პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, შეცდომა იყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, რადგან ზურაბიშვილმა, ოპოზიციამ და ოპოზუციურად განწყობილმა უცხოელებმა მოახერხეს, რომ იმპიჩმენტში დაენახათ არა პრეზიდენტის გასამართლება, არამედ დასავლური კურსის გასამართლება, რაზეც ააგეს პიარი და ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს ისე, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია, დაანახოს დასავლეთს თავისი ანტიდასავლური განწყობა, რომ არ მისცეს კანდიდატის სტატუსი.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
შეცდომას ხშირად უშვებს ხელისუფლება, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო, ეს იყო უნებლიედ დაშვებული შეცდომა, თუ პოლიტიკურად მოტივირებული შეცდომა?
რამაზ საყვარელიძე: ოპოზიცია ცდილობს ისე წარმოადგინოს, რომ ეს არის კარგად ორგანიზებული შეცდომა საიმისოდ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთს დაანახოს თავისი ანტიდასავლური განწყობა და ამის ფონზე დასავლეთმა არ მისცეს კანდიდატის სტატუსი - ასეთია ოპოზიციის ვერსია.
რამდენად სარწმუნოა ოპოზიციის ეს ვერსია?
- აბსოლუტურად არაა სანდო. ოპოზიციის ლოგიკა ასეთია - ეს იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლებას უნდა რუსეთზე ორიენტაციაო. ხელისუფლებას რომ ჰქონდეს სურვილი გაატაროს რუსეთის ინტერესები საქართველოში, პრეზიდენტის იმპიჩმენტი და ასეთი ჩქმეტის პროცედურები არ იქნებოდა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ პუტინს არც ახსოვს სალომე ზურაბიშვილი რომ არის საქართველოს პრეზიდენტი. მაგრამ, აქ რომ ომი დაწყებულიყო, ანუ მეორე ფრონტი გახსნილიყო, პუტინი დიდი სიამოვნებით მოისმენდა ამ ინფორმაციას და გასცემდა ბრძანებას, რომ შეიარაღებული ძალები გადმოვიდნენ საქართველოს ტერიტორაზე. ეს პროცესი ინფორმირებიდან დაწყებული, ბრძანებით დამთავრებული მაქსიმუმ ერთ საათს დაიკავებდა.
ამით კმაყოფილი იქნებოდა რუსეთი...
- რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ აქ ომის დაწყება უკვე უეჭველი ნიშანი იქნებოდა იმისა, რომ საქართველოზე და შესაბამისად, კავკასიაზე აღარ გატარდება ჩინური ტრანზიტი და სხვა სახმელეთო გზა მას არ დარჩა, ერთადერთი დარჩა ისევ რუსეთი და რუსეთი დაიბრუნებდა ისევ ტრანზიტს. ეს საქართველოს ხელისუფლებამ არა თუ არ გააკეთა, გამწარებული იბრძოლა იმისთვის, რომ აქ მეორე ფრონტი არ გახსნილიყო. საქართველოში რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო, მაშინ მეც ოპოზიციისა არ იყოს, ვიტყოდი, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ინტერესებით მოქმედებს-თქო.
მაგრამ ცხადად ჩანს რუსული ინტერესი, როგორიც არის აქ არეულობის მცდელობა მათგან, ვინც ფულს იღებს რუსეთიდან. აქ არეულობის და ომის გაშლის მიზანს ხელი არ შეუწყო ხელისუფლებამ და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მეორე ფრონტში არ ჩართულიყო საქართველო და არ გაემარჯვა რუსეთს ამ დიდ სატრანზიტო ბრძოლაში. ამ ფონზე ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ხელისუფლება რუსეთის ინტერესებით მოქმედებსო, ნამდვილად შეუფერებელია და რუსეთის ინტერესებით თუ ვინმე მოქმედებს, მოქმედებენ ისინი, ვინც დესტაბილიზაციას ცდილობენ.
ანუ, ოპოზიცია?
- რა თქმა უნდა. ოპოზიცია და დასავლეთში გარკვეული წრეები, რომლებიც ანალოგიურ სურვილებს და მითითებებს გვიცხადებენ.
თუ გავითვალისწინებთ როგორ რადიკალურ ძალასთან გვაქვს საქმე, რამდენად უშვებთ, რომ რადიკალებისგან მივიღოთ ის, რაზეც თქვენ საუბრობთ? ფაქტია, რომ ოპოზიციის დღის წესრიგში არის მეორე ფრონტის გახსნა. ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ პრეზიდენტი არის რადიკალების გუნდში, რომელთა მიზანია ქვეყნის აყირავება. ამ პროცესში ოპოზიციას ექნება პრეზიდენტის მხარდაჭერა?
- დავუშვათ, ოპოზიციას ექნება პრეზიდენტის მხარდაჭერა, ან პირიქით, პრეზიდენტს ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა. აგერ, სოციალურ ქსელშიც უამრავ წარწერას ნახავთ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მხრიდან - „ამ ხელისუფლებას ვერაფრით ვერ გავუშვებთ, თუ არ მოხდა გადატრიალება“. ყველა ეს ელემენტი - გადატრიალება, გინდ მოქალაქეების, გინდ ოპოზიციის და გინდ პრეზიდენტის სურვილით, უკვე არის ანტიდასავლური მისწრაფება. იმიტომ, რომ დემოკრატიის მთავარი ღირებულება არის ის, რომ ადამიანები იღებენ ახალ ხელისუფლებას არჩევნებით. სადაც, ყველა მოქალაქის აზრს ითვალისწინებენ.
