მომხმარებლების უმეტესობას დოლარისა და ევროს სესხის აღებისთვის ახალი რეალობის გათვალისწინება მოუწევთ. შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო. საქმე ისაა, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში მხოლოდ 200 ათას ლარზე დიდი მოცულობის სავალუტო სესხის აღება იყო შესაძლებელი. 2024 წლის 1-ლი იანვრიდან კი აკრძალვის მიდგომა ასე შეიცვლება:
1) ის პირები, რომლებიც შემოსავალს ლარში იღებენ, ვეღარ აიღებენ 200 ათას ლარზე ზევით სავალუტო სესხებს, რადგანაც სავალუტო კრედიტის მინიმალური ზღვარი მათთვის 300 000 ლარით განისაზღვრა;
2) ის პირები, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ, შეძლებენ აიღონ კრედიტი იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი აქვთ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ცვლილებები დედოლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, თუმცა მოქალაქეებს სესხების ჰეჯირების უკეთეს შესაძლებლობას აძლევს, რადგანაც მათ კრედიტის იმ ვალუტაში აღება შეეძლებათ, რომელშიც შემოსავალი უფიქსირდებათ.
„ჰეჯირება ნიშნავს დაცვას სავალუტო რისკებისგან, ეს კი თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს იმ ვალუტაში უნდა ჰქონდეს სესხი, რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი და არ უწევდეს ყოველთვიურად კონვერტაცია. ეს არის ლოგიკური ნაბიჯი, რომელიც აგრძელებს დედოლარიზაციის პოლიტიკას, რაც რამდენიმე წელია სებ-ის თაოსნობით ხორციელდება“, - განაცხადა თურნავამ.
იმის გათვალისწინებით, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება, მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წლიდან კვლავ 4 წლამდე გაიზრდება.
ნათია თურნავას თქმით, კომიტეტი დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს და გააუმჯობესებს მოსახლეობის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას.
„საკრედიტო აქტივობის დინამიკისა და გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, სებ-ის გადაწყვეტილებით, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა 4 წლამდე გაიზრდება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე დაბალია, ხოლო არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირებულია, შესაძლებელი გახდა სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობის კვლავინდებურად 4 წლამდე გაზრდა. აღსანიშნავია, რომ საკრედიტო რისკების კუთხით, 4-წლიანი მაქსიმალური ვადიანობა სავსებით ჯანსაღია“, - აღნიშნა თურნავამ.
გადაწვეტილების მიზეზს განმარტავენ ეროვნული ბანკის სხვა წარმომადგენლებიც. სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის დავით უტიაშვილის თქმით, საჭიროა რისკები მაქსიმალურად შევუმციროთ შედარებით მოწყვლად ფენას.
„ჩვენი გადაწყვეტილების არგუმენტი იყო ის, რაც იყო წინა წლებში, ჯერ 100 000 ლარამდე, მერე 200 000 ლარამდე ზრდისას. ჩვენი მსესხებლების დიდ ნაწილს უცხოურ ვალუტაში აქვს ცვლადგანაკვეთიანი სესხები და აქედან დავინახეთ ვალის ტვირთი. ასევე რეგიონის ვალუტებს ვუყურებთ, რომ გაზრდილია მერყეობა, ამიტომ გვინდა, რომ რისკები მაქსიმალურად შევამციროთ და შედარებით მოწყვლად ფენას, რომლებიც არიან 200 000-დან 300 000 ათას ლარამდე მსესხებლები, არ შეეხოთ ეს პრობლემა. ასევე, ვუყურებთ დინამიკაში, რომ დოლარიზაცია მცირდებოდა ჩვენს ეკონომიკაში ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, თუმცა ბოლო ერთ წელია თითქოს ეს ტრენდი შეცვლილია და აღარ მცირდება. ამ მხრივაც ჩავთვალეთ, რომ იყო დამატებითი სტიმულის საჭიროება ბაზრისთვის.
ფიზიკურ პირებში, დაახლოებით 3000-მდე მსესხებელია, ვინც ამ მოცულობის თანხებს იღებს და დაახლოებით 500-ია იურიდიული პირი და ჯამური თანხა, ამ სეგმენტში, დოლარში თუ შევხედავთ, არის 200 მლნ დოლარამდე“, - განაცხადა უტიაშვილმა.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აფასებენ ფინანსური ბაზრის ანალიტიკოსებიც. ისინი ეროვნული ბანკის ინიციტივისგან დადებით შედეგს ელოდებიან. „გალტ ენდ თაგარტის“ ანალიტიკოსის ლაშა ქავთარაძეც ადასტურებს, რომ ეს არის დედოლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელება.
„ცვლილება, რომელიც ეხება ზღვრის გაზრდას, ფაქტობრივად, დედოლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელებაა. ვხედავთ, რომ დოლარიზაციის კოეფიციენტები, როგორც სესხების, ისე კრედიტების მიმართულებით მცირდება, თუმცა მაინც მაღალ დონეზეა. სასურველია, დოლარიზაციის კოეფიციენტი 20-30%-ის ფარგლებში იყოს, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია. იმისთვის, რომ დაწყებული პროცესი გაგრძელებულიყო, გაზარდეს ზღვარი, მაგრამ პარალელურად შემოიღეს მეორე - ჰეჯირების ელემენტი. თუ 200-დან 300-ათასამდე იზრდება ზღვარი, ამ მოცულობის სესხები, მხოლოდ ლარში უნდა გაიცეს, ხოლო 300 000 ლარამდე შესაძლოა, გაიცეს უცხოურ ვალუტაში, ვისი შემოსავლის წყაროც არის უცხოური ვალუტა.
ბოლო დროს ვხედავთ, რომ საპროცენტო განაკვეთები ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე, ფაქტობრივად, დაახლოვდა. ჩვენთან არის ისეთი პოლიტიკა, რომ ინფლაცია შემცირდა და ეროვნული ბანკი გადავიდა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის ეტაპზე. ლარში დაკრედიტების საპროცენტო განაკვეთები მოსალოდნელია, რომ კიდევ ქვემოთ ჩამოვიდეს მომავალი წლისთვის. ამიტომ, ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანებისთვის, უკეთესი იქნება ლარში სესხის აღება.
შეგვიძლია სებ-ის გადაწყვეტილებები პოზიტიურად შევაფასოთ დედოლარიზაციის კუთხით და საბანკო დაკრედიტებაზე ამ გადაწყვეტილებებს გავლენა არ ექნება. თუ გლობალურად არ მოხდა ცვლილებები, მოსალოდნელია, რომ საპროცენტო განაკვეთები დაბლა წამოვა და ამ გადაწყვეტილებებმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს დაკრედიტების ზრდის ტემპის იმ დონეზე შენარჩუნებას, რაც ახლოს იქნება ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან“, - განაცხადა ქავთარაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ დაადასტურა, რომ ახალი წესის შედეგად, სავალუტო კრედიტებს აიღებენ პირები, რომლებიც უფრო დაცულნი არიან.
„ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს ფინანსური დოლარიზაციის შემცირებას, მეორე მხრივ კი საშუალებას მისცემს იმ მსესხებლებს, რომლებიც გაცვლითი კურსის რისკისგან ჰეჯირებული არიან, ისესხონ იმ ვალუტაში, რომელიც მათთვის უფრო შესაბამისია. მთლიანობაში ცვლილებები ხელს შეუწყობს ფინანსური სტაბილიზაციის კიდევ უფრო გაუმჯობესებას და უზრუნველყოფს მსესხებლების დაცულობას. ეს არის დოლარიზაციის შემცირების იმ პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს დავიწყეთ“, - თქვა ბაქრაძემ.