შავი ზღვის წყალქვეშა ინტერნეტკაბელის პროექტის დაფინანსებაში ევროპის ბანკი ერთვება

შავი ზღვის წყალქვეშა ინტერნეტკაბელის პროექტის დაფინანსებაში ევროპის ბანკი ერთვება

„შავი ზღვის ინტერნეტ კაბელი ჩახსნის საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთზე და პირდაპირი, უშუალო კავშირი დამყარდება ევროპასთან, ასეთი პირდაპირი კავშირი ეკონომიკას სჭირდება“, – განაცხადა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. აღსანიშნავია, რომ Global Gateway-ის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირი შავი ზღვის ქვეშ ელექტროკაბელის განვითარებასაც გეგმავს. პროექტი უნგრეთსა და რუმინეთს საქართველოსა და აზერბაიჯანთან დააკავშირებს და ბლოკის „მომარაგების უსაფრთხოებას“ გააძლიერებს.

მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის განცხადებით, შავი ზღვის წყალქვეშა ინტერნეტ და ელექტროკაბელის პროექტით საქართველოს ახალი საექსპორტო ბაზრები გაუჩნდება. როგორც ჩარლზ ჯეი კორმიერმა განაცხადა, აღნიშნული ენერგოპროექტის განხორციელებით ერთი მხრივ, ევროპას ენერგორესურსების ახალი წყარო ექნება, ხოლო მეორე მხრივ, სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ელექტროენერგიის დამატებითი საექსპორტო ბაზარი გაჩნდება. მისი თქმით, პროექტის ეკონომიკური პოტენციალიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ დაინტერესებული ქვეყნების წრე გაფართოვდება.

„ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჩავატარეთ მიზანშეწონილობის კვლევა, რათა გვეჩვენებინა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი ეკონომიკურად სიცოცხლიუნარიანია და სარგებლის მოტანა შეუძლია მასში ჩართული ქვეყნებისთვის. ეს პროექტი მოიცავს როგორც ელექტრო, ასევე ინტერნეტკაბელს. ევროპას დიდი მოცულობით ელექტროენერგია სჭირდება, აქამდე ევროპის ქვეყნები რუსულ გაზზე და ენერგორესურსებზე მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებული. თუმცა, ახლა ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად შეამციროს რუსული ენერგორესურსების იმპორტი. სამხრეთ კავკასიის რეგიონს, მათ შორის საქართველოს ენერგო და ჰიდრორესურსების დიდი პოტენციალი აქვს. აზერბაიჯანს კი ქარის ენერგიის მიმართულებით აქვს პოტენციალი.

ამ პროექტის იდეა შემდეგშია - ევროპას ენერგორესურსების ახალი წყარო ექნება, ხოლო სამხრეთ კავკასიას მეტი შესაძლებლობა, ევროპაში ელექტროენერგია ექსპორტზე გაიტანოს. გარდა იმისა, რომ ამ პროექტით საქართველოსთვის ექსპორტის მიმართულებით ახალი ბაზრები გაჩნდება, ის მისცემს ქვეყანას შესაძლებლობას, რომ მაგალითად, ზამთრის პერიოდში რუმინეთიდან შემოიტანოს ელექტროენერგია.

წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტთან დაკავშირებით საქართველომ, რუმინეთმა, აზერბაიჯანმა და უნგრეთმა საერთო ხედვას უკვე მოაწერეს ხელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლოა, სხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ ამ პროექტით, რადგან ის სტაბილურობასთან ასოცირდება. ვფიქრობთ, საკმაოდ საინტერესო და ინოვაციური ინფრასტრუქტურული პროექტია“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამ მეტად მნიშვნელოვან პროექტს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ საგანგებოდ გამოეხმაურა. მისი შეფასებით, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელი გვპირდება იმას, რომ მწვანე ენერგიით მოხდეს ვაჭრობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის, ასევე ხელს უწყობს განახლებად ენერგიას და წყალბადის წარმოებას.

„სტრატეგიულმა შეთანხმებამ, რომელიც გაფორმდა 2022 წლის დეკემბერში, ბუქარესტში და მას ხელი მოაწერეს ლიდერებმა, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, უნგრეთიდან და რუმინეთიდან, მყარი საფუძველი შექმნა ენერგეტიკული პარტნიორობისთვის და მსოფლიო ბანკი უკვე მიიჩნევს, რომ ეს არის უკვე ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი შეთანხმება. ჩვენ მოველით, რომ 2024 წელს იქნება პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაც და ასევე, წყალქვეშა ელექტროკაბელის პარალელურად კიდევ ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი პირდაპირ დააკავშირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას სამხრეთ კავკასიასთან და საქართველოს მოქალაქეებს უკვე ექნებათ წვდომა უფრო სწრაფ და სტაბილურ ინტერნეტ კავშირზე“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირკვევა, წყალქვეშა კაბელის პროექტის გაანგარიშებისთვის დამატებითი კვლევები გახდა საჭირო, თუმცა მისი განხორციელების გეგმა და გრაფიკი კვლავინდებურად ძალაშია.

რომანი გამომდინრე ჩემი პროფესიული საქმიანობიდან , რომელიც დაკავშირებულია ევროპულ სამეცნიერო პროექტებთან მქონდა შეხება აღნიშნულ პროცესთან. მწვანე დღის წესრიგის შესრულების პროცესში წარმოქმნილმა სიძნელეებმა ევროკომისია აიძულა რამოდენიმე არადაგეგმილი ნაბიჯი გადაედგა, მათ შორის, ელექტროკაბელის შავი ზღვის ფსკერზე გაყვანის საკითხი ექცია პრიორიტეტულად, რაც საქართველოს გარეშე ვერ განხორციელდებოდა. ხაზი უნდა გაესვას ორბანის განსაკუთრებულ როლს ამ პროცესში, რამაც ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების, ხშირად, ზედმეტად ხისტ, მაგრამ ურყევ პოლიტიკასთან ერთად , რომელსაც, უნდა ითქვას, საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა აუბა მხარი, სასურველი შედეგი მოიტანა.
6 თვის უკან