"თავისი ფუნქცია უნდა იცოდეს ბიძინამაც და ჟურნალისტებმაც. ზღვარი სჭირდება საყვედურებსაც და კრიტიკასაც. ვფიქრობ, ამ კუთხით ორივე მხარემ გადააჭარბა. თუმცა ამ შემთხვევაში ჩემთვის პრემიერის ემოციური ტონი უფრო გასაგები იყო, ვიდრე ჟურნალისტების ზღვარგადასული კრიტიკა, შეიძლება ითქვას, აგრესიაც. ვერა და ვერ გააგებინა კაცმა, რომ ერთ წელიწადში იდეალურ ქვეყანას ვერ ააშენებდა. არადა, ეს არც ისე ძნელი გასაგები უნდა იყოს, თუ ვინმეს გაგება უნდა. 9 წლის განმავლობაში გადაეჩვივნენ, რომ შეეძლოთ მთავრობის მეთაურისთვის ასე თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე დაესვათ კითხვები და გაეკრიტიკებინათ. ამიტომაც, ჩემი აზრით, ვეღარ გაიგეს ზღვარი. ჩემი აზრით, ივანიშვილის ემოციური ტონი გულწრფელობით არის გამოწვეული. ამას ახლა ვერ ვხვდებით, მაგრამ დროთა განმავლობაში გულწრფელობა აუცილებლად დაფასდება", - აცხადებს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ედუარდ შევარდნაძე: სააკაშვილი ქვეყნისთვის საშიშია, რადგან ჩვენ არ ვიცით მისი რეალური მდგომარეობა / "ბრიყვიც კი მიხვდება, რომ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რათა წასვლის წინ სიტუაცია არიოს!"
"ყველაზე მეტი კრიტიკიკა პრემიერმა დიცსა და დვანში მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის გამო მოისმინა... სამწუხარო რეალობაა, რომ მთავრობას იმაზე მეტის გაკეთება არ შეუძლია, რასაც აკეთებს. მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების იმედად ვართ დარჩენილი. სხვა ნებისმიერი ქმედება, შესაძლოა, საბედისწერო გამოდგეს. უდიდესი ნებისყოფა სჭირდება ახალ მთავრობას, რომ რუსეთის ამ პროვოკაციულ ქმედებებს მშვიდი პოლიტიკა დაუპირისპიროს. რასმუსენისა და ეშტონის მოწოდებები რუსეთის მისამართით, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ანექსია, ძლიერი სიგნალია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედუარდ შევარდნაძე და შეკითხვას - "სააკაშვილმა ივანიშვილს შესთავაზა, მზად ვარ გასწავლო, რუსებთან როგორ უნდა მოიქცეო" - პასუხობს:
"ეს უდიდესი ცინიზმია მისი მხრიდან. ამ კაცის უპასუხისმგებლო ქმედებებმა 2008 წლის აგვისტოში ცხინვალი დაგვაკარგვინა და ახლა, უკვე მიმავალი, ცდილობს ახალ ხელისუფლებასაც იგივე შეცდომა ჩაადენინოს. მადლობა ღმერთს, ივანიშვილი არ აპირებს მასთან ლაპარაკს. ბრიყვიც კი მიხვდება, რომ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რათა წასვლის წინ სიტუაცია არიოს".
"დარწმუნებული ვარ, კოაბიტაციის დასრულებაში ისიც იგულისხმება, რომ ქვეყნისა და ხალხის წინაშე დამნაშავე ყველა თანამდებობის პირი აუცილებლად დაისჯება. პირველ რიგში კი სააკაშვილი, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მისი დაუსჯელობა არ შეიძლება, ის საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისთვის. ის ქვეყნისთვის საშიშია, რადგან არ ვიცით მისი რეალური მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, არ ვიცით, როდის რას მოიმოქმედებს. არაერთხელ გითხარით, მისი მდგომარეობის შეფასება ჩემს კომპეტენციას სცილდება, ეს უკვე სხვა სფეროს წარმომადგენლებს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ერთი შეხედვითაც ჩანს, მისი მდგომარეობა დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. მართალია, არჩევნებამდე სამი კვირაა დარჩენილი, მაგრამ როცა საქმე სააკაშვილის ტიპის ადამიანთან გვაქვს, ეს დრო საკმაოდ დიდია", - დასძენს ედუარდ შევარდნაძე.