გადატრიალებით და მცირე ჯგუფის ძალისხმევით მოხდა რევოლუცია რუსეთში და დემოკრატიული რომ არ იყო ეს რევოლუცია ცხადი გახდა ისტორიის მიხედვითაც. ახლო წარსულში მოხდა სააკაშვილის ვარდების რევოლუცია, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა ხომ იციან, რომ ეს დემოკრატიული მიზნებით არ იყო გაკეთებული და ადამიანებს აწამებდნენ მერე ისინი, ვინც ძალოვან ხელისუფლებაში მოვიდა. ანუ, რევოლუციებით უმცირესობის ხელისუფლებაში მოსვლაში ეს საფრთხე არის, შეიძლება ხელისუფლებაში აღმოჩნდეს ადამიანი, რომელიც მერე საზოგადოებას გაუცრუვებს იმედებს. ისე, უმრავლესობითაც შეიძლება დიქტატორი მოვიდეს და უმცირესობით მით უმეტეს. ამიტომ, რევოლუციური გზა, წესით, უნდა გამოირიცხოს.
მაგრამ, საქართველოს შემთხვევაში უკვე მეორედ შეიძლება რევოლუციური გზით განვითარდეს პროცესები?
- ის, რომ ამ ცუდ სცენარს გვთავაზობენ სხვადასხვა მხრიდან ეს ფაქტია. რევოლუცია არის ბერკეტი, რომლითაც ამოაყირავებენ ხელისუფლებას - „მომეცით სიმძიმის ბერკეტი და მე სამყაროს გადავატრიალებ“. დავუშვათ, რომ გვაქვს ასაწევი მანქანა და ხელში გვიკავია ასანთის ღერი, ხომ ცხადია, რომ ვერ ავწევთ ასეთი ბერკეტით მანქანას. ანუ, თვითონ ბარკეტის ძალა არის უკვე მნიშვნელოვანი და ქართული ოპოზიცია ვერ ჩანს იმ ძალისა, რომ მან შეძლოს გადატრიალება გინდ პრეზიდენტის და გინდ პრეზიდენტის გარეშე.
როდესაც პრეზიდენტი ხელისუფლებას ეუბნება, რომ შეგრცხვებათ შვილებისო, იმიტომ, რომ ევროპისკენ არ მიდიხართო და იქვე ეუბნება ევროპას - საქართველო არ მიატოვოთ და მიეცით კანდიდატის სტატუსი ე.ი. ფაქტობრივად, ეუბნება, რომ ეს ხელისუფლება არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ თქვენ მაინც მიეცითო. ასეთი შეუამდგომლობა და ასეთი საქმის ჩაწყობა, რომ არ იმსახურებენ, მაგრამ მიეცით, მტრობაზე უარესია.
როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება პრეზიდენტის ასეთი განცხადება?
- იმ ევროპას ხომ თავისი ინტერესები აქვს და იმ ევროპის ინტერესები არ არის, რომ რუსეთზე ორიენტირებულ ხელისუფლებას გზა გაუხსნას ევროსტრუქტურებისკენ. ასე რომ, ფაქტობრივად, ზურაბიშვილი აქედან კარნახობს ევროპას და მერე ზრდილობის გამო, ფრაზას იძახის, საქართველოს მიეცით სტატუსიო. მაგალითისთვის, შენს გვედით რომ მკვლელი იყოს და პოლიციას მისწერო, წესით, უნდა დაიჭიროთ, მაგრამ ადამიანია და ცოდვაა, ხელს ნუ ახლებთო. პოლიციაში ასეთი ინფორმაციის მიწოდებას და მით უმეტეს ისეთი პირისგან, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს, ცოტა ცუდი სახელი ჰქვია ქართულ სინამდვილეში. დაბეზღება ჰქვია ზრდილობიანად, ხოლო არაზრდილობიანად - ცუდი სახელი.
ფაქტობრივად, ამ სიტყვით, რომელსაც უდავოდ გაავრცელებენ ევროპელები, იმიტომ პრეზიდენტის სიტყვა არის და არა ჩვეულებრივი ადამიანის, მან დააბეზღა საქართველო ევროპასთან, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იმსახურებს სტატუსს და მიაყოლა, რომ მაინც მიეცითო. თუ დაუჯერებენ პრეზიდენტს, წესით, არ უნდა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი. მერე ამას უნდა მოჰყვეს აურ-ზაური და მერე ამას უნდა მოჰყვეს აქ რევოლუცია. რევოლუციის შედეგად გადააგდებენ თუ არა ხელისუფლებას, მაგაზე არ ვლაპარაკობ, ვერ გადააგდებენ, მაგრამ აურ-ზაური ხომ იქნება.
ასე რომ, პრეზიდენტის ეს ფრაზა რუსეთზე მუშაობს. რუსეთის ინტერესებში არის კავკასიის გზის გაფუჭება, რომ ტრანზიტმა ვერ გაიაროს. აი, ამ მოტივზე ასხამს წყალს პრეზიდენტის ეს განცხადება, რომ აქ კავკასიაზე რაიმეს გატარება არ შეიძლება. კანდიდატის სტატუსს ან მოგვცემენ, ან არა. ეს კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ თავისთავად, ტრანზიტის მიღება კავკასიის გავლით ევროპისთვის, გამოდის, რომ სარისკოა, თუ ეს ქვეყანა - საქართველო არის რუსეთის გავლენის ქვეშ. აი, ეს მესიჯი მიაწოდა პრეზიდენტმა ევროპას, რითაც რუსული საქმე გააკეთა.