ალექსეი არესტოვიჩმა რაც უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა დატოვა, ხელისუფლების მიმართ კრიტიკით გამოირჩევა. მან უკრაინის მთავრობას კორუმპირებული და არაადეკვატური უწოდა.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი არ გამორიცხავს, რომ ზელენსკიმ პოლიტიკური კონკურენტი მოიშოროს. მისივე თქმით, არესტოვიჩის ბოლოდროინდელი განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ მას უკრაინის პრეზიდენტობა სურს.
„ალექსეი არესტოვიჩის პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს. გამორიცხული არ არის, მას სამომავლოდ საპრეზიდენტო ამბიცია გაუჩნდეს. არც ის არის გამორიცხული, რომ არესტოვიჩის აღნიშნულ განცხადებების უკან ოლიგარქიული ძალები იდგნენ, რომლებიც როგორც უკრაინაში, ასევე მის გარეთ არიან, მათ შორის რუსეთშიც.
შეიძლება თუ არა ზელენსკიმ პოლიტიკური კონკურენტი მოიცილოს?! - თავისუფლად შეუძლია. ზელენსკის არაფერმა შეუშალა ხელი, როდესაც მან საკუთარ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტიის საქმიანობა აკრძალა და მათი გამხმოვანებელ ტელევიზიებს მაუწყებლობა შეუწყვიტა. ასე რომ, გამორიცხული არაა, არესტოვიჩის რაიმე მუხლი წაუყენონ.
არესტოვიჩი უკრაინის პრეზიდეტის ადმინისტრაციის ოფისის შტატგარეშე მრჩეველი იყო. უბრალოდ, მას ხვდა წილად ომის დროს სპიკერის ფუნქცია შეეთავსებინა. მან როგორც კი იყნოსა, რომ ბრძოლის ველზე სიტუაცია ისე არ მიდიოდა, ამჯობინა ცეცხლის ალში გახვეული მატარებლიდან ჩამოხტომა, რათა საკუთარი პოლიტიკური თამაში წამოეწყო“.
ანალიტიკოსი არ გამორიცხავს რომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა საკუთარი პოლიტიკური გეგმების გამო, რუსეთთანაც დაალაგოს ურთიერთობა.
„არესტოვიჩის ანტირუსული გაწყობა დროებითი ხასიათის იყო. ის იყო და არის აბსოლუტურად პრორუსულად განწყობილი ადამიანი, რომელმაც გარკევული პერიოდი ითამაშა ზელენსკზე. სხვათა შორის გაპრეზიდენტებამდე ზელენსკიც პრორუსულად განწყობილი „კავეენშინკი“ იყო, რომელსაც აგენტოკრატემა 180 გრადუსით შეხედულებები შეუცვალეს და საპრეზიდენტო სავარძელზე დასვეს“, - განუცხადა for.ge-ს დავით ქართველიშვილმა.
შეცვლის თუ არა ალექსეი არესტოვიჩი საქართველოს მიმართ რიტორიკას, ანალიტიკოსი ასე გვპასუხობს: „არესტოვიჩი ახმოვანებდა იმ დღის წესრიგს, რა დღის წესრიგიც შედიოდა ზელენსკის ხელისუფლების ადმინისტრაციაში. ეს სპექტაკლი დასრულდა, რომელშიც არესტოვიჩი გარკვეულ როლს თამაშობდა. გამორიცხული არაფერია, შეიძლება არეტოვიჩი ქართულადაც ალაპარაკდეს, გაახსენდეს წითელწყაროში (დღეს დედოფლისწყარო) გატარებული ბავშვობა და მის თვალეზე ცრემლებიც კი დავინახოთ“.
რაც შეეხება არესტოვიჩის ომთან დაკავშირებულ განცხადებას, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ბახმუტის დაცვაში ქვეყნის არმიამ უდიდესი რესურსი დახარჯა, რის გამოც სამხრეთში ახლა რესურსების ნაკლებობაა, სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე აღნიშნულ საკითხში უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ეთანხმება.
„არესტოვიჩმა პოზიციები არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სამხედრო საკითხებშიც შეიცვალა. ადრე ის ხელისუფლების პროპაგანდას ეწეოდა, ახლა პირიქით - აკრიტიკებს, დაწყებული ომის სხვადასხვა საკითხებში, დამთავრებული კორუფციით. ანუ, როდის იყო ის მართალი, როდესაც პროპაგანდას ეწეოდა, თუ როდესაც აკრიტიკებს ხელისუფლებას? ასევე საინტერესოა დღეს მას რა ამოძრავებს, შემთხვევით ის ხომ არა, რომ პრეზიდენტობა სურს? ამას თავადაც არ მალავს.
