ზურაბიშვილი როგორც ევროპული პერსპექტივა

ზურაბიშვილი როგორც ევროპული პერსპექტივა

სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ვერ შედგა. პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ანტიკონსტიტუციურს უწოდებენ და მმართველ პარტიას ქვეყნის ევროპული მისწრაფების საბოტაჟში ადანაშაულებენ ევროპარლამენტარები და მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობამ და „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლის მცდელობით და რაციონალური დასაბუთების გარეშე, აშკარად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და კონსტიტუციური დემოკრატიის ევროპული პრინციპები.

„მთავრობა და მმართველი პარტია საბოტაჟს ახდენენ თავიანთი ქვეყნის შანსებზე, მოიპოვოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს და თავად უნდა შეხვდნენ უნდობლობის გამოცხადებას. მთავრობის არაკონსტიტუციური საქციელი პრეზიდენტის მიმართ და იმპიჩმენტის ინიციატივა არის კარგად მომზადებული შეტევა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ მისი ძლიერი პროევროპული პოზიციის გამო“,- ნათქვამია ერთობლივ წერილში, რომელსაც ხელს ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, მირიამ ლექსმანი და რასა იუკნევიჩიანე აწერენ.

ამ განცხადების პათოსს იზარებს სალომე ზურაბიშვილი და მიმართავს ევროპელ პარტნიორებს, რომ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის მიუხედავად, საქართველო არ უნდა მიატოვონ და რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება ამ რეგიონში თავისი გავლენა გააძლიეროს. მისივე თქმით, მას სჯერა, რომ პარტნიორები საქართველოსთვის სტატუსის მისაცემად მხედველობაში მიიღებენ ქართველი ხალხის მრავალჯერ დადასტურებულ მისწრაფებას და საქართველოსა და ევროპის საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებს.

„რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება ამ რეგიონში თავისი გავლენა გააძლიეროს, რბილი ძალის, ირიბი ოკუპაციის გამოყენებით თუ შავი ზღვის დესტაბილიზაციით, მაშინ, როდესაც უკრაინაში მარცხდება და ეძებს გზებს სახის გადასარჩენად. მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, მე ამ ქვეყნის პრეზიდენტი, რამეთუ წარმოვადგენ სწორედ ამ ხალხს და მის ისტორიულ არჩევანს და, მაშასადამე, მაქვს სრული ლეგიტიმაცია და უფლებამოსილება, მათთან ერთად და მისი სახელით ვითხოვო ამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და მჯერა, რომ სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენი პარტნიორები მხედველობაში მიიღებენ ერთი მხრივ, ქართველი ხალხის მრავალჯერ დადასტურებულ მისწრაფებას და მეორე მხრივ, საქართველოსა და ევროპის საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სწორედ ამ მოტივით არ დაუჭირა მხარი ოპოზიციამ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს. მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ ოპოზიცია და მათ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი ემზადებიან დესტაბილიზაციისათვის და არ გამორიცხავენ, რომ ზურაბიშვილმა მომავალშიც უხეშად დაარღვიოს კონსტიტუცია, მას აქვს დავალება, სცადოს ქვეყნის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გაყვანა. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არ უნდა გაიგივდეს ქვეყნის ევროპული მომავალი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს კარგად ჰქონდა გააზრებული, რას აკეთებდა.

„ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ აღნიშნული საკითხის-იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა ჩვენს მოცემულობაში იყო შეუძლებელი. ვფიქრობ, ზუსტად ეს იყო მთავარი მოტივი, როდესაც პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციას. ეს ხომ შემთხვევით არ მომხდარა. მას ეს ძალიან კარგად ჰქონდა გააზრებული. მან მიმართვა გაუგზავნა მთავრობას, გადაწყვეტილება მიეღო გამგზავრებასთან დაკავშირებით, მოუვიდა არადამაკმაყოფილებელი პასუხი, უარი და მან მაინც დაარღვია კონსტიტუცია.

მან ძალიან კარგად იცოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერდა. შეუძლებელია, გავაიგივოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან. ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, რომ ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა. თეთრზე შავით წერია, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, მთავრობისგან აიღოს ნებართვა უცხოეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით. ამის დარღვევა არის დანაშაული. პარალელის გავლება ქვეყნის ევროპულ მომავალთან ძალიან სასაცილოა და სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ თუკი დასავლეთის ქვეყნებში იმპიჩმენტის პროცედურა აღქმული იქნება როგორც ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმა, დიდი შანსია იმისა, რომ უკან დაგვწევს და ალბათობა მაღალია იმისა, რომ ამ კუბილიუსების პოზიციას ბევრი გაიზიარებს.

