86 - ხმა და ერთი წინააღმდეგი - სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი არ შედგა, ის კვალვ საქართველოს პრეზიდენტია. 5-საათიანი მსჯელობის და დისკუსიის შემდეგ, პარლამენტში კენჭისყრა შედგა. რეგისტრაცია 90-მა დეპუტატმა გაიარა, ქვორუმი შედგა, თუმცა პრეზიდენტის იმიჩმნეტს მხარი მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი წავიდა, სამმა კი თავი შეიკავა. პრეზიდენტის იმპიჩმენტს 100 ხმა სჭირდებოდა. კენჭისყრა ფარული იყო, ამიტომ უცნობია ვინ დაუჭირა და ვინ არ დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმნეტს მხარი. ამის შემდგე კი „ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მათთვის ზურაბიშვილი პრეზიდენტი მხოლოდ ფორმალურად არის და მას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ლეგიტიმაცია აღარ აქვს. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ისინი პროცესებს დარბაზის მიღმა, პარლამენტის შენობიდან ადევნებდნენ თვალს. პარლამენტში მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი იმყოფებოდა.
პრეზიდენტმა სულ 16 წუთი გამოიყენა და მთელი ამ დროის განმავლობაში, აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ის კონსტიტუციის დამრღვევი არ არის. 16 ოქტომბერს მოსამართლეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი, მისი შეფასებით, კანონის უზენაესობის გამარჯვებად ვერ ჩაითვლება.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას სალომე ზურაბიშვილმა ანტიევროპული უწოდა. მან საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართა დასავლელ პარტნიორებს და მოუწოდა, რომ საქართველოს ახლა მათი მხარდაჭერა სჭირდება. პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ მხოლოდ ერთი გეგმა აქვს და ეს გეგმა ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება.
ზურაბიშვილმა ყველა კითხვა უპასუხოდ დატოვა და მმართველი გუნდის კითხვებს არ უპასუხა.
ირაკლი კობახიძემ პირველი შეფასება კენჭისყრის შემდეგ გააკეთა და არ გამორიცხა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მომავალშიც უხეშად დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია.
„არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მომავალშიც უხეშად დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია. მას აქვს ასეთი დავალება, რომ სცადოს ქვეყნის გაყვანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რაც ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული, ნებისმიერ ასეთ ქმედებას ექნება სათანადო რეაგირება. სალომე ზურაბიშვილი ჩვენთვის უკვე მხოლოდ ფორმალურად არის საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში, პროტოკოლის ფარგლებში, რა თქმა უნდა, შეიძლება გარკვეულ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი რჩება ფორმალურ პრეზიდენტად და ის იქნება სინამდვილეში ჩვენთვის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი.
სინამდვილეში ეს სურათი, რაც იხილა საზოგადოებამ სხდომათა დარბაზში, არის იმ ალიანსის ლუსტრაცია, რომელიც არის ჩამოყალიბებული სალომე ზურაბიშვილსა და დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციას შორის. ეს იყო მიზეზი, რატომაც ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე სალომე ზურაბიშვილს უწოდებდნენ აგენტ-ჯაშუშს და ათას უბედურებას, დღეს მხარს უჭერენ მის მიერ თანამდებობის შენარჩუნებას, იმიტომ რომ ისინი არიან ალიანსში ერთად,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის არაადეკვატურობიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, ის თავის განცხადებებში კიდევ უფრო რადიკალური გახდეს. აბაშიძე ფიქრობს, რომ ამის შემდეგ ზურაბიშვილი ხელისუფლებას კიდევ უფრო მკვეთრად დაუპირისიპირდება.
„კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციის მრავალჯერ დამრღვევის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცეს, ამაზე, ალბათ, მმართველ გუნდში და ექსპერტებში დისკუსია იქნება. სალომე ზურაბიშვილი არასახალხო პრეზიდენტია, მან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ლეგიტიმურობა დაკარგა. ის ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ჩაეწერა, რომელიც პოლიტიკურად და სამართლებრივადაც მარგინალურ ძალას წარმოადგენს.
თუ მის პოლიტიკურ გემოვნებაში ჯდება ის, რომ მისი მაგინებელი ძალა ახლა დასაყრდენია, ეს მიუთითებს იმას, რომ ის სრულიად არაადეკვატურია. ან მეორე ვარიანტია, რომ ის ასრულებს „ომის პარტიის“ დაკვეთას, რათა საქართველოში რაც შეიძლება დესტურქციული პროცესები წარიმართოს. ალბათ, ამ ხნის განმავლობაში მისგან კიდევ უფრო რადიკალურ განცხადებებს მოვისმენთ. შესაძლოა, სკანდალური შეწყალებები მოახდინოს. ნუ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აზრი არ აქვს, რადგან ის შესაძლოა უკან მალევე შეაბრუნონ. მასზე სხვა საქმეებზე სასამართლო პროცესები არ დასრულებულა. არ არის გამოირცხული, რომ უფრო ტოქსიკური პრეზიდენტი ვიხილოთ, ვიდრე სინდისგაღვიძებული, რომელიც ნება-ყოფლობით დატოვებს თანამდებობას. ეს ერთი წელი ძალიან არასასიამოვნო იქნება“, - ამბობს აბაშიძე.