ის, რომ ბახმუტის მიმართულებით ძალიან ჯიუტად ბევრი რესურსი დახარჯა უკრაინის მთავარსარდლობამ, ეს სახეზეა. ჩემი შეფასებით, არესტოვიჩი სიმართლეს ამბობს, მანამდე ტყუოდა. ახლა დაზუსტებას აკეთებს, რომ სადღაც თვენახევრით ადრე იყო შესაძლებელი წარმტების მიღწევა და დღეს ამის საშუალება აღარ არისო. ვთვლი, რომ თვენახევრის წინაც არ იყო შესაძლებლობა მომხდარიყო ფრონტის გარღევა იმ რესურსებით, რა რესურსებიც უკრაინას გააჩნდა. ბახმუტი და ზაპოროჟიეს მიმართულება შემთხვევით არაა აღებული, უბრალოდ, წარმატება ვერ იქნა მიღწეული. ე.წ კონტრშეტევა, რომელსაც მე შეტევას ვუწოდებ, საკმაოდ დაგვიანებით დაიწყო და ამ დროის განმავლობაში რუსეთმა ჩააბეტონა ათას კილომეტრიანი ზოლი, სამმაგი თავდაცვითი ზღუდვით. უკრაინას კი დასავლეთმა ვერ მისცა საკმარისი იარაღი იმისთვის, რომ ბრძოლის ველზე უპირატესობა მოეპოებინა. ეს ძალიან კარგად იცის არესტოვიჩმა. თუ მას სიმართლის თქმა უნდოდა, ამის დანახვა შეიძლებოდა ივნისის პირველ რიცხვებშიც. ბახმუტის დაჟინებით შეტევას რაც შეეხება, საერთოდ, საბძოლო მოქმედებების წარმოებაში ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს შეტევის მიმართულების სწორად ამოცნობას. ამ კუთხით არესტოვიჩი სიმართლეს ამბობს, მაგრამ ამას ამბობს დაგვიანებით, როდესაც მას ეს პოლიტიკურად აწყობს. ეს მისი პირადი ამბიციებია - შესულია ზელენსკისთან დაპირისპირებაში, აკრიტიკებს ყველას, დანილოვს შეურაცხყოფას აყენებს“ , - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.
სამხედრო ექსპერტის თქმით, არესტოვიჩმა სამხედრო საიდუმლოებები არ იცის, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენებს. მისივე განცხადებით, შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი დააკავონ, მაგრამ არა სამხედრო საიდუმლოების გამოფენის გამო, არამედ ისეთი მუხლით, თითქოსდა ის უკრაინაზე არ მუშაობდა.
„არესტოვიჩს განსაკუთრებული საიდუმლო არ გაუმხელია. ის არც ისეთი უტვინოა კანონი დაარღვიოს. მის წინააღმდეგ, როგორც მედიით გავიგეთ, უკვე არის გარკვეული საგამომძიებლო მოქმედებები დაწყებული, რადგან ქალებს მოიხსენიებს ძალიან ცუდად, ეს მის მორალურ მხარეზე მეტყველებს. მის მორალურ მხარეს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ მის პიროვნებაზე მეტყველებს. მას საქართველოში მთელი ფანკლუბი ჰყავდა, როდესაც ამბობდა, რომ ძალის პროექცია უნდა მოეხდინა საქართველოს. მიუხედავად საქართველო-უკრაინას შორის დაძაბული ურთიერთობებისა, ვფიქრობ, არესტოვიჩი საკუთარი სახელმწიფოს წინაშე არასწორ პოზიციაში დგას. ის ხელისუფლებას, უბრალოდ, სიმართლეს კი არ ეუბნება, არამედ სხვა პოლიტიკური მიზნები აქვს. რა თქმა უნდა, სამხედრო საკითხებზე მუდმივად ისაუბრებს, მაგრამ რასაც გრიფით „საიდუმლო“ ადევს, იმაზე არ ილაპარაკებს. ჩვულებრივი ანალიტიკურ სამხედრო ანალიზს აკეთებს.
არესტოვიჩს საიდუმლოებები არ ეცოდინება. არსებობს ომის წარმოების საიდუმლო საბუთები, რომელიც ვიწრო წრემ იცის - თავდაცვის მინისტრმა და შესაბამისად, ქვემოთ თანამდებობრივად, ვისაც რა დონეზე ეხება. გარკვეული ინფორმაციები, რა თქმა უნდა, არესტოვიჩს ეცოდინებოდა. ასევე შეიძლება იცოდეს შიდა კულუარული ინფორმაციები, რომელიც ხელისუფლებისთვის მოწყვლადია. მას კრიტიკის გამო არ დააკავებენ. თუ დააკავებენ, ხელისუფლება შეეცდება ისე წარმოაჩინოს, რომ თავისუფალ სიტყვაზე შეტევა არ იყოს. არესტოვიჩს რა მუხლს მიუყენებენ, რთული სათქმელია, მაგრამ გამორიცხული არაა, ისეთი რამ აღმოუჩინონ ამ მიმართულებით, რომ თითქოს ის მთლად უკრაინაზე არ მუშაობდა. არესტოვიჩი უდავოდ ნაკითხი ადამიანი, მაგრამ ჩემთვის საეჭვო პიროვნება და საკმაოდ ბნელი ფიგურაა“, - აღნიშნა სამხედრო ექსპერტმა.