„დასავლეთი დიდად ჩახედული არ არის ამ საკითხებში. რასაც მოჰკრავს ყურს, იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. ამიტომ, ასეთი შეფასებების საფრთხე დიდია. ამიტომ იყო ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო ის, რაც ჯერ გააკეთა ზურაბიშვილმა - დარღვევის პროვოცირება და ამ პროვოცირებაში აყვა ის ჯგუფი, ჩვენ რომ სახელისუფლებოს ვეძახით და დაიწყეს იმპიჩმენტი. ესეც ძალიან სახიფათო იყო ქვეყნისთვის და ამას კიდევ დაემატა ახლა შეფასებები, როცა კიდევ უფრო გაამძაფრეს და ევროპულ-რუსულ ალტერნატივაში ჩასვეს ეს მოვლენა, როგორც პრეზიდენტმა, ისე ოპოზიციამ. მოკლედ, ეს ქვეყანა არავინ არ დაინდო და ყველამ გაიმეტა. გაიმეტა არა იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსი ცის მანანაა, არაფერი არ არის რეალურად, მაგრამ ამ ფონზე უკვე ბევრი ემზადება საიმისოდ, რომ დაიძახონ კანდიდატის სტატუსს არ ვიღებთ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ გადადგა შესაბამისი ნაბიჯი და ამ ანტიევროპულ ნაბიჯებს შორის დაასახელონ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი. ამისკენ მიდის პროცესი და ღირდა ამისკენ პროცესის წაყვანა?“, - აცხადებს საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ამ შემთხვევაშიც დაუფიქრებლობის დიდი დოზა არის, ისეთივე რაც იყო FARA-ს კანონი, რომელსაც სასწარფოდ შეტენეს, რომ ეს რუსული კანონია.

„მიუხედავად ამისა, გააგრძელეს ეს ინიციატივა, შეიტანეს კანონი და მერე უკან გაუხდათ გამოსატანი. რახან ასე იოლად გამოიტანეს უკან, ეს უკვე მიუთითებს, რომ ეს კანონი არ იყო ანტიევროპული. ეს იყო დაუფიქრებელი და იმპულსური მოქმედების შედეგი. ასეთი დაუფიქრებელი და იმპულსურ კვალს ვხედავ ამ იმპიჩმენტშიც. არავითარი პოლიტიკური გამართლება ამას არ აქვს. ამბობენ, რომ ვიცავთ კონსტიტუციასო. კი, ბატონო, დაეცვათ მას მერე, რაც ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს. რა საჩქარო იყო ამ საკითხის დაძვრა ახლა?! ხომ უნდა დაფიქრდე, რომ ეს შეიძლება წინ დაგხვდეს. თან, იქამდე ევროპელებმა გააფრთხილეს, რომ არ გინდათ ამ საკითხის წამოწევაო, კარგით რა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, რაც სამართლებრივად განაჩინა ქვეყნის უმაღლესმა ორგანომ - საკონსტიტუციო სასამართლომ, რასაც ქვეცნობიერში პრეზიდენტიც ვერ უარყოფს.

„ვთანხმდებით, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია. ამიტომ, შემირცხვენია ის ევროპაც, ის ევროპარლამენტარებიც, ის ევროსაბჭოც და რანაიარი ევროდაწესებულებაც უნდა იყოს ის, რომელიც ერევა ჩვენი ქვეყნის სუვერენულ საქმეებში და შეურაცხყოფს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას. ცალსახაა, რომ დაარღვია ჩვენი კონსტიტუცია და რა უფლება აქვს, რომელიმე მათგანმა თქვას, რომ ეს აშორებს საქართველოს ევროსტრუქტურებთან! გასაგებია, რომ ამ ხალხს კუჭის წვა აქვს - აქედან იღებენ სასუსნავს და ეს სასუსნავი არ უნდა დაკარგონ. მეტი მათ საქართველო, ქართველი ხალხი და პრეზიდენტი ფეხებზე ჰკიდიათ. ეს არაერთხელ დაამტკიცებს და მათ შორის იმით, რომ ეს ევროპარლამეტარები რეზოლუციებს იღებდნენ ქრთამების სანაცვლოდ“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

 

Gami საყვარელიძეს - თუ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, კუბილიუსები როგორ შეხედავენ სალომე ბიცოლას თვალებში? ეს ხომ მისი ღვაწლის იგნორირებაც იქნება?
1 წლის უკან
მიშა ბიცოლას ცალ ფეხზე ჰკიდია ევრო-სტატუსი. თავისი და მისი შვილების სამომავლო სტატუსები უკვე მოგვარებული აქვს. აგერ, ნიკოლაძის საიუბილეო საფოსტო მარკის ბლოკიც გამოუშვა საქართველოს ფოსტამ და ბედნიერია მაგით.
1 წლის უკან
მიშა საყვარელიძე აბსოლუტურად სწორედ მსჯელობს. მართლა საშინლად იმპულსური ხალხი გვმართავს. ზურაბიშვილს ხომ ისედაც დიდი ხანია ოფოფები ჰყავს.
გვენეტაძე კი, სისულელეებს ლაპარაკობს. სალომეს ქვეცნობიერის იმედად ვიყოთ?
ევროპარლამენტარები კორუმპირებულები კი არიან, მაგრამ ეგენი მართავენ პროცესებს და არა მე, ან გვენეტაძე.
1 წლის უკან