საქართთველოში გაზისა და ნავთობის მოპოვება ისევ აქტიურდება. ამჯერად საუბარია ორ ახალ მიმართულებაზე. მართალია, აქამდე მოპოვებული ბუნებრივი წიაღისეულის მოცულობა მცირეა, მაგრამ სამაგიეროდ, ენთუზიაზმი კვლავაც დიდია.
ნავთობისა და გაზის სააგენტოსაც მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ წელს ნავთობის მოპოვება - 200%-ით, გაზის კი 140%-ით არის გაზრდილი. დაფიქსირებული მაჩვენებლები აბსოლუტურ რიცხვებში ნავთობის შემთხვევაში 40 000-ტონიან ნიშნულს, გაზის შემთხვევაში კი 15-18 მილიონ კბ/მ მოცულობას მიაღწევს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ჭალადიდში ნავთობისა და გაზის მოპოვების მაღალი პოტენციალია. კვლევების პარალელურად, დაიწყება ჭაბურღილის ბურღვაც.
როგორც გიორგი ტატიშვილმა აღნიშნა, მოპოვებული ნავთობისა და გაზის მოცულობების ზრდა ბრიტანული ნავთობმომპოვებელი კომპანია „ბლოკ ენერჯის“ მიერ სამუშაოების ინტენსივობამ და ძებნა-მოპოვების პროცესში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებამ გახადა შესაძლებელი.
ნავთობისა და გაზის სააგენტო მიიჩნევს, რომ ქვეყანას გაცილებით მეტი ნავთობისა და გაზის რესურსი გააჩნია, შესაბამისად, აქცენტი კეთდება იმ პოტენციალის ათვისებაზე, რაც ქვეყანას არა მხოლოდ აღმოსავლეთ, არამედ დასავლეთ ნაწილში აქვს. როგორც გიორგი ტატიშვილი აცხადებს, სამეგრელოში, კერძოდ ჭალადიდის ტერიტორიაზე წლის ბოლომდე ჭაბურღილის ბურღვა დაიწყება. ნავთობისა და გაზის მოპოვებით სამუშაოებს კომპანია „ვესტ გალფ პეტროლიუმი“ განახორციელებს.
„მაქსიმუმ წლის ბოლომდე ჭალადიდის ფართობზე, სამეგრელოში დაიწყება პირველი ღრმა ჭაბურღილის ბურღვა, რომელიც 4 000 მეტრამდე იქნება. „ვესტ გალფ პეტროლიუმი“ პარალელურად სეისმურ სამუშაოებს ატარებს. დაახლოებით 200 გრძივ კილომეტრამდე უკვე მონაცემები ჩაწერილია. საკმაოდ ოპტიმისტური სურათი გვაქვს, რომ ამ ერთ ღრმა ჭაბურღილის დასრულებისთანავე მეორე ჭაბურღილიც გაიჭრება“, - აღნიშნა „ბიზნეს მედიასთან“ საუბრისას ტატიშვილმა.
პარალელურად, ნავთობისა და გაზის სააგენტო კახეთში, მე-10 სალიცენზიო ბლოკზე საერთაშორისო ინვესტორის შემოყვანასაც გეგმავს. სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, იქ ისტორიულად, როგორც გაზის, ისე ნავთობის მარაგები არსებობს. აღნიშნული სალიცენზიო ბლოკი 4 336 კვადრატული კილომეტრია და თიანეთის, საგარეჯოს, ახმეტის, თელავის, ყვარლის, სიღნაღის, გურჯაანისა და ლაგოდეხის რაიონებს მოიცავს.
„კახეთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს თავისუფალი სალიცენზიო ბლოკი, სადაც ვფიქრობთ, მოვახდინოთ ამ ტერიტორიაზე არსებული მასალების კიდევ ერთხელ გადამუშავება, რომ შევთავაზოთ ინვესტორებს. დიდი ფართობის მქონე ბლოკია, საინტერესო ადგილას, იქ ისტორიულად გაბურღული ჭაბურღილი იყო, რომელშიც როგორც ნავთობის, ისე გაზის გამოვლინებები იყო.
მოვსინჯავთ და ძლიერი ტექნოლოგიური კომპანიის შემოყვანას ვეცდებით, რომელიც ამ მიმართულებასაც განავითარებს“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ტატიშვილმა.
საქართველოს ტერიტრორიაზე გაზისა და ნავთობის მარაგების არსებობას ადასტურებს ტრანსკასპიური გაზსადენისა და „თეთრი ნაკადის“ პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაყმაძეც, რომლის თქმითაც, შედეგის მიღებამდე საკმაოდ დიდი ინვესტიციებია საჭირო. პროცესი გრძელვადიანია, ამიტომ ცნობილ კომპანიებს ურჩევნიათ უკვე გახსნილ საბადოებზე შევიდნენ.
„გარკვეულ მარაგს ვფლობთ ჩვენც, მაგრამ სტრატეგიულ საბადოებზე საუბარი ნაადრევია. მცირე საბადოები არის, მაგრამ ამაზე შორს ჯერჯერობით ვერ წავედით. ის, რასაც ნავთობისა და გაზის სააგენტო აცხადებს, საყურადღებოა, მაგრამ სათქმელი უნდა თქვას ინვესტორმა, ვინც ფულს გამოყოფს და გაბურღვას განახორციელებს. ყველაფერი შედარებითია. რადგანაც მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდებებია, საჭირო, ამიტომ ცნობილ კომპანიებს ურჩევნიათ უკვე გახსნილ საბადოებზე შევიდნენ. ასე რისკი უფრო დაბალია.
საქართველოსთვის რაც ზედაპირზე დევს, არის სატრანზიტო ფუნქცია, რომელსაც ბევრად მეტი დოვლათის მოტანა შეუძლია, ვიდრე ადგილობრივ მოპოვებას. ამ დერეფანმა, რაზეც ხელშეკრულებები გაკეთდა ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, უკვე 10-მილიარდიანი სარგებელი მოუტანა ქვეყანას. მე პირადად ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერება უფრო პრიორიტეულად მიმაჩნია, ვიდრე საბადოების აღმოჩენა“, - აღნიშნა ვაშაყმაძემ საუბრისას.
საქართველოში დღემდე აღმოჩენილია 16 საბადო და ჯამურად მოპოვებულია 27 მლნ ტონა ნავთობი და 3 მილიარდი კუბურ მეტრზე მეტი გაზი. ეს საბადოები აღმოჩენილია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში და ახლა ამ საბადოებიდან მოსაპოვებელი დარჩა დაახლოებით 5 მლნ ტონა ნავთობი და 4-5 მლრდ კუბური მეტრი გაზი.