რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი მთავრობის ნებართვის გარეშე ისევ გაბედავს ვოიაჟებს უცხოეთში?! იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთსა და იმავე საკითხზე ხელმეორედ იმპიჩმენტის გამოცხადება აღარ შეუძლია, ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი კვლავაც გაემგზავრება იქ, სადაც მოისურვებს?! ასეთი შემთხვევისთვის „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ჩანს, სათადარიგო გეგმა შეიმუშავა და ამ გეგმის ნაწილია ირაკლი კობახიძის მინიშნება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს შესაძლო სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე პირდაპირ მიანიშნებს. როგორც კობახიძე აცხადებს, ზურაბიშვილი, ალბათ, კვლავაც განაგრძობს კონსტიტუციის დარღვევას: „ხვალაც დაარღვევს, რა შეუშლის ხელს? „ნაცმოძრაობის“ იმედი კვლავაც აქვს, ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება არ ჰქონდეს, არის პროკურატურა, სისხლის სამართლებრივი გამოძიება“.
მართალია, ირაკლი კობახიძე არ მალავს, რომ გაუჭირდება სამართლებრივად ამ საკითხზე უფრო დეტალებში შესვლა და პასუხის გაცემა, მაგრამ ადასტურებს, რომ სამომავლოდ კონსტიტუციის დარღვევა შეიძლება უკვე იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს.
კობახიძის მიერ პროკურატურის ხსენება დაშინების მცდელობად აღიქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მას, როგორც ნიკო ნიკოლაძის შთამომავალს, ვერ შეაშინებენ.
„ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. რა მუხლს მიუსადაგებენ პრეზიდენტს, ეს ხატია დეკანოიძისთვის უცნობია, თუმცა ეჭვობს, რომ პრეზიდენტს შეიძლება ამ ვიზიტებისას ფულის გაფლანგვა დააბრალონ.
რა შემთხვევაში შეიძლება დაინტერესდეს პროკურატურა პრეზიდენტის საქმით?
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, ალბათ, მუქარა იყო ირაკლი კობახიძის მხრიდან, როცა პრეზიდენტთან მიმართებით სისხლის სამართლის საქმე ახსენა, თუმცა იქვე თავადვე თქვა კობახიძემ, ეს საკითხი ბოლომდე არ მაქვს გამორკვეულიო.
ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, საქმე ისაა, რომ თანამდებობაზე მყოფი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივი დევნა დაუშვებელია, ანუ პრეზიდენტს ვერავინ წაუყენებს ბრალდებას, დანაშაული რომც ჩაიდინოს თანამდებობაზე ყოფნისას. დანაშაული ჩაიდინა თუ არა, ეს შემდგომ სასამართლოს გადასაწყვეტი იქნება, მაგრამ სანამ პრეზიდენტი თანამდებობაზე იმყოფება, მისთვის ბრალდების წარდგენა კონსტიტუციით აკრძალულია.
„ხომ შეიძლება, პრეზიდენტმა რაღაც ისეთი ჩაიდინოს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ პრეზიდენტი როცა თანამდებობაზე აღარ იქნება, თუკი ამ დანაშაულისთვის ხანდაზმულობის ვადა არ იქნება გასული, პროკურატურას შეეძლება უკვე ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალდების წაყენება. ასე მოხდა სააკაშვილთან მიმართებით, ასევე, არაერთ ქვეყანაში წაუყენებიათ ბრალი თავიანთი ყოფილი პრეზიდენტებისთვის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ. ის, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დარღვევად აღიარა, ამ ტიპის დარღვევის დანაშაულად ჩათვლა არ არის სწორი, რადგან ეს არ არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსით. ასეთი დარღვევისთვის მას ვერავინ წაუყენებს ბრალდებას მას შემდეგაც კი, როცა ზურაბიშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი, თუ, რასაკვირველია, ამასობაში არ ჩაწერეს სისხლის სამართლის კოდექსში რაიმე ისეთი, რომელიც ამის შესაძლებლობას მისცემს მთავრობას. თუმცა ასეთი ჩანაწერი არ იქნება კონსტიტუციური, ალბათ, ამას ისევ მოჰყვება საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი“, - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.
კონსტიტუციონალისტის თქმით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, მთავარია, რომ ასეთი მოქმედებისთვის სისხლის სამართლის კოდექსი არ აწესებს პასუხისმგებლობას, შესაბამისად, პრეზიდენტის ვოიაჟები დანაშაულად ვერ ჩაითვლება და სისხლის სამართლის კოდექსი რომც აწესებდეს პასუხისმგებლობას ამ ვოიაჟების გამო, სანამ პრეზიდენტი თანამდებობაზე იმყოფება, მას დანაშაულის ჩადენაში ბრალს ვერ წარუდგენენ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მხრიდან განმეორებით კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება იყოს საჭირო, რის შესახებაც აღნიშნა კონსტიტუციონალისტმა ირაკლი კობახიძემ.
„ფაქტია, რომ ეს თავხედური დარღვევები არ უნდა ეპატიოს არც ზურაბიშვილს და არც მომავალში ვინც იქნება გინდ პრეზიდენტის თანამდებობაზე, გინდ სხვა რომელიმე მაღალ თანამდებობაზე. უნდა ამუშავდეს სხვადასხვა საკანონმდებლო მექანიზმი იმისთვის, რომ მომავალში აილაგმოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის შესაძლო დარღვევა. აქ რამდენიმე ნიუანსია, რაზეც იურისტები და, პირველ რიგში, კანონმდებლები უნდა შეთანხმდნენ, მათ უნდა გაარკვიონ, რა მექანიზმებია ამისთვის, როდესაც მაღალჩინოსანი მიზანმიმართულად არღვევს კონსტიტუციას, ეს უპრეცედენტო ამბავია. ჩვენ ვიცით, რომ იურისტებს სხვადასხვა ინტერპრეტაციები აქვთ საკანონმდებლო ბაზის შესახებ, მაგრამ ამას სჭირდება კონსოლიდირებული შეთანხმება არა მხოლოდ კანონმდებლების, არამედ სპეციალისტებთან კონსულტაციის დონეზე. ვფიქრობ, გამოიძებნება გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, აილაგმოს როგორც პრეზიდენტ ზურაბიშვილის, ისე სხვა ნებისმიერი მაღალჩინოსნის მიერ კონსტიტუციის დარღვევა“,- აღნიშნა გია აბაშიძემ ჩვენთან საუბრისას.
ანალიტიკოსის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რეზონანსული გახდება და უცხოელები არ მოგვიწონებენ პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას, საქართველომ უნდა იხელმძღვანელოს საკუთარი სუვერენიტეტით და ევროპას უნდა შეახსენოს, რომ გადახედონ თუნდაც საფრანგეთის ისტორიას. პრეზიდენტი ჟაკ შირაკი, პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი, ანუ სამი უმაღლესი თანამდებობის პირი გასამართლებული ჰყავს თავად საფრანგეთს. რა სასჯელი მიუსაჯეს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელი იქნება დასავლეთის მხრიდან თითის ქნევა საქართველოს მიმართ. ეს შექმნის კიდევ ერთ ანტიდასავლური განწყობის ტალღას ქართულ საზოგადოებაში.