმდინარეობს ახალი სტაჟიორების აყვანა. ბოლო ერთის წლის განმავლობაში 100-ზე მეტმა სტაჟიორმა გაიარა თეორიული და პრაქტიკული კურსი და უმეტესი მათგანი დღეს მებაჟე ოფიცერად მუშაობს. ამასთან, ამ ეტაპზეც, საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში გადის სტაჟირებას ახალი ნაკადი და აღნიშნული მუდმივი პროცესია.
რუსეთიდან ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი აიკრძალა, ცნობილი ფაქტია, რომ შუა აზიაში საქართველოდან ხდება ავტომობილებით მომარაგება. შემცირდა თუ არა სატრანზიტო მიმართულება ამ კუთხით?
- როგორც მოგეხსენებათ, საქართველო, თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით, ტრადიციულად, წარმოადგენს ჰაბს შუა აზიისთვის და სხვა მეზობელი ქვეყნებისთვის ავტომობილების მომარაგების კუთხით და მოთხოვნა აღნიშნულ ბაზარზე ყოველწლიურად მზარდია.
საქართველო სანქციების პირველი პაკეტის გამოქვეყნებიდან იცავს და განაგრძობს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას და სანქციების დაწესების შემდეგ არ არის შესაძლებელი რუსეთის დანიშნულებით სანქციებს დაქვემდებარებული როგორც ავტომანქანების ასევე სხვა სანქცირებული ტვირთების გაშვება.
თუმცა, შეზღუდვები არ ეხება აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტს, რეექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან მითითებული აშშ-სა, დიდი შვიდეულის, ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მიერ გამოქვეყნებულ სანქციებში.
-იმ შემთხვევაში თუ ადამიანი რუსეთის მოქალაქეა ან ორმაგი მოქალაქეობა აქვს, აქვს თუ არა ავტომობილის შემოყვანა-გაყვანის უფლება?
აქვე აღვნიშნავ, რომ რუსეთის მოქალაქეს არ ეზღუდება ტვირთის ან და მანქანის შემოყვანა - გაყვანა და გადაადგილება, მიუხედავად იმისა, მას აქვს თუ არა ორმაგი მოქალაქეობა. ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღნიშნული განხორციელდეს კანონიერად და საბაჟოს მიერ, რა თქმა უნდა, ხორციელდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, აშშ-სა, დიდი შვიდეულის, ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების კონტროლი.
რუსეთზე ვსაუბრობთ და სანქციების თემა დღეს ერთ-ერთი აქტუალურია. ხშირად ისმის, რომ საქართველოში სანქცირებული ტვირთი შემოვიდა, საუბარი იყო გემებზეც. რამდენად ხშირია საქნცირებული ტვირთის შემოსვლის მცდელობა და როგორ ხდება მისი აღმოფხვრა?
- სხვადასხვა მედია საშუალებების მხრიდან არაერთხელ მოხდა საზოგადოებისთვის არასწორი დაუდასტურებელი ფაქტების მიწოდება, რაზეც შემოსავლების სამსახურის მიერ ასევე არაერთხელ იქნა გავრცელებული მიმართვა და საზოგადოებისთვის დაზუსტებული, რეალური ინფორმაციის მიწოდება.
მებაჟე ოფიცრებს საბაჟო პროცედურების განხორციელება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების დაცვის გათვალისწინებით უხდებათ გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში. ასევე, კონტროლის მექანიზმები და რისკების თავიდან აცილების საკითხები კიდევ უფრო აქტუალური გახდა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, ყველა ის პროდუქტი, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (მათ შორის, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი), რომელიც შესაძლებელია, განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს საქართველოში.
მოხდა სანქციებზე მომუშავე შესაბამისი ჯგუფის ფორმირება, სანქციების შესაბამის პროგრამებსა და მოდულებში დამატება და მებაჟე ოფიცრები 24/7 ახორციელებენ მათზე დაკისრებულ ფუნქცია მოვალეობებს და საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებასთან ერთად ახორციელებენ სანქციების კონტროლსაც,
მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების ან გაფორმების ეკონომიკური ზონებიდან სასაქონლო ოპერაციის განხორციელებაზე უარის 1000-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, აგრეთვე პირის ზეპირი,წერილობითი მომართვისას უარის თქმის 900-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება. შემოსავლების სამსახურს მუდმივი კონტაქტი აქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან.
როგორ ხერხდება სარკინიგზო მიმოსვლისას არადეკლარირებული ან კონტრაბანდული ტვირთის შემოწმება და ამოღება, რამდენად რთულია ასეთ დროს ამის კონტროლი?
- დიახ, საბაჟოსთვის უმნიშვნელოვანესია საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლის გამოვლენა, აღკვეთა და შესაბამისი რეაგირება, ასევე უმნიშვნელოვანესია აღნიშნულის თავიდან აცილება, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება ყველა სახის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო საბაჟო გამშვები პუნქტების მსგავსად, სარკინიგზო საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გამოიყენება საბაჟო კონტროლის განხორციელების სხვადასხვა მექანიზმები, როგორიცა დოკუმენტური კონტროლი, როგორც დატვირთული ასევე ცარიელი რკინიგზის ვაგონების ფიზიკური დათვალიერება, სკანირება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაზრდილი ტვირთბრუნვის ფონზე ტვირთის სწრაფი, უსაფრთხო გადაადგილებისთვის და არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენის პროცესში.
ამჟამად ფოთის პორტსა და გარდაბანში ფუნქციონირებს სარკინიგზო რენტგენული ინსპექტირების სისტემები და დაგეგმილია უახლოეს პერიოდში კარწახი-ახალქალაქის რკინიგზაზე რკინიგზის სკანერის დამონტაჟება.