დევნილებს სასიცოცხლო არტერიას უკეტავენ

დევნილებს სასიცოცხლო არტერიას უკეტავენ

დევნილებს საქართველოს სხვა ქალაქებიდანაც გაასახლებენ, სოციალურ დახმარებას შეუწყვეტენ და საერთოდ ბედის ანაბარა დატოვებენ. 1600 დევნილი 10 000-დოლარიანი კომპენსაციის აღების ამაოდ ელის. 600 სასოწარკვეთილი ადამიანი კი უცხოეთის ქვეყნების საელჩოებს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართავს.

“გვაქვს ინფორმაცია, რომ თბილისის შემდეგ გორიდან და ზუგდიდიდანაც იგეგმება დევნილთა გასახლება”, - განაცხადა კონსერვატიული პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა. მისი თქმით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ორი ათასამდე დევნილი გაასახლეს, ზაფხულში კი 2-3 ათასამდე დევნილს დაატოვებინეს საცხოვრებელი ბინა.

მართალია, დევნილების 2-3% დათანხმდა ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ სოფლებში გადასახლებას, მაგრამ ახლა ნანობენ და ცდილობენ, როგორმე დედაქალაქს დაუბრუნდნენ. “არჩევნებამდე დევნილებს 130 ობიექტი დაუკანონეს, თუმცა არჩევნების შემდეგ მხოლოდ ოთხი ობიექტია დაკანონებული”, - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

დევნილები კვლავაც მათი გასახლების შეჩერებას მოითხოვენ. როგორც დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თანათავმჯდომარემ დავით მალაზონიამ განაცხადა, დევნილებმა მათი გასახლების შესახებ უკვე აცნობეს საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს.

“გერმანიის საელჩოს თავშესაფრის მოთხოვნით უკვე 150-მა დევნილმა მიმართა, ამდენივე დევნილმა საფრანგეთის საელჩოსაც სთხოვა თავშესაფარი. 200-300 დევნილი კი უახლოეს ხანში ამერიკის საელჩოსაც მიმართავს”, - აღნიშნა მალაზონიამ.

საპარლამენტო ოპოზცია კი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურისაგან იმ დადგენილების შეცვლას მოითხოვენ, რომელიც დევნილთათვის ეკონომიკური შეღავათების გაუქმებას ითვალისწინებს.


როგორც დეპუტატმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, ლაპარაკია მთავრობის N854 დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც, დევნილს კანონმდებლობით განსაზღვრული ეკონომიკური დახმარება საცხოვრებლის ან კომპენსაციის მიღებითანავე შეუწყდება. შესაბამისად, ისინი ყოველთვიურ 22-ლარიან კომპენსაციას, 100 კილოვატ.საათ ელექტროენერგიასა და ერთ კუბურ მეტრ შეშას დაკარგავენ.

გიორგი ახვლედიანის თქმით, სოფელ ფოცხოეწერში არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, სადაც ყველაზე მეტი დევნილის ჩასახლება იგეგმება, მათთვის ამ ეკონომიკური შეღავათების გაუქმება ფიზიკური განადგურების ტოლფასია.

“პრეზიდენტი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დღეს მთელ საქართველოს უმტკიცებენ, რომ დაკმაყოფილებულია ყველა ის იძულებით გადაადგილებული პირი, ვისაც 10 000-დოლარიანი კომპენსაცია ეკუთვნოდა. არადა, ანტიკრიზისულ საბჭოში მუნიციპალიტეტებიდან შესული ოფიციალური მონაცემებით, კომპენსაციის აღებას 1594 დევნილი ოჯახი ელოდება. უფრო დიდი საშიშროება დევნილებს წინ ელით. კერძოდ, მას შემდეგ, რაც თბილისიდან მათი გასახლება და სხვადასხვა სოფელში ჩასახლება დასრულდება, მთავრობის 854-ე დადგენილების მიხედვით, დევნილს საცხოვრებლის ან კომპენსაციის ნებაყოფლობით მიღებისას ყველა ეკონომიკური დახმარება შეუწყდება”, - აღნიშნა ახვლედიანმა.

ოპოზცია ითხოვს, რომ დევნილთათვის ეკონომიკური შეღავათების გაუქმება მხოლოდ მას შემდეგ განისაზღვროს, რაც მათ დასაქმებისა და არსებობისათვის აუცილებელი თანხის გამომუშავების საშუალება მიეცემათ.

თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან 7 თებერვლისათვის იგეგმება. აქციის მონაწილეები “ხელისუფლების მიერ დევნილების მიმართ განხორციელებულ პოლიტიკას, კერძოდ თბილისიდან მათი ძალადობრივ, უკანონო გასახლებას” გააპროტესტებენ.

დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა თბილისიდან გასახლებული დევნილების მდგომარეობის შესასწავლად 31 იანვრიდან სხვადასხვა რეგიონში გასვლას აპირებენ.

“გვაინტერესებს, რა მდგომარეობაში არიან ადამიანები, რომლებიც თბილისიდან იძულებით, უკანონოდ გაასახლეს. შესაბამის ინფორმაციას მტკიცებულებების სახით წარმოვადგენთ”, - აღნიშნა დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წევრმა დიმიტრი ომანაძემ.