Financial Times - თანაინვესტირების ფონდში ბიძინა ივანიშვილის როლი კითხვებს ბადებს

Financial Times - თანაინვესტირების ფონდში ბიძინა ივანიშვილის როლი კითხვებს ბადებს

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი და 6-მილიარდიანი კერძო ინვესტირების ფონდი", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Financial Times მონიკა ელენას სტატიას საქართველოს თანაინვესტირების ფონდზე.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს მილიარდერმა პრემიერ-მინისტრმა კერძო ინვესტირების ფონდი აამუშავა, რომელითაც ცოტა ვინმე თუ არის აღფრთოვანებული.

სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ საქართველოს 6-მილიარდიანი თანაინვესტირების ფონდში ბევრი გავლენიანი ინვესტორი გაწევრიანდა, მათ შორის "აბუ დაბი ჯგუფი" არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, თურქული Calik Holdings და ჩინური Milestone Intl Holding და თავად ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი კერძო ქონებიდან 1 მილიარდი დოლარი დააბანდა ფონდში.
"თუმცა, ფონდის მასშტაბებმა და სამთავრობო სტრუქტურებმა ეჭვები გამოიწვია ქვეყანაში, სადაც ბიზნესი და პოლიტიკა ხშირად არის ერთმანეთში გადახლართული", - წერს მონიკა ელენა.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს თანაინვესტრების ფონდი ენერგეტიკის, ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და სხვა სფეროებში განსახორციელებელ პროექტებს დააფინანსებს. ავტორი ციტირებს ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის კომენტარსაც, რომელიც აღნიშნავს, რომ ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს 5 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროექტებს, ხოლო თანამონაწილეობა 75%-მდე განისაზღვრება დაახლოებით შვიდი წლით და ეს ვადა მაქსიმუმ 2 წლამდე გაიზრდება. ამ ვადების გასვლის შემდეგ კი, ფონდი გამოვა თავისი საინვესტიციო პროექტებიდან საკუთარი წილის პროექტის თანამფლობელებისთვის, ან მესამე მხარისთვის, ან საფონდო ბირჟაზე პირველადი განთავსების მიყიდვის გზით.

"რა თქმა უნდა, საქართველოს სჭირდება ინვესტიციები. 2013 წლის პირველ ნახევარში მისი მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) 1,8%-ით გაიზარდა, რაც მკვეთრი ვარდნაა 2012 წლის 6,1%-იან ზრდასთან მიმართებაში. მიმდინარე წელს მთავრობა იმედოვნებდა 2 მილიარდი დოლარის მოზიდვას პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, თუმცა ცოტა ხნის წინ საკუთარი პროგნოზი 1 მილიარდ დოლარამდე შეამცირა. ქართველები კი შეშფოთებულნი არიან საცხოვრებელი ხარჯების მატებითა და მასიური უმუშვრობით - მოსახლეობის 46% საკუთარ თავს უმუშევრად და სამსახურის მაძიებლად მიიჩნევს", - წერს მონიკა ელენა.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ პოლიტიკურმა გაურკვევლობამ საკუთარი წვლილი შეიტანა ეკონომიკურ შენელებაში. მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ, ყოფილი მოკავშირეები დაპირისპირებულ მეტოქეებად იქცნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქვეყნის პრეზიდენტს შორის პოლიტიკური კოჰაბიტაცია კი რთული გამოდგა.
"მათ დიდხანს აღარ მოუწევთ კოჰაბიტაციაში ყოფნა. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა ეწურება. ივანიშვილმა კი, რომელსაც პრემიერობის ვადა 2016 წელს ეწურება, განაცხადა, რომ თანამდებობიდან სააკაშვილის წასვლის შემდეგ გადადგება, რადგან მიაღწია მთავარ მიზანს – ხელისუფლებას ჩამოაშორა მთავარი კონკურენტი", - აღნიშნავს მონიკა ელენა.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ბევრი კრიტიკოსი შიშობს, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ, შესაძლოა, მისი ჭირვეული კოალიცია დაიშალოს. ერთი ნაწილი კი აცხადებს, რომ ივანიშვილი თავის პოპულარობასა და შესაძლებლობებს გამოიყენებს და მთავრობას კულისებიდან გააკონტროლებს, თუმცა თავად პრემიერი ამ ბრალდებას უარყოფს.

"მიუხედავად ამისა, ახალ ფონდში მისი როლი, როგორც ცალკეული ინვესტორისა და საქართველოს ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსის, რთულ კითხვებს ბადებს", - აღნიშნავს მონიკა ელენა.
სტატიის ავტორი ასევე ციტირებს საქართველოს თანაინვესტირების ფონდის დირექტორის გიორგი ბიჩიაშვილის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ ფონდი აბსოლუტურად კერძო, გამჭვირვალე და დამოუკიდებელია, სადაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი ისეთივე ინვესტორია, როგორც სხვები.

"6-მილიარდიანი ფონდი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 40%-ს შეადგენს. მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ფონდი მთლიანი თანხის დახარჯვას გეგმავს, რის გამოც ანალიტიკოსებს აინტერესებთ, შეძლებს თუ არა საქართველოს შეზღუდული ეკონომიკა ამ თანხების ათვისებას. ფონდის გახსნაზე ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ იმედოვნებს, თანამდებობიდან მისი ვადაზე ადრე გადადგომა საქართველოში მცხოვრებ უცხოელ ინვესტორებს წაახალისებს. სექტემბრის დასაწყიში გავრცელებულ ღია წერილში ივანიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ხელისუფლებაზე ზედამხედველობის გაძლიერებას გეგმავს. თუმცა, ბევრი რამ არის იმაზე დამოკიდებული, თუ როგორც შეითავსებს ის ამ განსხვავებულ როლებს", - წერს მონიკა ელენა.