ლევან ხაბეიშვილი საკუთარ ფიქრებს გვიზიარებს და აცხადებს, რომ სააკაშვილმა არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის სიტყვით, იყო პერიოდი, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, რომ მას არ აინტერესებს ქართული პოლიტიკა, თუმცა ახლა ლევან ხაბეიშვილი მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება შეცვალა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა უნდა მიიღოს, თავად უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა. ამ არჩევნების ლეგიტიმაცია თუ გვინდა, წარმოუდგენელია, პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს პატიმრობაში, არ ეძლეოდეს შესაძლებლობა მის ხალხთან ურთიერთობის და ისე ჩატარდეს არჩევნები“,-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
სააკაშვილის გარემოცვა ცდილობს, რამენაირად საინტერესო გახადოს სააკაშვილის ყოველდღიური რუტინა და ის ნებისმიერი საბაბით ყურადღების ცენტრში იყოს. „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ახლა პრეზიდენტ ზურაბიშვილზე ნერვიულობს, რომ ყურადღებას ართმევს და მთავარი თემა ზურაბიშვილია და არა თვითონ.
სააკაშვილის მხრიდან არჩევნების მიმართ სენსიტიური დამოკიდებულება არახალია. 2021 წელსაც სააკაშვილი ამბობდა, რომ პირადად ჩამოვიდოდა საქართველოში და დაპატიმრების არ ეშინოდა, რადგან ქართველი ხალხი გაათავისუფლებდა. თუმცა მისი ჩამოსვლა 1-ელ ოქტომბერს დაპატიმრებით დასრულდა და მან ვერ მოახერხა 2 ოქტომბრის არჩევნებში საკუთარ მომხრეებში მუხტის აწევა.
რა მდგომარეობაა დღეს და რამდენად შეუძლია უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, არჩევნებში მონაწილეობა? რა განწყობაა საკუთრივ მის ამომრჩეველში-სჭირდებათ კი მის მომხრეებს ისეთი კანდიდატურა, რომელმაც პატიმრობაში ყოფნისას ადამიანური სისუსტეები გამოავლინა?
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი სიახლე ამ ქვეყნისთვის არც ახლა, არც მომავალში არ მოაქვს. „ნაცმოძრაობის“ ეს კასტა, მთელი თავისი ამომრჩევლით და ლიდერშიპის ჩათვლით მუშაობს იმაზე, რომ ეს ხელისუფლება ჩაანაცვლოს. ის, რომ ახალი დაპირებები გასცეს და ამით საკუთარი მხარდამჭერების არეალი გაამრავლოს, ამის ინტერესი ამ პარტიას არ აქვს. ერთადერთი, რასაც ლაპარაკობენ, ესაა, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსულია და ჩვენ პროევროპულები ვართო.
„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ „ნაცმოძრაობა“ ან ახლა, ან ოდესმე პროევროპული ყოფილიყო, პროდასავლური არასდროს არ ყოფილან და არც ახლა იქნებიან „ნაცები“, მაგრამ ეს აქვთ სალაპარაკო და მეტი არაფერი. ამიტომ სააკაშვილის ლიდერობა იქნება თუ არა ამ არჩევნებში, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, აქ ძირითადი მაინც ის ხალხია, ვინც ფიქრობს, რომ უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ეს არის ყოფილი სახელისუფლებო პარტია, რომელსაც ისევ და ისევ ხელისუფლების ხელში ჩაგდება სურს, მეტი სხვა პოზიტივი მათგან არ გამიგია. ამიტომ სააკაშვილის ფაქტორი აქ დიდს არაფერს იძლევა. უბრალოდ, სააკაშვილის ფაქტორით თუ მელია აპირებს გამოყოფას, ამას „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის გაყოფის დროს შესაძლოა, რაღაც პლუსი ჰქონდეს მათთვის, ვისთანაც სააკაშვილი საკუთარ თავს მოიაზრებს, ასეთ შემთხვევაში, 60-40-ზე განაწილდება „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი. 60 იქნება იქ, სადაც სააკაშვილია, 40 იქნება იქ, სადაც სააკაშვილი არ არის. ასეთი თანაფარდობა შეიძლება იყოს მოსალოდნელი“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ, ზოგადად, ხაბეიშვილი და მისი თანამოაზრეები ბრიყვული განცხადებებით და მანიპულატორი გამონათქვამებით არიან ცნობილნი. მათ ავიწყდებათ, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მას არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, შესაბამისად, დაუშვებელია უცხოელის მონაწილეობა საქართველოს არჩევნებში.
„ეს აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკაა. თუ სააკაშვილი გააკეთებს განაცხადს, რომ მისცენ ორმაგი მოქალაქეობა, ამისთვის სხვადასხვა მექანიზმია საჭირო. სანამ პრეზიდენტამდე მივა სააკაშვილის განაცხადი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, ეს უნდა განიხილოს როგორც იუსტიციის სამინისტრომ, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და გადაწყვიტოს, საშიშია თუ არ არის საშიში ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის. შესაბამისად, ძალიანაც რომ უნდოდეს სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობის მიღება, ეჭვი მეპარება, მან ეს შეძლოს. ამდენად, იმთავითვე გამორიცხულია მისი იურიდიული მონაწილეობა არჩევნებში. მას შეუძლია გახსნას მუზეუმები, მავზოლეუმები საკუთარი თავისთვის, მაგრამ რეალურად ის არჩევითი ვერ გახდება იმ მარტივი და მთავარი მიზეზის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს“, - აღნიშნა გია აბაშიძემ for.ge-სთან საუბრისას.