პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგები - კვლავ სამართლის ძიებაში

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგები - კვლავ სამართლის ძიებაში

წინა ხელისუფლების პერიოდში პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნილი პედაგოგები მათი საქმეების ხელახლა შესწავლასა და პედაგოგიური საქმიანობის გაგრძელებას ითხოვენ. ასეთი მასწავლებელი 1 000-ზე მეტია და ჯერ არც ერთი მათგანი არ დაჰბრუნებია საქმიანობას. ერთ-ერთ მათგანს, "საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაციის" თავმჯდომარეს, ლია ნიკოლაიშვილს, სასამართლოს სამი ინსტანცია აქვს მოგებული, თუმცა, სამსახურში აღდგენილი კვლავ არ არის. ამ საკითხებზე სპეციალური კომისია მუშაობს. პედაგოგები თავად მოგვითხრობენ გათავისუფლების ისტორიებს, მათ გულისტკივილს კი დავის კომისიის პასუხისმგებელი მდივანი, მარიამ გოგინაშვილი ეხმაურება.

ლია ნიკოლაიშვილი, "საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე, 89-ე საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი:

- 1998 წლიდან პოლიტიკაში ვარ ჩართული, მაგრამ სკოლაში პოლიტიკა არასოდეს შემიტანია. მუდმივად ოპოზიციაში ვიყავი, თუმცა, სკოლიდან ჩემს გაშვებას ვერ ახერხებდნენ. 89-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ნანა სოლოღაშვილი, ამ სკოლის მეოთხე დირექტორია. წინა სამ დირექტორთან პრობლემა არასოდეს შემქმნია. ეს ქალბატონი 2007 წელს ავირჩიეთ, 1 წელი კარგად ვეწყობოდით, შემდეგ კი, ნელ-ნელა ერთპიროვნული მმართველობა დაიწყო, რასაც მე არ ვეთანხმებოდი. აგვისტოს ომის შემდეგ სკოლაში დევნილები შემოვიდნენ. მორიგეობა დაწესდა. ჩემი მორიგეობისას, ერთ-ერთმა მოქალაქემ დევნილი ბავშვების დასახმარებლად 100 დოლარი შეკრიბა. დევნილებს ვუთხარი, თანხას დირექტორს გადავცემ და მისგან აიღებთ-მეთქი. ნანა სოლოღაშვილმა თქვა, დევნილებმა კანალიზაცია გამიფუჭესო და ამ თანხით საკანალიზაციო მასალები იყიდა. ამის გამო დევნილები ძალიან გაბრაზდნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ დირექტორს ხსნიდნენ, მაგრამ მე დავიცავი. მიუხედავად ამისა, დამემუქრა, - მოგივლი, დევნილები როგორ ამიბუნტეო. კარგა ხანს ვერ ახერხებდა ჩემს გაშვებას. მოსწავლეების მშობლებს ეხვეწებოდა, ჩემ წინააღმდეგ განცხადება დაეწერათ, მაგრამ მხარი არ აუბეს. სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე კოლეგებმა მთხოვეს, კენჭი იყარეო და პირველ ადგილზე გავედი. რომ ვერაფერი მოახერხეს, ერთ-ერთი ციხის თანამშრომლის - ბადრაგის შვილი მესამე კლასში მომიყვანეს, მშობელს კი განცხადება დააწერინეს, თითქოს მე მისი შვილი ვცემე. სინამდვილეში, თითიც არ დამიკარებია. ამ მიზეზით, 2009 წელს სკოლიდან გამიშვეს. მეორე დღესვე ბრძოლა დავიწყე და უკან არ დამიხევია. სასამართლოში ბავშვის ცემის ფაქტი არ დამიმტკიცდა და პირველი ინსტანცია ნაწილობრივ მოვიგე. სააპელაციო სასამართლოზე ხელჩაქნეული მივდიოდი, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ისიც მოვიგე. დირექტორმა უზენაესში შეიტანა განცხადება და ეს სასამართლოც ჩემს სასარგებლოდ დასრულდა. წარმოიდგინეთ, 2010 წელს 8 თვეში სამი ინსტანცია მოვიგე. მიუხედავად ამისა, დღემდე არ ვარ აღდგენილი მასწავლებლად 89-ე სკოლაში. დირექტორმა არ დაწერა აღდგენა. ამის შემდეგ შევქმენი და ვარ "საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე და პედაგოგებს მთელი საქართველოს მასშტაბით ვიცავ. 16 პროცესი მაქვს მოგებული. ბიძინა ივანიშვილსაც შევხვდი და დამპირდა, რომ ჩემს ადგილზე აუცილებლად დავბრუნდებოდი. ხსენებული დირექტორი კვლავ აგრძელებს საქმიანობას. დღემდე არც ერთი უკანონოდ გათავისუფლებული პედაგოგი აღდგენილი არ არის. სასამართლომ 8 მუხლი მომიყენა. რომ წამეგო, ციხეში აღმოვჩნდებოდი. პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. 89-ე საჯარო სკოლის დირექტორს აქვს გაყალბებული ოქმები, პედაგოგების ნაცვლად აქვს ხელი მოწერილი. ჩემი ღირსებისა და პატივის შელახვისთვის პასუხი უნდა ვაგებინო - რაც კანონის ფარგლებში მეკუთვნის, ყველაფერს მოვითხოვ. 163-ე საჯარო სკოლაში დავიწყე მუშაობა, მაგრამ მაინც ვიბრძვი ჩემს ძველ ადგილზე დასაბრუნებლად. ჩემს შემდეგ დირექტორმა 34 ჩემი მეგობარი გაათავისუფლა და თავისი ნათესავები დაასაქმა. ნერვიულობის ნიადაგზე 3 პედაგოგი დაიღუპა. დღეს ყველა ყოფილი "ნაციონალი დირექტორი" "ოცნებისტი" გახდა. რა უნდა სკოლაში ისეთ დირექტორს, ვისაც საკუთარი პრინციპი არ გააჩნია?! 4 წელი უმუშევარი ვიყავი მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი მქონდა.

