სამედიცინო მიმართულებით სახელმწიფო მორიგ რეგულაციას აწესებს. თუკი 2023 წლის დასაწყისიდან, ექიმებს და ექთნებს მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაუწესდათ, ახლა კი ცვლილება ძალაში შევა უმცროსი ექიმისთვის, ექთნის თანაშემწისთვის, ბებიაქალისთვის და სანისტრისთვისაც. ამით არსებული მძიმე სურათი გარკვეულწილად შეიცვლება, თუმცა პრობლემა მაინც ვერ აღმოიფხვრება.
უფრო კონკრეტულად კი, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან, მინიმალური სახელფასო ზღვარი დაუწესდებათ შემდეგ პოზიციებზე დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს: უმცროსი ექიმი - თვეში, არანაკლებ 960 ლარი (საათში - 5 ლარი) დარიცხული, ექთნის თანაშემწე - თვეში არანაკლებ 672 ლარი (საათში - 3,5 ლარი) დარიცხული, ბებიაქალი - თვეში, არანაკლებ 844 ლარი (საათში - 4,4 ლარი) დარიცხული, სანიტარი - თვეში არანაკლებ 576 ლარი (საათში - 3 ლარი) დარიცხული.
„ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა 6 000-მდე პირს შეეხება. შედეგად, მინიმალური ხელფასის დაწესების რეფორმა სტაციონარულ განყოფილებაში ჩართულ ყველა სამედიცინო პერსონალზე აისახება. რეფორმის პირველ ეტაპზე, 2023 წლიდან, წარმატებით დაინერგა მინიმალური ანაზღაურება ექიმებისა და ექთნებისთვის. შედეგად, 15 000-მდე ადამიანს გაუუმჯობესდა სამუშაო პირობები.
რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს“, - წერია სამინისტროს ინფორმაციაში.
რეფორმა მისასალმებელია, თუმცა, ეტაპობრივად თუ კიდევ არ მოხდა როგორც ხელფასების ზრდა, ისე სამუშაო საათების რეგულირება, ამ სფეროში არსებული დატვირთვა და ანაზღაურება კადრების გადინებას ვერ შეაჩერებს. სწორედ ასე აფასებს „სოლიდარობის ქსელის“ პროფკავშირის გენერალური მდივანი რევაზ კარანაძე ახალ ინიციატივას.
„საქართველოში ძალიან მძიმე მდგომარეობაა ექთნების კუთხით. 1990 წელთან შედარებით, ჩვენ გვყავს 4-ჯერ უფრო ნაკლები ექთანი და ეს რაოდენობა კიდევ უფრო მცირდება, რადგან საზღვარგარეთ მიდიან, როგორც ემიგრანტი მშრომელები. მათი ხელფასი იყო 300-400 ლარი, ახლა რადგან მინიმალური ზღვარი დადგინდა, ეს ხელფასი არის 650 ლარი, თუმცა შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ იყო ძალიან ბევრი დარღვევები, რა დროსაც ცდილობდნენ დამსაქმებლები, მაგალითად, გადაეყვანათ უმცროს ექთნებად, ექთნების თანაშემწეებად, ვისზეც არ ვრცელდებოდა ეს. ამიტოს ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ყველაზე გავრცელებულიყო ეს. მით უმეტეს, ისეთ მნიშვნელოვან პროფესიაზე, როგორიცაა სანიტარი.
საქართველოში სანიტრის ხელფასი (განსაკუთრებით რეგიონებში) შოკისმომგვრელად დაბალია - 250 ლარი, ეს არის საარსებო მინიმუმი. სანიტრების ხელფასი საათში იყო 80 თეთრზე დაბალი, ახლა გამოვა დაახლოებით, 2,3-2,4 ლარი, თუ გამოვაკლებთ საშემოსავლოს, საპენსიოს და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ იარსებოს და ფიზიოლოგიურად გადარჩეს.
მისასალმებელია ეს რეფორმა და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს კიდევ გაიზრდება იმიტომ, რომ თანხები, რომელიც დღეს შემოთავაზებულია, იმ სამუშაო დატვირთვისთვის, რომელიც არის, არ იძლევა საშუალებას, რომ კადრები შევინარჩუნოთ. ყოველ თვე, ყოველ დღე, რომ მიხვიდეთ ქუთაისის აეროპორტში, ძალიან ბევრ ქალს ნახავთ, რომლებიც დასაქმებული არიან ექთნებად, სანიტრებად და ისინი გადიან ქვეყნიდან“, - განაცხადა კარანაძემ გადაცება „საქმეში“.
მედპერსონალის ნაწილისთვის მინიმალური ხელფასების დაწესებამსექტორში არსებული მთავარი პრობლემა ჯერჯერობით მართლაც ვერ მოაგვარა. საუბარია, კადრების დეფიციტზე. როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, ევროპისგან განსხვავებით საქართველოში ექთნებისა და სანიტრების სიმცირე ცალსახაა.
„თუ ევროპის ქვეყნებში ერთ ექიმზე სამი ექთანი მოდის, ჩვენთან ერთ ექიმზე კოეფიციენტი 0.6-ია, რაც კატასტროფული სიტუაციაა. ამის გამოსწორების ერთადერთი გზა ამ სფეროში დაფინანსების გაზრდაა. საიდან უნდა მიიღოს ექთანმა ან ექიმმა ხელფასი თუ კლინიკა არის უკმაყოფილო. შეიძლება სახელმწიფომ დაადგინოს მინიმალური ხელფასი, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ 600 და 700 ლარი საკმარისი არ არის. მაღალტექნოლოგიური ჩარევების დროს ექთნები გაცილებით მაღალ ანაზღაურებას იღებენ“, - აღნიშნა სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელმა არჩილ მორჩილაძემ.
მისივე თქმით, ძალიან დიდი გადინებაა სამედიცინო სექტორიდან და მნიშვნელოვანია ნაბიჯების გადადგმა.
„როგორ შეიძლება ეს გადინება შეაჩეროს 700-მა ან 800-მა ლარმა. ექთნის პროფესია საკმაოდ მოთხოვნადია საზღვარგარეთაც და ჩვენგან წასული ექთნები სხვადასხვა ქვეყანაში ეტაპობრივად საკუთარი პროფესიითაც მუშაობენ“, - დასძინა მორჩილაძემ.