„ნიკო ნიკოლაძის იუბილეზე ფოთში არც კი ჩავიდა პრეზიდენტი, რომელსაც ფარისევლურად შეადარა თავი იმპიჩმენტის დროს“

„ნიკო ნიკოლაძის იუბილეზე ფოთში არც კი ჩავიდა პრეზიდენტი, რომელსაც ფარისევლურად შეადარა თავი იმპიჩმენტის დროს“

დაუმორჩილებელი პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგა. ევროპის დედაქალაქებში მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტები პრეზიდენტს შერჩა, თუ არ ჩავთვლით საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა.

საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს პრეზიდენტის პირველი იმპიჩმენტის მცდელობა იყო, თუმცა, მოლოდინისამებრ, საქართველოს პარლამენტმა იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება ვერ შეძლო. იმპიჩმენტს 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და არა იმპიჩმენტისთვის საჭირო ასმა დეპუტატმა. ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა ფრაქციამ „ნაცმოძრაობამ“ საიმპიჩმენტო სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა.

ასეთ შედეგს მმართველი გუნდი ელოდა. უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ იმპიჩმენტის პროცედურამ კონკრეტული შედეგი გამოიღო - პირველი, რომ მმართველმა გუნდმა რეაგირების გარეშე არ დატოვა კონსტიტუციის დარღვევა და, მეორე, კიდევ ერთხელ გაიშიფრა ის ალიანსი, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული. ამ რევოლუციურ სქემაში ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ხედავს, რომელსაც მიმართავს, „რად გიღირთ ასეთი პრეზიდენტობა?!“

თავის მხრივ, პრეზიდენტი არც გადადგომას აპირებს, არც გადმოდგომას და თავისი წინაპრის - ნიკო ნიკოლაძის მაგალითს იშველიებს, რომელიც გაასამართლეს, გადააყენეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს და მან ქვეყანაში ევროპა შემოიყვანა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის ჩავარდნა მოსალოდნელი იყო და ამას არც მალავდა საპარლამენტო უმცირესობა, რადგან არ ჰქონდათ საკმარისი ასი ხმა. თუმცა აქ მთავარია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უდიდესი უმრავლესობით პრეზიდენტს განაჩენი გამოუტანა და უთხრა, რომ ის კონსტიტუციის დამრღვევია. ეს უკვე ძალიან დიდი სამარცხვინო დამღაა მისი პოლიტიკური კარიერისთვის საქართველოში.

„შეიძლება, ვადის გასვლის შემდეგ ევროპულ სტრუქტურებში აპირებს მუშაობას, ეს კიდევ საკითხავია, თუმცაღა აქ მთავარი მომენტია, რომ მას საზოგადოებრივი, სახალხო ლეგიტიმაცია არ აქვს, რჩება ფორმალურ პრეზიდენტად. არ ველი, რომ მას ეყოფა სინდის-ნამუსი, თავად წავიდეს თანამდებობიდან. ამით მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ სცემს პატივს საკონსტიტუციო ორგანოს, ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების არაერთ შეკითხვას თავხედურად, ქედმაღლურად არ უპასუხა. მეტი რა მტკიცება სჭირდება, რომ, პირველი, სახალხო ლეგიტიმაცია დიდი ხანია არ აქვს და მეორე, ის არის კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, პირველად აღიარებული საქართველოს უახლეს ისტორიაში. მას თუ აქვს იმედი, რომ სამადაშვილების და წითლიძეების მხარდაჭერის ანაბარა ბევრ რამეს მიაღწევს ქართულ პოლიტიკაში, ძალიან ცდება. სამწუხაროდ, მისგან ახლა მოსალოდნელია უფრო მეტი რადიკალიზაცია, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ არაადეკვატური გახდა და ინტენსიურად გადავიდა თვითდაზიანების რეჟიმში“, - აღნიშნა გია აბაშიძემ.