- ძირითადად, რა მუხლების საფუძველზე აქვს უფლებამოსილება შეწყვეტილი ამ 1 000 პედაგოგს?
- ძირითადად ბავშვის ცემის ფაქტები და 37-ე მუხლი - ხელშეკრულების შეწყვეტა.

- პედაგოგებს ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგაც უშვებენ სამსახურიდან?
- დღეს მდგომარეობა შეიცვალა, მაგრამ მანამდე გაშვებულ პედაგოგებს რა ეშველებათ?!

ლამზირა ყორჩიშვილი, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი:
- ჩალაუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ ვმუშაობდი და დაწყებით კლასებში ქართულის გაკვეთილებსაც ვატარებდი. დირექტორი ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციაში იყო. ამის გამო, 2011 წელს ის გაათავისუფლეს და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მე დავინიშნე. მალევე მოიყვანეს პროფესიით ინჟინერი, მეზობელი სოფლის მკვიდრი, დიასახლისი ლალი კუდაშვილი, რომელმაც მე შემცვალა. დირექტორის მოვალეობის შესრულებამდე სასწავლო ნაწილი გახლდით, ამიტომ, როცა ამ ქალბატონმა დირექტორის ადგილი დაიკავა, მე, ავტომატურად, სასწავლო ნაწილის თანამდებობაზე დავბრუნდი. ძალიან მალე სასწავლო ნაწილის ადგილიც დამატოვებინა და საათებიც შემიმცირა. მათი რაოდენობა, ნელ-ნელა ორზე დავიდა, მაგრამ არაფერი მითქვამს - ვიცოდი, სპეციალური დავალებით იყო მოსული. მალე ისიც მითხრა, ბრძანება მაქვს, სკოლიდან უნდა წახვიდეო. კორპორაციული ნომრების სია მოვიდა, მე ნომერი არ შემხვდა, ბუღალტერს კი ორი ნომერი გადასცა. ბუღალტერს ერთი ნომერი ვთხოვე, არ მომცა და ამის შესახებ დირექტორს მოახსენა. დირექტორი გაბრაზდა, ჩემს გაცემულ ნომრებს როგორ ითხოვო, ეს მიზეზად მომიდო და მითხრა: სკოლიდან უნდა "დაახვიო", თორემ პატრულს გამოვიძახებო. ცრემლიანი გამოვედი და განათლების სამინისტროში წავედი, განცხადება დავწერე. მალე გავიგე, რომ სოფელ მელაანში საჯარო სკოლა იხსნებოდა და ამის აღსანიშნავად, პრეზიდენტს ელოდნენ. მისთვის წერილის გადაცემა მინდოდა. მელაანში წავედი. როცა მისი მოახლოების დრო დადგა, ჩემთან სამი პიროვნება მოვიდა და მითხრა: ტერიტორია უნდა დატოვოთო. მხოლოდ იმის კითხვა მოვასწარი, რას ვაშავებ-მეთქი? მოულოდნელად აქეთ-იქით ამომიდგნენ და ხელკავით გამიყვანეს ადგილიდან. შემრცხვა, წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. ისე გავყევი, თითქოს ახლობლები იყვნენ. როცა ხალხის ნაკადს გავცდით, შევეწინააღმდეგე, არ შევხვდები პრეზიდენტს, სახლში გამიშვით-მეთქი. ტელეფონით ეკონტაქტებოდნენ ვიღაცას. მანქანაში