ვისი ლიდერია პრეზიდენტი ზურაბიშვილი?!

ვისი ლიდერია პრეზიდენტი ზურაბიშვილი?!

დაიბადა თუ არა პრეზიდენტი ზურაბიშვილი სულ რაღაც ოთხ საათში ოპოზიციის ახალ ლიდერად საკუთარი იმპიჩმენტის დღეს?! ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებასთან“ ყველა ხიდი დაწვა, სამაგიეროდ, მასთან პოლიტიკურ პარტნიორობაზე დააფიქრა ოპოზიციონრები. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პრეზიდენტის პარტნიორებად შეიძლება მოგვევლინონ გახარია და „ლელო“.

უფრო შორს მიდის ირაკლი კობახიძე და არ გამორიცხავს, ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი ნომერი გახდეს, თუმცა ნაცებს ვერაფერს მოუტანს, რადგან არც ქარიზმა აქვს, არც პოპულარობა. ირაკლი კობახიძის აზრით, ერთადერთი, სადაც ახლანდელ პრეზიდენტს მხარდაჭერა აქვს, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი. ამასთან, კობახიძე მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილი უკვე ოპოზიციის მხარესაა. წინასაარჩევნოდ ფორმალურადაც გადაინაცვლებს თუ არა ოპოზიციის მხარეს და შეუერთდება რომელიმე პარტიას, ეს კობახიძისთვის უცნობია, მაგრამ არაფერს გამორიცხავს, რადგან ზურაბიშვილი დამოუკიდებლად არ მოქმედებს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ შეიძლება საუბარი იყოს არა ზურაბიშვილისა და გახარიას ალიანსზე, არამედ „ნაცმოძრაობის“ ანტიქართულ კოალიციაზე, რომელიც იკვრება მომავალი არჩევნებისთვის.

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი კი ამბობს, რომ ზურაბიშვილის დათრევას ცდილობს, ერთი მხრივ, გახარია და, მეორე მხრივ, „ლელო“.

ზურაბიშვილის გაოპოზიციონრებაზე მსჯელობს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილიც. ყაველაშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის გეგმაა, ზურაბიშვილი დააყენონ ალტერნატიული მთავრობის შექმნის პროცესის სათავეში, როგორც ამის მცდელობა იყო ე.წ. „მესამე ძალის“ სახით ლომჯარიას, გახარიას „ლელოს“ წარმოჩენის შემთხვევაში. ანუ უნდა მუსირებდეს არეულობის, გამოსვლების, დესტაბილიზაციის თემა. მიხეილ ყაველაშვილი სწორედ ამით ხსნის იმ გარემოებას, რომ ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს და მთელი ეს პროცესი ერთი დამკვეთის დავალების შესრულების შედეგია.

მეტიც, მიხეილ ყაველაშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილმა დაინახა კონკურენტი პრეზიდენტ ზურაბიშვილის სახით. სააკაშვილს ამიტომაც ჰქონდა რეაქცია, ვერ მოითმინა, დაინახა რა, რომ გადადის მეორე პლანზე, რის გამოც ზურაბიშვილთან დაკავშირებულ პროცესებს ივანიშვილის თამაში უწოდა.

იბადება თუ არა ოპოზიციის ახალი ლიდერი პრეზიდენტ ზურაბიშვილის სახით?

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ეჭვობს, ზურაბიშვილი ოპოზიციაში გადასვლას ფიქრობდეს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის არ არის ოპოზიციის ლიდერი და ვერც გახდება ლიდერად, რადგან, ჯერ ერთი, ოპოზიცია არ არის ერთიანი და ჩვენს ოპოზიციას არ ჰყავს ერთი ლიდერი, მეორეც, ზურაბიშვილი არ არის ლიდერი, რადგან მას არ აქვს ის რეიტინგი, რომ ოპოზიციას ჩაუდგეს სათავეში.

„გარკვეული რეიტინგი აქვთ გახარიასაც და „ლელოსაც“, მაგრამ ჯერჯერობით ზურაბიშვილთან კავშირი მათ არ გააჩნიათ. არც ის მგონია, გახარია და „ლელო“ უმიზნებდნენ რაიმე ალიანსს ზურაბიშვილთან. 2024 წლის მერე ის, ალბათ, აღარც იქნება პრეზიდენტი“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის თქმით, ოპოზიციის ახალ ლიდერად ჩამოყალიბდება თუ არა პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ამას დრო აჩვენებს. თუმცა ის, რაც მოხდა პრეზიდენტის წინააღმდეგ, საქართველოსთვის საზიანო იყო, რადგან არ უნდა დაწყებულიყო იმპიჩმენტის პროცესი.

„შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, იმპიჩმენტის შემდეგ შეიცვლება თუ არა საზოგადოებაში დამოკიდებულება, ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ და, მეორე მხრივ, ზურაბიშვილისა და საპარლამენტო ოპოზიციის მიმართ. ისიც საინტერესოა, რა მიმართულებით შეიცვლება საზოგადოების დამოკიდებულება. ამის პროგნოზირება რთულია. ახლა ამბობენ, რომ ნაცები მხარს უჭერენ ზურაბიშვილს, ე.ი. ის ნაცების პრეზიდენტიაო, სინამდვილეში, ნაცებმა მხარი ზურაბიშვილს კი არ დაუჭირეს, არამედ ისინი ამბობდნენ, პრეზიდენტის ვოიაჟები არ არის კონსტიტუციის დარღვევაო“, - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ ჩვენთან საუბრისას.

მისივე შეფასებით, თუკი პრეზიდენტის ვიზიტებს კონსტიტუციის დარღვევად მივიჩნევთ, მაშინ როგორც ამ პრეზიდენტს, ისე ყველა შემდგომ პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობების სფეროში პირში ბურთი ექნება ჩაჩრილი.

ლევკოთეა ზურაბიშვილი არავის ლოდერი არაა და ვერც იქნება, რაც არ უნდა მოინდომონ დასავლეთში.
ნუ, არ აქვს ამ ადამიანს ლიდერის თვისებები, მკვეთრად ინდივიდუალისტია და შეეკითხე თუ გინდა.
1 წლის უკან
ცუგო- სწორია, არავის ლიდერი არ არის, გარდა მის ადმინისტრაციაში "ტაშისმკვრელი" ხალხისა.
1 წლის უკან
Gami ხმალაძემ - დრო აჩვენებსო... რა თქმა უნდა აჩვენებს, როგორც აჩვენა რა მთხლეები არიან რესსპუბლიკელები.. და ბევრი რამ კიდევ!
1 წლის უკან