[თომას დე ვაალი, The National Interest]
იმის გამო, რომ ”ძალაუფლების” ვერტიკალი პოსტ-საბჭოთა სივრცეში განმტკიცდა, არასამთავრობო ინსტიტუტების უმეტესობა, ერთი საინტერესო გამონაკლისის გარდა, დასუსტდა და ეს გამონაკლისი ეროვნული ეკლესიებია. 2011 წლის დასაწყისში პატრიარქებს ყველაფერი ფეხქვეშ ფიანდაზად ეფინება.
ეს ფენომენი სომხეთში, საქართველოსა და რუსეთში უფრო ძლიერია. სომხეთის კათოლიკოსი, გარეგინ მეორე არა მხოლოდ სომხური გრიგორიანული ეკლესიის ლიდერია, არამედ მსოფლიოს სრულიად სომეხთა. მაგრამ ის თავის უზარმაზარ გავლენას საკმაოდ უხმაუროდ იყენებს. ილია მეორე (რომელიც საქართველოს პატრიარქია 1977 წლიდან) და მოსკოვის პატრიარქი კირილ პირველი, უფრო თვალსაჩინონი არიან და ორივე შორსმჭვრეტელი პოლიტიკური ფიგურაა.
შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი პატრიარქი, ალბათ, ერთადერთნი არიან, ვინც ამ ორ ქვეყანაში ხელშეუხებელია. NDI-ის მიერ გასულ აპრილს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ილია მეორეს გამაოგნებელი რეიტინგი აქვს – 90 პროცენტი, რაც მას იოლად აქცევს საქართველოს ყველაზე პოპულარულ ფიგურად და რის გამოც ის ადვილად უსწრებს წინ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც 58 პროცენტი დაიმსახურა.
შარშან მოსკოვის პატრიარქმა კირილ მეორემ „ნეზავისიმაია გაზეტას“ ტრადიციულ სიაში, რომელსაც ექსპერტები ადგენენ, 100 წამყვან პოლიტიკურ ფიგურას შორის მე-7 ადგილი დაიკავა, ეს სულაც არაა უმნიშვნელო რამ არაპოლიტიკური ფიგურისათვის. მას მხოლოდ ვლადიმერ პუტინმა, დიმიტრი მედვედევმა და მათმა უახლოესმა მოკავშირეებმა გაუსწრეს. კირილ პირველმა სიაში უკან მოიტოვა რუსეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები და ალექსეი მილერი, “გაზპრომის” ხელმძღვანელი.
ამ ადამიანებს ვერ უგულებელჰყოფ. გამოკითხვები იმის ვარაუდს აჩენს, რომ რელიგიური რწმენა რუსეთში ძლიერდება და არა პირიქით. ”ლევადა ცენტრი”–ს ცნობების თანახმად, მოსახლეობის ორი მესამედი თავს რუსული ორთოდოქსული ეკლესიის მრევლად მიიჩნევს, 90-იანებში ეს მაჩვენებელი თითქმის ნახევარზე ნაკლები იყო.
პოლიტიკურ ლიდერებს ამ ძლევამოსილ სიმბოლოსთან ასოცირება სჭირდებათ, ასე რომ ისინი უარს ამბობენ თავის კომკავშირულ ახალგაზრდობაზე, ღვთისმსახურებებზე ჩნდებიან და პატრიარქთან ნაციონალურ პლატფორმას ინაწილებენ. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტემპერამენტითა და შეხედულებებით შორსაა ორთოდოქსული ღვითსმოსავობისგან, მაგრამ ამას წინათ საჯაროდ გამოხატა პიეტეტი პატრიარქისადმი და მანამდე შვილის ნათლობაზე თანხმობა განაცხადა.
პატრიარქები ამ ვითარებას თავისი პოლიტიკური მიზნების გასატარებლად იყენებენ. ორივეს სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ერთი რამ, რაც მათ გააკეთეს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობების დაცვაა. ისინი გაემიჯნენ იმ ექსტრემისტულ ნარატივებს, რომლებმაც რუსეთი და საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოიცვა. პატრიარქი ილია დაღუპულთა ცხედრების დაბრუნებას დაეხმარა და პირადად დაიცვა ორი ქართველი მუსიკოსი, რომელთაც რუსეთში კონცერტების ჩატარების გამო აძაგებდნენ.