ძალით ჩამსვეს, სახლში უნდა მიგიყვანოთო. როცა სხვა მიმართულებით წავედით, უფრო მეტად გავუწიე წინააღმდეგობა, თან ვტიროდი. რომ ვერ გამაჩერეს, თავი მანქანის მინას მახეთქებინეს. რამდენიმე დარტყმის შემდეგ გონება დავკარგე. - ჩქარა, ექიმიო - მახსოვს, რომელიღაცამ დაიძახა. საბოლოოდ, კაჭრეთის საავადმყოფოში აღმოვჩნდი. კომაში ვიყავი, ტვინის უმძიმესი შერყევა მივიღე. ექიმებისთვის უთქვამთ, გონდაკარგული გზაზე ვნახეთ, ქრისტიანები ვართ, მივეხმარეთო. გულზე ტელეფონი მეკიდა და მის ჩასადებში 30 ლარი მქონდა. ეს ფული ექიმებისთვის დაუტოვებიათ და ტელეფონი თავად წაუღიათ. ერთ-ერთი ექიმი ჩემი მეზობელი აღმოჩნდა. როცა მან მიცნო, ამ პირებს შეშინებიათ. უთქვამთ, პასპორტი არ გვაქვს, ამ მხარეს არ ვიცნობთ, სტუმრად ვიყავითო. პოლიციის გამოძახებას აპირებდნენ თურმე და იქვე, ვიღაცას უთქვამს, ვის იძახებთ, თავად პოლიციელები არიანო. მე რაიონის ცენტრალურ საავადმყოფოში გადამიყვანეს. ერთ თვეზე მეტი წოლითი რეჟიმი მქონდა. აღმოჩნდა, რომ მანქანაში ერთ-ერთი პირი პოლიციის უფროსი იყო. ამ საქმეზე გამოძიება დღესაც მიმდინარეობს. სკოლის ხსენებული დირექტორი ახლაც მემუქრება, რაიონში როგორც კი დამინახავს, პოლიციას განცხადებით მიმართავს, თითქოს შეურაცხყოფა მივაყენე. როცა მოწმეს სთხოვენ, ვერავის ასახელებს. მიკვირს დღევანდელი მთავრობის. პოლიტიკური მოტივით უამრავი პედაგოგია გათავისუფლებული. ყველას შევხვდი, თუკი ვინმესთან შეიძლებოდა შეხვედრა, მაგრამ სამართალი კვლავ "ტყვედაა"... გულით მინდა, ახალ მინისტრს შევხვდე, განათლებული და კულტურული პიროვნება ჩანს, მაგრამ ჯერჯერობით, ეს ვერ მოვახერხე. კახეთში არ დამდგარა პირველი ოქტომბერი და მთავრობა არ შეცვლილა, ჩვენ ისევ იგივე ტერორში ვცხოვრობთ.

ლია კუპატაძე, ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი:
- მე-9 კლასელ გოგონას პარასკევ დღეს დირექტორმა უთხრა, - დღეს გაკვეთილი არ იცოდი და სკოლაში დარჩი, საქმე მაქვსო. გოგონამ თანაკლასელებს სთხოვა, მარტო არ დამტოვოთო და გაუმხილა, რომ თურმე, ეს კაცი პარასკეობით, როცა მოსწავლე მორიგე იყო, კლასში შედიოდა და მას უხერხულად ეხებოდა. კლასელებმა ეს ამბავი ერთ-ერთ მასწავლებელს უთხრეს. ოთხმა მასწავლებელმა არ მოვინდომეთ ამ ამბის დამალვა, რადგან ბავშვი სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა. გოგონას ამბის მოყოლა რამდენიმე პედაგოგის თანდასწრებით ვთხოვეთ. როცა ბავშვმა ამბის თხრობა დაასრულა, მასწავლებლებმა გიჟი ეძახეს და ლამის ხელით შეეხნენ.