ამასთან, აბაშიძე გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ საკუთარი დიდი წინაპრის - ნიკო ნიკოლაძის ხსენებას და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა აბსოლუტურად ფარისევლურად და სპეკულაციურად შეადარა თავისი თავი ნიკო ნიკოლაძეს. რამდენიმე კვირის წინ ფოთმა ღირსეულად აღნიშნა ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილე, სადაც ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი პრეზიდენტი ზურაბიშვილი არ ჩავიდა. ის თბილისში იყო, უფრო სწორად ვერ ჩავიდა, რადგან საზოგადოებაში ვერ ჩნდება.

გია აბაშიძე დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტს ფიზიკურ შეურაცხყოფას არ მიაყენებენ ასეთი შეგნებული საზოგადოების პირობებში, მაგრამ ზურაბიშვილს ეშინია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა, მას ეშინია ლეგიტიმური სიტყვიერი დამუნათების გაბრაზებული ხალხის, თუნდაც მისი ყოფილი ამომრჩევლების მხრიდან.

,,ამიტომ ძალიან უადგილოა პრეზიდენტის მხრიდან ნიკო ნიკოლაძის ხსენება და ყველამ უნდა შეახსენოს მას, რატომ არ ბრძანდებოდა ფოთში დიდი წინაპრის - ნიკო ნიკოლაძის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე“, - აცხადებს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტთან დაკავშირებით ერთსა და იმავე საკითხზე იმპიჩმენტის ხელახლა დაწყება გამორიცხულია.

„ველოდით, იმპიჩმენტი არ განხორციელდებოდა, რადგან „ქართულ ოცნებას“ ეს იმპიჩმენტი ხელს არ აძლევს, პრეზიდენტის იმპიჩმენტი არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაცმოძრაობის“ ინტერესში არ შედის. ამიტომ ეს იმპიჩმენტი დასრულდა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო და პრეზიდენტი დარჩა თავის ადგილზე“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას და განმარტავს, რომ, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ფიქრობდა, იმპიჩმენტის წამოწყებით პოლიტიკურ დივიდენდებს მიიღებდა, მაგრამ მათ არასწორი თამაში წამოიწყეს და საეჭვოა, რაიმე სარგებელი მიიღონ ამ ვითარებიდან.

ვახტანგ ძაბირაძის მოსაზრებით, წარმოუდგებელია, წარმატებული აღმოჩნდეს ზურაბიშვილისთვის მიკერებული იარლიყი, თითქოს ის „ნაცმოძრაობასთან“ ალიანსშია, ეს იარლიყი დიდი ხანია, არ მუშაობს და რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უკვე აღარ სჯერა, ვინ „ნაცია“ და ვინ „ქოცი“.

ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელი იქნება თუ არა იმპიჩმენტის პროცედურა, ამის შესახებ ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ, ყოველ შემთხვევაში, არასასიამოვნო ფაქტი იყო. მეტიც, „ქართული ოცნება“ იმ 12 პუნქტიდან თუკი რაიმეს ასრულებს, ყველაფერი პირიქითაა, თუნდაც იმავე მედიასთან დაკავშირებული კანონი, მანიფესტაციებსა და მიტინგებთან დაკავშირებულ კანონში შესწორების შეტანა, რაც უკან გადადგმული ნაბიჯია.

„ქართული ოცნების“ მიმართ უნდობლობა ჩვენს პარტნიორებში კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა მაინც დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის წევრობის სტატუსს მოგვცემენ. იმედი მაქვს, რომ მიხვდებიან, ეს სტატუსი უნდა მოგვცენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რუსეთისთვის ახალი დივიდენდების მიცემა იქნება, რაც არ ივარგებს არც დასავლეთისთვის, არც საქართველოსთვის“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ლაზი ფოთში არ ჩავიდა, თორემ დიდ ჯიხაიშის სახლმუზეუმს ხომ თან ჰყვება. რაც საქართველოშია ერთი 27 სექტემბერი არ გაუცდენია, რომ არ ჩასულიყო, აბა!
1 წლის უკან
Gami ძაბირაძემ ყველაფერი იცის!
1 წლის უკან