"ბიძინა ივანიშვილი 25 ნოემბრამდე წავა"

ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად, პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც არღვევს ქართველი პოლიტიკოსების "ტრადიციას" და თანამდებობას საკუთარი ნებით ტოვებს. კონსტიტუციით გაწერილი პროცედურების თანახმად, კონკრეტულად როდის დაგვიქნევს ხელს პრემიერი, ამას იურისტი და კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი განმარტავს:

- პროცედურების თანახმად, პრეზიდენტი არჩევიდან 20 დღეში ფიცს დებს და იმ წუთიდან საქართველოს მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას. პრეზიდენტი ავალებს ამავე მთავრობას მოვალეობის შესრულებას, ანუ ბიძინა ივანიშვილი ჯერ არის პრემიერ-მინისტრი და მთავრობაც იგივეა. შემდეგ იწყება ახალი მთავრობის ფორმირება, რაც შემდეგნაირად ხდება: ბოლო საპარლამენტო, ანუ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში საუკეთესო საარ­ჩევნო შედეგის სუბიექტი სთავაზობს პრეზიდენტს, წამოაყენოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი (მან შეიძლება დაასახელოს ბიძინა ივანიშვილი, ან სხვა). ამ მომენტიდან უკვე იწყება პრემიერის გადაყენების, ანუ წასვლის პროცედურა, თუ, რა თქმა უნდა, იგი აპირებს პოლიტიკიდან წასვლას. ამის შემდეგ, ეს ახალი (ან ძველი) კანდიდატი აყალიბებს მთავრობის მთელ შემადგენლობას, რომელიც ადგენს სამთავრობო პროგრამას და მიდის პარლამენტში ნდობის მისაღებად. თუ პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა, ის დანიშნულად ითვლება და ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ფორმალურად გააფორმებს მის დანიშვნას. ბიძინა ივანიშვილი თუ წასვლას ახლავე აპირებს, ეს იმ მომენტში მოხდება, როდესაც კოალიცია დაასახელებს ახალ პრემიერ-მინისტრს. ამ პროცედურას დაახლოებით ორი კვირა სჭირდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაღაც
წინააღმდეგობები (არადა, ამის მოგვარება ერთ კვირაშიც შეიძლება). წესით და რიგით, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის ფიცის დადებიდან ორ კვირაში წავა. ამბობდნენ, არჩევნების შემდეგო, მაგრამ ეს არჩევნების შემდეგ შეიძლება იყოს წლის ბოლო. ვინაიდან ასეთი პროცედურაა გათვალისწინებული, თამაშს ხომ არ დაიწყებენ? ეს ხომ პოლიტიკური თამაში გამოვა, ანუ ჯერ პრემიერ-მინისტრად აირჩევენ ისევ, მერე რაღაცა დრო გავა და გადადგება და ისევ უნდა დაიწყოს ახალი მთავრობის ფორმირება? მე მაინც მგონია, რომ ივანიშვილი პრეზიდენტის ფიცის დადებიდან ორი კვირის ვადაში წავა - პირველი ტური თუ იქნა, ეს დაახლოებით თვის ბოლოს, 20-დან 25 ნოემბრამდე უწევს.