- ამის მიზეზი რა იყო?
- ამ სკოლაში ახლაც მუშაობს დირექტორის მეუღლე, რომელიც დიდ გავლენას ახდენდა კოლექტივზე. ეს ქალბატონი მათ სკოლიდან გათავისუფლებით ემუქრებოდა. გოგონამ ამბავი დედას მოუთხრო, საბრალო ქალი იმუქრებოდა, დირექტორისთვის სახლ-კარის გადაწვას აპირებდა, მაგრამ ჩვენ დავამშვიდეთ და ვურჩიეთ, შვილი კანონის ძალით დაეცვა. მალე, ჩემთვის დღესაც გაურკვეველი მიზეზით, ამ ქალბატონმა შვილი ბებიასთან დატოვა და საცხოვრებლად მეორე შვილთან ერთად თბილისში წავიდა. სოფელში ეს ამბავი გახმაურდა. დირექტორის ამგვარი უხამსი საქციელის შესახებ ჭორები სხვა დროსაც იყო. ხსენებული გოგონა, როცა დედამაც მიატოვა, დაუცველი დარჩა. ერთ-ერთმა მასწავლებელმა პოლიციაში დარეკა, მათ ჩვენებები ჩამოგვართვეს. გარკვეული პროცედურების შემდეგ სკოლიდან ოთხივე მასწავლებელი გაგვათავისუფლეს. მაშინდელი ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები ახლო ურთიერთობაში იყვნენ დირექტორთან და მის მეუღლესთან. შედეგად, მას მხოლოდ 3 წელი მიუსაჯეს. პროკურატურაში ბავშვზე ძალადობა არ დამტკიცდა. მთელი წელი, როგორც კაცის მკვლელები, ისე გვატარეს სასამართლო სხდომებზე. დარჩენილმა პედ-კოლექტივმა მთელ სოფელში გაგვივრცელა ჭორი, თითქოს ჩვენ დავარიგეთ ბავშვს ასე ეთქვა. ისინი სკოლიდან გათავისუფლების შიშით დაგვიპირისპირდნენ. დირექტორი დიქტატორი იყო, ხელფასს გვიკავებდა სურვილის მიხედვით. ყარაულად საკუთარი თავი ჰყავდა დანიშნული. 32 წელი დაწყებითი კლასების მასწავლებლად ვიმუშავე, საფრთხის წინაშე მდგარ ბავშვს გამოვექომაგე და სკოლა დამატოვებინეს. დღეს ეს ადამიანი თავისუფალია. ყველგან შევიტანე განცხადება, მაგრამ არც ერთი განცხადების პასუხი ჯერ არ მიმიღია...

- ბავშვს რა ბედი ეწია?
- ოჯახმა სკოლიდანაც და სოფლიდანაც წაიყვანა, მწყემსის შვილი იყო და ვინ დაიცავდა...

მარიამ გოგინაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავების შემსწავლელი კომისიის პასუხისმგებელი მდივანი:
- კომისიის მუშაობა კვლავ გრძელდება. საკითხების უმრავლესობა არსებით განხილვაზეა გადატანილი. განმცხადებლებს უშუალოდ დაიბარებს კომისია და გაესაუბრება. ამის მიხედვით, კომისია გამოიტანს დასკვნას, რომელსაც წერილობითი სახით ჩავაბარებთ განმცხადებლებს. კონკრეტულად გაწერილი არ არის, რომელ განმცხადებელს, როდის დავიბარებთ. კომისია ყოველკვირეულად მუშაობს. თავიდან 830 განცხადება იყო შემოსული, ნაწილი პირდაპირ არსებით განხილვაზე გადავიდა, ნაწილს დამატებითი საბუთების წარმოდგენა ვთხოვეთ. მაგალითად, გათავისუფლების ბრძანება, ან რაიმე სხვა საბუთი, რომლის წარდგენაც კომისიამ მიიჩნია საჭიროდ. ამ დროისათვის, 200-მდე განცხადებაა ისეთი, რომელიც არსებით განხილვაზეა გადატანილი.

- რამდენად შესაძლებელია პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების კვლავ სამსახურში აღდგენა?
- კომისიის კომპეტენცია შეზღუდულია, ის მხოლოდ ადგენს, მოხდა თუ არა, ამა თუ იმ პიროვნების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით. შემდეგ, შესაბამის რეკომენდაციას გადასცემს მინისტრს. საბოლოოდ, მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ მოხდება ამა თუ იმ პირის რეაბილიტაცია.