რაც შეეხება იმას, გადაინაცვლებს თუ არა ის უკვე ღიად ოპოზიციურ ფლანგზე და ვისთან ერთად შესაძლოა ვიხილოთ, აბაშიძე ამბობს, რომ არაფერია გამორიცხული. თუმცა, ეს ნულჯამოვანი თამაში იქნება, რომელიც პოლიტიკურად არც ზურაბიშვილს და არც იმ პარტიას არაფერს მისცემს, რომელთან ერთად ის იქნება.
„არის რაღაცა საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ექსპრემიერ გიორგი გახარიასთან ერთად ვიხილოთ. თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რადგან არც გახარია და არც ზურაბიშვილის საზოგადოებისთვის არაფერს წარმოადგენს. ეს იგივეა, რაც მან ალიანსი ნინო ლომჯარიასთან ან „ლელოსთან“ შეკრას. ეს პარტიები 5%-ზე ნაკლებს წარმოადგენენ. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მათთან ერთად რამე გამოვიდეს. ეს მაგონებს იმას, როცა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ რაღაც ე.წ. ალიანსი შეკრეს. თუმცა რას წარმოადგენს ეს ალიანსი? - არაფერს, ეს არის პოლიტიკური წყლის ნაყვა. თუ ზურაბიშვილზე, ან გახარიაზე, გარკვეული პოლიტიკური ძალები დასავლეთიდან ფსონს დებენ, ძალიან ცდებიან, რადგან საქართველოში ელექტორატის განწყობებს ვერ ცნობენ. ნაცოპოზიცია ხალხში პოპულარული არ არის და ზურაბიშვილი - გახარია - მით უმეტეს“, - ამბობს აბაშიძე.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას იმპიჩმენტის პროცესით სალომე ზურაბიშვილის საზოგადოების თვალში გაშავება სურდა, თუმცა პირიქით გამოუვიდა. ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ამით მმართველმა გუნდმა ზურაბიშვილს რეიტინგი უფრო მოუმატა. მას მიაჩნია, რომ როცა ზურაბიშვილმა უკრაინის ომის შემდეგ ცალკე თამაში დაიწყო, ის ახალ პოლიტიკურ მოთამაშედ მოგვევლინა.
„ზურაბიშვილმა ამ წელიწადნახევრის განმავლობაში შეძლო და „ოცნებისგან“ პოლიტიკურად დისტანცირდა. ის სრულიად ახალ მოთამაშედ მოგვევლინა. მართალია, რომ მას არ ჰქონდა დიდი რეიტინგი და ცხადია, „ოცნების“ დახმარებით გახდა პრეზიდენტი, თუმცა ახლა ისევ „ოცნებამ“ ამ იმპიჩმენტის პროცესით, მისგან ახალი პოლიტიკური ფიგურა შექმნა. როცა ზურაბიშვილი „ოცნების“ დღის წესრიგს და პოლიტიკას მიჰყვებოდა, ის არვინ არ იყო. მას საზოგადოებაში, როგორც დამოუკიდებელი ფიგურას ისე არავინ არ აღიქვამდა. ახლა კი ამ დაპირისპირებით ის პრინციპულ ლიდერად ყალიბდება.
ადრე თუ მხოლოდ დასავლეთში ჰქონდა მას ნდობა და მხარდაჭერა, ახლა ამ პროცესით მას მხარდაჭერა ქვეყნის შიგნითაც გაეზარდა. ახლა მნიშვენლოვანია, რას გადაწყვეტს. მე ველი, რომ ის უფრო მკაფიო იქნება და კიდევ უფრო დაუპირისპირდება ხელისუფლებას. ალბათ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ამ პოზიციას არ გადაუხვევს და ეცდება, რომ უფრო აქტიური იყოს. რაც შეეხება ოპოზიციასთან ურთიერთობას და მათ ფლანგზე გადანაცვლებას, ვფიქრობ, ცოტა უნდა იფრთხილოს. ვნახეთ, რომ „ოცნებას“ უნდა ის „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკში გადაიყვანოს. ახლა მის მიმართ კიდევ უფორ მეტი ყურადღება იქნება“, - ამბობს ძაბირაძე.
რაც შეეხება დარჩენილ ერთ წელს და საუბარს იმაზე, უნდა გადადგეს თუ არა ის პრეზიდენტობის თანამდებობიდან, ძაბირაძე ამბობს, რომ გააჩნია, ზურაბიშვილს რა პოლიტიკური გეგმები აქვს. მისი აზრით, თუ ის საქართველოში პოლიტიკის გაგრძელებას ოპოზიციურ ფლანგზე აპირებს, მაშინ უნდა გადადგეს, შექმნას თავისი პარტია, ან რომელიმე არსებულთან გაერთიანდეს. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ის ე.წ. მესამე ძალის პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბდეს. მას მიაჩნია, რომ სააკაშვილს, ივანიშვილს შორის ის უკვე მესამე ადგილას მდგომი ლიდერია, რომელმაც შესაძლოა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
ი
პრინციპული კი არა ჯიუტი, ფხუკიანი და ბრიყვი ვირია!
ნუ, ასაკიანი ქალის კალთის ქვეშ მთლად კომფორტული გარემო არაა, სამაგიერიდ, გარანტირებულად, ერთი-ორი კაპიკის შოვნა შეიძლება.