„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა, შესაძლოა, იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს. თუ სალომე ზურაბიშვილი ჩაიდენს დანაშაულს და იმპიჩმენტით ვერ მოხდება თანამდებობიდან გადაყენება, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის შემდგომ მის წინააღმდეგ სამართლებრივი რეაგირება განხორციელდება.
ხელისუფლებასთან ოპოზიციაში მყოფი პრეზიდენტი თუ პირადი სახსრებით გააგრძელებს საერთაშორისო ვიზიტებს მთავრობასთან შეუთანხმებლად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა რეაგირება განხორციელდება, ეს პროკურატურის გადასაწყვეტია.
რაც შეეხება შესაძლო დანაშაულის ჩადენას, უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული იქნება ჩადენილი, დაიწყება შესაბამისი სამართლებრივი წარმოება, თუმცა, იმუნიტეტის პირობებში, იქამდე, ვიდრე კონკრეტული პირი თანამდებობაზეა, ვერ მოხდება სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდგომ.
„ის პირადი სახსრებით განახორციელებს ვიზიტს თუ სახელმწიფო სახსრებით, ეს ორი განსხვავებული მოცემულობაა. ბიუჯეტით განხორციელება უკანონო ვიზიტის, იქნება პირდაპირ დანაშაულის ნიშნების შემცველი და თუ პირადი სახსრებით განახორციელებს, ეს იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების და კონსტიტუციის უხეში დარღვევა. რა თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ - სამ ვიზიტში რომ წავიდა სალომე ზურაბიშვილი პირადი სახსრებით, როგორც ამას თვითონ ამბობს, სასამართლომ თქვა, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა.
პირადი სახსრებით დაფინანსება ლეგიტიმაციას ვერ სძენს უკანონობას, ამით ვერ აკანონებს უკანონობას. ამიტომ თუ პირადი სახსრები გამოიყენა, ეს არ მიიჩნევა კანონიერად. პროკურატურის სახელით ვერ ვისაუბრებ და პროკურატურის გადასაწყვეტი იქნება კონკრეტულ შემთხვევაში რა რეაგირება უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პოლიტიკური ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაც დაიწყოს. მისი თქმით, ამ განცხადებით კობახიძემ პრეზიდენტს გაფრთხილება მისცა.
„ეს არის გაფრთხილება, რომელიც მას მისცა კობახიძემ. კობახიძე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, რატომ საუბრობს პროკურატურაზე? არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ მეორე პრეზიდენტს გავასამართლებთ, ეს იქნება ძალიან მძიმე მოცემულობა და შედეგი საქართველოსთვის“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
კობახიძის პოზიციას იზიარებს „ხალხის ძალის“ წვერი გურამ მაჭარაშვილი, რომლის განცხადებით, პრეზიდენტი თუ ამ დამარცხების ფონზე შეეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, სხვა პასუხისმგებლობები დადგება.
„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველამ უნდა სცეს პატივი და პირველ რიგში - თვითონ პრეზიდენტმა. როდესაც პრეზიდენტი თავის ქვეყანაზე ამბობს, რომ იქ არ არის დემოკრატია და ყველაფერი ფორმალურად სრულდება, ბუნებრივია, მისი ვიზიტები კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ვერ იქნება გამიზნული. თუ ამ დამარცხების ფონზე კიდევ დაიწყებს ხელების ქნევას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგება და მაინც არ დაემორჩილება, იქ უკვე სხვა პასუხისმგებლობები დადგება. აქ არავინ არავის არ ემუქრება. საუბარი არის იმ ინსტიტუტზე, რომელსაც ყველამ უნდა სცეს პატივი და პირველ რიგში, თვითონ პრეზიდენტმა“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტია, სრული სიაფანდობაა სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბარი და ამას, მისი თქმით, არც „ქართული ოცნება“ აპირებს.
„ვნახეთ სპექტაკლი, სადაც ყველა მონაწილეს თავისი როლი ჰქონდა, სხვათა შორის, ძალიან კარგად იყო კოსტუმირებულიც. ისეთი შედეგით არ დასრულდა, რომ ვინმეს გული დასწყვეტოდა, სცენარისტი შეიძლება, ბიძინა ივანიშვილი იყო ან „ქართულ ოცნებაში“ სხვა ვინმე ერთობა ასეთი რაღაცებით. როცა როლში შედიხარ, მეტი დამაჯერებლობაა საჭირო.
სრული სიაფანდობაა სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბარი, რადგან ვიდრე პრეზიდენტია, ხელშეუხებელია და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ვერც მოხერხდება და ამას არც „ქართული ოცნება“ აპირებს. ეს იყო სპექტაკლი ქართველი ხალხისთვის, ვინც უნდა დაუჯეროს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციონერი და მხარდამჭერები, ვინც „ქართულ ოცნებას“ ანტიდასავლური რიტორიკის გამო ხელიდან გაუვარდა, სალომე ზურაბიშვილის საშუალებით დაიბრუნოს“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.
წარუმატებელი იმიჩმენტის შემდეგ შესაძლებელია თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს?
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ზურაბიშვილი სანამ პრეზიდენტია, არ არის შესაძლებელი, რადგან ეს იქნება იმპიჩმენტის გამეორეობა. იმ შემთხვევაში, თუ დანაშული მოხდა, ზურაბიშვილს პროკურატურა უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ წამოეწევა, იქამდე კი მას იცავს პრეზიდენტის ჯავშანი.
„ეს არის გაფრთხილება, ერთი წელიწადი იქნება პრეზიდენტი და ხომ შეიძლება ისევ მოუწიოს მოგზაურობა და აი, მაგ მოვლენისთვის უკვე ამოღებული აქვთ ყვითელი ბარათი. სახელისუფლებო ჯგუფი იძახის, რომ ჩვენ სწორად მოვიქეცით როდესაც დავაყენეთ იმპიჩმენტის საკითხიო. უნდა მიგვეცა სამართლებრივი რეაქციაო და აქვე ჩნდება კითხვა - თუკი ახლა შეიძლება გადაავადონ სამართლებრივი რეაქცია და მას მერე მისცენ რეაქცია, რაც პრეზიდენტი არ იქნება, იმპიჩმენტი არ შეიძლებოდა გადავადებულიყო იმ დროისთვის, როდესაც მიიღებდა, ან არ მიიღებდა საქართველო კანდიდატის სტატუსს? ვნახეთ, რომ სალაპარაკო გახდა იმპიჩმენტი, როგორც, ფაქტობრივად, ევროპული გზის იმპიჩმენტი“, - აცხადებს პოლიტოლოგი.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციამ და ოპოზუციურად განწყობილმა უცხოელებმა მოახერხეს, რომ იმპიჩმენტში დაენახათ არა პრეზიდენტის გასამართლება, არამედ დასავლური კურსის გასამართლება, რაზეც ააგეს პიარი.
„ასეთი პიარნაპრალი იყო ამ საქმეში და მაგიტომ გააფრთხილა ბორელმა, რომ არ გინდათ იმპიჩმენტზე წასვლაო. იყო საფთხე იმისა, რომ ამ თემაში, კერძოდ ევროპული გზის იმპიჩმენტში გადაეშვებოდა მთელი ეს ისტორია, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ მაინც გააკეთა. რახან შეეძლოთ არ გაეკეთებინათ, მაგრამ მაინც გააკეთეს რისკიანი საქმე, ამ ფონზე როცა ელოდები კანდიდატის სტატუსს, მე მგონია, რომ შეცდომაა და თან მსხვილი შეცდომა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.