კირილმა დამოძღვრა რუსეთის ორთოდოქსული ეკლესია, რათა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით არაკონფრონტაციული პოზიცია დაეკავებინათ. გასულ თვეს მან განაცხადა: „ჩვენი მოძმე ეკლესიები, რომლებიც ასე ახლოს არიან ერთმანეთთან გეოგრაფიულად და გულით, ის ორი ლოკომოტივი უნდა იყოს, რომელიც გამოიყვანს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებს დღეს შექმნილი მძიმე ვითარებიდან“.
მიუხედავად იმისა, რომ ის ამას ასე ვერ განიხილავდა, მოსკოვის პატრიარქი, „ახლო საზღვარგარეთში“, ალბათ, რუსეთის რბილი ძალის ყველზე ეფექტური ინსტრუმენტია. მან რამდენიმე ვიზიტი ჩაატარა უკრაინაში გასულ წელს და გახდა ის ერთადერთი მართლმადიდებელი პატრიარქი, რომელიც ვიქტორ იანუკოვიჩმა ინაუგურაციაზე მიიწვია.
უფრო წინააღმდეგობრივია ის საკითხი, რომ მართლმადიდებელი ეკლესიებისათვის მინიჭებული პატივი, მათ თავისი კონსერვატიული სოციალური გეგმების განხორციელების სივრცეს უქმნის. ხანდახან ყველაფერი ქარის წისქვილებთან ბრძოლით მთავრდება. ასე იყო, როდესაც გასულ კვირას არქიეპისკოპოსმა ვსევოლოდ ჩაპლინმა რუს ქალებს გამომწვევ კაბებზე უარის თქმა მოსთხოვა. მან ამ კაბებს „სტრიპტიზი“ უწოდა და „ეროვნული დრესკოდის“ შემოღების წინადადებით გამოვიდა. ღმერთმა ხელი მოუმართოს. მაგრამ ეკლესიები უფრო ეფექტურნი არიან ჰომოსექსუალიზმისა და სხვა ლიბერალური ტენდენციებისადმი მტრული სოციალური კონსენსუსის ფორმირებაში.
საქართველოში ეკლესიის უწყება კიდევ უფრო ძლიერია. ილია მეორემ ქართველ მშობლებს მესამე შვილის გაჩენისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ თუ ასე მოიქცევიან, ამ ბავშვების ნათლია გახდება. შედეგად შობადობამ იმატა. შემდეგ მან ჰელოუინის აღნიშვნის ადათი დაგმო. გასულ წელს ახალგაზრდა ქართველებს უცხოეთში წასვლის ცდუნების დაძლევა და გლობალიზაციის „საფრთხისთვის“ წინააღმდეგობის გაწევა მოსთხოვა. „ახლა ის დროა, როდესაც ადამიანმა არ უნდა მიატოვოს თავისი განძი და უცხოეთში წავიდეს. ნებისმიერ განძს გაფრთხილება უნდა. და რა არის ჩვენი განძი? მთელი საქართველო, მისი ტაძრები, მისი ღირებულებანი, მისი ხალხი; ესაა ჩვენი საგანძური“.
პატრიარქმა პოლიტიკაშიც შეაბიჯა, მაგალითად მან საქართველოს განათლების სადაო მინისტრი, დიმიტრი შაშკინი გააკრიტიკა. რუსეთში, მიუხედავად მთელი მისი ძლევამოსილებისა, წარმოუდგენელია, რომ პატრიარქი მმართველ ელიტას, საკვანძო პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუპირისპირდეს. საქართველოში ახლა ეს შესაძლებელია და პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს აღმოაჩინა, რომ ჰყავს ერთი პოტენციური კრიტიკოსი, რომელიც თავად კრიტიკაზე მაღლა დგას.
foreignpress