თუ შრომისუნარიანი შემწეობის მიმღები უარს იტყვის მუშაობაზე, მას დახმარება შეუწყდება?!

თუ შრომისუნარიანი შემწეობის მიმღები უარს იტყვის მუშაობაზე, მას დახმარება შეუწყდება?!

სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან ადამიანებს, რომლებიც დასაქმებაზე უარს იტყვიან, შესაძლოა, სოცდაუცველის სტატუსი გაუუქმდეთ. ამჟამად დაახლოებით 200 000 შრომისუნარიანი ადამიანი იღებს სახელმწიფო შემწეობას და პარალელურად თავს არიდებს მუშაობას. ეს კატეგორია აკლდება შრომის ბაზარს და ბიზნესს, რომელიც ბოლო პერიოდში კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის.

ახალ მექანიზმზე მუშაობა სახელმწიფოს უკვე დაწყებული აქვს. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, სოციალურად დაუცველის სტატუსი არ უნდა იყოს იმისკენ მიდრეკილი, რომ მოსახლეობამ არ იმუშაოს.

„შრომისუნარიანი ადამიანი უნდა მუშაობდეს. ამ მიზნით გვაქვს ჩვენ სწორედ საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამა. ეს არის პირველი ეტაპი. პროგრამამ მინიმუმ 2-3 წელი უნდა იმუშაოს. შემდეგში კერძო სექტორში არსებული ვაკანსიების ათვისება უნდა დავიწყოთ, მ ათ შორის. კერძო სექტორში ათასობით ვაკანსიაა, რომელსაც სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ იყენებს ის მოსახლეობა, რომელსაც აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი.

ჩვენი მიდგომა იქნება, რომ ეტაპობრივად შევძლოთ, მაქსიმალურად დასაქმდნენ ეს ადამიანები და ნაცვლად სოციალური შემწეობისა, თავიანთ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებულნი. ცალკე თემა იქნება, რომ ჩვენ სოცდაუცველებს, ვინც დასაქმდებიან, შევუნარჩუნებთ პაკეტს, რაც აქვთ, მაგრამ ამავე დროს, შრომისუნარიანი ადამიანები უნდა იყვნენ მიდრეკილნი, რომ კერძო სექტორში იმუშაონ“, - განუცხადა კაკაურიძემ „ინტერპრესნიუსს“.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამუშაოებში ჩართვის სურვილი ბიზნესის მხრიდანაც არაერთხელ გამოითქვა, თუმცა როგორც კერძო კომპანიების წარმომადგენლებისაგან ირკვევა, ბენეფიციართა კატეგორია დასაქმებაზე უარს ამბობს. ისინი შემწეობის დაკარგვის შიშით უარს ამბობენ უფრო მეტ შემოსავალზე, რომლის გამომუშავების შესაძლებლობა ეძლევათ.

ეკონომისტები ახალ მოდელზე მუშაობას დადებითად აფასებენ და იმასაც ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მალე უნდა მიიღონ, რათა დროში არ გაიწელოს. სოციალური დახმარება არ შეიძლება ყველას მიეცეს. „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტის პაატა შეშელიძის შეფასებით, დღესდღეობით უამრავ შრომისუნარიან ადამიანს ეძლევა შემწეობა, რაც ნონსესია.

„ეს არის დახმარება, რომელიც უმწეო მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ენიშნება. ისეთ ადამიანს, ვისაც რამე ფიზიკური ნაკლი აქვს, ტრავმა და ამის გამო ვერ მუშაობს, ან ასაკშია და ა.შ. ანუ, იმ ადამიანზეა საუბარი, ვინც არ არის ფიზიკურად შრომისუნარიანი.

დღეს ყველამ იცის, რომ უამრავ შრომისუნარიან ადამიანს ეძლევა შემწეობა, რაც ნონსესია. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არ ფორმდება სათანადოდ, ინფორმაცია ყალბდება, ჯანმრთელობის მდგომარეობაც ყალბდება და სრულიად შრომისუნარიანი ადამიანი, რომელსაც აქვს არალეგალური სამუშაო, ითვლება სოციალური დახმარების მიმღებად, რაც არასწორია.

აქედან გამომდინარე, მკაცრად უნდა გაიყოს თვითონ ამ დახმარების არსი, მისი ფორმაც და პრინციპიც. ყველაფერს ერთი და იგივე სახელი არ უნდა დაერქვას, რადგან დამაბნეველი და არასწორია. ზედმიწევნით კონკრეტული უნდა იყოს მიდგომა, თუ ვის, რა შემთხვევაში და როგორი პირობით ეხმარები“, - განუცხადა „რეზონანსს“ შეშელიძემ.

2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საარსებო შემწეობა 650 475 მოქალაქემ მიიღო. მათგან 233 ათასზე მეტი ბავშვია. საბოლოოდ, აგვისტოს მონაცემებით, მთავრობის მიერ 2022 წლის პირველი მარტიდან ამუშავებული სპეციალური პროგრამით 43 304 ადამიანი დასაქმდა.

ლაზი არ უნდა მაგას 2-3 წელი და ლოლიავი. ყველა შრომისუნარიანს უნდა შეუწყდეს სოციალური პაკეტი დაუყოვნებლივ. ვინც გაფრთხილებიდა სამ თვეში მუშაობას დაიწყებს შეუნარჩუნეთ დახმარება სამ თვეს, სამი თვის შემდეგ ერთდროულად კიდევ სამი თვის და მორჩა. ვინც არ დაიწყებს მუშაობას გაფრთხილებიდან სამ თვეში, 91-ე დღეს შეუწყდეს დახმარება და მორჩა.
1 წლის უკან
ლევკოთეა სოციალური დახმარების ძალიან მახინჯი სისტემაა შექმნილი ქვეყანაში.
ხალხს აზარმაცებს. სოფელში საქონელის ყოლასაც ერიდებიან ასეთები, სოციალური ქულები რომ არ მოემატოთ.
მხოლოდ წერა-კითხვის უნარი უვითარდებათ ამ შემთხვევაში - წერენ განცხადებებს სუბსიდიების სააგენტოში და ადგილობრივ თვითმმართველობებში, რომ დამეხმარეთო.
მე თვითონ ვიცი შემთხვევა, რამდენიმე წელი, ყოველ წელს სთხოვდა მოქალაქე 20-20 შიფერს მერიას და სახლი მაგით გადახურა, რაღაი მერიის სიციალური დახმარების პაკეტში იდო საშენი მასალებით დახმარება დაუცველი მოქალაქეებისთვის. აბა, რაზე შეიწუხებს ეგეთი ადამიანი სამუშაოს ძებნით თავს? ჩვეულებრივ, შრომისუნარიან მოქალაქეზეა საუბარი.
ყველა მთავრობას, საკუთარ ელექტორატად მიაჩნია მასზე დამოკიდებული მოქალაქე და იმიტომ არ იცვლება არაფერი. ამ შემთხვევაში, ხელი ხელს ბანს და პირი (სახელმწიფო) თამაშგარეში რჩება. :)
1 წლის უკან