„საქართველოსთვის უკეთესია, სანამ მსოფლიოში არ დალაგდება სურათი, იქამდე ზედმეტი ხელშეკრულებებით არ დაიტვირთოს თავი“

„საქართველოსთვის უკეთესია, სანამ მსოფლიოში არ დალაგდება სურათი, იქამდე ზედმეტი ხელშეკრულებებით არ დაიტვირთოს თავი“

„3+3“-ის ფორმატში საქართველოს მონაწილეობა არასდროს მიუღია, შესაბამისად, დღეს, თეირანში მიმდინარე „3+3“ ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. დღეს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანში, თეირანში „3+3 ფორმატში“ შეხვედრას გამართავენ. სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ – „3+3“ შექმნის ინიციატივის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2020 წელს განაცხადა. ამ ფორმატში შეხვედრა პირველად, 2021 წელს გაიმართა და საქართველო არც მაშინ დასწრებია.

ირანში იმყოფება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, რომელიც გარდა ამ ფორმატისა, მხარეებთან მოლაპარაკებებს გამართავს, თუმცა ამ დრომდე არ კონკრეტდება, რა ფორმატში გაიმართება მოლაპარაკებები. თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი მზადაა, წლის ბოლომდე აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი, ასევე, ახლოს იყოს ევროკავშირთან იმდენად, რამდენადაც ევროკავშირი შესაძლოდ ჩათვლის.

„ერევანი მზად არის აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი, რომელიც ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პრინციპებს ასახავს, და ასევე მოიაზრებს სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნას, რომლებიც ქვეყნების სუვერენიტეტზე იქნება დაფუძნებული. კერძოდ, სომხური მხარე მზად არის მეღრის რკინიგზა გახსნას, მაგრამ არა როგორც ექსტერიტორიალური დერეფანი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ე.წ. დერეფნის საკითხი შეიძლება სომხეთზე ახალი თავდასხმისა და ტერიტორიების დაპყრობის საბაბი გახადოს“, - აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ თეირანის სამიტზე უნდა გადაწყდეს სომხეთის, უფრო სწორად - ზანგეზურის დერეფნის საკითხი. მისი თქმით, სამიტის მონაწილენი შეეცდებიან დაარწმუნონ სომხეთის ხელისუფლება, რომ ზანგეზურის „უკრაინიზაციის“ საკითხი წამგებიანი იქნება სომხეთისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ საწინააღმდეგო მოსაზრება არ ჩამოუყალიბოს ამაში ერევანს ვაშინგტონმა.

„სამიტის მონაწილენი ეცდებიან დაიყოლიონ სომხეთის დელეგაცია ზანგეზურის საკითხის გადაწყვეტა მოაქციონ სამშვიდობო და კონსტრუქციულ კალაპოტში, ვინაიდან საომარი მოქმედებების შემთხვევაში, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ სომხეთის ჯარს წარმატების ნულოვანი პერსპექტივები აქვს. მე მესმის ჩვენი ხელისუფლების პოზიციისა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ თეირანის სამიტი მთლიანად ეძღვნება სამხრეთ კავკასიის პრობლემატიკას - ანუ, საქართველოსაც, სადამკვირვებლო დონეზე ამბის გამგებ და ჩამომტანს მაინც გავაგზავნიდი ირანში, მიუხედავად იმისა, რა მოსაზრება ექნებოდა ამაზე დეკანოიძეს, მაჭუტაძეს თუ ბუჩუკურს“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, სამხრეთ კავკასიური მოდელი, ანუ სამხრეთ კავკასიის ერთიან სტრუქტურად ჩამოყალიბება, თავისთავად სურვილის ვერსიაა, მაგრამ რამდენად რეალურია, სხვა საკითხია და რამდენად პერსპექტული კიდევ უფრო სხვა. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ამ სამის გაერთიანებაში თანაბარი არ ვიქნებით, რადგან გაერთიანება ყოველთვის გაძლიერებას ნიშნავს.

„მაგრამ, თანაბარი არ ვიქნები-თქო რომ მოგახსენეთ, არის ის, რომ თურქეთი დგას აზერბაიჯანის უკან, დიდი შანსია, რომ სომხეთმა ისევ შეკრას კავშირი რუსეთთან, რაც გამორიცხული არ არის. დღეისთვის სომხეთი თამაშობს ამერიკული მიმართულებით, მაგრამ არ მგონია, ამერიკამ აიტაცოს სომხეთის ინიციატივები და ამ დროს რუსეთი მისთვის უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს. ჩვენს უკან ვინ დგას? - არავინ და აღმოჩნდება, რომ ამ სამეულში ყველაზე ძლიერი შეიძლება იყოს აზერბაიჯანი ზურგს უკან მდგომი თურქეთის თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ყველაზე სუსტები ვართ. ასეთ შემთხვევაში გვაწყობს გაერთიანებაში მონაწილეობა? - არ ვიცი“, - აცხადებს საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, საქართველოსთვის საუკეთესო მოდელია სანამ მსოფლიოში არ დალაგდება სურათი, იქამდე ზედმეტი ხელშეკრულებებით არ დაიტვირთოს თავი.

„ამ პოლიტიკას, ამ ფორმატში რომ არ ჩაერთო საქართველო, ვამართლებ. აღარ ვლაპარაკობ იმ მარტივ მიზეზზე, რითაც ეგ იყო გამოწვეული - საქართველოს არ უნდოდა სადმე მიეღო მონაწილეობა და არც ახლა უნდა, სადაც მას მოუწევს რუსეთთან თანამშრომლობა. როდესაც დიპლომატიური ურთიერთობა არ გაქვს ქვეყანასთან და მასთან თანამშრომლობას თანხმდები, ცოტა გაუგებარია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.